განტვირთვის დღეების ნიმუშები
სულ მალე ახალი წელიც მოგვიკაკუნებს და, შესაბამისად, კვების რეჟიმიც აგვერევა. ამიტომ, ჯობია, წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი. დღეს შემოგთავაზებთ განტვირთვის დღეების 4 ვარიანტს თითოეული მათგანი მხოლოდ 1 დღეზეა გათვლილი და მხოლოდ კვირაში ერთხელ უნდა გააკეთოთ. თუ ამ სიხშირეს დაიცავთ, შეგიძლიათ, განტვირთვის დღეები თქვენი ცხოვრების წესად აქციოთ – გახდებით კიდეც და თქვენი ორგანიზმიც გაჯანსაღდება, თუ, რა თქმა უნდა, ოთხივე ვარიანტს მონაცვლეობით ჩასვამთ თქვენს რაციონში.
პირველი ვარიანტი – ვაშლის დღე
1,5-2 კილოგრამი ვაშლი დღეში. ამოღრუტნეთ, ჩადეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, მოაყარეთ მწიკვი დარიჩინი და გამოაცვხეთ. გაყავით 5-6 ნაწილად და მიირთვით თანაბარი შუალედებით. შუალედებში დალიეთ უშაქრო მწვანე ჩაი, დღის განმავლობაში – 1,5-2 ლიტრი წყალი.
მეორე ვარიანტი – ბოსტნეულის დღე
800 გრამი პომიდორი და 800 გრამი კიტრი გაყავით 5-6 ტოლ ულუფად და თანაბარი შუალედებით მიირთვით თითო ჯერზე კიტრისა და პომიდვრის თითო ულუფა ერთად.
შუალედებში – იგივე.
მესამე ვარიანტი – ნახშირწყლების დღე
კანიანად გამოაცხვეთ 1,5 კილოგრამი კარტოფილი. გაყავით 6 ნაწილად და კანიანად მიირთვით.
შუალედებში – იგივე.
მეოთხე ვარიანტი – ცილების დღე
დღის განმავლობაში 5-ჯერ – 100-100 გრამი უცხიმო ხაჭო, მეექვსე ჯერი – 1 ჭიქა უცხიმო მაწონი ან კეფირი.
შუალედებში: 1 ჭიქა ასკილის ნაყენი და 2 ჭიქა მწვანე ჩაი. წყალი – 1 ლიტრი.