რატომ დანიშნა სტალინმა მინისტრის მოადგილედ თავისი ვაჟის ისტორიის მასწავლებელი
უკიდურესად დაძაბული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, სტალინი ოჯახისთვისაც პოულობდა დროს და ის ძალიან მზრუნველი მეუღლე და მამა გახლდათ. დიდმა ბელადმა ზუსტად იცოდა შვილების ყველა მასწავლებლის არა მარტო ვინაობა, არამედ თითოეული მათგანის ოჯახური მდგომარეობა. ეს მაშინ, როცა იმ სკოლის, სადაც ვასია და სვეტა სწავლობდნენ არც დირექტორმა და არც მასწავლებლებმა არ იცოდნენ, რომ და-ძმა ჯუღაშვილები, დიდი სტალინის შვილები გახლდნენ. როგორც ვასია, ასევე სვეტაც, საკმაოდ ცელქი ბავშვები იყვნენ. მართალია, კარგად სწავლობდნენ, მაგრამ არც თუ იშვიათად არღვევდნენ დისციპლინას. ამიტომ, მასწავლებლები მათ მშობლებს ხშირად იბარებდნენ ხოლმე. ასეთ დროს სკოლაში ნადეჟდა სერგეევნა ცხადდებოდა და ის ისმენდა მასწავლებლების საყვედურებს.
სტალინის პორტრეტის გატეხვის ისტორიამდე ერთი წლით ადრე (სწორედ ამ ისტორიის მერე გახდა ცნობილი, რომ და-ძმა ჯუღაშვილები სტალინის შვილები იყვნენ) ვასიას მორიგი „ჩეპე“ შეემთხვა სკოლაში. ის დაღონებული დაბრუნდა სახლში და მითხრა:
– ძია მიშა, შეგიძლია, ხვალ სკოლაში წამომყვე?
მე მიჩვეული ვიყავი ვასიას ცელქობებს და ვკითხე:
– ამჯერად ვინ დაიბარა შენები?
– ისტორიამ.
– რა დააშავე?
– მამაზე სიმართლე ვთქვი.
– რა სიმართლე – ვერ მივხვდი მე.
– რა და, ისტორიის მასწავლებელი რევოლუციონერთა იატაკქვეშა საქმიანობაზე გვიამბობდა და მამაზე და ძია სერგოზე თქვა – გიგანტები არიანო. მე კი შევუსწორე, პატივცემულო მასწავლებელო, გეშლებათ-მეთქი.
– ვინ ძია სერგოზე?
– ორჯონიკიძეზე.
– ვასია, მასწავლებელი გიგანტებში ალბათ მათ მოღვაწეობასა და მნიშვნელობას გულისხმობდა და არა ფიზიკურ აღნაგობას, – ვუთხარი ვასიას.
– არა, არა, ძია მიშა. თავდაპირველად, მეც მასე მეგონა, მაგრამ, მასწავლებელმა მითხრა, სტალინი და ორჯონიკიძე ჰერაკლესავით დიდები და ძლიერები არიანო. მე კი ვუთხარი, გეშლებათ, შეცდომაში ნუ შეგყავართ-მეთქი. მან გარეთ გამაგდო და მამის მოყვანა მომთხოვა.
– ჰერაკლესავით? – გამეცინა მე. ამ დროს ნადეჟდა სერგეევნაც გამოჩნდა და როდესაც ყველაფერი მოვუყევით, მანაც გულიანად იცინა. მერე კი მკითხა:
– იოსები როდის ჩამოდის ლენინგრადიდან.
– ხვალ საღამოს, – მივუგე მე.
– კარგი. მაშინ, მე წავყვები ვასიას, – თქვა ნადეჟდა სერგეევნამ.
სტალინი და ვლასიკი იმ დღეებში ლენინგრადში იმყოფებოდნენ კონფერენციაზე. მე კი მოსკოვში დამტოვეს და ნადეჟდა სერგეევნას მე გავყევი სკოლაში. მისივე თხოვნით, მანქანაში დაველოდე და რომ გამოვიდა, მითხრა:
– მე ზედაც არ შემომხედა და მამას თხოულობს.
– მე დაველაპარაკები! – გავბრაზდი და მანქანიდან გადასვლა დავაპირე. მან კი შემაჩერა და მითხრა:
– არ გინდა. დღეს იოსებს დაველაპარაკები, მან გადაწყვიტოს.
სტალინმა რომ ვასიას ისტორია მოისმინა, გაეცინა და თქვა:
– კიდევ კარგი, მე და სერგო ზევსს არ შეგვადარა მოროზოვმა, – შემდეგ ვასიას მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ხომ არ მეშლება, შენი ისტორიის მასწავლებელი ივანე მოროზოვი არაა?
– დიახ, მამა, – მიუგო ვასიამ.
სტალინი მომიბრუნდა და მითხრა:
– ხვალ შაბათია. მოროზოვს სახლში მიაკითხე დილით და ზუბალოვოში ჩამოიყვანე. რადგან სხვაგვარად არ შეიძლება და მამას თხოულობს, რა გაეწყობა, შევხვდები.
მეორე დღეს, საგანგებოდ ლურჯი ფერის სამხედრო ფორმაში გამოვეწყვე, რომელსაც „ჩეკისტები“ ატარებდნენ და მოროზოვს სახლში მივადექი. რომ დამინახა, ალბათ, იფიქრა – მაპატიმრებენო და უხმოდ ჩაიცვა, მანქანაში ჩამიჯდა და ზუბალოვოსკენ ავიღეთ გეზი. ის ისე იყო შეშინებული, არაფერი უკითხავს. რომ მივედით, მე მას ვანიშნე, გადმოდი და დამელოდე-მეთქი. შემდეგ ვლასიკისგან ავიღე ნებართვა და ისტორიის მასწავლებელს ბაღისკენ გავუძეხი, სადაც სტალინი მეგულებოდა.
მოროზოვი მთელი გზა გაფითრებული იყო. აგარაკზე კი ცოტა ფერზე მოვიდა. მან არ იცოდა, სად და რატომ იმყოფებოდა, მაგრამ იმას კი მიხვდა, დასახვრეტ ადგილზე რომ არ მიმიყვანია. დიდი ბელადი და მისი სტუმარი ჩვენგან ზურგით უსხდნენ მაგიდას. მე წინ წავდგი ნაბიჯი და სტალინს მოვახსენე:
– ამხანაგო სტალინ, მოვიყვანე.
ისტორიის მასწავლებელი თავდაპირველად ვერ მიხვდა, თუ რა ხდებოდა, ხოლო სტალინი რომ შემობრუნდა, მოროზოვს სიფითრე დაუბრუნდა და აცახცახდა. სტალინმა გაუღიმა და მის სტუმარს, სერგო ორჯონიკიძეს უთხრა:
– აი, ესაა სწორედ ის კაცი, ვისზეც ახლა გიყვებოდი. მან შეგვადარა ჩვენ ჰერკულესს.
– შეცდა ეს პატივცემული ამხანაგი, – იხუმრა ორჯონიკიძემ, – იერარქიით დაუქვეითებიხარ. აი, ზევსისთვის რომ შეედარებინე, მაშინ კიდევ ჰო...
მოროზოვი შეშინებული ისმენდა ამ ხუმრობას. ბოლოს სტალინმა ის მაგიდასთან მიიპატიჟა და უთხრა:
– ივან პავლოვიჩ, ალბათ, დარწმუნდით, რომ მე და ამხანაგი ორჯონიკიძე არც ჰერკულესი ვართ და მით უმეტეს, არც ზევსები. ჩვენ ისევე უბრალო და ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, როგორც მილიონობით საბჭოთა მოქალაქე. ვასიას კი აპატიეთ უტაქტობა და გთხოვთ, გაკვეთილზე დაუშვათ.
ერთი სიტყვით, სტალინმა მოროზოვს ფსიქოლოგიური შებოჭილობა მოუხსნა. საკუთარი ხელით გაუკეთა ჩაი და ნამცხვარიც მიაწოდა. წასვლის წინ კი სთხოვა, მისი შვილების მშობლების ვინაობა არავისთვის გაემხილა.
– ივან პავლოვიჩ, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, – უთხრა ბოლოს სტალინმა მოროზოვს. კარამდე მიაცილა, ხელი ჩამოართვა და გამოემშვიდობა.
ერთი კვირის შემდეგ ივანე მოროზოვი მოსკოვის ერთ-ერთი სკოლის დირექტორად დააწინაურეს. ომის შემდეგ კი, სტალინმა ის განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნა.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით