კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საცოდავი 10 დოლარი

რა შეიძლება მოხდეს პროვინციული ქალაქის პაწაწინა ბანკში, სადაც მხოლოდ სამი ძირითადი თანამშრომელია? თქვენ იტყვით, არაფერი განსაკუთრებულიო და, შესაძლოა, მართლაც აღმოჩნდეთ, მაგრამ, იმ  სამი თანამშრომლიდან სამივე დამნაშავე გამოდგა. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი.
ბანკში რევიზია შევიდა და მმართველს, მისტერ გებსტერს განუცხადა:
– იცით, რომ თქვენს სალაროში ვიღაც ხელს უფათურებს?
– ეგ როგორ? – შეშფოთდა ვებსტერი, – ეს პატარა ბანკია, სულ სამი თანამშრომელი ვართ.
– დიახ, პრობლემაც ეგაა. აქ ნაღდი ფული ათი დოლარით მეტია. რას მეტყვით, საიდან მოვიდა ეს ათი დოლარი?
– რა უნდა გითხრათ, შეიძლება, უბრალოდ, დათვლისას შეგეშალათ.
რევიზორმა განაწყენებული იერით მიხურა საცავის კარი:
– მე არასდროს არაფერი მეშლება!
– დიახ, ვიცი, მისტერ პენშოუ, მაგრამ, ძველი ნაცნობობის ხათრით, იქნებ კიდევ დაგეთვალათ?
– არც კი ვიცი, რა ვთქვა, მისტერ ვებსტერ. თქვენ, შეიძლება, ფიქრობთ, რომ ათი დოლარი პრობლემა არ არის, მაგრამ რეალურად დიდი პრობლემაა. რას იტყვიან თქვენი მეანაბრეები, თუკი შეიტყობენ, რომ მათ ანაბრებში ვიღაც ხელს ურევს? ამ საქმეს ასე ვერ დავტოვებ, აუცილებლად ვაცნობებ სათანადო სამსახურს.
– ერთხელ კიდევ გადათვლა რა პრობლემაა? – ისეთი მუდარა გაისმა ბანკის მმართველის ხმაში, რომ ფინანსური ინსპექტორი მოლბა, –  კარგი, დილით ათ საათზე მოვალ.
რევიზორი უკმაყოფილო სახითა და თავისი პიროვნების მნიშვნელობის გააზრებით გამოწვეული სიამაყის გრძნობით დაემშვიდობა ბანკის თანამშრომლებს და წავიდა.
მისტერ ვებსტერმა მისი წასვლის შემდეგ ორივე თანამშრომელი დაიბარა და საქმის ვითარება ამცნო.
– ოცი წელია, ერთად ვმუშაობთ და ვერაფრით წარმომიდგენია, ეს როგორ უნდა მომხდარიყო. დილით ვეცდები, რამე გამოვასწორო. ის ათზე მოდის ფულის ხელახლა დასათვლელად, მე ცხრაზე მოვალ. ზედმეტ ათ დოლარს ავიღებ და პრობლემაც აღარ იარსებებს. მისის უაიტი და მისტერ ბარჯერი შეკრთნენ:
– ჰო, მაგრამ, საცავს 10 საათზე გავხსნით – პროტოკოლით ასეა გაწერილი.
– ესე იგი, ცუდად არის საქმე? – მისტერ ვებსტერმა ამოიოხრა და უცებ სახე გაუნათდა: – მოვიფიქრე! მისტერ სტიუარტი ყოველთვის „ელ ჯეიკში“ ჩერდება და დილაობით იქვე საუზმობს. ათის ნახევარზე შევუვლი, ვეტყვი, რომ პირადად მოვიყვან ბანკში, გზაში კი მანქანას ცოტათი გავაფუჭებ...
... იმ საღამოს მისტერ ვებსტერს თანამშრომელი, მისტერ ბარჯერი ესტუმრა.
– სერ, არ შემიძლია, სიმართლე არ გითხრათ... თქვენ ისე ცდილობთ ჩვენს გადარჩენას, თან, ყოველთვის კარგად გვექცეოდით... მოკლედ, სალაროდან ფული მე ავიღე... ძალიან მრცხვენია, ძალიან... ერთ ცხენზე დავდე და...
– წააგეთ? – მისტერ ვებსტერი გაწითლდა.
– არა, მოვიგე. კიდევ კარგი, გამიმართლა. ეს ჩემი ბოლო შანსი იყო, რადგან მანამდე ორჯერ მსხვილი თანხა წავაგე და რომ არა სალაროს ფული, ახლა, ალბათ, ჩემს დაკრძალვაზე მოგიხდებოდათ წასვლა... სალაროდან აღებული ფული ბედნიერი ფულია, როცა ვაბრუნებდი, ეტყობა, კარგად ვერ დავითვალე და ათი დოლარით მეტი დავდე... ახლა რას იზამთ, გამაგდებთ?
– არა. თუმცა, ყველანაირად იმსახურებ. ეს შენთვის კარგი გაკვეთილი იქნება, მაგრამ თამაშსა და ტოტალიზატორებს უნდა შეეშვა, სახიფათოა.
– დიახ, რა თქმა უნდა. ცოტა ფული მაქვს. ეს კარგია, იმიტომ, რომ მანქანის ყიდვა მინდა და ამას შევძლებ. პირობას გაძლევთ, არ გაგიმტყუნებთ იმედს.
დილაუთენია ბანკის მმართველს მისის უაიტმა დაურეკა.
– თქვენთან დალაპარაკება მინდოდა. მანამდე, სანამ რევიზორთან საუზმეზე მიხვალთ, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ.
– კარგი, მოდით კაფე „ლა პენში“ ზუსტად ცხრაზე და იქ დავილაპარაკოთ. ჩვეულებრივ, იქ ვსაუზმობ ხოლმე.
... მისის უაიტი აღელვებული ჩანდა. ტირილს ძლივს იკავებდა.
– ძალიან მრცხვენია, მისტერ ვებსტერ, ძალიან... ეს რატომ გავაკეთე, ხელი როგორ გავიწოდე ფულისკენ და როგორ ავიღე?! მაგრამ ჩემი ნათლული გამოუვალ მდგომარეობაში იყო.
– რა?! რაზე მელაპარაკებით?
– ფულზე. სალაროში ფული მე დავდე, ანუ, ჯერ ავიღე, მერე კი დავდე და, ეტყობა, ათი დოლარით მეტი გამოვიდა – ალბათ, სიჩქარეში ცუდად დავითვალე და... ახლა გამაგდებთ?
– არა, რადგან სიმართლე მითხარით, მაგრამ, იმედი მაქვს, ეს კარგი გაკვეთილი იქნება...
– ო, მისტერ ვებსტერ, ვგიჟდები თქვენზე. საერთოდ, გულისხმიერი და კეთილი ხართ. ისეთი ბედნიერი იყო ჩემი ნათლული! სალაროს ფული რომ არა, გათხოვებას ვერ შეძლებდა.
– კარგი, მისის უაიტ, კარგი, ყველაფერი გავიგე. წავიდეთ, უკვე დროა. ჩვენს რევიზორს მანამდე უნდა მივუსწრო, სანამ საუზმეს მორჩება და ბანკში მივა...
მისტერ ვებსტერმა შუბლზე მოისვა ხელი, ბოლო ლუკმა ნაჩქარევად გადაყლაპა და მისის უაიტთან ერთად გარეთ გამოვიდა.
– უჰ, შენი... ეს რა არის? მანქანის უკანა ბორბალი დაშვებულია. მისის უაიტ, საქმეს უკვე აღარაფერი ეშველება. მისტერ სტიუარტს ვეღარ მივასწრებ, ის ბანკში მივა... ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ მარტო თქვენ კი არა, მეც უსამსახუროდ ვრჩები. ოჰ, ეს წყეული ათდოლარიანი! საშინელებაა...
მისტერ ვებსტერმა ხელოსნის გამოძახებასა და საბურავის შეკეთებას მაქსიმალურად ცოტა დრო მოანდომა, მაგრამ ბანკში მაინც ათი წუთის დაგვიანებით მივიდა  – უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო. რევიზორს ფულის ხელახლა გადათვლა დამთავრებული ჰქონდა. მისტერ ვებსტერმა გამბედაობა მოიკრიბა და სტიუარტთან მივიდა:
– იცით, მინდოდა, რაღაც მეთქვა...
– მეც მინდოდა რაღაცის თქმა, უფრო სწორად, მობოდიშება მინდოდა: ეს როგორ დამემართა – ერთი ათდოლარიანი შუაზე მოიკეცა და დათვლისას ორად დავთვალე... კიდევ ერთხელ მაპატიეთ... იმედი მაქვს, ჩემს სათავო ოფისში არ განაცხადებთ.
– არა, რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ გუშინ არ გავიცანით ერთმანეთი...
როცა რევიზორი გააცილა, ბანკის მმართველმა მაგარი ყავა მოამზადა, თავის კაბინეტში შევიდა და კარი შიგნიდან ჩაკეტა. ჯერ მოღუშული იჯდა, მერე კი გაეღიმა...  თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ზედმეტი ათი დოლარი სწორედ მან დატოვა სალაროში, როცა იმ თანხას აბრუნებდა, რომელიც ძვირფასი ყელსაბამის საყიდლად დასჭირდა... ის ქალი ძალიან ძვირი უჯდებოდა, თუმცა თავს ვერაფერს უხერხებდა... რამდენჯერ მისცა საკუთარ თავს პირობა, რომ სალაროდან ფულს აღარ აიღებდა, არადა, სალაროში თურმე მარტო თვითონ არ უფათურებდა ხელს... ეს ყველაფერი რომ გაიაზრა, მისტერ ვებსტერს ისტერიული სიცილი აუტყდა...

скачать dle 11.3