კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს რუსეთისა და თურქეთის სრულმასშტაბიანი დაპირისპირების შემთხვევაში

გასული კვირა დიდი მოულოდნელობებით დაიწყო: მაშინ, როდესაც ვლადიმირ პუტინს ტერორიზმთან ლამის ნომერ პირველი მებრძოლის საპატიო ტიტული მიენიჭა, რუსული მედია კვლავ გააქტიურდა იმის მტკიცებაში, რომ პანკისის ხეობა ისლამური სახალიფოს ტერორისტების გამტარია, რამაც გააჩინა ეჭვი, ხომ არ აპირებს რფ, ტერორიზმთან ბრძოლის საფარველით, პანკისის ხეობაში შემოსვლას. ამასობაში თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, მოტივით, ჩემი საჰაერო სივრცე დაარღვიაო. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ „ნატოს“ წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედებაზეც ალაპარაკდნენ, თუმცა, მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არც კი იცოდნენ, თუ რუსულ თვითმფრინავს ანადგურებდნენ. ანუ სიტუაცია კვანძის გახსნისკენ მიტრიალდა. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ რუსეთ-თურქეთს შორის ვმდებარეობთ, ადვილი წარმოსადგენია, რა საფრთხე შეიძლება, დაგვემუქროს, თუ ეს ორი ერთმანეთთან სამხედრო დაპირისპირებას გადაწყვეტს. ზემოხსენებულ კონტექსტში, საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების შესახებ, მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ.

 – დაასუსტებს თუ არა რუსეთს ახლო აღმოსავლეთის საომარ მოქმედებაში ჩართვა და ხომ არ გაუღვივებს საქართველოში შემოსვლის მადას ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით? თურქეთთან მომხდარმა ინციდენტმა რა პრობლემა გამოავლინა და რა კავშირი აქვს ამას ახლო აღმოსავლეთის საკითხთან?
–  ბოლო  ინციდენტმა გამოავლინა ის დაპირისპირება, რომელიც არსებობს რეგიონის მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის: ყველას უნდა, მაქსიმალურად დიდი ადგილი დაიკავოს მზის ქვეშ. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი ამ მსხვილ მოთამაშეებს: რუსეთი, აშშ, ევროკავშირის წარმომადგენლები, დავარქვათ ასე –  „ნატოს“ წარმომადგენლობა, თურქეთი, ირანი და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები. მათ, ყველას, უნდათ თავიანთი დივიდენდები მიიღონ ამ მღვრიე წყლიდან. გამოჩნდა დაპირისპირება მათ შორის. თურქეთისთვის ძალიან გამაღიზიანებელია ის, რომ რუსები აშკარად უჭერენ მხარს ქურთებს.
– მაგრამ ამერიკელებიც უჭერენ მხარს ქურთებს?
– ოღონდ ერაყის ქურთებს უჭერენ მხარს და ამერიკელები კონსულტაციებს მაინც გადიან თურქეთთან. ცდილობენ, დაარწმუნონ ისინი. მაგალითად, ერაყის ქურთების ავტონომიური სტატუსი ფორმალურად შეთანხმებული იყო თურქებთან. ის, რომ ამერიკელები ცდილობენ, მაქსიმალურად ჩამოაშორონ ქურთული ანკლავი ერაყს და დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფო შექმნან, მეტ-ნაკლებად გასაგებია თურქეთისთვის, თუმცა არ არის მისაღები. რუსეთი კი ყოველთვის ცდილობდა, ქურთების ფაქტორი ჩუმად გამოეყენებინა თურქების წინააღმდეგ. ქურთების ძირითად დამრტყმელ ძალაში, რომლებიც მონაწილეობას იღებენ თურქეთის საზღვრის გასწვრივ, სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, ძალიან ბევრია ყოფილი საბჭოეთის მოქალაქე. გარდა ამისა, დღეს ქურთებში ძალიან ბევრი მარქსისტია. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ასეთი ტიპის ჯგუფების მხარდამჭერად მაინც რუსეთი რჩება. საბოლოოდ, რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ძალიან სერიოზულად ეჯახება ერთმანეთს რეგიონში. ეს ისტორიულადაც ასე იყო და არც დღეს შეცვლილა, მიუხედავად სავაჭრო პარტნიორობისა, გაზსადენის მშენებლობაზე მოლაპარაკებისა, რაც გვერდზე დარჩა ამ თვითმფრინავის ჩამოგდებით.
– არა მარტო მე მენიშნა, როდესაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა პირველად დაარღვია ერთიოდე თვის წინ თურქეთის საჰაერო სივრცე, რაც მაშინ იმით დასრულდა, რომ თურქული ბომბდამშენები აფრინდნენ საპასუხოდ. ერდოღანმა ყველას შეახსენა, რომ თურქეთზე თავდასხმა „ნატოზე“ თავდასხმაა. თურქეთი, ცოტა არ იყოს, სპეკულირებს „ნატოს“ წევრობით...
– არც უმაგისობაა. იმიტომ რომ თურქეთი, როგორც წესი, ცდილობს, ყურადღება მიაქცევინოს თავისი პრობლემებისთვის მოკავშირეებს. თურქეთი კარაგად ვაჭრობს. ნუ დაგვავიწყდება ერდოღანის ავანტიურული ნატურა და ის, რომ ცდილობს, ითამაშოს ჯარიმის ზღვარზე, რაც დამახასიათებელი იყო სააკაშვილისთვის.
– სწორედ ეს ვიფიქრე: იქით რომ პუტინია, აქეთ –  ერდოღანი და შუაში რომ სააკაშვილი ყოფილიყო…
– ძალიან საინტერესო  ვითარება შეიქმნებოდა. ასეა თუ ისე, თურქეთი ასრულებს გამაღიზიანებლის როლს. თუმცა „ნატოში“ ბევრ საკითხში არ არის ერთი პირი და არც ამ საქმეში იქნება. თქვენ ნახავთ, რამდენი ქვეყანა მოერიდება თურქეთის დახმარებას, მიუხედავად „ნატოს“ დებულებისა და ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება „ნატოს“ მონოლითურობაზე.
– გაჩნდა აზრი, რომ ამ ფაქტმა შეარყია რუსეთის სიძლიერის იმიჯი. თქვენ ამბობთ, რომ, პირიქით, „ნატო“ ერთსულოვნად არ დადგება თურქეთის გვერდით, რაც მას დაასუსტებს. რეალურად, რომელი მხარე დაასუსტა ამ ინციდენტმა: „ნატო“ და თურქეთი თუ რუსეთი?
– ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ მოვლენების განვითარებას უნდა დავაკვირდეთ. გააჩნია, რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი: აქ ყველაფერი ავანტიურასა და ერთმანეთის დისკრედიტაციაზეა აგებული. თუ რუსეთმა გადადგა ადეკვატური ნაბიჯი...
– რას უწოდებთ ადეკვატურ ნაბიჯს?
– თუ უპასუხებს სამხედრო დარტყმით და დაბომბავს თურქულ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებიც განლაგებულია სირიის ტერიტორიაზე.
– ანუ შესაძლო სამხედრო დაპირისპირების არეალად უშუალოდ თურქეთის ტერიტორიას არ განიხილავთ?
–  დიახ. სირიაში განლაგებულია რამდენიმე თურქული სამხედრო ნაწილი. მათ შორის, ერთი იცავს ყველა ქურთისთვის წმიდა სამარხს ძალიან დიდი ხანია, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული. დაახლოებით, 15 კილომეტრში თურქეთ-სირიის საზღვრიდან და არ გამოვრიცხავ, რომ ამ კონტინგენტს დაარტყას რუსეთმა. გარდა ამისა, უფრო ახლოს არიან თურქეთის საზღვართან თურქმანები. თურქმანები კი თურქეთის მთავარი დამრტყმელი ძალაა, რომლებიც ცხოვრობენ სირიის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 7 000 კაცი. თურქეთი მათ იყენებს, რადგან თვითონ ოფიციალურად არ იღებს მონაწილეობას სამხედრო ოპერაციაში და თურქმანების ხელით ახდენს სამხედრო აქტივობას.
– გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მფრინავი კატაპულტირებისას სწორედ თურქმანებმა მოკლესო.
– თურქმანების სოფელში ჩამოვარდა თვითმფრინავი. მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ, თუ მართლაც მათ მოკლეს რუსი მფრინავი, რუსები ამ სოფელს დააუთოებენ. ამ ტიპის აქტივობებს ვგულისხმობ, რადგან რუსეთს არ აქვს რესურსი, თავს დაესხას თურქეთს  თურქეთის ტერიტორიაზე და, მეორეც, ეს თურქეთის საპასუხო აქტივობას გამოიწვევს და არავინ იცის, რა ტიპის აქტივობა იქნება, სხვათა შორის, ყირიმის მიმართულების ჩათვლითაც. მით უმეტეს, რომ ყირიმში თურქებს მნიშვნელოვანი დასაყრდენი ჰყავს ყირიმელი თათრების სახით.
– ყირიმისთვის საომარ მოქმედებებს გულისხმობთ რუსეთსა და თურქეთს შორის?
– თუ რუსეთი თავს დაესხა თურქეთს თურქეთის ტერიტორიაზე. ერთი ბომბის ჩამოგდებას შესაძლოა, ეს არ მოჰყვეს. ერთი სიტყვით: მაქსიმალურია ის, რაც ვთქვი და მინიმალური –  თურქმანულ სოფლებზე თავდასხმა სირიის ტერიტორიაზე.
– აშშ-ის, „ნატოსა“ თუ ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ განმუხტვა თუ მათთვის სახეიროა ამ ორს შორის დაპირისპირება?
–  „ნატოს“ წევრი ქვეყნების უმეტესობას, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს ყველაზე დიდი არმია ჰყავს, ის ყელში ჰყავს ამოსული. დასავლეთი მიჩვეულია, რომ მოკავშირეები უჯერებენ, ერდოღანი კი ხშირად არ უჯერებს ხოლმე. მინდა გითხრათ, რომ თურქეთის დასჯა ასე ადვილი არ არის: რუსეთს სირიაში ჰყავს 100-ზე ცოტა მეტი სამხედრო თვითმფრინავი, ამ ძალით თურქეთზე იერიშის მიტანა სასაცილოა. იმიტომ რომ, თურქეთს შეუძლია, სამჯერ მეტი ავიაცია გამოიყენოს და მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შეიარაღებული არმია ჰყავს. მე მაინც ვფიქრობ, რუსეთი შემოიფარგლება ისეთი ტიპის სამხედრო აქტივობით, რაც დააზარალებს თურქმანულ სოფლებს.
– ჯერჯერობით პოლიგონად განიხილება ახლო აღმოსავლეთის ტერიტორია, მაგრამ, თუ ისე დრამატულად განვითარდა მოვლენები, როგორც თქვენ თქვით, მათ შორის, ყირიმის მიმართულებითაც, ჩვენ ცეცხლის რკალში ვხვდებით. რა საფრთხეები გვემუქრება?
– ამ წუთას ჩვენ არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. მე არ ვვარაუდობ რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას. ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებულად უნდა ვიყოთ და ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. ჯერჯერობით ეს როლია ჩვენთვის ზედგამოჭრილი, რათა ზედმეტი პრობლემა არ შეგვექმნას.
– ყველას თავისი პეიზაჟი აქვს, მეც, მათ შორის: რუსული პრესა ისევ ალაპარაკდა პანკისიდან მომავალ საფრთხეზე.
– ეს გააქტიურებული იყო, ვიდრე თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა.
– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მომენტი რომ გამოიყენოს რუსეთმა, როგორც ვითომ ტერორიზმთან ბრძოლის პრევენცია და თურქეთიდან მომავალი საფრთხის განეიტრალების მცდელობა და შემოვიდეს?
– ამის ალბათობა ნულია. ჯერ ერთი, რუსეთის დაზვერვამ ჩვენზე კარგად იცის, რა ვითარებაა რეალურად პანკისის ხეობასა და დანარჩენ საქართველოში. ძალიან კარგად იცის, რომ ისეთი არაფერი ხდება, რაც მის ტერიტორიაზე არ ხდება, თან, გაათმაგებულად. იმასაც ძალიან კარგად ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს პოტენციალური ტერორისტების აქტივობა თავის ტერიტორიაზე. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია არ აძლევს საბაბს რუსეთს, რომ მან სამხედრო აქტივობა დაიწყოს საქართველოს წინააღმდეგ. დღევანდელი გადასახედიდან ასეა, თუ არ შეიცვალა სიტუაცია.
– ისლამური სახალიფო ახსოვს ვინმეს? მის განადგურებას აპირებს რომელიმე?
– ისლამური სახელმწიფო, ერთი მხრივ, არის ვირტუალური თემა. მისი მთავარი დამრტყმელი ძალაა სადამ ჰუსეინის ყოფილი ოფიცრობა. თუ მათ შანსი ექნათ, რომ დაიბრუნებენ ერაყის ტერიტორიაზე ხელისუფლებას, დამთავრდება ისლამური სახელმწიფოს პრობლემა, რადგან მხოლოდ მოხალისეების ხარჯზე, ეს სახელმწიფო ვერ იარსებებს. გავიმეორებ: ეს არის მსხვილი მოთამაშეების მიერ ხელოვნურად ამღვრეული წყალი და ყველას უნდა, ეს სტატუსკვო შენარჩუნდეს, რომ თავიანთი ამოცანები გადაჭრან. რასაკვირველია, ეს მღვრიე წყალი პრობლემებს უქმნის თურქეთსაც და ირანსაც, მაგრამ, გარკვეულწილად, მათთვისაც მომგებიანია. თურქეთი, უპირველესად, ასუსტებს თავის ტრადიციულ მოწინააღმდეგე ირანს, რადგან ასადის დამარცხება ამას ნიშნავს; ირანს კი შეეძლება კოალიციის შექმნა ხუსიტებისა და ალავიტების მეშვეობით. ირანმა მიაღწია იმას, რომ უხსნიან სანქციებს და ამიტომ რეგიონის წამყვანი სახელმწიფოს როლზე აქვს პრეტენზია. იგივე პრეტენზია აქვს თურქეთს. ამიტომაც ცდილობს, დაასუსტოს ირანი და თუ შეძლებს, თავს მოჭრის და შეარცხვენს რუსეთს, ბევრად უფრო მაღალ ხმაზე შეეძლება თავის პარტნიორებთან ლაპარაკი. ამ ქვეყნებს სულ სხვა პოლიტიკური მიზნები აქვთ, სახალიფო არის საბაბი.

скачать dle 11.3