რატომ ვერ აკონტროლებს რუსეთი საქართველოს ინტერნეტსივრცესა და საერთაშორისო კომუნიკაციას და როგორ ცდილობს ამ კონტროლის ხელში ჩაგდებას თავისუფალი ბაზრის პრინციპის გამოყენებით
ის, რომ „კავკაზუს ონლაინი“ ინტერნეტგამოცემა „პრესა.ჯი-თ” წართმეული ქონების ჩამონათვალშია, ცალკე უბედურებაა (მისი ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე სამი წელია, უშედეგოდ ელის პროკურატურიდან პასუხს), მაგრამ ამასობაში სხვა საფრთხეც დაგვემუქრა და არა მხოლოდ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც. კერძოდ, „კავკაზუსის“ კუთვნილი და შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ინტერნეტკაბელით რუსული კომპანია დაინტერესდა და ეს მხოლოდ ბიზნესი არ არის, რადგან, ვინც აკონტროლებს ინტერნეტის ნაკადებს, სწორედ ის ფლობს ინფორმაციას. ამ საფრთხესა და „კავკაზუსის“ კაბელის ბედზე მისი ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე გვესაუბრება.
– როგორ დაიწყო ეს ისტორია და როგორ მოახერხეთ შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გატარება?
– ეს უნიკალური პროექტია და, ფაქტობრივად, ფანტასტიკის სფეროდან იყო ამის გაკეთება, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა გვქონდა. საქართველოში, ერთი მხრივ, იზრდებოდა ინტერნეტზე მოთხოვნილება და, მეორეც, ფასები იყო ძალიან მაღალი. როდესაც 2000 წელს „კავკაზუს ონლაინი“ ვიყიდე, მაშინ იყო „დაილაფი“, შემდეგ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც გავაკეთეთ „დიესელი“. იმ პერიოდში ინტერნეტი მოგვეწოდებოდა რუსეთიდან, ნოვოროსიისკის კაბელით. მაშინდელი მინისტრის, ინჯიას, კაბელი სწორედ რუსეთიდან მოდიოდა და ის დღესაც შედის ნოვოროსიისკის სამხედრო ბაზაში.
– ანუ თქვენ შექმენით რუსეთისგან მოწოდების ალტერნატიული წყარო, რომ რუსეთის კონტროლისთვის გვერდი აგევლოთ?
– დიახ და მეორე საკითხი იყო ფასი: ინტერნეტი ძალიან ძვირი ღირდა, 100-ჯერ მეტი, ვიდრე ევროპაში. ასევე, თურქეთიდანაც იყო მოწოდების საშუალება, მაგრამ ისიც მცირეგამტარუნარიანი კაბელი იყო და თურქულ „ტელეკომსა” და რუსულ „ტელეკომს”, რომელიც ინჯიას არხით მოგვეწოდებოდა, დაფიქსირებული ფასი ჰქონდათ და, თუ ევროპაში ერთი მეგაბიტი ღირდა 10 ევრო, ჩვენ გვახდევინებდნენ 1 000 ევროს, ანუ ასჯერ მეტს. ერთმანეთთან იყვნენ მოლაპარაკებულები და ფასს არ აგდებდნენ, იმას გარდა, რომ გამტარიანობაც დაბალი ჰქონდა იმ წყაროებს. ფასის დაგდებას მათთვის აზრიც არ ჰქონდა, იმიტომ რომ, საქართველო და მთელი კავკასია ამ ორ იმპერიას შორისაა მოქცეული. ინტერნეტის ორი ცენტრია დედამიწაზე: ევროპა და ამერიკა. სხვა გამოსავალი არ არის, ან ერთს უნდა მიუერთდე, ან მეორეს. საქართველოს კი ევროპასთან უშუალო საზღვარი არ აქვს. ამიტომ, იყო დრო, როდესაც თვეში მილიონ ლარამდე ვაგროვებდით და ვუხდიდით მათ. რადგან ინტერნეტზე მოთხოვნა იზრდებოდა და ფასი არ ეცემოდა, ერთადერთი საშველი იყო შავ ზღვაში კაბელის გაყვანა. მხოლოდ ამ გზით შეეძლო საქართველოს ევროპასთან დაკავშირება. რთული ამოცანა გვქონდა, იმიტომ რომ უნდა გაგვევლო თურქეთისა და რუსეთის ტერიტორიული წყლები. საზღვარზე გავიარეთ, უფრო თურქეთის ტერიტორიული წყლების მხარეს: გადავკვეთეთ „ცისფერი ნაკადი“, „გაზპრომის“ მილი. ამერიკული კომპანია ვიქირავეთ, რომ არ დაეზიანებინათ, კაბელი შავი ზღვის ფსკერზე სამი მეტრის სიღრმეზე ჩავფალით და მივუერთდით ევროპას ამ კაბელის მეშვეობით. ამ პროცესმა ჩემი ცხოვრების 4 წელიწადი წაიღო. როდესაც გავიყვანე, მოითქვეს სული საქართველომაც, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც. ეს არის თანამედროვე, მაღალიგამტარუნარიანობის კაბელი და ნახევარი საუკუნის განმავლობაში სრულად შეუძლია, მოამარაგოს არა მარტო კავკასია, არამედ – შუა აზიაც და ახლო აღმოსავლეთიც.
– ანუ სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ამ ჩვენი კაბელით იღებენ ინტერნეტს?
– დიახ, ისინი მიერთებულები არიან ჩვენს კაბელზე. ეს არ აძლევდა ხელს არც რუსეთს და არც თურქეთს. დღეს მთელი საერთაშორისო სატელეფონო ზარები ამ კაბელით გადის ევროპაში. საქართველოს აქვს დამოუკიდებელი საკომუნიკაციო კავშირი და რუსეთი ვერ შეძლებს იმ საინფორმაციო ნაკადების გაკონტროლებას, რომლებიც საქართველოდან მიემართება ევროპისა და მთელი მსოფლიოსკენ. მეტიც, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც აქვთ თავიანთი უსაფრთხო კომუნიკაცია და, დღეს ცნობილი გახდა, რომ „ბილაინი“, ანუ „ვიმპელკომი“ დაინტერესდა ამ კაბელით.
– ეს კაბელი ახლა ეკუთვნის მას, ვინც თქვენგან, როგორც ამბობთ, უკანონოდ მიითვისა „კავკაზუსი“?
– დიახ, ანუ სააკაშვილს ეკუთვნის. აზერბაიჯანელები შეშფოთდნენ ამ პერსპექტივით, იმიტომ რომ, მათ სწორედ ჩვენი კაბელი აკავშირებს თავისუფალ სამყაროსთან. ეს კაბელი რომ რუსეთის ხელში მოხვდეს, „როსტელეკომი“ და „თურქტელეკომი“ ისევ დაამყარებენ კონტროლს ინტერნეტსა და კომუნიკაციაზე.
– დავაზუსტებ, ამ კაბელით მოგვეწოდება ინტერნეტიც და ხორციელდება საერთაშორისო ზარებიც.
– დიახ, თუმცა ქვეყნის შიგნით ყველა ოპერატორს თავისი ქსელი აქვს. ინტერნეტის მომწოდებელს შეუძლია, გააანალიზოს, რა ინფორმაციას მოიხმარს ესა თუ ის აბონენტი, ანუ აბონენტის ყველა საიდუმლოს გაგება შეიძლება; მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურების ინტერნეტ და სატელეფონო კავშირების. ეს კაბელი არის სახელმწიფო უშიშროების ნერვი არა მხოლოდ საქართველოსთვის, კავკასიისთვის, რომლითაც უზრუნველყოფილია უსაფრთხო კავშირგაბმულობა.
– ჩვენთან ხანდახან ჰგონიათ, რომ პაროლს სჭირდება გატეხვა, არადა პაროლები აქვს პროვაიდერს, ანუ მომწოდებელს. მან ისინი იცის და არაფრის გატეხვა არ სჭირდება.
– სწორედ ამის გამო დაიწყო ჩემთან კონფლიქტი, 2009 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვანო მერაბიშვილმა, მოითხოვა ინტერნეტტრაფიკების მაკოპირებელი აპარატურის უკანონოდ დაყენება, რაც მათ საშუალებას აძლევდა, ყველა ნაკადი პაროლის გარეშე გაეკონტროლებინათ. ეს იყო კრიმინალი და ჩემგან უარი მიიღეს. შემდეგ მოითხოვეს, რომ ჩვენი ტექნიკური თანამშრომლების უნიფორმაში გადაცმული შსს-ის თანამშრომლები შესულიყვნენ ჩვენს აბონენტებთან, მაშინდელ პოლიტიკურ ოპოზიციასთან, დღეს ვინც მთავრობაშია და დაემონტაჟებინათ სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა. ამასაც წინ აღვუდექი, რამაც გამოიწვია უდიდესი კონფლიქტი. იქამდე მივიდნენ, რომ გადაწყვიტეს ამ ჩემი ქონებისა და ნაშრომის წართმევა. თუ გახსოვთ, ქალაქში ჭრიდნენ ჩვენს კაბელებს.
– მახსოვს.
– მაჯარიმებდნენ. მარეგულირებელმა კომისიამ 700 000-მდე ლარით დამაჯარიმა. ისევე მოიქცნენ, როგორც იქცეოდნენ ორგანიზებული შეტევისას. ერთადერთი, ციხეში ვერ ჩამსვეს, იმიტომ რომ, გამოვიქეცი და საბოლოოდ, იძულებული გავხდი, გადამეფორმებინა მათთვის კომპანია. ამ გადაფორმებაში მინიმალური, კომპანიის ღირებულების ერთი მეათედი თანხა მომაჩეჩეს. თუმცა კაბელი დარჩა და ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის სომხებსა და აზერბაიჯანელებს, ეს რომ არ გაგეკეთებინა, ამხელა მოთხოვნას როგორ დავიკმაყოფილებდითო. ამის შემდგომ თურქეთიდანაც გამოიყვანეს რაღაც კაბელები, მაგრამ სომხები თურქულ კაბელს არ იყენებენ. ჩემი კონკურენტი თურქებს შეეკრა, რუსებსაც და თურქეთიდან და რუსეთიდან შემოაქვთ ინტერნეტი, მაგრამ ეს ნაკადები გაივლის სტამბულსა და მოსკოვს. რა თქმა უნდა, უხარისხოა და ბევრად ნაკლები გამტარუნარიანობა აქვს, ვიდრე თანამედროვე, მაღალი სიჩქარის მქონე კაბელს, რომელიც პირდაპირ ფრანკფურტშია მიერთებული ბულგარეთის გავლით და ვერც რუსეთი და თურქეთი ვერ გაუწევდა კონკურენციას ჩემს კაბელს. მაგრამ ნაჯახთან კონკურენცია ძნელია და არგუმენტი ნაჯახის წინააღმდეგ არ არსებობს. ამიტომ დამიჩეხეს კომპანია და ფაქტობრივად, გამომაგდეს საქართველოდან. და დღესაც, რა თქმა უნდა, მთელი ამიერკავკასია ისევ ამ კაბელზეა მიერთებული.
– ეს კაბელი „კავკაზუსის“ საკუთრებაა.
– ეკუთვნის „კავკაზუსს“. ეს კაბელი სამი ნაწილისგან შედგება: ერთი ნაწილი განთავსებულია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, მეორე – ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში და მესამე – ნეიტრალურ წყლებში, ანუ სამი კომპანიისგან შემდგარი ჰოლდინგია. ერთი ბულგარულია, მეორე – ქართული, მესამე – ოფშორული. აქედან გამომდინარე, ერთი მფლობელი ჰყავს ამას და „კავკაზუს ონლაინიც“ ამ მფლობელის ქვეშაა.
– მფლობელი იმიტომ გკითხეთ, რომ ხომ შეიძლება, ადრე თუ გვიან, გაიყიდოს ჩვენი ნაწილი კაბელი და ის თურქულმა ან რუსულმა კომპანიამ იყიდოს?
– მე თვითონ ვცდილობ, რომ ვიყიდო, მყავს ინვესტორები, მაგრამ, ვის ხელშიც არის, არ უნდა ჩემთვის დათმობა; ეს ისევ ის ბიზნესჯგუფს, ვინც წამართვა კომპანია. ჩემი საქმე კი არ გამოუძიებიათ, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა თავად დაიბრუნა თავისი ქონება. მთავრობის წევრები კი ჩაეწილნენ და გარიგდნენ ყოფილებთან და ბედნიერად ცხოვრობენ ერთად.
– თქვით, რომ კაბელის ჩადება შავი ზღვის ფსკერზე იყო ინტერნეტმომარაგების ალტერნატიული საშუალება, რომელსაც რუსეთი ვერ აკონტროლებს. რა საფრთხეს შეიცავს, ინფორმაციის გადინებისა და საქართველოს მოსახლეობის კონტროლის თვალსაზრისით, თუ ეს კაბელი გადავა რუსეთის ხელში?
– ეს საფრთხე რომ დაინახო, კონტრდაზვერვის გენერლობა არ არის საჭირო, უბრალო დიასახლისიც მიხვდება, რომ, თუ რუსეთს მისცემ ამ კაბელს, ის, რა თქმა უნდა, გააკონტროლებს ყველა საინფორმაციო და ინტერნეტნაკადებსა და სატელეფონო ზარებს. ეს ელემენტარულია: არ უნდა გადასცენ.
– სახელმწიფოს როგორ შეუძლია, აუკრძალოს კერძო კომპანიას, რომ არ გაყიდოს ეს კაბელი?
– მათზე პროკურატურაში დევს ჩემ მერ მიტანილი აუდიო და ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, თუ როგორ გამძარცვეს და წამართვეს კომპანია. სამი წელი და ორი თვეა, არ გამოიძიეს. თუ სახელმწიფო მოინდომებს, არსებობს ბერკეტი, უპირველესად, ეს არის ნაძარცვი ქონება; მეორეც – სახელმწიფოს შეუძლია, შეზღუდვები დაუწესოს მესაკუთრეს, როდესაც საქმე ეხება სტრატეგიულ ობიექტს; მესამე, ეს არის ის, რომ შეუძლია, კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნოს კომპანია. უამრავი საშუალებაა, თუ სახელმწიფო დაინტერესებულია. რატომ არ მოდიან საქართველოში ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები? იმიტომ რომ, საქართველოში რუსული ბიზნესურთიერთობებია: უნდა გყავდეს „კრიშა“, პოლიტიკური მფარველი და მუშაობს წილების სისტემა. თუ დააკვირდებით, საქართველოში, ფაქტობრივად, არ არიან ამერიკელი ან ევროპელი ინვესტორები. არიან რუსები, ყაზახები, ინდოელები, არაბები, ანუ ის ხალხი, რომლებიც მიდიან გარიგებაზე მთავრობასთან, რომ მათი ბიზნესი იქნება პრივილეგირებული. როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო: უნდა დაეთმო წილი მფარველობის სანაცვლოდ. როდესაც ჩემმა კონკურენტმა იყიდა გაერთიანებული „ტელეკომი” და შეიყვანა ყაზახები, მათ მოითხოვეს, რომ ჰქონოდათ პრივილეგირებული მდგომარეობა და ჩემთვის დაეწესებინათ აკრძალვები, მათ შორის, აეკრძალათ კაბელის გაყვანა. საქართველოში ასეთი ტიპის ბიზნესია. ამიტომ ისეთი ხალხი, ვისაც ესმის ლიბერალური ბიზნესურთიერთობები, რომ კანონი კანონია, მანდ არ მოდის. მაგალითად, მე ლონდონში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს: მაქვს ბიზნესი, რომელიც ფართოვდება. ბიზნესის არსია, მოემსახურო კლიენტს და შექმნა კონკურენტუნარიანი პროდუქტი ან მომსახურება. მე ასეთი მენტალიტეტი მაქვს, იმ ხალხს კი, რომლებიც მანდ არიან, უნდათ, რომ, მოიპოვონ პრივილეგიები, ამიტომ კონკურენცია არ ესმით; უნდათ, რომ კლიენტს გამოსძალონ რაც შეიძლება, მეტი და სანაცვლოდ მზად არიან, ნაძარცვი წილი გაუყონ რომელიმე გაღლეტილ ჩინოვნიკს, რომლებიც მოდიან კალოშებით და რამდენიმე წლის შემდეგ, მიდიან მილიარდერები. დღეს ვანო მერაბიშვილი გატრუნულია ციხეში და ელოდება, როდის გამოვა და შერჩება თავისი მილიარდები. ასეთი ხალხი ეძებს მძარცველ და გამომძალველ ბიზნესმენს, რომელიც ამა თუ იმ სეგმენტის მონოპოლიზებას მოახდენს და მოითხოვს კონკურენტების განადგურებას, როგორც ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და მოახდინა ეკონომიკის მთელი რიგი სექტორების მონოპოლიზაცია. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ რუსები იყიდიან „კავკაზუსს“. თუ მთავრობის მიზანია, რუსეთის არეალს არ გასცდეს, მაშინ პრობლემა არ არის, მაგრამ, თუ მთავრობას უნდა, რუსეთს არ ჩააბაროს ეს კაბელი, აქვს უამრავი ბერკეტი საამისოდ.