არჩევნების მოკრძალებული ხიბლი
ძვირ-ფასიანები
ვიდრე ქართველი საზოგადოება იმას არჩევდა, ბოლოს და ბოლოს, თურქეთის იმიჯი დაზარალდა თუ რუსეთისა, ამ ჩვენმა მთავრობამ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ, ჯერ ერთი, 2016 წლის აპრილიდან პენსიებს გაზრდის 180 ლარამდე და, მეორეც – პედაგოგების ხელფასსაც მიაყოლებს.
კერძოდ, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 600-700 ლარი იქნებაო, – ასე განაცხადა განათლების მინისტრმა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასძინა, რომ ჯანდაცვის შემდეგ ყველაზე დიდ ფინანსურ რესურსს განათლების მიმართულებით გადაისვრიან.
სიახლეები ფრიად დამაიმედებელი და სასიხარულოა; დამაიმედებელი, რადგან 2016 საარჩევნო წელია და, სავარაუდოდ, მხოლოდ ამას არ დასჯერდებიან და გასახარელ ამბებს კვლავაც შემოგვთავაზებენ.
ამ ამბავმა კი ის ამბავი გამახსენა, „არსენა მარაბდელის“ გმირი ზაალ ბარათაშვილი წელიწადში ერთხელ, თავისი ვაჟის დღეობაზე, ყმა გლეხებს რომ უმასპინძლდებოდა იმ გლეხებისვე მოტანილი სანოვაგით. გლეხები კი ხარობდნენ და ოცნებობდნენ, ნეტავ, წელიწადში 365-ვე დღე ბატონიშვილის დაბადების დღე იყოსო.
აქედან გამომდინარე, ურიგო არ იქნებოდა, თუ წელიწადში 365 არა, ერთი არჩევნები მაინც გვექნებოდა. მარტივი სამოქალაქო ლოგიკით – ჩვენს ხმებს ფასი უნდა დავადოთ, თან, რაც შეიძლება, ძვირი! –