როგორ უნდა ამოვიცნოთ ენერგოვამპირები და რა ზომებს უნდა მიმართოს ადამიანმა, როცა მიხვდება, რომ ვამპირია
ენერგოვამპირი არც მისტიკური ცნებაა და არც ამოუცნობი ობიქტი, ის არც დაავადებათა სიას მიეკუთვნება და არც ვირუსია, რომ გადაგვედოს, თუმცა, ენერგოვამპირები ჩვენ გარშემო დღის განმავლობაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტრიალებენ, მათ შორის, ჩვენ გარშემო არსებულმა ნივთებმაც კი, შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ენერგიის გადინება. ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, თითოეული თქვენგანი აღმოაჩენს, რომ არის ენერგოვამპირი ან დონორი, რომლითაც იკვებება ვამპირი. ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი გვესაუბრება მათგან თავის დაღწევის გზებზე. გარდა ადამიანი-ენერგოვამპირებისა, ტელევიზიები, თოქ-შოუები და განსაკუთრებით საინფორმაციო საშუალებები, ყველაზე დიდ ენერგიას გვართმევენ, რომელსაც უკვე ზომბირება ჰქვია – გამოლენჩებულები შევყურებთ, ერთი შეხედვით, უვნებელ ყუთს, რომელსაც ტელევიზორი ეწოდება.
დავით ბუტიკაშვილი: ეს არც მისტიკაა და მით უმეტეს, არც მაგია. ეს არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც გარკვეულ ზიანს გვაყენებს. ადამიანები ენერგეტიკულად ყოველთვის ვზემოქმედებთ ერთმანეთზე, ზოგი – დადებითად, ზოგი – უარყოფითად. ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად – ენერგოვამპირებად და ენერგოდონორებად, ანუ ენერგიის მიმღები და გამცემი. მაგალითად, მსახიობი, რომელიც სცენაზე თამაშობს და ჩვენ სულგანაბულები ვუყურებთ, ესეც ვამპირიზმია, ოღონდ დადებითი მუხტით გვავსებს. მაგრამ, თუ მისმა თამაშმა ცუდი შეგრძნებები დაგვიტოვა, ესე იგი, ის არის მიმღები. შეიძლება, სულაც კომედია ითამაშოს, მაგრამ, თუ მსახიობი ენერგოვამპირია, სპექტაკლის დასრულების შემდეგ, აუცილებლად გვექნება რაღაც უსიამოვნო შეგრძნებები. ძირითადად, ორი კატეგორიაა, მაგრამ სხვადასხვაგვარი გამოვლინებით. შეიძლება, ადამიანი ძალიან ჩუმი და წყნარი იყოს, მაგრამ მისი სიჩუმე იმდენად არაბუნებრივია, რომ სწორედ ამ დროს გვაცლის ენერგიას. მაგრამ, არიან ადამიანები, ვამპირიზმის მძიმე ფორმით. ასეთები გამუდმებით წუწუნებენ: მზე არის და მზით არიან უკმაყოფილოები, წვიმს და წვიმით არიან შეწუხებულები. მათი მოსაწონი არაფერი არსებობს. გამუდმებით უკმაყოფილო სახე აქვთ, მაშინაც კი, თუ მათ ცხოვრებაში რაიმე სასიკეთო ხდება. ასევე, ვამპირიზმის გამოვლინება ხდება ზედმეტად ხმაურიან, აქტიურ ადამიანებში, რომლებიც ერთ ადგილას ვერ ისვენებენ, მჯდომიარეც კი ხელ-ფეხს უსაგნოდ ათამაშებენ. ზოგი ენერგოვამპირი ძალიან საინტერესო და პოზიტიურ ინფორმაციასაც კი იმდენად მოღუშული სახითა და დამთრგუნველი ინტონაციით გასცემს, სიცოცხლე აღარ მოგინდება.
– ენერგოვამპირიზმს თუ აქვს ასტროლოგიური გავლენა ან ახსნა?
– დიახ. ადამიანს, რომელსაც ლილიტი, ანუ შავი მთვარე ჰყავს მორიელის ნიშნის აქტიურ ნაწილში, ის ყველა შემთხვევაში, ენერგოვამპირთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც მახინჯი ფორმებით გამოვლინდება. მაგრამ, თუ მას მორიელის ნიშნის მეორე ნახევარში ჰყავს შავი მთვარე, ის უკვე ენერგოდონორობისთვის არის განწირული. აქტიურ ფაზაში მოხვედრილი შავი მთვარის მქონე კატეგორიას, ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს როგორც დონორს; ასევეა თვით ვამპირების შემთხვევაშიც კი, რადგან, იმდენად ძლიერი ნეგატიური გამოვლინებები აქვთ. ასეთი ვამპირები ვერ ალაგებენ პირად ცხოვრებას, არ უმართლებთ ოჯახურ ურთიერთობებში, მათ შორის, კოლეგებთანაც კი, რადგან შეიძლება, კოლექტივში, რომელიც მხიარულობს და ჟრიამულობს, როგორც კი ასეთი ტიპის ვამპირი შევა, მაშინვე შეაქვს იქ დისონანსი. მისმა გამოჩენამ შესაძლოა, კონფლიქტი არ გამოიწვიოს და ერთი შეხედვით, ვერც ვერავინ შეამჩნიოს ნეგატიური ტალღები, მაგრამ მაშინვე გაჩუმდებიან, შეწყდება სიცილი და უცებ ჩამოვარდება სიჩუმე, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება, ვერავინ გაიგოს.
– ასეთი მდგომარეობა პროფესიულ განვითარებაზეც მოქმედებს?
– მოქმედებს ცუდად – თუკი მისი სამსახური მოითხოვს ურთიერთობებს და მისი კარიერა დამოკიდებულია ადამიანებთან ურთიერთობაზე, ვინაიდან ისინი ვერასდროს ააწყობენ მჭიდრო ურთიერთობებს. შეიძლება, დროებით მოხდეს ურთიერთობის აწყობა – მანამ, სანამ ეს ვამპირი დონორს მთლიანად არ გამოწოვს ენერგიას და არ მიხვდება ის, რომ თუ არ შეწყვეტს ამ ურთიერთობას, საქმე ცუდად წავა ან, როგორც მინიმუმ, დაზომბირდება მასთან ურთიერთობაში. ასეთი ადამიანები შეიძლება ძალიან წარმატებულები და თავისი საქმის პროფესიონალებიც იყვნენ, თან გარეგნულად ძალიან მოწესრიგებულები და უბოროტონი, მაგრამ ურთიერთობაში მიხვდეთ, რომ ისინი მთლიანად გაცლიან ენერგიას, გცლიან ყველანაირი ემოციისგან. თქვენ ამ ურთიერთობით გთიშავთ ის, ოღონდ ამას სპეციალურად კი არ აკეთებს, უბრალოდ, ასე გამოსდის და თვითონაც ვერ ხვდება.
– გამოსავალი რაშია?
– ძირითადად, ენერგოვამპირები ვერ ხვდებიან თავიანთ მდგომარეობას და უკვირთ, რატომ ერიდებიან ადამიანები, რატომ არ უმართლებთ თუნდაც ოჯახურ ურთიერთობაში. მაგრამ, თუკი ისინი მიხვდებიან და აღიარებენ საკუთარ ვამპირულ მდგომარეობას, გამოსავალი ერთია, კვირაში რამდენჯერმე მაინც შევიდნენ ეკლესიაში, უბრალოდ, შევიდნენ და თუ არ ილოცებენ, სადმე კუთხეში მაინც ჩამოსხდნენ. ამ დროს ხდება მათი ენერგიის შევსება და ადამიანებისგან აღარ მოითხოვენ ენერგიის იმ დოზით წაღებას, რაც მათ გამოკვებას სჭირდება.
– ენერგოდონორებმა როგორ უნდა მოახერხონ ვამპირისგან თავის დაცვა?
– საერთოდ, რელიგია ჩემი თემა არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, გამოსავალი ეკლესიაა. დონორებს, რომლებიც ხშირად დადიან ეკლესიაში, დაცვითი მექანიზმი უმუშავდებათ. ენერგეტიკულ ველს კუსავით ჯავშანი უკეთდება და ადვილად აღარ ხდება მათი ენერგიის გადინება.
– სატელევიზიო გადაცემებზე რას იტყვით? ხშირად გამიგია, რომ, რაც ტელევიზორს აღარ ვუყურებ, დავისვენეო.
– ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დედამიწაზე რაღაც ხდება, რომელსაც მასონები მართავენ და ერთ-ერთი ძლიერი იარაღი ტელევიზიაა – რა დროსაც ადამიანი აბსოლუტურად დაუცველია და ხდება მართული, ანუ ემოციურად ტელევიზორიდან მიღებული ინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ ექცევა – როცა ადამიანის ემოციას, ანუ განწყობას მართავ, მასზე უკვე თავისუფლად მანიპულირებ და შეგიძლია, აკეთებინო, რაც შენ გინდა.
– ჩვენთან არსებობს ასეთი ტელევიზია?
– საერთოდ, შეთქმულების თეორიის მომხრე არ ვარ, მაგრამ სირაქლემის პოზიციაში ყოფნაც არ მიყვარს. ზოგადად, ყველა ტელევიზია იმას ემსახურება, რომ შექმნას და მართოს ადამიანის განწყობა. ამას მეტ-ნაკლებად, ყველა ტელეკომპანია ახერხებს. თუმცა, არის გამონაკლისი, რომელიც განსაკუთრებულად აქტიურად მუშაობს და კარგადაც ახერხებს. ტელევიზიებმა მოახერხეს მასის განწყობის შექნმა და მისი მართვა. ეს ადამიანები ტელევიზორის რეალობით ცხოვრობენ და არა ცხოვრებისეული რეალობით. წარმოიდგინეთ, საინფორმაციო გამოშვების პირველი სიუჟეტი და პირველი 10 წუთი ეძღვნება სიკვდილს, ნგრევას, ნეგატივს და ამის შემდეგ, შენ, რაც არ უნდა კულტურული და სადღესასწაულო სიუჟეტი გიჩვენონ, ტვინი უკვე ვეღარ ახერხებს ამ პოზიტივის აღქმას. მას უკვე მიღებული აქვს ინფორმაციული სტრესი და ჯერ კიდევ იმ ნეგატივის ზემოქმედების ქვეშაა. ჯერ არ ხარ გამოსული ამ ზემოქმედებიდან და ისევ რაღაც ტრაგიკულს ხედავ, რომელიც საერთოდ გავიწყებს წინა, სადღესასწაულო ინფორმაციას. ამის მერე კი ხდება ის, რომ მეორე დღეს, მე კარგ განწყობაზე რომ ვარ, შენ მოდიხარ და მიყვები: გაიგე, გუშინ რა მოხდა? ამ დროს, ჩემდა უნებურად, მეც გადმომეცემა ნეგატიური განწყობა და ვხდები შენსავით დანევროზებული. ალბათ, დროა, შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს მაყურებელს. არ ვიცი, რა ფორმით უნდა მოხდეს ეს, მაგრამ ტელემაყურებელი დღეს ყველაზე დაუცველია და იწყებს ცხოვრებას ტელევიზიიდან მიღებული ინფორმაციით. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც შვილის წარმატებას ადეკვატურად ვეღარ აღიქვამს და ნერვიულობს იმაზე, მისი უბნის ორმოში როგორ გროვდება ტალახი.