კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობდა ნანა ჩარკვიანი ლონდონში გამგზავრების თავიდან აცილებას და რას აკეთებდა გელა ჩარკვიანი, რომ შვილიშვილისთვის უმამობა არ ეგრძნობინებინა

გელა ჩარკვიანს ქართული საზოგადოება სხვადასხვა ამპლუით იცნობს და თან, ძალიან კარგად. თუმცა, საინტერესოა, როგორია ის ბაბუის როლში... ამის გასარკვევად „თბილისელები“ ბატონ გელას და მის შვილიშვილს, ირაკლი ჩარკვიანის შვილს, ნანა ჩარკვიანს დაუკავშირდა. მათ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ბაბუა და შვილიშვილი რამდენიმე წელი ლონდონში ერთად ცხოვრობდნენ. ახლა კი უკვე თბილისშიც, დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ ნანა ჯერ მხოლოდ 12 წლისაა, ბაბუას ყველაფერში ეხმარება. ბაბუაც მისთვის მაქსიმალურს აკეთებს და წარმატების მიღწევის შემთხვევაში, შვილიშვილს გულუხვად აჯილდოებს.

 – ბატონო გელა, საზოგადოება სხვადასხვა ამპლუაში გიცნობთ, ბაბუის როლს როგორ ირგებთ?
გელა ჩარკვიანი: მაქსიმალურად ვცდილობ, კარგი ბაბუა ვიყო და მგონი, ცუდად არ გამომდის (იცინის).
ნანა: მართალია. თავს არ ზოგავს და ცდილობს, ყველაფერი გამიკეთოს. მოცემულ პირობას არასდროს არღვევს. ინგლისურში მამეცადინებს და შევთანხმდით, თუ დიდ გამოცდას ჩავაბარებდი, საჩუქრად ჩემი ოცნების ტელეფონს მივიღებდი. ჩავაბარე და მან პირობა შემისრულა.  
– ერთად დიდ დროს ატარებთ?
გელა: ორნახევარი-სამი წელი ნანა ლონდონში ჩემთან ერთად ცხოვრობდა და ბუნებრივია, სულ ერთად ვიყავით. ორმაგი პასუხისმგებლობა მქონდა – ერთი, რომ ბავშვს უცხო გარემოსთან შეგუებაში დავხმარებოდი და რაც მთავარია, რადგან ნანას მამა არ ჰყავს, არ მინდა, თავი დაობლებულად იგრძნოს. ამიტომ, მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა და მაქვს. ჩემს ოთახში ეძინა მაშინაც და ახლაც ჩემთან ერთად სძინავს. სკოლაში სიარული ლონდონში დაიწყო და არ ყოფილა შემთხვევა, მე არ წამეყვანოს და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, სახლში არ წამომეყვანოს.
ნანა: ჩემთვის იქ ცხოვრება აბსოლუტურად სხვანაირი იყო. უცხო ქვეყანაში ვიყავი და ამას ისიც დაემატა, რომ სკოლაში პირველად წავედი. მანამდე აქ ბაღში დავდიოდი და მეგონა, სკოლაც მსგავსი იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. რომ ჩავედი, ენა არ ვიცოდი, მხოლოდ „კი“ და „არას“ თქმა შემეძლო. სკოლაში პირველად რომ მივედი, ჩემთან ორი გოგო მოვიდა და მკითხეს: გინდა, ვიმეგობროთო? ვერ გავიგე, რა მითხრეს და ვუთხარი არა-მეთქი. ამის მერე ეს გოგოები არ მემეგობრებოდნენ (იცინის).
– ერთად გატარებული რომელი დღე გახსენდებათ განსაკუთრებულად?
გელა: ლონდონში ჩასვლის პირველი დღე. ნანა მაშინ პირველად იჯდა თვითმფრინავში და პირველი კლასით მიფრინავდა. შეეჩვია პირველი კლასით ფრენას, თუმცა, ბოლოს ეკონომკლასით მოგვიაწია მგზავრობა. ლანჩის დროს სტიუარდესები გამოვიდნენ და პირველ და მეორე კლასს შორის ფარდა ჩამოაფარეს. ეს წამოდგა და ყვირილი დაიწყო: მე ვიცი, რატომ აფარებენ ფარდას, იმიტომ რომ იქით კარგად აჭმევენო. ნამდვილი კლასობრივი ბრძოლა იყო (იცინის). სხვათა შორის, პირველად რომ მივდიოდით, შიში გვქონდა, რომ დედასთან გამოთხოვება გაუჭირდებოდა და უარს იტყოდა.
ნანა: პირველად არა, მაგრამ მესამედ რომ მივდიოდი, მაშინ მართლა ძალიან მიჭირდა. არდადეგები აქ გავატარე და წასვლა აღარ მინდოდა, რადგან ქეთათო აქ იყო. დარჩენის გეგმაც მოფიქრებული მქონდა – წასვლისას ქეთათოსთვის უცებ გასაღები უნდა წამერთმია, გავქცეულიყავი და სახლი შიგნიდან ჩამეკეტა. ამასობაში თვითმფრინავი გაფრინდებოდა, თუმცა მომდევნო რეისითაც რომ შეიძლებოდა გაფრენა, ეს ვეღარ მოვიფიქრე (იცინის). მაგრამ, ბოლო მომენტში, ასე ვეღარ მოვიქეცი. სულ პირველად რომ მივდიოდი, მაშინ არც მინერვიულია. რომ ჩავედით, გელას მძღოლი, რომელიც ძალიან საყვარელი კაცი იყო, ფოტოებს გვიღებდა. მერე მომესალმა, გამარჯობაო და ძალიან საყვარელი დათუნია გამომიწოდა. მაშინ გაორებული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, მიხაროდა თუ მწყინდა ახალ გარემოში მოხვედრა. ის დათუნიაც გაუცნობიერებლად გამოვართვი, თუმცა მერე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე, უკვე ექვსი წელია, მასთან ერთად მძინავს.
– თბილისში გატარებული თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე როგორია?
– მე ადრე ვიღვიძებ, ამ დროს გელას სძინავს, რადგან ის უფრო გვიან წვება. მერე გელა მუშაობს, მე ინტერნეტში ვარ, ვმეცადინეობთ, დავყავარ მასწავლებელთან და ბოლოს საყიდლებზე მივდივართ, სახლისთვის საჭირო რამეებს ვყიდულობთ. მაგალითად, საჭმლის ინგრედიენტებს. რადგან კერძების მომზადება ძალიან მიყვარს, ხშირად ვამზადებ. მერე გელას ვასინჯებ და თუ მოეწონება, კიდევ ვამზადებ. წიწიბურას გარდა, მგონი, ყველაფერი მოსწონს, თუმცა განსაკუთრებულად: ჩისქეიქი, სტაფილოსა და ლიმონის ნამცხვარი უყვარს. დესერტების გაკეთება მეც ძალიან მიყვარს. როცა რომელიმე დღესასწაული ან ვინმეს დაბადების დღეა, ნამცხვრებს და ტორტებს მე ვაკეთებ. მახსოვს, პირველად ლონდონში ყოფნისას გავაკეთე ალუბლის კექსი მამიდაშვილთან ერთად. მაშინ ექვსი წლის ვიყავი და დიდი ინტერესი არ გამომიჩენია. თუმცა, აქ ჩამოსვლის შემდეგ, ნელ-ნელა დავინტერესდი და კერძებისა და დესერტების მომზადება დავიწყე.
გელა: საჭმლის გაკეთება უყვარს, მაგრამ იმის დალაგება აღარ. თუმცა, უკვე 12 წლისაა და თანდათანობით უნდა შეეგუოს იმას, რომ სახლში რაღაც-რაღაცეების კეთება საჭიროა. როცა რაიმეში დახმარება მჭირდება, მეხმარება. თმის შეჭრა თუ მინდა, ამისთვის ნანას გარდა, სხვას არავის მივმართავ, ყოველთვის ის მჭრის.
– ბუნებით მორჩილი გოგონაა თუ უფრო მეამბოხე?
– მორჩილი არაა, თუმცა ჯერ არც მეამბოხეა. 12 წლისაა და ალბათ, მალე დაეწყება ეგ პერიოდი.
ნანა: ვცდილობ, საბოლოოდ, მაინც ჩემი აზრი გავიტანო, მაგრამ გელას სურვილის გათვალისწინებაც მიწევს, რადგან არ მინდა ვანერვიულო და ცუდად გახდეს. ამიტომ ვემორჩილები (იცინის). ეს, ძირითადად, სადმე გაშვებას ეხება, თუმცა ამ დროს ქეთათო მეხმარება. როცა ის მიშვებს, გელა ვეღარაფერს ამბობს.
გელა: დედას შვილზე მეტი უფლებები აქვს, თუმცა ნუ გავიწყდება, მე შენი მეურვე ვარ. ლონდონში სხვანაირად ვერ წავიყვანდი, მისი მეურვე თუ არ ვიქნებოდი, რადგან იქ ძალიან მკაცრი წესებია ბავშვებთან დაკავშირებით.  ჩემი მეორე შვილიშვილი ერთხელ მამამისმა თბილისში წამოიყვანა და ამიტომ, სკოლა ერთი კვირით გაუცდა. მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებულები მყავდნენ, ცნობა მაინც გამომიგზავნეს, თან სკოლიდან კი არა სახელმწიფო უწყებიდან და ჯარიმად 100 დოლარი დამეკისრა. თუ არ გადავიხდიდი, ჩემ წინააღმდეგ საქმე აღიძვრებოდა. მე ელჩი ვიყავი და ეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სკანდალი იქნებოდა. ამიტომ, გავიქეცი და თანხა უცებ გადავიხადე (იცინის). ამით იმის თქმა მინდა, რომ იქ ბავშვების სწავლა მაქსიმალურად რეგულირებულია.
– ბაბუა და შვილიშვილი რის გამო კამათობთ ხოლმე?
ნანა: სადმე გაშვებაზე, თუმცა ბოლოს მანქანის ტარების გამო ვიკამათეთ. შევამჩნიე, რომ უცნაურად დადიოდა. ვუთხარი და 80 წელია, მანქანას ვატარებ და ნუ მასწავლიო, ჩხუბი დამიწყო. აზრი აქვს ამაზე კამათს-მეთქი? და მერე გაჩერდა. გელა ნაკლებად, უფრო მეტად ქეთათო მეკამათება ხოლმე ნიშნების გამო. თუ დაბალი შეფასება მივიღე, სადმე არ გამიშვებს ან  რაიმეს არ მიყიდის. ძალიან შრომისმოყვარე არ ვარ. რასაც ვთვლი საჭიროდ, იმას ვსწავლობ, მაგრამ როცა შემიძლია 100 პროცენტი გავაკეთო, 80-ს ვაკეთებ. ამის გამო სულ კამათია. თუმცა, დასჯა ნაკლებად მჭირდება, რადგან შეგვიძლია, საუბრითაც მივხვდეთ ყველაფერს.   გელამ გაბუტვა იცის (იცინის).  რაღაცეების დაბრალება უყვარს. ერთი მაკრატელი დაკარგა და ვეღარ პოულობს. ამოიჩემა: ქეთათომ აიღო, ალბათ ფრჩხილებს იჭრიდა და მერე უცებ ჩანთაში ჩაიგდოო. არადა, სახლში ექვსი მაკრატელი გვაქვს, რად უნდოდა ქეთათოს სხვა მაკრატელი?! მაგრამ, გელა მაინც ჩაციებული იყო და ამის გამო, მგონი, ორი თვე არ ლაპარაკობდნენ.
– დაბადების დღეებს როგორ ულოცავთ ერთმანეთს?
– გელას დაბადების დღეზე, დილით მივდივარ, ვკოცნი და ვულოცავ. არავის პატიჟებს, ვისაც ახსენდება, თვითონ მოდის. ამიტომ, სუფრას არ ვშლით, მხოლოდ „ალა ფურშეტი” გვაქვს და მე მის საყვარელ ნამცხვრებს ვაკეთებ. ლონდონში რომ ვცხოვრობდით, მის დაბადების დღეზე ერთხელ მთელი ოჯახი იყო ჩამოსული. თვითონ სხვა ოთახში იყო და ჩვენ ჩუმად სიურპრიზი მოვუმზადეთ. პატარა ფურცლებზე მისალოცი შეტყობინებები დავწერეთ. მახსოვს, ჩემი ფულით ვიყიდე წვენები, ნამცხვრები და ყველაფერი ლამაზად დავაწყვეთ. ოთახში თვალდახუჭული შემოვიყვანეთ და ვუმღერეთ. თან, მანამდე, სპეციალურად არ მივულოცე, ვითომ არ მახსოვდა (იცინის). გაოგნებული იყო და მგონი, ძალიან გაუხარდა. ჩემი ერთი დაბადების დღე სახლში გადავიხადე. მახსოვს, გელა პიანინოზე უკრავდა. ბავშვები აქეთ-იქეთ დავრბოდით და ძალიან ეშინოდა, რამე არ გაგვეტეხა (იცინის). გელა არ მიწყობს ხოლმე სიურპრიზებს, რადგან ცოტა ჯიუტი ვარ და შეიძლება, არ მომეწონოს, რასაც მაჩუქებს. ამიტომ, წინასწარ ვუთანხმდები ხოლმე (იცინის). წელს ჩემი დაბადების დღე ინგლისურის გამოცდას დაემთხვა და როგორც ვთქვი, ტელეფონი მაჩუქა.
– ახალ წელს ბაბუა თოვლის ბაბუის როლს არ ირგებს?
– არ მინდა, დავიჯერო, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს (იცინის). მას წერილებს ვწერ, მერე ისიც მწერს და ასე, მიმოწერა გვაქვს (იცინის).
გელა: თან, ინგლისურად წერს. იმიტომ რომ, ლაპლანდიაში საერთაშორისო თოვლის ბაბუას უგზავნის წერილს. ძირითადად, ტექნოლოგიებს, ძვირიან ნივთებს ან ფულს სთხოვს (იცინის).
ნანა: ადრე კაბებს ვთხოვდი. მახსოვს, ლონდონში კაბა მომიტანა და მატყუებდნენ, კონკიას კაბააო. არადა, კონკიას კაბა ლურჯია, მე კიდევ „მალინისფერი“ კაბა მომიტანეს. აი, ისეთი, კონკია სანამ გარდაიქმნება, მანამდე რომ დაძონძილი კაბა აცვია (იცინის). ბოლო დროს ფულს, ტელეფონს და „აიპედს” ვთხოვ. თოვლის ბაბუა პრეტენზიებს გამოთქვამს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, თოვლის ბაბუაა (იცინის).
– მომავალთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?
გელა: ამ ბოლო დროს დიპლომატობაზე მეკითხება. წინათ მსახიობობით იყო დაინტერესებული.
ნანა: ეგ თემა, უბრალოდ, ამოტივტივდა, თორემ დიპლომატობა არ მინდა. თავი მარტო ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე წარმომიდგენია. წინასწარ მაქვს მომზადებული ტექსტი, რომელსაც მაშინ ვიტყვი, როცა პირველ „ოსკარს“ ავიღებ.
გელა: ირაკლი აღწერს თავის წიგნში ბავშვობისდროინდელ ამბავს – თუ როგორ სიტყვას ამბობს მაშინ, როცა ნობელის პრემიას გადასცემენ. ახლა შენც დაიწყე?
ნანა: კი, რომ ვბანაობ, სულ მაგაზე ვფიქრობ, ოღონდ, მე ნობელის პრემია არა, „ოსკარი“ მინდა.
გელა: მსახიობობის ნიჭი აქვს, გარდასახვა კარგად შეუძლია, რაც ენებში აქცენტირებისას შეიმჩნევა. თუმცა, იქამდე შეიძლება, ათასჯერ შეიცვალოს აზრი და ბოლოს, მართლა დიპლომატობა მოუნდეს. კარგად იყოს და რაც უნდა, ის გამოვიდეს.
– როცა ვინმე მოსწონს, ამის შესახებ თუ გეუბნებათ?
– არა, ეგეთი ურთიერთობები ქალებთან აქვს. მე არ მეტყვის და არც უნდა მითხრას – ქალური ამბები არ მაინტერესებს ხოლმე.
ნანა: მაგრამ, მაინც სულ იგებს, რადგან ქეთათო ეუბნება.
გელა: რა თქმა უნდა, გავიგე, როდესაც თაიგული მოიტანეს. კარი გავაღე და ვხედავ, ბიჭი დგას თაიგულით ხელში და მეუბნება: ეს – ნანასო. ჩემი მეუღლე ახალი გარდაცვლილი იყო, მასაც ნანა ერქვა და ვკითხე, რომელ ნანას, პატარას-მეთქი? კიო. ვისგან-მეთქი და ამას არა აქვს მნიშვნელობაო (იცინის). თაიგული გამოვართვი და გაიქცა. მერე კი გავიგე, ვისგანაც იყო.
ნანა: გახსოვს, გაზეთში რომ დაიბეჭდა ნანა ჩარკვიანი შეყვარებულიაო? „ფეისბუქზე“ ურთიერთობები მოვნიშნე და დაწერეს ნანა ჩარკვიანს შეყვარებული ჰყავსო. ამის შემდეგ შორეული ნათესავები მირეკავდნენ, ისეთები, საუკუნეში რომ ერთხელ გეკონტაქტებიან: ასე გავიგეთ და რა ხდებაო (იცინის).
გელა: ამ ურთიერთობაში გადამწყვეტი სიყვარულია. მშობლები ხშირად არიგებენ შვილებს; უნდათ, რომ მისი არჩეული ადამიანი კარგად იყოს მოწყობილი, მაგრამ სადაც სიყვარული არაა, იქ კარგად ყოფნაც ვერ იქნება. მე მიყვარდა ჩემი მეუღლე და ამიტომ მიმაჩნდა, რომ კარგი იყო. როდესაც ცოლად ვთხოულობდი, არც მას და არც მე არაფერი გვქონდა, თუმცა მე პრივილეგირებული ოჯახიდან ვიყავი. ცოლი იმიტომ კი არ შევირთე, რომ კომფორტი მეგრძნო, არამედ იმიტომ, რომ მიყვარდა. თუ უყვარს, მაშინ უნდა გაჰყვეს. თუ არ უყვარს, მილიონიც რომ შესთავაზონ, ეს არ უნდა გააკეთოს, რადგან ეს გაორებულ ცხოვრებას გამოიწვევს, ამიტომ, მე არაფერს ვეუბნები. მთავარია, თვითონ იგრძნოს, როცა ამის დრო მოვა.

скачать dle 11.3