კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ჰქონდა საერთო ლანა ღოღობერიძეს პატიმრებთან და როგორ შეუჭამა მას კატამ სერვიზი

მისი ცხოვრება რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო: დრამები, დარტყმები, წარმატებები,  „ჭიდილი”  საყვარელ ადამიანთან, რომელიც ამ გზაზე ძალიან ადრე „გაჩნდა...” – დღეს ჩვენი სტუმარია ცნობილი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე, რომელიც გულწრფელად იხსენებს ყველაფერს; არც იმას მალავს, „რაც აგონდება და როგორც აგონდება” და იმასაც გვიმხელს, რომ  ცხოვრების ინტერესი წლებმა  არათუ გაუნელა, პირიქით, ამ ასაკში უფრო მეტად იმით  ტკბება, რაც ამ გზაზე ყველაზე ღირებული იყო.    

 ლანა ღოღობერიძე: ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება პასიურ რეჟიმში მიდის. ძირითად დროს თბილისში ვატარებ, ახლა ვერც წარმოვიდგენ ხოლმე სადმე სხვაგან ცხოვრებას, სრულებით არ მაქვს ეს ნოსტალგია. არ ვიცი, ეს ჩემი თვისებაა თუ ზოგადად ადამიანების: როგორც ვარ, ის მსიამოვნებს –  ის, რომ აქ ვარ, ამ ასაკის; სხვა აღმოჩენები გაიხსნა ჩემთვის და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა.  ცხოვრება, შემიძლია ვთქვა, რომ ისევ ისე კი არა,  უფრო მეტად მაინტერესებს. სულ მაქვს ის განცდა, რომ აი, კიდევ ერთი ახალი  დღე დადგა.  ასაკთან ერთად უფრო და უფრო ვუახლოვდები მარადისობას, განცდას იმისას, რომ დრო, რომელიც თან მიჰქრის, თან რაღაცნაირად გაჩერებულიცაა; ფიქრიც უფრო მძაფრია და მეტი შესაძლებლობა გაქვს, ჩაუღრმავდე ადამიანებს, მოვლენებს.  წინათ არ დავფიქრებულვარ ამაზე, მაგრამ ახლა სულ ვხვდები, რომ წარსული ჩემში მუდმივად ცხოვრობს, წარსული და დღევანდელობა ერთადაა – ახლა, ამ წუთში, მე ვარ ისიც, ვინც ვარ დღეს და ისიც, ვინც ვიყავი  წლების წინ.  
– ქალი რეჟისურაში არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა. როგორ მიდიოდა თქვენი გზა კინოსკენ?
–  ჩემი პირველი სურვილი იყო კინორეჟისორობა, მაგრამ, როგორც რეპრესირებული ოჯახის შვილს, იმ ერთადერთი კინოინსტიტუტისკენ, რომელიც მოსკოვში არსებობდა,  გზა დაკეტილი იყო.   ჯერ აქ დავამთავრე უნივერსიტეტის ფილოლოგიის – დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, შემდეგ – ასპირანტურა. მაშინ ვთარგმნე  რაბინდრანათ თაგორი და უოლტ უიტმენი.  ეს იყო ჩემი ინტერესების სფერო, თუმცა მაშინაც ვფიქრობდი, რომ ჩემი  ყველა გზა კინოსკენ მიდიოდა.  როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, წავედი „ვგიკში” და, როცა ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა კინო, მან აბსოლუტურად ყველაფერი შთანთქა. გეთანხმებით,   ქალი რეჟისურაში არ იყო ხშირი შემთხვევა, მაგრამ ეს ცხოვრებას უფრო საინტერესოსაც კი ხდიდა. ამას ემატებოდა ცხოვრება ლადო ალექსი-მესხიშვილის გვერდით – ის რომ არ ყოფილიყო, სხვა პროფესიის მამაკაცთან ერთად,  ალბათ, გამიჭირდებოდა –  ეს იყო ხელოვანების ერთობაც.
– მძაფრი იყო თქვენი პირადი ცხოვრებაც –  ურთიერთობა ცნობილ არქიტექტორთან, რასაც მოგვიანებით ოჯახის შექმნა მოჰყვა, თუმცა მანამდე ეს რომანი ხმაურიანი  მითქმა-მოთქმის  მთავრი თემა იყო.   
– სტუდენტი ვიყავი, როცა ლადო ალექსი-მესხიშვილი გავიცანი – ეს მოხდა ბაკურიანში. ლადო უკვე  ცნობილი არქიტექტორი იყო.  გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა, თავიდან ფეხებამდე ნამდვილი ევროპელი იყო. 19  წლის ასაკში თავს დამატყდა მთელი ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი დიდი, ყოვლისმომცველი და საკვირველი გრძნობა. ეს ურთიერთობა დრამატულიც იყო – ლადოს ოჯახი ჰქონდა, შვილები ჰყავდა. ის იყო  უკიდურესობების ადამიანი:  თუ უხაროდა, უხაროდა ისეთი თავდავიწყებული სიხარულით, რომ გარშემო ყველას სხივი ეფინებოდა; თუ დადარდიანდებოდა, მის გვერდით მყოფსაც გადაედებოდა მისი ნაღველი. შეეძლო, რამდენიმე დღე და ღამე თავი არ აეღო და 2 000 ესკიზი დაეხატა; ქეიფიც თავდავიწყებული იცოდა, თამადობაც, მაგრამ, თუ მობეზრდებოდა, შეეძლო, უცებ ამდგარიყო სუფრიდან და თამადობაც კი მიეტოვებინა. საერთოდ, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ძლებდა...  წლების განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა. რამდენჯერმე გადავწყვიტეთ, რომ უნდა დავშორებულიყავით – ამდენი ჭორი და ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირეოდა და, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენზე ძალიან მოქმედებდა. თანაც ვატყობდი, რომ ლადოს უჭირდა ოჯახიდან წამოსვლა, არადა, მეც და მასაც გვიჭირდა ცალ-ცალკე ყოფნა. დაშორება იმასთან, ვინც შენი ცხოვრების ნაწილია, უსაშველოდ, აუტანლად მტკივნეულია. სიცოცხლე უცებ კარგავს აზრს და საშინელი სიცარიელე გეუფლება. ლადოს გარეშე ვიყავი გამომშრალი, როგორც წვიმას მოწყურებული მიწა... გადიოდა დრო და ჩვენ ისევ ვრიგდებოდით. ერთ-ერთი ხანგრძლივი დაშორების შემდეგ, საბოლოოდ მივედით იმ დასვნამდე, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია, რომ თავის მოტყუებას აზრი არ აქვს და ჩვენც შევუღლდით... მერე გაჩდნენ ქეთი და ნუცი. ბედნიერება არის ის, როცა ყველაფერს გასცემ და სრული ინტენსივობით ცხოვრობ – მე ასე ვიცხოვრე მთელი ცხოვრება.  მახსოვს, როდესაც პირველად მე და გოგი წავედით ამერიკაში ერთად, კინოსა და არქიტექტორთა კავშირის წევრების დელეგაციის ფარგლებში, აღმოვაჩინე, რომ მან  ყველაფერი იცოდა – გიდი აღარ იყო საჭირო, ის გვიყვებოდა, ვინ რა ააშენა, რომელ წელს, ვინ სად ცხოვრობდა და სად გაატარა ცხოვრების ბოლო წლები. 1978 წელი იყო, როცა ლადო წავიდა ამქვეყნიდან. იმ დროს ვიღებდი ფილმს „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. მაშინ უკვე ავადმყოფობდა, ფილმი დავამონტაჟე და ლადო გარდაიცვალა. მანამდე მითხრა: რა ბედნიერი ვარ, რომ გადაღებებში ხელი არ შეგიშალეო. ერთად 20 წელი ვიცხოვრეთ, მანამდე იყო რამდენიმე  წელი. ეს იყო მუდმივი, გაუთავებელი ჭიდილი, რაც ჩვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდიდა. მე არ მჯერა იდილიების, ცოლქმრობა ჭიდილში იჭედება. მერე  ძალიან გამიჭირდა ლადოს გარეშე. ცხოვრება არის დანაკარგების ჯაჭვი – სულ რაღაცას კარგავ, მაგრამ, ამავდროულად, რაღაცას იძენ.  ჩემს ცხოვრებას სულ ახლდა დრამატიზმი, იყო ბევრი დარტყმა,  მაგრამ მისი  დაძლევით და მის იქით  მშვენიერების დანახვით  ხდებოდა  ცხოვრება საინტერესო.  რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს – ძალიან ზუსტი ნათქვამია.
– ახლა როგორ იხსენებთ პოლიტიკაში გატარებულ წლებს? მაშინ თქვენ ხშირად ხვდებოდით   კრიტიკის ქარცეცხლში.   
– ჩემი ცხოვრება მშვიდი არასდროს ყოფილა. გაუთავებელი დაძაბულობა  ხომ საერთოდ ჩვენი ცხოვრების წესად იქცა. ბევრჯერ მიფიქრია – რა იქნება, რომ აი, ასე, უბრალოდ ცხოვრობდე-მეთქი, მაგრამ ასეთი მომენტი დღემდე არ დამდგარა ჩემთვის (იცინის). სულ იყო ხოლმე საუბრები, რა უნდა პოლიტიკაშიო, თუმცა  მე  კარგად ვიცოდი, რაც მინდოდა პოლიტიკაში. როცა უმრავლესობის ლიდერი ვიყავი, დევიზი – „შეურიგებლობა შეურიგებლობას” – კაბინეტშიც მქონდა გამოკრული. სულ ვიცოდი, რომ შეურიგებლობა დამღუპველია ქვეყნისთვის. პოლიტიკა უცებ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში 9 აპრილით. ეს გახლდათ საზოგადოებრივი აქტივობის დასაწყისი, როცა განზე დგომა და მარტო ხელოვნებაზე ფიქრი აღარ შეიძლებოდა.   არც ეს გზა იყო მარტივი. ამ გზაზე იყო ზურაბ ჟვანია. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, ჩვენ ახლო მეგობრები ვიყავით. გამოგვივიდა მეგობრობა. მე ვეუბნებოდი ხოლმე ხუმრობით – შენ ხომ ხვდები, რომ ჩვენ დიდხანს ვერ ვიქნებით ერთად-მეთქი – ვგულისხმობდი ჩემს წასვლას მასზე უფრო ადრე ამქვეყნიდან. როგორ წარმოვიდგენდი, რომ მე ამდენი ხნით დავრჩი ამქვეყნად და ზურა აღარაა. მისი სიკვდილი ჩემთვის ყველაზე მძიმე და დიდ ტკივილებს შორისაა. მეხუმრებოდა  ხოლმე: ახლა  კულტურ-მულტურ არ გვინდაო (იცინის). მერე იყო ძალიან საინტერესო წლები სტრასბურგში. სანამ იქ გადავიდოდი სამუშაოდ, როგორც ელჩი, ევროსაბჭოში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ვიყავი. მაშინ  ბევრმა არ იცოდა საქართველო და უნდა გეხსენებინა ყველა და ყველაფერი: შავი ზღვა, სტალინი და – „ააა!” – ასეთი იყო ხოლმე მათი  პასუხი,  ასე ნელ-ნელა  იკვალებოდა გზა ევროსაბჭოს წევრობამდე. სტრასბურგის მერე იყო პარიზი, „იუნესკო,” სულ რაღაც ხდებოდა.
– სტრასბურგში ცხოვრების დროს დაიწყეთ ხატვა – ეს იყო თქვენი ყველაზე დიდი გატაცება კინოს შემდეგ?
– ხატვა უფრო ადრე დავიწყე, სტრასბურგსა და პარიზში ყოფნის დროს უკვე  რეგულარულად ვხატავდი და სახელოსნოც მქონდა ჩემი. ხშირად ვჩუქნიდი ჩემს ნახატებს ელჩებს, სხვათა შორის, ყველას ძალიან მოსწონდა. პარალელურად ყოველთვის ვიყავი დაკავებული თარგმნით, ერთადერთი, იმ დროს კინოს ჩამოვშორდი.
– როგორც ვიცი, ძალიან ლამაზ ნაკეთობებს ქმნით პურისგან. ეს უცნაური ჰობი როგორ დაიწყო თქვენს ცხოვრებაში?
– პირველად ამით მაშინ დავკავდი, როცა ბავშვები პატარები იყვნენ. ჭურჭელს ვაკეთებდი. ეს, თურმე, ციხეებშია გავრცელებული, მე რატომ დავიწყე, ვერ გეტყვით. ხელსაქმით ძალიან გატაცებული არასდროს ვყოფილვარ, საჭმლის მომზადება კარგად ვიცოდი, მაგრამ, იმდენი ხანია, არაფერი გამიკეთებია, ძალიან ჩამოვშორდი სამზარეულოს. როცა ოჯახური, ტრადიციული შეხვედრები გვაქვს,  ბევრ რამეს მეც  ვამზადებ. მახსოვს, ერთხელ მქონდა კერვით გატაცების პერიოდი:  თელავში, ჩემი მეგობრის, ზაირა არსენიშვილის სახლში, სადაც მთელ ზაფხულს ვატარებდით ხოლმე, უფროსებიც და ბავშვებიც ისე  გადავირიეთ კერვაზე, უამრავი კაბა  შევკერეთ. მას შემდეგ, მგონი, არაფერი შემიკერავს, თუმცა, „დაშტოპკვა” კარგად ვიცი – ბებიამ მასწავლა. პურისგან ნაკეთობების გაკეთება,  მგონი, იმიტომ დავიწყე, რომ ხელების მოძრაობით  დაძაბულობას ვიხსნიდი – არ ვიცი, ალბათ, ეს იყო მიზეზი, ბოლოს კი, რაღაცნაირად, ეს ხელობად მექცა. ვაკეთებდი, ვღებავდი ფლომასტერით, მარკერებით, გუაშით.  ათასობით ასეთი ნაკეთობა მაქვს: ჭურჭელი, აბსტრაქციები, პორტრეტები – მრავალფეროვანი პალიტრაა. ერთი ხალისიანი ისტორია მახსენდება: თელავში  ზაირასთან კოპლებიანი  სერვიზი გავაკეთე და ბავშვებიც ჩართულები იყვნენ პროცესში,  მერე  ფანჯრის რაფაზე  დავაწყვეთ, მაგრამ,  კატამ შეგვიჭამა. ეს იყო ტრაგედია ბავშვებისთვის, ბევრი იტირეს (იცინის).
– მუზა ამ ნაკეთობებსაც სჭირდება?
– არ ვიცი, მუზაა  თუ უფრო შემართება, მაგრამ, განწყობა აუცილებელია. როცა სტრასბურგში ვცხოვრობდი, არც მაშინ მიმიტოვებია ეს ამბავი.
– ევროპარლამენტში მუშაობისას პური ჯიბით დაგქონდათ?
– შეიძლება ასეც ითქვას, ხომ ხედავთ, ახლაც პური მიჭირავს ხელში, ფერს არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა პურსაც ცოდნა უნდა – ზოგისგან კარგი გამოდის, ზოგისგან – არც ისე კარგი, თუ გაფუჭდა, „დაპაჩინკებაც” შეიძლება, თუმცა,  ეს რეცეპტი მაინც  ჩემი „საიდუმლოა” (იცინის).
– თქვენი შვილები თბილისში ცხოვრობენ?
– ნუცა ჰამბურგში ცხოვრობს. ხშირად ვერ ჩავდივარ მასთან, თვითონ კი წელიწადში ოთხჯერ მაინც ჩამოდის  ჩვენთან.  მიხარია, რომ ნუცას, როგორც  კინორეჟისორს, გამოკვეთილი, საკუთარი ხელწერა აქვს. მის ორივე ფილმს  დიდი წარმატებები მოჰყვა ვენეციის ფესტივალზე.  ჩემი მეორე ქალიშვილი – ქეთი, ნუცასთან ერთად მუშაობს ხოლმე, თუმცა ძირითადად მაინც თბილისშია. ხუთი შვილიშვილი მყავს. ვერ ვიტყვი, რომ კლასიკური გაგების ბებია ვარ, ჩვენ უფრო მეგობრები ვართ – კარგი მეგობრობა გამოგვდის.  ჩვენ  ვახერხებთ, რაღაც პერიოდები გავატაროთ ერთად, თუმცა ამ წელიწადში ისე დაემთხვა, რომ  ძალიან ხშირად ვიყავი წასული თბილისიდან. არაერთ  კინოფესტივალზე მომიწია დასწრება. ჩემი ფილმები აჩვენეს   ვაშინგტონში, სან-ფრანცისკოში, ნიუ-იორკში, სამხრეთ კორეაში, ბირმაში. მთელი წელი ვიარე, ზოგჯერ 23 საათს ვატარებდი თვითმფრინავში. საოცრად თბილი სიტყვები მოვისმინე ჩემი ფილმების ჩვენების შემდეგ,  რამაც ძალიან გამახარა. ასე რომ, როგორც თქვენ ფიქრობთ, რომ პასიურად ვცხოვრობ, ასეც არაა საქმე (იცინის) ძალიან ბევრ დროს  ვუთმობ სპორტულ ცხოვრებას. ამ მხრივ ადრეც ძალიან აქტიური ვიყავი, თუმცა ლადომ უფრო გამააქტიურა – ის  მართლაც მწვრთნელი გახდა ჩემთვის. დილის 6 საათზე მივდიოდით ხოლმე აუზზე და საათობით ვცურავდით. ლიძავაში, ბიჭვინთაში ვატარებდით ყოველ წელს. ახლაც, კვირაში ორჯერ ჩოგბურთი რომ არ ვითამაშო, ვერ გავძლებ. ძალიან ხშირად ვცურავ, ერთადერთი, სამთო-სათხილამურო სპორტს შეველიე, რადგან ამ სპორტს პაუზები არ უყვარს (იცინის).

скачать dle 11.3