რატომ არ შეიძლება ღმერთისთვის დაპირებების მიცემა და რა ხდება ხშირად ქრისტიანების წარუმატებლობის მიზეზი
„არაფერია გასაკვირი იმაში, რომ წმიდა ბიბლია ყოველი ჩვენგანის მისამართით ამბობს: არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ერთი დღე ეცოცხლოს და არ შეეცოდოს. აბსოლუტურად სუფთა ყოველგვარი ცოდვისგან არის მხოლოდ უფალი იესო ქრისტე. წმიდანებსაც კი ჰქონდათ ცოდვები. თუმცა ღვთის შეწევნით ებრძოდნენ მათ, მაგრამ მორჩილად მაინც უწოდებდნენ საკუთარ თავს ცოდვილებს“.
მამა გიორგი (თევდორაშვილი) (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): ცოდვა სულისმიერი კეთრია, ავადმყოფობა, წყლული, რომელმაც დააზიანა სულის სამივე უნარი: ძალა, გონება, გრძნობა (გული) და ნებისყოფა. მაგრამ‚ შესაძლოა‚ კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული ცოდვით ადამიანის გული – ცენტრი მისი განცდებისა, კეთილისა და ბოროტის, ნაღველისა და სიხარულის შეგრძნებებისა და, წმიდის, სულისმიერისა და ქრისტიანულად ამაღლების შეგრძნებას კარგავს; მაგრამ‚ ყველაზე მეტად მაინც ცოდვით ზიანდება და იბოჭება ადამიანის ნებისყოფა, როგორც უნარი ქმედებებისა და განზრახულთა აღსრულებისა. კაცმა სინდისი უნდა დაიცვას ღვთის, მოყვასისა და ნივთების მიმართ; არ უნდა უგულებელყოს ღვთის მცნებები, რასაც სხვები ვერ ხედავენ და, რის გამოც არავისი ეშინიათ, სინდისი იმაშიც დაიცავს. თუ იცი, რომ მოყვასს დააბრკოლებ, მაშინ, ჯობია‚ არ გააკეთო – ეს არის მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა; ხოლო, საგნების მიმართ ის არის, რომ, არ გააფუჭოს ნივთები; გადაგდებულს თუ დაინახავს რამეს, აიღოს და თავის ადგილას დადოს, თუნდაც მცირე იყოს ის; არ გააფუჭოს თავისი სამოსელი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი დაბრკოლების ნამდვილი მიზეზი საკუთარი თავის უდანაშაულოდ მიჩნევაა. იმიტომ ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს, რომ ჩვენს თავს არ ვადანაშაულებთ; ამიტომ‚ არაფერი გვარგებს ისე, როგორც საკუთარი თავის დადანაშაულება. იმიტომ ვერ ვაღწევთ წარმატებას ვერანაირ სათნოებაში და ვერც სარგებელს ვპოულობთ, რომ თითოეული ჩვენგანი თავს ვიმართლებთ, ჩვენს თავს ვპატიობთ, არც მცნებებს აღვასრულებთ და მოყვასისგან მოვითხოვთ მცნებების აღსრულებას. ამიტომაც ვერ ვხვდებით‚ რა არის კეთილი. თუ რამე მცირე სათნოებას აღვასრულებთ, მყისვე მოყვასისგანაც იმავეს მოვითხოვთ და ვამბობთ: „რატომ ისიც არ აკეთებს?”
– ხშირად ვამბობთ: „არ შეგვიძლია, ამას ვერ გავაკეთებთ” – თითქოს წინასწარ ვიჭრით ყველა გზას.
– ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. ვამბობთ: „არ შემიძლია“ და, ამგვარად, საკუთარ თავს განვაწყობთ წარუმატებლობისთვის. მაგალითად, შემოგვთავაზეს თანამდებობა ან რაღაც საქმე, ან მოძღვარმა დაგვავალა რაღაცის გაკეთება, ჩვენ კი ვამბობთ: „არ შემიძლია, აქ ვერ წავალ, ვერ ვილოცებ...“ ანუ, წინასწარ იჭრიან გზას და ეს უფრო ურწმუნო ადამიანის მდგომარეობაა, რომელმაც არ იცის, რომ ღმერთი დაეხმარება. რისი გეშინიათ, ადამიანებო?! თუ ღმერთი გწამთ, არ იქნებით მშიერი; ჭერიც გექნებათ, საჭმელიც. უბრალოდ, ჩვენ იოლი ცხოვრება გვინდა, ეს კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს. გარდა ამისა, ადამიანები ხშირად თავს იკავებენ საკუთარი აზრისა და გრძნობების გამოხატვისგან, განსაკუთრებით იქ, სადაც ეს საჭიროა. ან, პირიქით, ზედმეტიც კი მოგვდის ხოლმე. უნდა გამოთქვათ საკუთარი აზრი, თავი არ უნდა შეიკავოთ ამისგან, მაგრამ, რა აზრსაც გამოთქვამთ, ის უნდა გააკეთოთ და არა სხვა რამ; ანუ, ის თქვი, რასაც გულში ფიქრობ და რის გაკეთებასაც აპირებ. ოღონდ, ვთქვათ ის, რაც სწორი და მართებულია, ამბიონიდან იქნება ეს თუ სხვაგან. როცა ერთმანეთს შეხვდებით, მაშინაც პირდაპირ უთხარით: „როგორი ზარმაცი ხარ, წინა კვირას რატომ არ იყავი ეკლესიაში?” ან – „რატომ არ მუშაობ კარგად, რატომ იქცევი არასწორად?“ – და არა ის, რომ: „ვიცი, შე საბრალოვ, რატომაც ვერ მოხვედი, რატომ არ აკეთებ ამას,“ – მერე შემობრუნდები და ზურგსუკან სულ სხვა რამეს ამბობ მასზე. როცა ადამიანს სიმართლეს ეუბნები, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მისთვის ცუდი გინდა, არამედ, უნდა აუხსნა, რომ, თუ ასე გააგრძელებ, შეიძლება, ჯერ ეკლესიის მრევლი აღარ იყო, მერე კი სამსახური დაკარგო და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდე; ასე თუ განაგრძობ, ასე თუ იცხოვრებ, შესაძლოა, ოჯახიც ვერ შექმნა. შეიძლება, ეს უთხრა იმ გოგონას ან ბიჭს, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ, ოღონდ, ეს პირში უნდა უთხრა და არა ზურგსუკან – ეს იქნება თქვენი მხრიდან ჭეშმარტი ქრისტიანული დამოკიდებულება.
– ადამიანები ხშირად დაპირებებს აძლევენ ერთმანეთს, მაგრამ მერე მათ არასდროს აღარ ასრულებენ, ამით კი საკუთარ მოყვასს სტკენენ გულს და აბრკოლებენ. ხშირად ღმერთსაც კი აძლევენ დაპირებას: ამას თუ შემისრულებ, ამას გავაკეთებ.
– ეს კიდევ ერთი მდგომარეობაა – ისეთი დაპირებების გაცემა, რომელთა გაკეთებასაც ვერ შეძლებ. არ შეიძლება, ვინმეს პირობა მისცე, რამეს დაჰპირდე და მერე ვეღარ ან აღარ შეასრულო. დილის ლოცვებში ხომ კითხულობთ: „ყოველივე სიტყვის მიცემისგან უღონო ვარ“, რადგან, დღეს ფიქრობ ერთს, ხვალ კიდევ – მეორეს და ასე შემდეგ. ამიტომ, ნუ შეჰპირდებით ნურც ღმერთს, ნურც მოძღვარს, ნურც შვილებს ნურაფერს; ნუ მოატყუებთ მათ, რომ რაღაცას უყიდით, რაღაცას გაუკეთებთ. ყველაფერი ღმერთისგან მოდის, ხოლო სრული სისავსით საღვთო სიბრძნე მხოლოდ იესო ქრისტეშია, ისევე, როგორც ცხონების გზაა იესო ქრისტეში, მისგან ნასწავლები კი – დედაეკლესიაში. არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ იციან რაღაც, მაგრამ, შეუძლიათ ამის აღიარება და სურთ, რომ ისწავლონ. ასეთი ადამიანი გულმართალია; არ რცხვენია იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცის; რომ უმეცარია და იწყებს სწავლას. იმას კი არ ამბობს, რომ ათი თუ ოცი წელია, ეკლესიაში დადის, რამდენჯერ ეზიარა და ამდენჯერ თქვა აღსარება, პირიქით, ამბობს: ვკითხულობ ბიბლიას, საეკლესიო სწავლებებს, ვხვდები, როგორი უმეცარი ვარ, და ამიტომ, მასწავლე – ეს არის გულმართალი მდგომარეობა. ხშირად ბევრ რამეში ვერ ერკვევიან, მაგრამ ამას ხმამაღლა არასდროს ამბობენ, რადგან, ამპარტავნები არიან და რცხვენიათ იმის ხმამაღლა აღიარების, რომ რაღაც არ იციან ან ვერ გაიგეს. ჩვენ, ქართველები ხომ „განათლებული“ ხალხი ვართ, „ყველაფერი ვიცით“, მაგრამ, არ ვიცით სარწმუნოების სიმბოლო, „მამაო ჩვენო“, პირჯვრის გადაწერა და სწორედ ეს არის ჩვენი უმეცრება. ყოველთვის იყავით მოწაფის სტატუსით და ეძებეთ მასწავლებელი. წმიდა მამებმა ჩვენთვის დაწერეს მარგალიტები, რათა ვისწავლოთ, გავიგოთ და უფრო მეტი ცოდნა შევიძინოთ. ჩვენი მტერი აღარ მოდის მორკალული ხმლებით; პირიქით, მოდის იდეოლოგიით, მწვალებლობით, გარკვეული სწავლებებით, რომლებიც კარგადაა შენიღბული.