მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რა უნდა მოვიმოქმედოთ გამოუვალ მდგომარეობაში?
პასუხი: უპირველესად, ვილოცოთ და უფალს ვთხოვოთ, რომ გვაპოვნინოს გამოსავალი; ვიკითხოთ წმინდა წერილი და წმინდა მამათა წიგნები – ისინი ხშირად მიგვითითებენ გამოსავალზე სხვადასხვა გამოუვალი მდგომარეობიდან; ასევე, უნდა მივიდეთ ჩვენს მოძღვართან აღსარებაზე და მისგან მივიღოთ კეთილი რჩევა.
კითხვა: არის თუ არა ყველა გონიერი, გამჭრიახი ადამიანი ღვთისთვის სათნო?
პასუხი: ამის პასუხად გეტყვით წმინდა მამათა გადმოცემას: „ასეთი ადამიანების ცნობა შეიძლება სიმდაბლით; ბოროტმა შეიძლება მიანიჭოს გამჭრიახობა ადამიანს, სიმდაბლეს კი ვერასდროს მიანიჭებს – ის მას თვითონ წვავს ცეცხლივით“.
კითხვა: როდის კარგავს კეთილი საქმე მადლს?
პასუხი: კეთილი საქმეც შეიძლება გახდეს ავი, თუ სიკეთეს ბოროტებას შევურევთ, მაგალითად: ლოცვას – სიზარმაცეს, ტაძარში მისვლას – იქ ლაქლაქს, მარხვას – კვეხნა-ყვედრებას, კეთილზნეობრივ საუბარს – განკითხვას და ასე შემდეგ.
კითხვა: რა არის რწმენაში მთავარი?
პასუხი: მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში მთავარი არის ორი მცნება – უფლისადმი სიყვარული და მოყვასისადმი სიყვარული. ეს ორი მცნება იმიტომ ითვლება უდიდესად და უმთავრესად, რომ მათი დახმარებით განხორციელდება უფლის ყველა დანარჩენი მცნება. სიყვარულის გარეშე ადამიანი ჭეშმარიტად ქრისტიანი ვერ იქნება.