მთავარი ესაა...
მთავარია, ნებისმიერ სიტუაციაში – ყოველთვის და ყველგან, არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და ღირსება. იცოდეთ თქვენი ფასი და არავის მისცეთ საშუალება, დაგამციროთ. სიყვარულიც კი არ ღირს იმად, რომ პიროვნულად განადგურდეთ. გრძნობასაც აქვს ფასი და იმ დროსაც, რომელსაც სხვა ადამიანზე ხარჯავთ, თუნდაც ყველაზე ახლობელზე და, სიყვარულსაც, ასევე, აქვს ფასი...
სიყვარულისთვის ბრძოლაში – არ უნდა დაკარგოთ საკუთარი „მე“ – მთავარი ესაა. ანუ, ნუ ეცდებით, ღრმად ჩაწვდეთ და გაიგოთ, რას ფიქრობს მამაკაცი. მთელი ყურადღება მიმართეთ იქით, რომ საკუთარ თავს გაუგოთ და ზუსტად გამოიცნოთ, რა არის თქვენთვის უკეთესი. ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ეცადოთ, რომ თავი არ მოიტყუოთ. თუნდაც ყველაზე კარგი მამაკაცის ღირსება არ დგას თქვენს ღირსებაზე მაღლა.
რა არის მთავარი წყვილის ურთიერთობაში? – ორივე პარტნიორის თანაბარ პოზიციებზე დარჩენა. თუ სასწორის ერთი პინა ძალიან ქვემოთ დაეშვება, ხოლო მეორე ზემოთ აიწევს, ანუ, თუ ბალანსი დაირღვევა, დაზარალებული მხარე დიდხანს ვერ მოითმენს დაჩაგრულ მდგომარეობაში ყოფნას. შეიძლება ფიქრობთ, რომ სიყვარული ცოტათი მსხვერპლსაც მოითხოვს, მაგრამ, გვერწმუნეთ, მსხვერპლის როლში ყოფნა ძალიან მალე არ მოგეწონებათ.
ნამდვილად არ ხართ ეგოისტი, თუკი ფიქრობთ, რომ მთავარია თქვენი სულიერი და ფიზიკური კომფორტი. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ადამიანები ერთად ცხოვრებას იმისთვის იწყებენ, რომ თავი კარგად იგრძნონ – სხვანაირად ურთიერთობას აზრი არ აქვს...
ყველასთვის
ერთნაირია...
მავნე ჩვევები აქვს ყველას, გამონაკლისები არ არსებობს. თითქოს პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ ერთად ცხოვრებისას, სწორედ ეს ჩვევები გვიშლის ხოლმე ნერვებს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას კი აუტანელს ხდის... თქვენ შეიძლება გეჩვენებათ, რომ საგანგებო არაფერია, მაგრამ ზოგიერთი თქვენი ჩვევა მავნეც შეიძლება აღმოჩნდეს. ტრადიციული გაგებით, ჩვევა ავტომატური და ხშირად გამეორებული ქმედებაა. ანუ, თუ აკეთებთ რაღაცას მონოტონურად, საერთოდ ვერ აქცევთ ყურადღებას, ვინ არის თქვენ გარშემო, ეს კი რეალურად სერიოზულად აღიზიანებს თქვენს ახლობლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდით გყავთ.
მავნე ჩვევები ყველასთვის ერთნაირია, ანუ, ზოგს ეს ჩვევა აქვს, ზოგს – ის და, როცა, გაგაღიზიანებთ პარტნიორის ესა თუ ის აკვიატებული ქმედება, ნუ დაგავიწყდებათ, რომ არც თქვენ ხართ გამონაკლისი.
თუმცა, მავნე, აკვიატებულ ჩვევებთან ბრძოლა შეიძლება, თუკი მოინდომებთ და მიხვდებით, რომ ამ პრობლემის მოგვარება თქვენც წაგადგებათ. რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვევა ფსიქოლოგიურ ჭრილში გადადის და თქვენც შეგაწუხებთ. მაგალითად, ხელს შეგიშლით ურთიერთობაში... ყველამ იცის, რომ საყვარელი ადამიანი ისეთი უნდა გინდოდეს და გიყვარდეს, როგორიც ის არის სინამდვილეში, მაგრამ, ეს მხოლოდ თავიდან... რაღაც პერიოდის შემდეგ კი ყველაზე უწყინარი ჩვევაც კი მომაბეზრებელი ხდება და იწყება ჩხუბი, უსიამოვნება... ერთი სიტყვით, რაც მალე შეებრძოლებით თქვენს მავნე ჩვევებს, მით უკეთესი, რადგან, მავნე ჩვევა ყველასთვის ერთნაირია და ყველასთვის დამახასიათებელი...
ყველაფერს
ვაკონტროლებ
ქრონიკული ან სიტუაციური სტრესი შეუმჩნევლად ტოვებს კვალს ჩვენს ფსიქიკაზე და არა მხოლოდ ფსიქიკაზე, ის ჩვევებსა და ქმედებებზეც პოვებს ასახვას. დააკვირდით თქვენს საქციელს – ყოველთვის ასე იქცეოდით?! ხომ არ აღიზიანებთ თქვენი ქმედებებით ახლობელ და საყვარელ ადამიანებს?! ამის მისახვედრად კარგად უნდა გაიაზროთ რეალობა – სიტუაციურ სტრესს თან ახლავს მუდმივი დაძაბულობა, აგრესიის გაურკვეველი განცდა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, შფოთვა, ქაოსის განცდა თქვენ გარშემო... თუ ყოველივე ეს თქვენთვის ნაცნობია, მაშინ, ნურც ის გაგიკვირდებათ, რომ პარტნიორთან პრობლემები შეგექმნათ.
ქრონიკული და სიტუაციური სტრესის მიზეზი შეიძლება იყოს თქვენი მუდმივი სურვილი – გარშემო ყველა და ყველაფერი გააკონტროლოთ. ეს შეუძლებელია და სულაც არ არის საჭირო. დროულად აღიარეთ ეს ჭეშმარიტება და ნახავთ, როგორ გაჯანსაღდება სიტუაცია, რომელშიც ცხოვრობთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: ანუ, ისწრაფვით იდეალისკენ, რადგან იდეალები არ არსებობენ; ვერც თქვენ იქნებით იდეალური და ვერც სხვაში აღმოაჩენთ ამას.
მიეცით საკუთარ თავს საშუალება, მოეშვათ და დატკბეთ ცხოვრებითა და ყოველდღიური პატარ-პატარა სიხარულებით. გაარკვიეთ, რეალურად რა არის თქვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი. შეჩერდით და ცოტა ამოისუნთქეთ. მუდმივად ლარივით დაჭიმული ვერ იცხოვრებთ. ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებთ, მით უფრო – საკუთარ თავს, მხოლოდ გაღიზიანდებით, გაღიზიანებული კი შეცდომებს დაუშვებთ. დაირწმუნეთ თავი, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. გჯეროდეთ, ახლობლები კიდევ უფრო მეტად შეგიყვარებენ იმისთვის, თუ აღიარებთ, რომ არ ხართ იდეალური და გჭირდებათ მათი მზრუნველობა...
შეცვალე...
ურთიერთობა!
პრობლემა – ჩვევები, რომლებიც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას გვიფუჭებს. რა უნდა მოვუხერხოთ მათ და საკუთარ თავს? გამოსავალი არსებობს.
1. დაიწყეთ იმით, რომ შეეცადეთ, შეეგუოთ თქვენს ჩვევებს („პრივიჩკებს“, ანუ...) რა აზრი აქვს საკუთარ თავთან ბრძოლას?! ეს იგივეა, ქარის წისქვილებს რომ შეებრძოლო. მაგრამ, ამ ჩვევების ისე შეფუთვა შეიძლება, რომ თქვენი ხასიათის ორიგინალურ შტრიხად იქცეს – ამაზე იმუშავეთ...
2. დაფიქრდით, რაში გიშლით ხელს თქვენი ჩვევები. იქნებ, არც არაფერში და ტყუილად ნერვიულობთ?! აწონ-დაწონეთ, როგორ შეიძლება შეიცვალოთ ცხოვრება სხვა მიმართულებით და ხალისიანი ფერებით შეავსოთ ის.
3. გაიხსენეთ (თუკი მოახერხებთ), როდის და რატომ გაგიჩნდათ კონკრეტული ჩვევა, რასთან დაკავშირებით და რა სიტუაციებში იჩენს, ხოლმე თავს – ეს დაგეხმარებათ, დარწმუნდეთ იმაში, რომ ნერვებთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში გაქვთ. თუ საკუთარი ჩვევა ძალიან გაღიზიანებთ, მაშინ მეტი ყურადღება გჭირდებათ. იქნებ თქვენს პიროვნებას ბევრი აკლდება ამით?! მოკლედ, დაფიქრდით და ცივი გონებით გააანალიზეთ.
4. გაიჩინეთ ახალი და სასიამოვნო ჩვევა – შექმენით ის გააზრებულად და საგანგებოდ. ამით გადაფარავთ ძველ ჩვევებს და დაუპირისპირდებით მათ ბუნებრივად, ანუ, გექნებათ ჩვევა-პოზიტივი, რომელიც კი არ გაგაღიზიანებთ, პირიქით, გაგახალისებთ.