ვინ ესროლა „ქეთო და კოტეს“ გადაღებებზე სანდრო ჟორჟოლიანს და რატომ აგდებდნენ მას მატარებლიდან
„სანდრო ჟორჟოლიანის გმირების ეკრანზე გამოჩენა დღესაც ხარხარს იწვევს მაყურებელში – გოჭისმკვლელი არისტო „დაკარგული სამოთხიდან” თუ მოსე მწერალი „დარიკოდან”, მანანას ბაბუა თუ ზურიკელას ილიკო…
კინოში პირველად 37 წლის გადაიღეს. მისი, როგორც პროფესიონალი მსახიობის, დებიუტი თეატრშიც საკმაოდ გვიან შედგა – 33 წლის იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი რომ გახდა, მაგრამ ამ დროისთვის უკვე ჰქონდა სამოყვარულო სცენაზე გამოსვლის 21-წლიანი სტაჟი. 12 წლის იყო, პირველად დანიელი რომ ითამაშა შილერის „ყაჩაღებში” – მშობლიურ ოზურგეთში, მამამისის სახლის აივანზე. ერთხელ ნორჩი არტისტები ისე გატაცებულან თამაშით, რომ შპალერის დეკორაციისთვის ცეცხლი წაუკიდებიათ და ლამის სახლი გადაუბუგავთ – რა ექნათ, ასე, ნატურალისტურად გაიგეს სასახლის დაწვის სცენა… იმ დღეების შემდეგ სანდრო ჟორჟოლიანს ერთი დღეც არ უცხოვრია უთეატროდ: არც მაშინ, როცა ბათუმის გიმნაზიაში სწავლობდა და ჯერ კიდევ მეშვიდეკლასელი ალექსანდრე წუწუნავას დასის წევრი იყო; არც მაშინ, როცა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა – ზაფხულობით მშობლიურ ოზურგეთში თამაშობდა სცენისმოყვარეებთან ერთად; არც მაშინ, როცა შვიდი წელი ბაქოს გიმნაზიაში ასწავლიდა და ბაქოს ქართველი სცენისმოყვარეების ყველა სპექტაკლში თამაშობდა ქარქაშაძის გვარით და არც შემდეგ, როცა თბილისში დაბრუნდა და პირველ გიმნაზიაში ასწავლიდა, ვიდრე საბოლოოდ უარს იტყოდა მასწავლებლობაზე და მთლიანად თეატრს მიუძღვნიდა თავს (წყარო რ.შ. ბლოგი)... რუსთაველის თეატრი მარჯანიშვილ-ახმეტელის კონფლიქტის შემდეგ დატოვა. მხარს მარჯანიშვილს უჭერდა, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო – შექმნის დღიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე…
ერთხელ, ქუთაისში გასტროლების დროს, გაგანია აგვისტოში, მსახიობმა მიშა სარაულმა სანდრო ჟორჟოლიანს ანთებული ლამპა შეუდგა საწოლის ქვეშ და ამის გამო მთელი ღამე სცხელოდა, ბორგავდა, ვერ ისვენებდა… სხვა გასტროლების დროს კი მისი პედანტურობა გამოიყენეს ხაფანგად. კოსტიუმი მუდამ მზად ჰქონდა, ფეხსაცმელიც იქვე ელაგა გაპიწკინებული და, წესად ჰქონდა – სკამზე ჯდებოდა და ფეხებს პირდაპირ ჩაყოფდა ხოლმე „ტუფლებში”. ერთხელაც, ჩაყო, თასმებიც განასკვა და წამოდგომა სცადა, მაგრამ, ვერ გაინძრა, საშინელ დღეში ჩავარდა და აყვირდა – „მიშველეთ, მიშველეთ!!!” – ვიღაცამ, თურმე, იატაკზე დაულურსმა ფეხსაცმელები… ოინებს ხანდახან სიძუნწის გამოც უწყობდნენ: ერთხელ, მატარებლით მგზავრობისას, ვაგონსა და ვაგონს შუა მდგარა მიშა სარაულთან ერთად. სარაულს ხელი წაუვლია და აუტეხავს – თუ 20 მანეთს არ მომცემ, გადაგაგდებ და ვერც ვერავინ გაიგებსო. იმდენი უქნია, ჟორჟოლიანს მართლაც დაუჯერებია და დაჰპირებია – ოღონდ მომეშვი და მოგცემ 20 მანეთსო. ახლა ეს ჩაუხვევია სარაულს და ქვეყანა შეუყრია – ჩემი ვალი აქვს და არ მიბრუნებსო; თან „აშანტაჟებდა”, მომე, თორემ, მოვყვები, როგორ დაიჯერე, რომ მართლა გადაგაგდებდიო. იმდენი უქნია, მართლა წაურთმევია ჟორჟოლიანისთვის 20 მანეთი…
სანდრო ჟორჟოლიანს მხოლოდ კომიკურ როლებს სთავაზობდნენ, მას კი გული სწყდებოდა, სხვა ჟანრში მუშაობის საშუალება რომ არ ეძლეოდა. „დიდოსტატის მარჯვენის” ერთ-ერთ მონაკვეთს ფასანაურში იღებდნენ, ჟორჟოლიანი იმ დროს იქ ყოფილა დასასვენებლად და კოლეგები მოუნახულებია. „შუა საუბრის დროს უცებ მომიბრუნდა და მითხრა: შენ, მგონი, არც აპირებ, ფილმში დამაკავოო. გამეღიმა და დავპირდი, გადაგიღებ-მეთქი. მიმიხვდა თვალთმაქცობას, ნაღვლიანად ჩაიღიმა და თქვა: ტყუილად ფიქრობ, რომ მე მხოლოდ სასაცილო როლების თამაში შემიძლიაო…” – იხსენებდა ვახტანგ ტაბლიაშვილი… ცხოვრებაში ზედმეტად სევდიანი, ფიქრიანი, სერიოზული ყოფილა. თითქოს იუმორის გრძნობაც არ ჰქონდა. როცა ანეკდოტებს ყვებოდნენ ან ხუმრობდნენ, ძალიან სერიოზულად იჯდა და უკვირდა, რაზე იცინით, რა არის აქ სასაცილოო. ოდესის უნივერსიტეტში განსწავლულმა შესანიშნავად იცოდა ფრანგული ენა, საბჭოთა დროში, გამოწერილიც ჰქონია „ლუმანიტე”, ორიგინალში კითხულობდა ფრანგულ მხატვრულ ლიტერატურასაც და ფრანგ ფილოსოფოსთა შრომებსაც. ის კი არა, თავის დროზე, სანდრო ჟორჟოლიანს წერილიც კი მიუწერია პროლეტარიატის ბელად ლენინისთვის… „მაქსიმიჩმა” (როგორც მას თეატრში ეძახდნენ), ილიჩისთვის კი მოიცალა დროულად, მაგრამ აი, დაოჯახება ცოტა შეაგვიანდა – 42 წლის იყო, როცა 19 წლის ირინა ორეხოვსკაია ითხოვა ცოლად. ორეხოვსკაია დედით ქართველი, მამით კი პოლონელი იყო. პოლონეთში დაბადებულა და შემდეგ გადმოსახლებულან საქართველოში. პიანისტი იყო, მაგრამ, შვილი – დინარა ჟორჟოლიანი რომ შეეძინა, პიანისტობას თავი დაანება და მუსიკის მასწავლებლობა დაიწყო. სანდრო ჟორჟოლიანი და ირინა ორეხოვსკაია მალე დაშორებულან, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩენილან, ისე, რომ შვილიშვილები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ისინი დაშორებულები იყვნენ. სანდრო სადილადაც დაიარებოდა თურმე თავის ყოფილ ცოლთან… სანდრო ჟორჟოლიანის ერთადერთმა ქალიშვილმა – დინარა ჟორჟოლიანმა ერთი როლით მოახერხა მაყურებლისთვის თავის დამახსოვრება – „ოთარაანთ ქვრივში” კესო ითამაშა. მისი სილამაზე თვით ვერიკოს განუმეორებელმა ხიბლმაც კი ვერ დაჩრდილა. თუმცა, სწორედ ვერიკოს ფაქტორმა დააეჭვა ის საკუთარ შესაძლებლობებში; ამას დაემატა ისიც, რომ მისთვის, როგორც მოწესრიგებული ადამიანისთვის, დამანგრეველი იყო კინოგადაღებებისთვის ჩვეული ქაოსი და მან კინო ჰობიდ დაიტოვა – სულ რამდენიმე ფილმშია გადაღებული. მას ყოველთვის ენები, ლინგვისტიკა აინტერესებდა.
***
ჟორა შავგულიძე სულ „ჩასაფრებული” იყო, ცდილობდა, სანდროსთვის რამე „ისეთი” მოეწყო, რომ ეხალისათ. ჩვევად ექცა ჟორას: მივიდოდნენ სადმე და, სანამ სუფრა გაიშლებოდა, წამოავლებდა ხელს რამე ნივთს და ჟორჟოლიანისკენ ისროდა – აბა, ჰე, სანდრო, დაიჭირეო. სანდრო, დაფეთებული, ჰაერშივე აკეთებდა ნახტომს, რომ დროულად დაეჭირა და ნივთი არ გასტყდომოდა. ერთხელაც, მობეზრდა სანდროს შავგულიძის ოინები და, როცა ერთ თანამდებობის პირთან შეიკრიბნენ ოჯახში, გადაწყვიტა, იგივე ოინი ექნა ჟორასთვის. დასტაცა ხელი ბროლის ლარნაკს და ჟორასკენ ისროლა – ახლა შენ დაიჭირე, თუ ბიჭი ხარო. შავგულიძე გვერდზე გადგა, ლარნაკი ნამსხვრევებად იქცა და ჟორამაც უმალ შესძახა: ეს რა ქენი, სანდრო, არა გრცხვენია? სტუმრად ხარ, შინ ხომ არაო... ხმაურზე მასპინძლებიც გამოვიდნენ და ძლივს მოაბრუნეს ფერდაკარგული ჟორჟოლიანი... მერე მთელი საღამო უხდიდა ბოდიშს ოჯახის უფროსს.
„მსურს, ახალგაზრდა მსახიობთა სიანცე გავიხსენო. აი, მათი ოინბაზობის ერთი ნიმუში: სარეჟისორო სცენარის მიხედვით, მაკარის სახლის დიდი დარბაზიდან სტუმრებთან ერთად გაქცეულ ალექსანდრე ჟორჟოლიანს კოტეს მეგობრები დამბაჩებს ესვრიან. იაშა ტრიპოლსკიმ და ჟორა ქორიძემ მთხოვეს, ნება მოგვეცი, ჟორჟოლიანს დამბაჩები მართლა ვესროლოთო. მე გავუწყერი – ხომ არ შეიშალეთ-მეთქი. არაფერი მოხდება, დამბაჩებს ქაღალდით გავტენით, დუნდულები ცოტა აეწვება და ბევრს ვიცინებთო. მე ნება დავრთე. მალე ეს განზრახვა, გარდა ჟორჟოლიანისა, ყველამ იცოდა. კადრს ვიღებდით საერთო პლანით. გავიარეთ რეპეტიცია, ჩავრთეთ კამერა და გაქცეულ ჟორჟოლიანს ბიჭებმა მართლა ადინეს ბოლი. ჟორჟოლიანს გადაღება არ გაუფუჭებია. მირბის გასასვლელისკენ და შეძრწუნებული ყვირის: „მართლა მესროლეს, მართლა მომხვდა!”
კადრის შიგნით და გარეთ მყოფთა სიცილმა ჟორჟოლიანი აღაშფოთა, გადაღების დასრულების შემდეგ მობრუნდა და იყვირა: „რას იცინით, უკან ვარ დაჭრილი!” შემდეგი კადრის მომზადებამდე დაზარალებული დაარწმუნეს, რომ უკან, ძალიან პატარა ადგილზე, კანი ოდნავ აქვს შეწითლებული. ჟორჟოლიანი არ იყო გულღრძო და ეს ონავრობა აპატია „გადარეულებს”, – იხსენებს ვახტანგ ტაბლიაშვილი.