ღალატი სიყვარულისთვის
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-46(777)
ირინკამ თვალები მოჭუტა და გულხელდაკრეფილი, ინტერესით მიაჩერდა კაცს:
– აბა, კიდევ დიდხანს უნდა ვიცადო? რისთვის გაიგიჟე თავი – შემხვდი, შემხვდიო, ამისთანა რა უნდა მითხრა?
ნიკამ სინანულნარევი მზერით შეათვალიერა გიგო და ამოიოხრა:
– ძალიან მომწონხარ, აი, ძალიან, რა... როგორ არ გამოვიდა ჩვენი ურთიერთობა.
ირინკამ ჩაიცინა:
– ნორმალური არ ხარ. ან, როგორ უნდა გამოსულიყო, როცა შენი ცოლი მთელი დღე ცხვირწინ მიზის და თვალებში მიყურებს? ესეც რომ არ იყოს, შენ ის ტიპაჟი არ ხარ, მე რომ მომწონს.
– ჰო, ვხვდები. რაღაც, ვერ ჩავჯექი შენი ინტერესის არეალში. სამაგიეროდ, ეს სხვამ მოახერხა და, როგორც მივხვდი, საკმაოდ წარმატებითაც.
ქალმა თვალები მოჭუტა და მხრები გამომწვევად შეათამაშა:
– მოკლედ, არ მესმის, რაზე ლაპარაკობ, მაგრამ თუ მარტო ამის სათქმელად დამიბარე, მინდა გითხრა, რომ ტყუილად მომაცდინე, ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდი. სხვა დროს ჩემსას თუ არა, საკუთარ დროს მაინც გაუფრთხილდი, მსგავსი სისულელეებით აღარ შემაწუხო და, საერთოდაც, მორჩი თვალების აქეთ-იქით ცეცებას – ცოლს მიხედე, აშკარად აკლია შენი ყურადღება.
– რა?! ეგ სოფომ გითხრა? – წამოჭარხლდა ნიკა.
– დიახ და, კიდევ ბევრი სხვა რაღაცაც მითხრა, მაგრამ, აღარ დავწვრილმანდები. არ მიმაჩნია, რომ არის ამის აუცილებლობა. უბრალოდ, ჩემი მეგობრული რჩევაა, მეტი იცოდე საკუთარი ცოლის შესახებ.
– ირინკა, ვერ ვიტან, როცა „ნამიოკობანას“ მეთამაშებიან, ვცოფდები. პირდაპირ მითხარი, რა იცი სოფოზე, – გაცხარდა ნიკა, ქალს მკლავზე მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია.
– გამიშვი, მტკენ! მარტო ის ვიცი, რომ არც ისეთი ბედნიერია. შენ თავად უნდა ხვდებოდე ამას. ახლა კი კარგად იყავი, მივდივარ, ისედაც ბევრი დრო დაგითმე.
– ლაშასთან გეჩქარება? ჰო, მესმის, ის ისეთია, თუ არ მიუსწარი, შეიძლება, მარტივად იპოვოს შემცვლელი.
მანქანის კართან მისული ირინკა უკან შემობრუნდა და ნიკას ავად მიაჩერდა:
– შენ ვინ გითხრა ჩემი და ლაშას ამბავი? საიდან გაიგე, მითვალთვალებდი? როგორი სულმოკლეობაა შენი მხრიდან!
– კარგი ერთი! რას გითვალთვალებდი, ლაშას ვიცნობ და თვითონ მითხრა.
– ლაშამ გითხრა? ჩემზე? რა გითხრა?
– შემთხვევით გახსენა. შენ დაურეკე და იქ ვიყავი. არ გჭირდება შენ ლაშა. უფრო სწორად, შენ რომ გჭირდება, ლაშა ის კაცი არ არის.
– შენ რა იცი, მე ვინ მჭირდება?
– ვიცი. ლაშა არ გჭირდება. ისე მოგექცევა, როგორც ყველას – გულს გატკენს, დამიჯერე.
– რა, ცოლი ჰყავს?
ნიკას ყოყმანი დაეტყო.
– ცოლი ჰყავს-მეთქი? ნიკა, ბოლომდე უნდა მითხრა ყველაფერი.
– არა, ცოლი არ ჰყავს და, რამდენადაც ვიცი, არც ჰყოლია, მაგრამ, ეს ხომ არ არის მთავარი. უკეთესს იმსახურებ.
ირინკას გაეღიმა:
– გმადლობ, ასე რომ ზრუნავ ჩემზე, მაგრამ, უკვე დიდი გოგო ვარ და საკუთარ თავს თვითონვე მივხედავ, არ დავიკარგები.
– მე გაგაფრთხილე. შენ ბევრი რამ არ იცი ლაშას შესახებ.
– რაც ვიცი, სრულიად მაკმაყოფილებს, ჯერ მეტი არ მჭირდება. გმადლობ, რომ იზრუნე ჩემზე.
ნიკამ გულდაწყვეტილი მზერა გააყოლა დაბურულ მანქანას და თვითონაც საჭეს მიუჯდა. ჯერ ოფისში აპირებდა წასვლას, მაგრამ მიმართულება მკვეთრად შეცვალა და გეზი ცოლის სამსახურისკენ აიღო...
***
ანამ ლაბადა ჩაიცვა და სარკეში თმა შეისწორა. ახლა გაცილებით მშვიდად იყო, აღარ ნერვიულობდა. გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და იმ აზრსაც შეეგუა, რომ ეს გადაწყვეტილება სიძნელეების დაძლევასაც გულისხმობდა. „ასე აჯობებს, ანა, – უთხრა საკუთარ თავს, – წლები გავა და, ერთ დღესაც, აღმოაჩენ, რომ შენი შანსი ხელიდან გაუშვი“.
კარი გაიღო და ოთახში სოფომ შემოყო თავი:
– მეძახდი? ხომ მშვიდობაა?
– ჰო. მინდა, ჩვენს მძღოლს უთხრა, რომ ჩემი მანქანა ჩემთან სახლში მიიყვანოს და სადგომზე დატოვოს. მანამდე თუ გაარეცხვინებს კიდეც, ცუდი არ იქნება. აი, სათადარიგო გასაღებს გაძლევ და ხვალ მომიტანოს. მე ვახო გამომივლის, დღეს ლილე უნდა გაიცნოს.
სოფოს თვალები გაუბრწყინდა:
– ესე იგი, გადაწყვიტე? მიხარია.
– ჯერ მაინც არაფერი თქვა, არც ნიკასთან, ძალიან გთხოვ.
– არა, რას ამბობ? ნიკას რაც შეეხება, გამაოცა. დამირეკა და ისე მომიკითხა, ეჭვი შემეპარა, ავად ხომ არ ვარ-მეთქი. კინოს ბილეთები აუღია და მეპატიჟება. წარმოიდგინე, ძიძასთანაც კი დაურეკავს – ბავშვთან გვიანობამდე დარჩი, ჩვენ შეგვაგვიანდებაო.
– ეჩხუბე?
– არა. ბოლო რამდენიმე დღეა, საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს... ვაიმე, საყვარელი ხომ არ გაიჩინა?
ანას გაეცინა:
– საიდან მოიტანე ახლა ეგ სისულელე?
– გამიგია, ზოგიერთი კაცი ცოლს მაშინ უტკბება, როცა საყვარელი ჰყავს და დანაშაულის განცდა აწუხებსო. იქნებ ნიკაც ასეა?
– რისთვის ნერვიულობ და მაინცდამაინც ცუდზე რატომ ფიქრობ? იქნებ მოუნდა, რომ გაგახაროს, არ შეიძლება?
– როგორ არ შეიძლება, მაგრამ... – სოფო ჩაფიქრდა, – იმდენი ხანია, ასეთი რაღაც აღარ გაუკეთებია... ისე, შეყვარებულები რომ ვიყავით, სულ ცდილობდა, რამე სასიამოვნო სიურპრიზით გავეხარებინე.
– აი, ხომ ხედავ, ტყუილად ნერვიულობ. მოეშვი, წადი კინოში და ისიამოვნე... და, სულელური შეკითხვები არ დაუსვა, არ ჩააცივდე.
– ჰო, არ ჩავაცივდები, არც დავგრუზავ, ვნახოთ, როგორ მოიქცევა.
– კარგად მოიქცევა, კარგად... არ არის შენი ქმარი ცუდი ბიჭი.
– ვახო უკეთესია, – სიცილით მიუგო სოფომ და თვალი ჩაუკრა.
– ვნახოთ, – გაეღიმა ანას.
***
... ნიკამ წელზე მოხვია ხელი სოფოს და მკერდზე მიიხუტა. ქალიც გაინაბა და ფისოსავით აკრუტუნდა.
– კარგი ფილმი იყო, მომეწონა, – თქვა ნიკამ.
– მე ის მომწონს, ჩემ გვერდით რომ ხარ და იზრუნე, საღამო სასიამოვნოდ გაგვეტარებინა.
– რა თქმა უნდა. ბოლო დროს სულ არ მეცალა შენთვის და ბავშვისთვის. ყაზბეგში წავედით და იქაც მარტონი არ ვიყავით, ხელი შეგვიშალეს.
– ჰო, იმ იდიოტმა ლაშამ. ძალიან ცუდი ვინმეა.
ნიკამ ამოიოხრა:
– ლამის დაგეთანხმო. დღეს მეც ვიფიქრე, რომ კარგად არ იქცევა.
– „კარგად არ იქცევა” რბილად ნათქვამია. მაგრამ, არა უშავს, მალე მიიღებს სამაგიეროს, – წამოსცდა სოფოს და მაშინვე ინანა. რადგან ნიკამ ინტერესით შეხედა:
– რაღაც ხდება და მე არ ვიცი? – ვახოს და ანას ურთიერთობას ვგულისხმობ. მხოლოდ ხვდებიან თუ რამე უფრო სერიოზულია?
– რამდენჯერმე შეხვდნენ... – ნაჩქარევად ჩაილაპარაკა სოფომ და მაშინვე დაამატა: – მე ეგ არ მიგულისხმია, როცა ვთქვი, ლაშას სამაგიერო გადაეხდება-მეთქი. ლაშა შეხვდება ქალს, რომელიც ზუსტად ისე მოექცევა, როგორც ეგ ექცეოდა ანას და თავის შვილს.
– მგონი, დიდად არ ადარდებს, მაგრამ, არც ვახოსთვის ანას გაცნობა იყო კარგი იდეა.
– რატომაც არა? თანაც, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ისედაც შეიძლებოდა, ერთმანეთი გაეცნოთ, ჩვენ გარეშე.
– პრინციპში, მართალი ხარ, მაგრამ ლაშას მაგას ვერ დააჯერებ.
– ნუღარ იფიქრებ მაგაზე. სხვათა შორის, ბავშვს სძინავს და, ჩვენც ხომ არ გვეფიქრა რამეზე? – ეშმაკური ღიმილით ჰკითხა სოფომ.
– ძილზე? – გაეხუმრა ნიკა და ცოლს მოეხვია.
* * *
ვახომ ლილე ფრთხილად ჩამოსვა თავისი მხრიდან და ბინა ყურადღებით დაათვალიერა.
– ძალიან ლამაზია ყველაფერი. მარტო შენ შეძელი ამდენი რამ?
– მე და ხელოსნებმა. განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ, მე და ლილე აქ თავს კარგად ვგრძნობთ. ჩვენ ორნი...
– მესამეს არ დაიმატებდით? – გაეხუმრა ვახო და დამნაშავესავით ჩაილაპარაკა: – რა ვქნა, ძალიან მომეწონა თქვენთან.
– დალევ რამეს? – ჰკითხა ანამ და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ნაცვლად რბილ, ვარდისფერ ჩუსტებში გაუყარა ფეხი. ვახომ აღრფთოვანებით შეხედა.
– ძალიანაც ნუ შემაქებ. არც ვიცი, მაცივარში რა მაქვს, რომ შემოგთავაზო. ძიძა ძირითადად ისეთ კერძებს ამზადებს, ლილეს რომ სჭირდება. მეეჭვება, წვნიანით მოვხიბლო კაცი, რომელიც დიდი ოსტატობით ამზადებს სუშის.
– პირიქით, სუპები ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა მურაბიან ჩაისაც დავჯერდები. მერე კი, თუ ლილე ჯერ არ იძინებს, ცოტას კიდევ ვეთამაშები.
სიტყვა თამაშის გაგონებაზე ლილემ ძირს დაგდებული ბურთი აიღო და მასთან მიირბინა.
ანა გაოცდა.
– რა გაუკეთე? უცხოებს იშვიათად ეკონტაქტება, შენ კი ისე მოეწონე, ჩემკენ აღარც იხედება.
– მე ვიცი, როგორ ველაპარაკო და იმიტომ, არა ლილე? ჩვენ ხომ გვესმის ერთმანეთის?
ლილემ თავი დაუქნია და აკისკისდა.
***
ირინკამ მარტინი მოსვა და ლაშას გახედა, მოშორებით რომ იდგა და ვიღაცას მოღუშული სახით ელაპარაკებოდა მობილურზე. ამიტომ, გვიან შენიშნა, მათ მაგიდასთან მისულა სოსო და, როცა კაცმა ლაპარაკი დაიწყო, მოულოდნელობისგან შეკრთა.
– ბატონო სოსო, აქ რას აკეთებთ?
– ისე შემოვიარე, ეს ჩემი მეგობრის ბარია. ერთხელ სიკვდილისგან ვიხსენი – საშინელ ავარიაში მოყვა და, რომ იტყვიან, თავიდან ავაწყვე. მერე კი დავმეგობრდით და ზოგჯერ შემოვუვლი ხოლმე. გამიხარდა, რომ დაგინახე. რა თქმა უნდა, მარტო არ იქნები.
– ჰო, მარტო არ ვარ... რა თქმა უნდა... – გამოაჯავრა ირინკამ.
– მინდოდა, სასმელზე დამეპატიჟე, როგორც ვხედავ, არ გამომივა.
– არა, ნამდვილად არაფერი გამოგივათ, ბატონო სოსო და მე ეს ადრეც გითხარით.
– არასოდეს თქვა – „არასოდეს,” ჩემო ლამაზო... – ბატონმა სოსომ შეჭაღარავებულ თმაზე ხელი გადაისვა და მაგიდას გაეცალა. სწორედ ამ დროს ლაშაც დაბრუნდა ირინკასთან.
– უჰ, კიდევ კარგი, მოხვედი, – შვებით ამოისუნთქა ირინკამ და გაუღიმა, – ეს კაცი ვერაფრით მოვიშორე. იცის, რომ შანსი არა აქვს, მაგრამ, საშინლად ჯიუტია.
ლაშას დიდი ყურადღება არ მიუქცევია ირინკას სიტყვებისთვის, გვერდით მიუჯდა და მაშინვე მოკლე კაბის ქვეშ შეუცურა ხელი...
– რას აკეთებ? – ხელი ძალით ააღებინა ირინკამ, – ასეც არ შეიძლება. შენზე მითხრეს, საშიში კაცია და არ გამოგადგებაო.
– ჰო?! მართალი უთქვამთ. საშიშიც ვარ და არც გამოგადგები, ოღონდ, გააჩნია, რაში.
– ესე იგი, უნდა ავდგე და წავიდე? – გადაიკისკისა ირინკამ.
– რატომ? შენ ხომ გაბედული გოგო ხარ და არც თამამი ექსპერიმენტების გეშინია? გინდა, გუდაურში წავიდეთ და თავზე დავიმხოთ ყველაფერი?
– მინდა. როდის?
– გეტყვი. რაღაც პატარა საქმეები მაქვს, მოვაგვარებ და წავიდეთ. თხილამურებზე ხომ დგახარ?
– რა თქმა უნდა, – თქვა ირინკამ და ისევ გადაიკისკისა.
– რა გაცინებს?
– გამახსენდა, რატომ ვისწავლე თხილამურებით სიარული.
– რატომ?
– მაგარი ტიპების გაცნობის იდეალური საშუალებაა: მისრიალებ შენთვის და, უცებ, მის წინ ეცემი საწყალი სახით... მერე კი სთხოვ, დაგეხმაროს.
ლაშამ ჯერ გაოცებით შეხედა, მერე სიცილი აუტყდა.
– გიჟი ხარ ჩემსავით... კარგად ისწავლე სიარული?
– უჰ, არაჩვეულებრივად. ნებისმიერ ჩემპიონს შეშურდება, – სიცილში აჰყვა ირინკაც და ისევ მარტინი მოწრუპა.
– გადაწყდა. ჩამოთოვს თუ არა, მივდივართ...
***
ანამ ბეჭედი შეისწორა თითზე და სევდიანად გაიღიმა:
– იცი, ვუყურებ და არ მჯერა. ასე მგონია, სხვის თავს ხდება... რაღაც, ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები.
– რაღას უნდა დაელოდოთ? თითქმის ორი თვეა, ამაზე სერიოზულად ლაპარაკობთ. არ იცი, როგორ მიხარია... ბეჭედიც ძალიან ლამაზია. ხომ გეუბნებოდი, შენთვის არაფერს დაინანებს-მეთქი.
– ჰო, ვახო მართლა ძალიან კარგი ადამიანია. იცი, ლილეც როგორ შეეჩვია? თითქმის ყოველ საღამოს მოდის და ბავშვს დაძინებამდე ისე ეთამაშება, მეც კი არ შემიძლია შვილთან ასეთი თამაში.
– ის ხომ არ გამოჩენილა? – შეიჭმუხნა სოფო.
– არა და სწორედ ეს მაშინებს – ეტყობა, ჯერ არ იცის.
– კარგი, რა, საერთოდ აღარ იფიქრო მაგაზე. რომც გაიგოს, რას იზამს? რა მაგის საქმეა, გათხოვდები თუ არა?
– ჰო, მაგისი საქმე მართლა არ არის.
– მოყევი, რა, როგორ გადაწყვიტეთ, ხელს აწერთ თუ ჯვარსაც იწერთ?
– ჯერ მარტო ხელს მოვაწერთ და პატარა სუფრა გვექნება რესტორანში. მხოლოდ რამდენიმე მეგობარს დავპატიჟებთ. ვახოს ვუთხარი, ზედმეტი ხმაური არ გვინდა-მეთქი და დამეთანხმა. მერე ერთი კვირით ბავშვთან ერთად წავალთ სადმე. ვახოს უნდა, შობის დღესასწაული ისე აღვნიშნოთ, რომ ლილესაც დაამახსოვრდეს. ამიტომ, სადმე ევროპაში წავალთ. თქვენც ხომ არ შემოგვიერთდებით?
– არა. ჯერ ერთი, უკვე გადავწყვიტეთ, შობას სად და როგორ შევხვდებით; მეორეც – არ მინდა, ხელი შეგიშალოთ ბედნიერებაში და, მესამე – მგონი, ფეხმძიმედ ვარ და ნიკას არ უნდა, რომ გავრისკო. ფრენა რეკომენდებული არ არის.
– როგორ გამიხარდა, სოფო! – ანა სოფოს გადაეხვია, – იმედია, ჩემი ხელისმომკიდე იქნები – ეს ხომ შეგიძლია?
– რა თქმა უნდა. აუუ... ძალიან მაგარია, ანა, ძალიან! შენ ეს დაიმსახურე!
– რა ვიცი, აბა. შეიძლება, დავიმსახურე კიდეც, შეიძლება – არა. ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ, ძალიან ვნერვიულობ.
– მორჩა, სანერვიულო აღარაფერია, ყველაფერი კარგად იქნება...
***
ნიკა შეშლილივით წამოხტა ფეხზე და ცოლს მიაჩერდა:
– მართალს მეუბნები? სოფო, მითხარი, რომ ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.
– პირიქით, გადაწვეტილია ყველაფერი. ერთ კვირაში ხელს აწერენ და მე და შენ მეჯვარეები ვართ.
ნიკა გაშრა:
– გამაგიჟებ მე შენ. მერე, ლაშა? არ იფიქრე, ლაშას როგორი რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე?
– სიმართლე გითხრა, ფეხებზე მკიდია, როგორი რეაქცია ექნება ლაშას ამ ყველაფერზე, – გამოაჯავრა სოფომ, – და, ნუ მანერვიულებ, ხომ იცი, რომ ფეხმძიმედ ვარ...
ნიკამ ამოიოხრა, დაელოდა, სოფო ოთახიდან როდის გავიდოდა და მობილურს ეცა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში