სწორად უვლით კანს?
შეიძლება თუ არა იმ კოსმეტიკის გამოყენება, რომელიც არ არის თქვენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი? ერთი გაწმენდით ან კრემის ერთხელ წასმით კანს არაფერი დაემართება, მაგრამ ის ეფექტი არ ექნება, რასაც მოელით. მაგრამ თუ ყოველდღე წაისვამთ გამომშრობ ან გამაცხიმოვნებელ საშუალებებს, კანი 28 დღის შემდეგაც კი ვერ აღდგება სრულად (ეს დროა საჭირო ახალი ეპიდერმისის წარმოსაქმნელად) და ძალიან მალე შეამჩნევთ არასასურველ ცვლილებებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ თქვენი კანის შესაფერისი კოსმეტიკა.
კანის ტიპს თვითონ ნუ განსაზღვრავთ, აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ კოსმეტოლოგს.
ნორმალური კანი
ნორმალური ტიპის კანზე ამბობენ, რომ ის იდეალურია – სწორი, გლუვი, გაფართოებული ფორების, გამონაყარისა და ნაოჭების გარეშე.
მის გასაწმენდად გამოგადგებათ ნებისმიერი ჰიპოალერგენული საშუალება პარაბენების გარეშე.
მატონიზებელ საშუალებებად კი გამოიყენეთ თერმული წყალი ან „მისტი“. ისინი ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ თერმულ სპრეიში არის ბუნებრივი წყაროს წყლები, „მისტში“ კი – არტეზიული წყლები. მაგრამ „მისტი“ გამდიდრებულია სასარგებლო ექსტრაქტებითა და ვიტამინებით.
დასატენიანებლად შეარჩიეთ მსუბუქი კრემ-გელი ან უფლუიდი, მაგალითად, ჰიალურონის მჟავის შემცველობით. ის შედის კანის უჯრედებში და მათ ფუძეზე დამზადებული კრემები ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა.
კომბინირებული
კომბინირებულ კანს შერეულ ტიპსაც უწოდებენ, რადგან მას აქვს როგორც მშრალი (ლოყებზე), ისე ცხიმიანი უბნები (შუბლი, ცხვირი და ნიკაპი).
გასაწმენდად გამოიყენეთ პირის დასაბანი გელი ან მიცელარული წყალი.
მატონიზებული საშუალებებიდან შეარჩიეთ ტონიკი სპირტის გარეშე ან თერმული წყალი სელენის შემცველობით. ის ითვლება ბუნებრივ ანტიოქსიდანტად და უჯრედებს ეხმარება წყლის ბალანსის შენარჩუნებაში.
დატენიანება თქვენი სახის ცხიმიან უბნებს არ სჭირდება, ლოყებს კი დამატენიანებელი საშუალებები უფრო გამოაშრობს. ამიტომ, უმჯობესია გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემი ნორმალური კანისთვის.
არ დაგავიწყდეთ ქუთუთოები. ამ უბანზე კანი თითქმის არ შეიცავს ცხიმოვან ჯირკვლებს, ამიტომ უნდა გამოიყენოთ სპეციალური გელი ქუთუთოებისთვის და ექსტრაქტი – წამწამებისთვის.
მშრალი კანი
ასეთი კანისთვის დამახასიათებელია: დაჭიმულობა, აქერცვლა და გაწითლება ლოყებზე.
გასაწმენდად გამოიყენეთ ისეთი კოსმეტიკური რძე ან ზეთი, რომელიც არ საჭიროებს ჩამობანას, მაგრამ მათი წასმის შემდეგ მაინც უნდა გაიწმინდოთ სახე ტონიკით. მაგრამ, თუ პირის დაბანა გიყვართ, გამოიყენეთ გამწმენდი მუსი საპნის შემცველობის გარეშე.
მატონიზებელი საშუალებებიდან კარგია ტონიკი. ჩვეულებრივ, მშრალი კანისთვის განკუთვნილ ტონიკებს დამამშვიდებელს უწოდებენ. უფრო ხშირად ისინი შეიცავენ ვიტამინ B5-სა და ვარდის ან გვირილის ექსტრაქტს.
დატენიანება – მშრალი კანი ყველაზე მგრძნობიარეა და ძალიან მწვავედ რეაგირებს გარემოზე, მათ შორის, ულტრაიისფერ გამოსხივებაზე. ამიტომ გამოიყენეთ SPF-ის შემცველი დამატენიანებელი კრემი.
მგრძნობიარე კანი – ეს არის არა ტიპი, არამედ კანის თვისება. სიწითლე და ქავილი მგრძნობიარობის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა.