კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-46(777)

  წყვილი დილის შვიდის ოც წუთზე ფრთხილად გამოვიდა გენერლის სახლიდან და ნევისპირა ქალაქში ფეხით გაიარეს. შემდეგ მაღაზიაში ორი უზარმაზარი ზურგჩანთა შეიძინეს და კვლავ პოპოვის ბინაში დაბრუნდნენ. იქ კი საგანძური და ფული ორ თანაბარ ნაწილად გაყვეს და ზურგჩანთებში მოათავსეს. თერთმეტის ნახევარზე უჩუმრად გამოვიდნენ ბინიდან და ნევის გამზირს ფეხით გაუყვნენ.
– ახლა რა ვქნათ? – ჰკითხა ნოდარმა ვასოს.
– ტაქსით სადგურზე გავიდეთ, რომ მატარებლით თბილისში გავემგზავროთ.
– რამდენ ხანში ჩავალთ?
– სამ დღეში.
– ბევრია.
– რას იზამ. თვითმფრინავში რომ ბარგი შეგვიმოწმონ, დავიწვებით და ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ამიტომ, ასე ჯობია, – თქვა ვასომ,  – შენ ტაქსი გააჩერე, მე კი ახლავე მოვალ. დავრეკავ.
– სად?
– მიდი, მიდი და მერე გეტყვი, – უთხრა კაპიტანმა ბიჭს. იქვე მდგომ სატელეფონო ჯიხურში შევიდა, ნოლ ორი აკრიფა და დაელოდა:
– მილიციის სამმართველოს მორიგე გისმენთ.
ვასომ ხმა დაიბოხა და უაქცენტო რუსულით მილიციის მორიგეს გენერალ პოპოვის ბინის ზუსტი მისამართი ჩააწერინა და ჰკითხა:
– ჩაიწერეთ?
– ჩავწერე. მერე? – თქვა მორიგემ.
– მერე ის, რომ ეს ბინა თქვენი ყოფილი უფროსის, ვასილ პოპოვისაა. იქ ოთხი მოკლულია და სასწრაფოდ ოპერატიული ჯგუფი გაგზავნეთ, – მიუგო ვასომ მორიგეს და ტელეფონი გათიშა. შემდეგ ცხვირსახოცით თავისი თითების ანაბეჭდი წაშალა, ჯიხურიდან გამოვიდა და ნოდარს უთხრა:
– რას უცდი. გააჩერე.
ნოდარმა ტაქსის ხელი დაუქნია, ვასოს კი ჰკითხა:
– სად დარეკე?
– მილიციაში, – მიუგო ვასომ, – შენ ხმა არ ამოიღო და მე ვილაპარაკებ. გასაგებია?
– კი.
ვასო მძღოლის გვერდით მოკალათდა და სუფთა რუსულით იმ ცნობილი მაღაზიის სახელი უთხრა, რომელიც რკინიგზის სადგურთან მდებარეობდა. დანიშნულების ადგილზე რომ მივიდნენ, კაპიტანმა ფული გადაიხადა. მგზავრები ტაქსიდან გადმოვიდნენ და მას მერე, რაც მანქანა წავიდა, სადგურისკენ აიღეს გეზი. ლენინგრადი-თბილისის მატარებელზე რბილი, ორადგილიანი, დეფიციტური კუპეს ბილეთებში ასი მანეთი გადაიხადეს და შემნახველი საკნისკენ აიღეს გეზი.
– ახლა პირველის ნახევარია და მატარებლის გასვლამდე ცხრა საათი დარჩა. ეს ზურგჩანთები შემნახველ საკანში შევინახოთ. შემდეგ კი ქალაქში გავიაროთ. თან, ცოტა ვჭამოთ, – უთხრა ვასომ ბიჭს. ნოდარმა კი მიუგო:
– არ ჯობია, რომ თან ვიქონიოთ? რა იცი, რა ხდება?
– ნოდარ, – გაეცინა ვასოს, – არაფერიც არ მოხდება. ზურგჩანთები საიმედოდ იქნება აქ დაცული და ხელს არავინ ახლებს. მოდი, შევინახოთ.
ზურგჩანთები რომ დააბინავეს, განძის მაძიებლებმა ისადილეს. შემდეგ ფოსტაში  წავიდნენ და ვასომ თბილისში დარეკა.
– გისმენთ, – უპასუხა ნუცამ.
– როგორ ხარ? – ჰკითხა კაპიტანმა, – შენთანაა თინა?
– დიახ. დაგალაპარაკო?
– კი.
– გისმენ, ვასიკო. რა ხდება, ხომ მშვიდობაა? – ჰკითხა თინამ მეუღლეს, რომელმაც უკვე იცოდა, რომ ვასოს რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა მისთვის სათქმელი და დაშიფრულად დაელაპარაკებოდა.
– კი. მშვიდობაა. ცოტა შევყოვნდებით აქ და არ ინერვიულო. მოგვიანებით ჩამოვალთ.
– მე კი დღეს გელოდით.
– არა. ბევრი საქმე გამოგვიჩნდა. თანაც, ვერც ჩვენი მეგობრები ვნახეთ და ჩვენ ორს მოგვიწია მუშაობა. საქმე კი გავაკეთეთ, მაგრამ ძალიან ბევრი ოფლის დაღვრა მოგვიწია.
მეუღლის სიტყვებზე თინამ კინაღამ ღრიალი მორთო, რადგან კარგად გაიგო დაშიფრული სიტყვების აზრი, რაც იმას ნიშნავდა, რომ გენერლის სახლში ოთხი მოკლული აღმოჩნდა, ხოლო განძი და ფული კი თბილისში მოჰქონდათ მატარებლით. თინამ თავს ძალა დაატანა და ვასოს უთხრა:
– კარგი. მოუთმენლად გელოდებით შეხვედრამდე.
ყურმილი რომ დაკიდა, თინა მწარედ აქვითინდა. ვასომ კი ლაპარაკს რომ მორჩა და სატელეფონო ჯიხურიდან გამოვიდა, ნოდარს უთხრა:
– თინიკომ ყველაფერი გაიგო. ახლა, ალბათ, მწარედ ტირის.
– შენ რა იცი?
– რა დიდი ცოდნა უნდა. ჩემს ცოლს მაინც არ ვიცნობდე.
– ახლა რა ვქნათ?
კაპიტანმა საათს დახედა და ნოდარს უთხრა:
– ჯერ კიდევ დიდი დროა მატარებლის გასვლამდე. მოდი, ქალაქში გავიაროთ და ლენინგრადი დავათვალიეროთ. თუ გინდა, ერმიტაჟში შევიდეთ.
– ერმიტაჟში? – ისე იკითხა ბიჭმა, რომ ვასო მიხვდა, ნოდარმა მისი მნივშნელობა არ იცოდა და უთხრა:
– ჰო. ერმიტაჟი საქვეყნოდ ცნობილი მუზეუმია და მასში, მსოფლიოში ყველაზე მეტი ხელოვნების ნიმუშია დაცული.
ბიჭმა ხელი ჩაიქნია და მიუგო:
– არ მევასება მუზეუმებში სიარული. ამას ჯობია, ისევ ფეხით გავიაროთ სუფთა ჰაერზე.
განძის მაძიებლები რამდენიმე საათის განმავლობაში ფეხით დადიოდნენ ლენინგრადის ქუჩებში და მატარებლის გასვლამდე ერთი საათით ადრე მივიდნენ სადგურზე.
– ახლა ჩვენი ზურგჩანთები გამოვიღოთ საკნიდან და ბაქანზე გავიდეთ, – უთხრა ნოდარს ვასომ. ჯიბიდან თხუთმეტკაპიკიანი ამოიღო და ჯერ კოდი აკრიფა. შემდეგ ფული ჩააგდო და საკნის გაღებას დაელოდა. თუმცა, წითელი ნათურა აინთო, რაც იმას ნიშნავდა, რომ რაღაც შეფერხება მოხდა.
– რა მოხდა, ვასო? – ჰკითხა კაპიტანს ნოდარმა.
– არაფერი. ახლავე გავხსნი, – მიუგო ვასომ და მონეტა უკან ჩამოაგდო აპარატიდან. შემდეგ ისევ ჩააგდო, მაგრამ საკანი კვლავ არ გაიღო, რადგან მონეტა აპარატმა ჩაყლაპა.
– რა ხდება? – შეშფოთდა ნოდარი.
კაპიტანი სახეზე წამოჭარხლდა და ბიჭს გადაუჩურჩულა:
– დამშვიდდი. აპარატს რაღაც აერია და ვეცდები, გამოვასწორო.
– რომ ვერ გამოასწორო?
– ჩუმად. დავიწვებით, – კბილებში გამოსცრა კაპიტანმა.
ნოდარი გაჩუმდა. თუმცა, გაფითრებული ადევნებდა თვალყურს ვასოს, რომელმაც მეორე მონეტა ამოიღო. შემდეგ აპარატში ჩააგდო და საკნის გაღებას დაელოდა. თუმცა, აპარატმა მონეტა ისევ ჩაყლაპა და კაპიტანაიც გაფითრდა.
– ხომ გეუბნებოდი, რომ არ გვინდა შენახვა-მეთქი, – უთხრა ნოდარმა ვასოს. მან კი ბიჭს თვალები დაუბრიალა და ჯიბიდან ახალი თხუთმეტკაპიკიანი ამოიღო.
– რაშია საქმე, მოქალაქეებო? – მოესმათ განძის მაძიებლებს უკნიდან და როდესაც შეტრიალდნენ, მილიციის მორიგე ზემდეგს მოჰკრეს თვალი, რომელიც მათ ყურადღებით აკვირდებოდა.
– ჩვენი ბარგის გამოღებას ვცდილობთ, ზემდეგო, – მიუგო ვასომ და მონეტა ჩასაგდებად გაამზადა. ზემდეგმა კი მას უთხრა:
– ერთი წუთით.
– დიახ. გისმენთ. რაშია საქმე? – თქვა ვასომ.
– განყოფილებაში გამომყევით, – უთხრა ზემდეგმა კაპიტანს. – ვინაობის გასარკვევად.
კაპიტანმა მილიციელს თავის პასპორტი მიაწოდა და უთხრა:
– აი, გაარკვიეთ.
იგივე გაიმეორა ნოდარმაც.
მილიციელმა საპასპორტო მონაცემები წაიკითხა. შემდეგ უფრო მკაცრი სახე მიიღო და თქვა:
– ესე იგი, საქართველოდან ხართ?
– კი. რა, მერე? – მიუგო ვასომ.
– განყოფილებაში გავარკვიოთ ყველაფერი, – გაიმეორა მილიციელმა.
– რა განყოფილებაში, ზემდეგო?! ნახევარ საათში ჩვენი მატარებელი გადის და სხვათა შორის, მე მილიციის კაპიტანი ვარ, – უთხრა ვასომ ზემდეგს.
მილიციის კაპიტნობის ხსენებაზე მილიციელი ოდნავ შეცბა. თუმცა კვლავ კოპები შეკრა და ვასოს უთხრა:
– თუ არ მატყუებთ, მაშინ მატარებლის ბილეთები და თქვენი სამსახურებრივი მოწმობა მიჩვენეთ.
ვასოს გაახსენდა, რომ ბილეთებიც და თავისი წიგნაკიც ზურგჩანთის ჯიბეში დარჩა. ამიტომ ზემდეგს უთხრა:
– ზურგჩანთაშია, გავხსნი საკანს და გიჩვენებ.
– მიდი, გელოდებით...
ვასომ კიდევ ერთხელ ჩააგდო აპარატში მონეტა, – მაგრამ კვლავ ჩაიყლაპა. მან სიმწრისგან ხელი მიარტყა საკანს და დააყოლა:
– შენი დედაც...
 – მოქალაქევ, ზრდილობიანად, – შეუღრინა ზემდეგმა ვასოს. კაპიტანმა კი, სიტუაცია რომ არ გაემწვავებინა, მილიციელს გაუღიმა:
 – მართალი ხარ, ზემდეგო, მაგრამ ისე გამამწარა ამ აპარატმა, რომ ვეღარ მოვითმინე. კიდევ ერთხელ ვცდი.
– მოქალაქევ, განყოფილებაში გამომყევით და ყველაფერი იქ გავარკვიოთ. ვერ ხედავთ, რომ აპარატი გაფუჭებულია და მექანიკოსს უნდა გავახსნევინოთ? – უთხრა ვასოს ზემდეგმა.
– მექანიკოსს? – თავში დაარტყა კაპიტანს, რადგან იცოდა, რომ თუკი შემნახველ საკანს მექანიკოსს გაახსნევინებდნენ, მაშინ ზურგჩანთების შიგთავსის ნუსხა უნდა ჩამოეთვალა. ეს კი ვასო ჩხიკვაძეს არანაირად არ აწყობდა და მილიციელს უთხრა:
– მოდი, ერთხელ კიდევ ვცდი. მატარებელი წუთი-წუთზე გავა და ვერ მივუსწრებთ.
– კარგი, სცადეთ.
აპარატმა კაპიტანს მორიგი თხუთმეტკაპიკიანი ჩაუყლაპა. ვასომ საათს დახედა და მილიციელს უთხრა:
– ჩვენი მატარებელი ოც წუთში გადის და შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– გისმენთ, – მიუგო ზემდეგმა.
– მოდი, ასე ვქნათ, შენ მექანიკოსი მოიყვანე და საკანი გაახსნევინე. მე კი ორივეს პატივს გცემთ.
– რას ამბობთ?! საკნის გახსნას განცხადების დაწერა და თქვენი ბარგის ჩამონათვალი სჭირდება. იქნებ იტყუებით და საკნის შიგთავსი სხვისია? – იუარა ზემდეგმა.
– ზემდეგო, დროში ვიწვებით და ამიტომ გთხოვ დახმარებას. საკანს რომ გავხსნით, ჩემს საბუთსა და მატარებლის ბილეთებს გაჩვენებ და დარწმუნდები, რომ არ ვტყუივარ. თანაც, პატივს გცემ.
– ქრთამს მთავაზობთ?
– ნუ სულელობ, ზემდეგო. ქრთამს კი არა, პატივს გცემ დახმარებისთვის. თანაც, კოლეგები ვართ, – უთხრა ვასომ ზემდეგს და საათს დახედა, – მატარებლის გასვლამდე თხუთმეტი წუთი დარჩა. ჰე, გვიშველე!
– არა, არა, გამორიცხულია! – ხელები გაასავსავა მილიციელმა.
ვასომ ზემდეგს ორი ცალი ათმანეთიანი ჯიბეში ჩაუდო. თვალი ჩაუკრა და უთხრა:
– მიდი, კოლეგავ, გვიშველე...
– კარგი. აქ დამელოდეთ, – თქვა ზემდეგმა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. სამიოდე წუთის შემდეგ კი წითელცხვირა, ხანში შესულ კაცთან ერთად დაბრუნდა, რომელმაც შემნახველი საკანი „მედვეჟატნიკის“ სიმარჯვით გახსნა და თქვა:
– აი, ინებეთ.
ვასომ ზემდეგს უთხრა:
– აი, ამ ზურგჩანთის ჯიბეშია ჩემი წიგნაკი და ბილეთები. ამოიღე და დარწმუნდი, რომ არ გატყუებ.
მილიციელმა ბილეთები და წიგნაკი ამოიღო, რომ დარწმუნდა, ვასო არ იტყუებოდა, კაპიტანს გამოეჯგიმა და უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, ამხანაგო კაპიტანო, – შემდეგ ზემდეგმა ჯიბიდან ათმანეთიანები ამოიღო და ვასოსთვის დაბრუნება დააპირა. კაპიტანმა კი ღიმილით უთხრა:
– შეინახე, ზემდეგო და კიდევ ორი ცალი ათმანეთიანი ჩაუდო მილიციელს ჯიბეში, – ეს ამ ხელოვან კაცს გაუყავი. თქვენ რომ არა, მატარებელზე დავაგვიანებდით. ნახვამდის!
– ნახვამდის, – ერთხმად მიუგეს ვასოს ზემდეგმა და მექანიკოსმა და მხიარული მზერით გააცილეს განძის მაძიებლები.
როგორც კი ვასო და ნოდარი კუპეში მოთავსდნენ და მატარებელიც დაიძრა, ბიჭმა კაპიტანს უთხრა:
– გეუბნებოდი, არ გვინდა შემნახველი საკნით სარგებლობა-მეთქი, შენ კი არ დამიჯერე და კინაღამ მთელი საგანძური დავკარგეთ.
ვასოს გაეცინა და ნოდარს მიუგო:
– დიდება მილიციას, რომელმაც განძის დაკარგვის საშუალება არ მოგვცა. იმ ზემდეგს რატომ ასჯერ მეტი არ ეკუთვნოდა. მე კი მას მხოლოდ ორმოცი მანეთი მივეცი, მაგრამ მეტის მიცემა არ შეიძლებოდა, ეჭვი რომ არ აეღოთ.
ნოდარმა თავი გააქნია და კაპიტანს უთხრა:
– მილიციას რა გამოასწორებს. გადაეჩვევიან ოდესმე ქრთამის აღებას?
– აბა, აბა, მუნდირის ღირსებას ნუ ეხები! – ნახევრად ხუმრობით თქვა ვასომ, – ამ ქრთამმა გვიშველა წეღან. ხომ გაგიგონია, ზოგი ჭირი მარგებელიაო.
– ჰოო, მართლაც რომ, დიდ ჭირს ავცდით. ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა, ჩვენი ზურგჩანთები რომ გაეჩითათ?
– რა და, დიდ თანხასა და განძის მნიშვნელოვან ნაწილს დავკარგავდით.
– მხოლოდ ამას ვინ ჩივის, – თქვა ბიჭმა,  – ორივეს დაგვიჭერდნენ.
– ფეხებსაც ვერ მოგვჭამდნენ.
– ეგ როგორ?
– როგორ, ჩემო ნოდარ და თუკი შევხედავდი, რომ ზემდეგი ჯორზე შეჯდებოდა და ყველაფრის კანონიერად გაპრავებას შეეცდებოდა, ერთ მაგარ აპერკოტს ამოვკრავდი ყბაში. იქვე მივთიშავდი და იქიდან მოვტყდებოდით.
– განძსა და ნახევარ მილიონს იქ დატოვებდი? – გაბრაზებით  წამოიძახა ბიჭმა. კაპიტანს კი გაეცინა და მიუგო:
– აბა, თავს ხომ არ დავახვრეტინებდი?
– ჰო. რა თქმა უნდა, მართალი ხარ, – დაბნეულად მიუგო ნოდარმა და უხერხულად გაიცინა. ვასომ კი თხვა:
– არა რა, იმ ზემდეგისთვის ასი მანეთი მაინც უნდა მიმეცა. მისი ბინის მისამართი რომ ვიცოდე, კაცობას ვფიცავ, ათას მანეთს გავუგზავნიდი.
– კი. გეთანხმები, – დაუდასტურა ნოდარმა.
ამ დროს კუპეში გამცილებელმა შემოიხედა. ხელში ლანგარი ეჭირა, რომელზეც ჩაით სავსე ჭიქები ელაგა. ახალგაზრდა გოგონამ მგზავრებს გაუღიმა და უთხრა:
 – მგზავრებო, ჩაის ხომ არ მიირთმევთ?
– მივირთმევთ, მივირთმევთ.... შემობრძანდით, – შემოიპატიჟა ვასომ მომხიბვლელი ქერათმიანი გამცილებელი და ჰკითხა, – შეგიძლიათ, ერთი თხოვნა შეგვისრულოთ?
– თხოვნას გააჩნია... – მიუგო გამცილებელმა.
– თუ შეგიძლიათ, რომ ვაგონ-რესტორნიდან ერთი ბოთლი, კარგი ჩამოსხმის კონიაკი მოგვიტანოთ და თუკი მოიცლით, ჩვენთან ერთად მიირთვათ?
გამცილებელს ეშმაკურად გაუბრწყინდა თვალები. ვასოს გაუღიმა და მიუგო:
– რატომაც არა. მოგიტანთ კიდეც და სუფრაზეც დაგეწვევით.
ვასომ ჯიბიდან ორმოცდაათმანეთიანი ამოაცურა. გამცილებელს მისცა და უთხრა:
– აი, ძვირფასო, რაც კონიაკის საფასურიდან დარჩება, შენი გემოვნებით დახარჯე და რაც გინდა, გამოაყოლე.
– კეთილი. მალე დავბრუნდები, – თქვა გოგონამ და გასვლას აპირებდა, რომ მატარაბელი გაჩერდა.
– უკვე მოვედით? – იხუმრა ვასომ.
– წესით, აქ არ უნდა გავჩერებულიყავით, – თქვა გამცილებელმა, – წავედი და მალე მოვალ.
მომხიბვლელი გამცილებელი გოგონა რომ წავიდა, ორიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ კუპეს კარზე დააკაკუნეს.
– მობრძანდით! – დაიძახა ვასომ.
კარი გაიღო და მგზავრების გასაოცრად, ზღურბლზე სადგურის მორიგე ზემდეგი გამოჩნდა, რომელმაც თქვა:
– ისე გეჩქარებოდათ, ამხანაგო კაპიტანო, რომ თქვენი პასპორტების წაღება დაგავიწყდათ და მეც გვიან გამახსენდა.
ვასომ პირი დააღო, ნოდარს კი გაეცინა და კაპიტანს ქართულად უთხრა:
– ხომ ნანობდი, იმ ბიჭს ასი მანეთი რატომ არ ვაჩუქეო. აი, ახლა გაქვს ამის შანსი.
– მეტი ეკუთვნის, – მიუგო ვასომ ნოდარს, მილიციის ზემდეგს პასპორტები გამოართვა და ჰკითხა:
– როგორ მოახერხე დაწევა?
– ამხანაგო კაპიტანო, როცა აღმოვაჩინე, რომ პასპორტები ჩემთან დაგრჩათ, ცენტრალურ სადისპეტჩეროში გავიქეცი და დისპეტჩერს ვუთხარი, რომ ქართველი მილიციელისთვის საიდუმლო მნიშვნელობის ინფორმაცია მქონდა გადასაცემი. მან კი მითხრა, რომ მატარებელს ამ გადასარბენზე ათი წუთით გააჩერებდა. შემდეგ მე სამორიგეო მანქანას მოვახტი, აქეთკენ გამოვქროლდი და წინ დაგხვდით, – მილიციელმა საათს დახედა და დაამატა: – უკვე თორმეტი წუთია, გელოდებით.
– რა გქვია, ზემდეგო და რამდენი წლის ხარ? – ჰკითხა ვასომ მილიციელს.
– ცხრამეტი წლის ვარ და ოლეგ მაქსიმოვი მქვია, – მიუგო ბიჭმა.
კაპიტანმა საფულიდან ხუთი ცალი ასმანეთიანი ამოიღო და ზემდეგს მისცა:
– ეს შენ, ზემდეგო ოლეგ მაქსიმოვ, გამოჩენილი საზრიანობისა და ოპერატიულობისთვის პრემია დაიმსახურე.
– ხუთასი მანეთი? კი მაგრამ, რისთვის? – გულწრფელად გაუკვირდა ზემდეგს, ვასომ კი მაგრად ჩამოართვა ბიჭს ხელი და უთხრა:
– კარგი მილიციელობისთვის. ახლა კი ნახვამდის!
ოლეგ მაქსიმოვი ვასოს გამოეჯგიმა და უთხრა:
– გმადლობთ, ამხანაგო კაპიტანო. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!
ზემდეგი რომ წავიდა, მატარებელიც დაიძრა, ნოდარმა კი კაპიტანს უთხრა:
– ეს ბიჭი ახლა, ალბათ, სიხარულით მეცხრე ცაზეა, ამხელა პრემია რომ მიეცი. ხუთასი მანეთი ერთად, მგონი, პირველად ნახა.
– ღმერთმა შეარგოს, ალალია, – მიუგო ვასომ.
მატარებელმა კვლავ რომ აკრიფა სიჩქარე, ვასომ და ნოდარმა კი გააბოლეს, კუპეში მომხიბვლელი გამცილებელი გოგონა დაბრუნდა, მგზავრებს გაუღიმა, მაგიდაზე კონიაკი და გაბერილი ცელოფნის პარკი დადო და თქვა:
– ეს კონიაკი, დარჩენილი ხურდით შოკოლადები და ნამცხვრები ვიყიდე. მე ახლა გავალ და მალე დავბრუნდები, თქვენ კი მანამდე სუფრა გააწყვეთ.
– საით, ძვირფასო? – ჰკითხა გამცილებელს ვასომ.
– ჩემს კუპეში. ცოტა ხანში მატარებლის უფროსი ჩამოივლის შემოწმებაზე და ადგილზე უნდა დავხვდე, მერე კი თავისუფალი ვარ და მთელი ღამე თქვენს განკარგულებაში ვიქნები.
– შენი სახელი რომ არ ვიცით? – თქვა ვასომ.
– იულია, – მიუგო გამცილებელმა.
– მე ვასო ვარ, ეს სიმპათიური ახალგაზრდა კი ნოდარია, – თქვა კაპიტანმა და დაამატა: –  იულიჩკა, მალე დაბრუნდი. იცოდე, მოუთმენლად გელოდებით.
– მალე დავბრუნდები, არ მოიწყინოთ, – მიუგო იულიამ და წავიდა.
– ხომ გაიგონე, რა თქვა იულიჩკამ? მთელი ღამე თქვენს განკარგულებაში ვიქნებიო. ასე რომ, შეგიძლია, განკარგო, – უთხრა ნოდარს ვასომ და თვალი ჩაუკრა, ბიჭმა კი კაპიტანს მიუგო:
– მაგას, მე მგონი, შენ უფრო მოეწონე და, თუ გინდა, თავადვე განკარგე, მე არ შეგეცილები.
– არა, რას ამბობ. მე ერთგული მეუღლე ვარ, – თქვა კაპიტანმა, – რა, არ დაგევასა იულიჩკა?
– რატომაც არა, არა უშავს, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა ამის დრო არაა.
– რატომ?
– თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი განძი მოგვაქვს. თანაც, ტამბურში ხომ არ გაათევ ღამეს?
– კი ბატონო, როგორც შენ გინდა, – მხრები აიჩეჩა ვასომ და პაუზის შემდეგ დაამატა: – ისეთი ენა გაქვს, კიდევ რამე არ შეგვემთხვას. ლენინგრადში რომ აიჩემე, ბარგის შენახვა არ გვინდაო, კინაღამ მთელი განძი დავკარგეთ.
– ჩემს ენას დააბრალე იმათი აპარატების გაუმართაობა? – გაეცინა ნოდარს, – უბრალოდ, გულმა მიგრძნო და ამიტომ დავიჟინე.
– ახლაც რამეს ხომ არ გიგრძნობს გული?
– კი.
– რას?
– იმას, რომ, თუ კონიაკი მომეკიდა და იულიაც თანახმა იქნა, შეიძლება, ღამის გათენება ტამბურში მოგიწიოს.
– აჰა, ესე იგი, მაინც გადაწყვიტე იულიჩკას განკარგვა?
– ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.
მომხიბვლელი გამცილებელი ოციოდე წუთის შემდეგ დაბრუნდა უკან, გაიღიმა და თქვა:
– ყოჩაღ, კაცებო, რა კარგი სუფრა გაგიშლიათ. შევუდგეთ?
– შევუდგეთ, – მიუგო გოგონას ვასომ, ნოდარს კი თვალი ჩაუკრა. შემდეგ კონიაკით სავსე ჭიქა მიუჭახუნა გამცილებელს და უთხრა:
– ეს შენ გაგიმარჯოს, იულიჩკა. ულამაზესი გოგონა ხარ, დიდხანს იცოცხლე!
– დიდხანს იცოცხლე და დრო ატარეო... – დაამატა გამცილებელმა და კონიაკი გადაკრა.
– ეს თავისთავად იგულისხმება, – გაეცინა ვასოს და კონიაკი დალია.
ორი ჭიქის შემდეგ გამცილებელი გოგონა კიდევ უფრო გახალისდა და ვასოს უთხრა:
– შენ უფრო მომწონხარ, მაგრამ, არ აქტიურობ – გეტყობა, ერთგული ქმარი ხარ. ხომ არ მეშლება?
– არა, ზუსტად მოარტყი მიზანში.
 იულიამ გადაიკისკისა და მიუგო:
– მე კი ყოველთვის ზუსტად ვარტყამ მიზანში, მაგრამ, მე ყოველთვის ვერ მარტყამენ, – შემდეგ ნოდარს შეხედა და უთხრა: – რას იტყვი, მესტუმრები ამაღამ?
ნოდარს მაინცდამაინც დიდი სურვილი არ ჰქონდა, იულიას გაჰყოლოდა, მით უმეტეს, რომ მას ვასო უფრო მოეწონა და მხრები აიჩეჩა. გამცილებელმა კი კაპიტანს უთხრა:
– ეს რა მორცხვი მეგობარი გყავს. მხრებს რატომ იჩეჩს?
– ნაწყენია.
– ნაწყენი? – გაიმეორა იულიამ.
– ჰო, შენ რომ ჩემზე თქვი – უფრო მომწონსო.
– გეყოფა, ვასო, ამის დედაც... – ქართულად უთხრა ნოდარმა კაპიტანს.
იულიამ თმებზე ხელი გადაუსვა ბიჭს, გაღიმა და უთხრა:
– აბა, აბა, დედის გინება არ იყოს. ქართული გინება კარგად მესმის.
– შენთვის არ შეუგინებია. უბრალოდ, სიტყვის მასალად გამოიყენა, – უთხრა ვასომ იულიას, ნოდარს კი თვალები დაუბრიალა და ანიშნა – გაჩერდიო.
– ეს იმიტომ, რომ გაბრაზებულია, – თქვა გამცილებელმა და ნოდარს მხარზე ხელი გადახვია, თან დაამატა: – მიყვარს კაცის გაბრაზება, ამის შემდეგ ისინი უფრო კარგები ხდებიან. დამისხი, უნდა დავლიო.
კაპიტანმა გოგონას ჭიქა შეუვსო, იულიამ კი ასწია და სანამ დალევდა, თქვა:
– ეს ნოდარს გაუმარჯოს, ჩემს გაბრაზებულ კაცს!
მესამე ჭიქის შემდეგ გამცილებელმა ხელი ჩაჰკიდა ნოდარს და უთხრა:
– წამოდი, ჩემს ქოხში მეწვიე, – შემდეგ კი კაპიტანს მიუბრუნდა: – აბა, დილამდე, ერთგულო ქმარო, ტკბილ ძილს გისურვებ!
– კარგ დროსტარებას გისურვებთ! დილამდე! – მიუგო იულიას ვასომ და თვალი ჩაუკრა.
ნოდარი მხოლოდ ნაშუადღევს დაბრუნდა კუპეში, მანამდე კი იულია ეწვია ვასოს და უთხრა:
– კარგი მეგობარი გყავს. ასეთი ულაყი კარგა ხანია, არ შემხვედრია.
– ახლა რას აკეთებს?
– სძინავს, მაგრამ, სადგურიდან რომ გავალთ, გავაღვიძებ და ცოტა მოგვიანებით გამოგიგზავნი.
ნოდარი კუპეში რომ დაბრუნდა, ვასომ ჰკითხა:
– როგორი იყო, მოგეწონა იულიჩკა?
– გიჟია, მაგის დედაც... ნამდვილი ცოფიანია. გაღვიძება არ მაცალა, ისე დამაცხრა.
ვასომ გულიანად გადაიხარხარა და მიუგო:
– აბა, შენ რა გეგონა? რუსი ქალის სიყვარული ადვილი არ არის. აი, ნახე, თუ მოგეშვას. სანამ თბილისში ჩავალთ, სიქას გაგაცლის.
კაპიტანი არ შემცდარა – გამცილებელმა, ფაქტობრივად, გაიტაცა ნოდარი – თავის კუპეში წაიყვანა და თვითონაც მხოლოდ მაშინ გამოდიოდა იქიდან, როდესაც რომელიმე დიდ სადგურზე ჩერდებოდნენ. ხოლო, შავი ზღვისპირეთში რომ შევიდნენ, იულიამ უთენია მიუკაკუნა ვასოს და გააღვიძა. შემდეგ კუპეში შევიდა და კაპიტანმა მას ჰკითხა:
– მშვიდობაა?
– ბოდიში, უთენია რომ გაგაღვიძე. ტუაფსეში შევდივართ.
– მერე? – ვასომ თვალები მოიფშვნიტა და დაამატა: – ნოდარი როგორაა?
– კარგად. ახლა სძინავს. ზღვისპირეთში ვართ. მალე ადლერში ჩავალთ, იქ კი თორმეტი საათი უნდა გავჩერდეთ და შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– რა თხოვნა? – ჰკითხა ვასომ.
– შენ და ნოდარი, ალბათ, გავლასა და ზღვაში ბანაობას აპირებთ – ასე აკეთებს ყველა ტრანზიტული მგზავრი და, იქნებ, მე დამითმო?
კაპიტანი უცებ ვერ მიხვდა იულიას სიტყვების აზრს და ჰკითხა:
– რა უნდა დაგითმო?
– ნოდარი, – მიუგო გოგონამ, – მე მინდა მასთან ერთად გავლა. ერთი ველური პლაჟი ვიცი და იქაც წავიყვან. დამითმობ?
ვასოს გაეცინა და მიუგო:
 – წაიყვანე, მაგრამ, ისე ნუ იზამ, რომ, ან ძალები გამოეცალოს ან ზღვაში დაგეხრჩოს.
– მადლობელი ვარ. დარდი ნუ გაქვს, საღამოს საღ-სალამათს ჩაგაბარებ, – მიუგო კაპიტანს იულიამ, თვალი ჩაუკრა და სანამ გავიდოდა, უთხრა: – დაიძინე, დაიძინე, ჯერ ადრეა.
ვასოს აღარ ჩასძინებია და წამოდგა. ჩაიცვა და გააბოლა. ის არც აპირებდა მატარებლის დატოვებას. გამცილებლის სიტყვები რომ გაახსენდა, გაეცინა და ჩაილაპარაკა:
რაც მართალია, მართალია, კარგი მოსიყვარულე ქალები ჰყავთ რუსებს და იციან დროსტარების გემო...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3