როგორ ავარჯიშებენ 4-5 წლის ბავშვებს მომავალ თვითმკვლელებად და როგორ აგროვებენ ტერორისტები სექსმონებს მომავალი თვითმკვლელების გასაჩენად
პარიზულმა ტერაქტმა მთელი ცივილიზებული სამყარო შეაფხიზლა და, როგორც იქნა, მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ისლამურ სახალიფოს მხოლოდ მოკრძალებული ავიადარტყმებით ვერ გაუმკლავდებიან. თუმცა იმ შემთხვევაში კი, თუ ტერორისტების ინფრასტრუქტურის განადგურება მოხერხდება, ტერორისტებთან ბრძოლა გაცილებით რთული იქნება. როგორ ანეიტრალებენ ტერორიზმის საფრთხეებს თანამედროვე სპეცსამსახურები და სად დაუშვა შეცდომა საფრანგეთის შესაბამისმა სტრუქტურამ, – ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია – სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი გვესაუბრება.
– რა სპეციფიკით მუშაობენ სპეცსამსახურები ტერორიზმის საფრთხის პრევენციისას?
– კითხვაც ისეთივე რთულია, როგორც პასუხი იქნება რთული და თავად ეს პროცესია ურთულესი. ჯერ უნდა გავიგოთ, რა არის თვითონ ტერორიზმი. ეს არ არის ჩვეულებრივი კრიმინალი, წინასწარგანზრახული დანაშაული მხოლოდ, ეს უფრო მეტია. დღეს ასზე მეტი განმარტება აქვს ტერორიზმს, ერთ დეფინიციამდე ვერ მივიდნენ თეორეტიკოსები და ექსპერტები. ძირითადად, ტერორიზმის ოთხ სახეობას გამოყოფენ: რელიგიური, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეთნიკური. ხშირად ეს სიმბიოზიც იქმნება და ოთხივე სახეობა ერთადაა წარმოდგენილი. ანუ ტერორიზმი, როგორც ფენომენი, შესწავლის პროცესშია და ამდენად, მისი პრევენცია, თავიდან აცილება წარმოუდგენლად რთულია. ხანდახან მგონია, თითქმის შეუძლებელიცაა ამ ჭირის სრულად დამარცხება. დავიწყოთ იმით, რომ ტერორიზმი ეს არის კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც მზადდება საკმაოდ დიდხანს, ორგანიზებულად და ძალიან ზუსტად.
– ზუსტად, ანუ კონკრეტული მიზნისთვის?
– და, რაც მთავარია, კონსპირაციულად. იქმნება მცირე უჯრედები, 4-5-კაციანი ჯგუფები, რომლებსაც ერთი მეთაურობს და მხოლოდ ის ერთი იცნობს შემდგომი ხუთეულის ერთ კაცს, ანუ დაცულია კონსპირაცია, რომ ერთის ჩავარდნის შემთხვევაში, მთლიანად ჯგუფი არ გაიშიფროს. სხვადასხვა გასაგები მიზეზის გამო, ურთულესია ასეთ ტერორისტულ ჯგუფებში შეღწევა, განსაკუთრებით, თუ ის რელიგიური ნიშნითაა დაკომპლექტებული, მაგალითად, როგორიცაა თალიბანი, ისლამური სახელმწიფო. იქ ნდობის საკითხი არის ერთ-ერთი მთავარი. ახალ პიროვნებაზე პასუხისმგებელია მისი რეკომენდატორი. თან, უკვე სპეციალური სკოლებია შექმნილი, რომლებშიც ბავშვებს 5-6 წლის ასაკიდან ამუშავებენ ფსიქოლოგიურად, რომ თვითმკვლელებად მოამზადონ. ეს არის კარგად ორგანიზებული მაფია, სადაც ფუნქციები განაწილებულია, მათი სტრუქტურა მკაცრადაა ჩამოყალიბებული: ჰყავთ ფინანსების მოპოვების ჯგუფი, კონტრდაზვერვისა და დაზვერვის ჯგუფები, ტექნიკური უზრუნველყოფის, შიდა უსაფრთხოების. რეალურად, ეს არის სხვადასხვა მასშტაბის სახელმწიფო წარმონაქმნივით თავისი ინსტიტუტებით, რასაც ემატება ფანატიზმი და იდეოლოგიური და რელიგიური ბურუსი და ეს ჯერ კიდევ ასასინებიდან მოდის. სწორედ ისინი ამზადებდნენ თვითმკვლელებს და შეგვიძლია, მივიჩნიოთ ამის ფუძემდებლებად. მართალია, პოლიტიკური ტერორიზმი ჯერ კიდევ ძველი რომიდან და საბერძნეთიდან მოდის, მაგრამ რელიგიური ტერორიზმის ფუძემდებლებად ასასინები უნდა ჩავთვალოთ, რომლებიც თვეობით და წლობით გეგმავდნენ ოპერაციას. „ქართლის ცხოვრებაშიც“ არიან მოხსენიებულნი, როგორც მიპარვით მკვლელნი. ისინი მიხვდნენ, რომ თურქ-სელჯუკებს რაოდენობით ვერ აჯობებდნენ და ასეთი მკვლელობების სერია დაგეგმეს, რომელშიც თვითონაც იღუპებოდნენ, მაგრამ მათ მიერ ტერაქტის მომზადება იყო მართლაც საოცარი: სწავლობდნენ მსხვერპლის ენას, კულტურას, ხვდებოდნენ მათ გარემოცვაში, ანუ კარგი მსახიობებიც იყვნენ.
– ცივი იარაღით ახორციელებდნენ ტერაქტს.
– ხანჯლით, მაშინ სხვა იარაღი არ იყო, ხანჯალს ძირითადად, ტანსაცმელში მალავდნენ.
– ალბათ, აქედან მოდის გამონათქვამი: შუბი ხალთაში ვერ დაიმალებაო.
– ასასინების მაგალითი საყურადღებოა, იმიტომ რომ, ისლამური ნიშნით შეკრებილ ამ ტერორისტულ ჯგუფებს აქვთ ეს იდეოლოგია.
– კამიკაძეები, თვითმკვლელი ტერორსიტები როდიდან ჩნდებან?
– ეს ტერმინები არ უნდა ავურიოთ: კამიკაძე იყო იაპონელი, რომელიც სახელმწიფოსთვის, თავისი ბატონისთვის იკლავდა თავს. ის თავს იკლავდა, სხვას არ კლავდა.
– თავდაპირველად ტერორისტებს, რომლებიც თავადაც ფეთქდებოდნენ, კამიკაძეებს უწოდებდნენ, შემდეგ დაერქვა მათ თვითმკვლელები.
– მნიშვნელოვანი განსხვავებაა: კამიკაძე სხვას არ ანადგურებდა. ის სინდისის ქენჯნის გამო, თვითშეწირვით ცდილობს, გამოისყიდოს თავისი დანაშაული. ტერაქტის მიზანი კი სხვების განადგურებაა. ძალიან საინტერესო ისტორიული მაგალითებია: ინდირა განდის მკვლელობა დაგეგმეს და განახორციელეს „თამილის ფეხვებმა“ და ის მისმა დაცვამ ხმლით აკუწა. დაახლოებით, ათი წლის შემდეგ კი მისი ვაჟიც ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა: შეხვედრაზე ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში მასთან ახალგაზრდა ქალი მივიდა თაიგულით ხელში, თავიც აიფეთქა და უახლოეს რადიუსში რამდენიმე ადამიანიც დაიღუპა. ტერორიზმის განვითარება პლასტიკური ასაფეთქებლების შექმნამაც გამოიწვია. ხალხმრავალ ადგილებში, როგორც წესი, ხდება სკანირება, ლითონის ასაფეთქებელს კი მარტივად აღმოაჩენს დაცვა. ამდენად, რაც წინ წავიდა ტექნოლოგია, მით რთული გახდა ასაფეთქებლის აღმოჩენა. ქამარი პირობითია, ასაფეთქებელი ზოგს ფეხსაცმლის ქუსლში აქვს, ზოგს – თმაში, ანუ სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვთ დამაგრებული და ეს ართულებს არა მარტო პრევენციას, არამედ ტერაქტის თავიდან აცილებასაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკოსის მოღვაწეობა მუდმივად მასებში ყოფნაა, ისინი საკმაოდ იოლი სამიზნეები არიან.
– რა შეცდომები დაუშვა ფრანგულმა სპეცსამსახურმა 13 ნოემბერს?
– ზოგადად გეტყვით, რა შეცდომებს უშვებენ სპეცსამსახურები და იგივე გავრცელდება პარიზის ტერაქტზეც. გარკვეულწილად, დათვური სამსახური გაუწია სპეცსამსახურებს ტექნოლოგიებმა. დემოკრატიულ ქვეყნებში, თუნდაც, ერთი პიროვნების, ძალოვანისა თუ სპეცსამსახურელის დაღუპვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საკმაოდ საგანგაშოა და დიდ პრობლემად ითვლება. ამიტომ ყველა დემოკრატიული ქვეყანა ცდილობდა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში გამოეყენებინა ტექნოლოგია. იგივე „დრონები“ თუ თანამგზავრული დაზვერვა, რომ თანამშრომლების მსხვერპლი ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ტექნოლოგიურად არანაკლებად არიან მომზადებულები ტერორისტებიც. რვაწუთიანი ვიდეოც გაავრცელეს ინტერნეტით, რომელშიც ამბობენ, თუ რომელი ტექნოლოგიაა უფრო სანდო, რომ არ მოგისმინონ. ანუ კონტრდაზვერვას ასწავლიან, როგორ დაიმალონ. იმის თქმა მინდა, რომ ტერორიზმის პრევენცია წინმსწრები ინფორმაციის გარეშე, თუ რას აპირებენ ტერორისტები, შეუძლებელია. ვერ ავიცილებთ თავიდან ტერორიზმს მხოლოდ კოსმოსიდან გადაღებული სურათებით. მნიშვნელოვანია აგენტურის, ცოცხალი ადამიანების შეგზავნა ტერორისტულ ორგანიზაციაში, რომლებიც გამოიტანენ მათ გეგმებს. ეს ურთულესი საქმეა და, როგორც ახლახან გითხარით, ყველანაირად ცდილობენ ტერორისტები, რომ გამოავლინონ თავიანთ რიგებში შეგზავნილი აგენტები. აქედან გამომდინარე, ჭირს ტერორისტებთან მხოლოდ ტექნოლოგიებით ბრძოლა.
რაც შეეხება საფრანგეთის ტერაქტს: საერთოდ, საფრანგეთის სპეცსამსახურები არ სარგებლობდნენ ისეთი მაღალი შეფასებებით, როგორიც აქვთ ებრაულ „მოსადსა“ თუ ბრიტანულ „მი 5-ს“, თუნდაც, შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს. მათ ზედაპირულ მოქმედებებში სდებდნენ ბრალს კოლეგებიც, თუმცა ერთი სფეროა, რომელშიც საფრანგეთის სპეცსამსახურებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს – ეკონომიკური შპიონაჟი. სამწუხაროდ, ახალი ინფორმაციაა, რომ ერთ-ერთი ტერორისტი რამდენჯერმე იხდიდა სასჯელს ბელგიაში ცხოვრებისას სხვადასხვა დანაშაულის გამო. აქ კიდევ ერთი მომენტია: დემოკრატიის პრინციპები და საზოგადოების პირადი ინფორმაციის დაცულობა მნიშვნელოვნად უშლის ხელს სპეცსამსახურებს მუშაობაში. ეს მართლაც ბეწვის ხიდია: სად იწყება და მთავრდება პიროვნების უფლებების დაცვა და სად იწყება ეროვნული უსაფრთხოება და ტერორიზმთან ბრძოლა. ეს სათუთად გასავლელი გზაა და ყველამ ვიცით, რომ იმავე შეერთებულ შტატებში, 2011 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მოქმედებს პატრიოტის აქტი, რომელიც მაღალ დაშვებას აძლევს სპეცსამსახურებს კომერციულ და პირად ინფორმაციაზე და ეს ბევრჯერ გამხდარა მათი კრიტიკის საგანი. ეს პრობლემები ობიექტურად ქმნის ტერორიზმთან ბრძოლის სიძნელეებს.
– თქვენც ამბობთ, რომ ტერორისტებს აქვთ სკოლები, სადაც პატარა ბავშვებს ზრდიან თვითმკვლელებად. თანამგზავრებიდან ამ სკოლების მიგნება არ შეიძლება?
– „ალ ჯაზირამ“ დადო ინფორმაცია, როგორ ავარჯიშებს ტერორისტული სახელმწიფო ავღანეთში 5-6 წლის და ცოტა მოზრდილ ბავშვებს, როგორ ასწავლიან პისტოლეტის, ხელყუმბარის ხმარებას. თანამგზავრიდან ასეთი ათასობით სკოლა გამოჩნდება. თუმცა ამ ბოლო დროს ვრცელდება მოსაზრება, რომ ეს არ არის რელიგიური ფანატიზმი, მაგრამ ფაქტია, ამ სკოლებში ასწავლიან, რომ ჯიჰადი კარგია. მართალია, ყურანში არსად წერია, რომ უნდა მოკლა ადამიანი, რომელსაც ალაჰის არ სწამს, ტერორისტები ამას ეფარებიან. ზუსტად ესაა ასასინების იდეოლოგია, რომ თვითმკვლელები მოხვდებიან სამოთხეში და ექნებათ ყველა ის სიამოვნება, რაც ამჟამად მათთვის ამ ცხოვრებაში აკრძალულია.
– ბავშვები საიდან ჰყავთ: მათ იტაცებენ, ყიდულობენ?
– მრავალი ვარიანტია: დაწყებული მშობლის ნებართვით და თვითონ მშობლებიც შეიძლება, იყვნენ ჩართულები და დამთავრებული მოტაცებით ან ყიდვით. რამდენიმე წელია, ისლამურ სახელმწიფოში არიან სექსმონები და ზოგიერთი ქალი იქ ნებაყოფლობითაც მიდის. ვიცით, რომ საქართველოდანაც წავიდა რამდენიმე.
– ბავშებს უჩენენ?
– მომავალი მებრძოლების გასაჩენად. ესეც გათვლილია, რომ მომავალი მებრძოლები დაიბადონ.
– სანამ ესენი გააჩენენ და ის ბავშვები გაიზრდებიან, რომ ცოცხალ ბომბებად იქცნენ?
– ვიცით, რომ რამდენიმე ათასი დასავლეთ ევროპელი არამუსლიმანია წასული, რომლებმაც იქ მიიღეს, ალბათ, მუსლიმანობა. ცნობილი რუსი გოგონას მაგალითს გაგახსენებთ, რომელიც დააკავეს რუსეთ-სირიის საზღვარზე. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე სცადა გადასვლა. მას შეძლებული ოჯახი ჰყავს, მაგრამ გავლენის ქვეშ მოექცა. ტერორისტებს ინტერნეტში აქვთ სპეციალური საიტები, კარგი ფსიქოლოგებიც არიან, ჰყავთ პროფესიონალი გადამბირებლები. დავარქვათ ასე: სულებზე მონადირეები, რომლებსაც აქვთ ალღო, რომ უპოვონ ადამიანს სუსტი წერტილი და დაითანხმონ. ასე რომ, ეს რთული და კომპლექსური პრობლემაა: ეკონომიკური, სოციალური, რელიგიური. ამას დავამატოთ ეთნიკური მომენტიც: არ არის დასამალი, რომ სამხედრო კონფლიქტისას ავღანეთში, სირიასა თუ ერაყში ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და მოკავშირეების ავიადარტყმებს ხშირად ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, შეცდომით, მაგრამ ეს იწვევს საპასუხო შურისძიების ტალღას.