ჯიჰადისტების რისხვა
ვინ ასროლინებს ტერორისტებს კუდით ქვას
სანამ მსოფლიო ტერორიზმს ებრძვის, ხოლო ისლამისტები შიშის ზარს სცემენ დედამიწის მოსახლეობას, გაირკვა, რომ ქალის ხელით მოკლული ჯიჰადისტი, აგრერიგად რომ ლამობს სამოთხეში მოხვედრას, როდესაც გვხოცავს, ისევე ვერ ეღირსება სამოთხის სიტკბოს, სადაც 72 ქალწული და განცხრომა ელის, როგორც ვერასდროს იხილავს საკუთარ ყურებს. ამიტომაც შეიარაღებულ ქალებს ისე უფრთხიან, როგორც ჯოჯოხეთის მაშხალებს.
ამის გათვალისწინებით, ქურთ ქალებს 123-წევრიანი შენაერთი ჩამოუყალიბებიათ, რომელშიც 17-დან 30 წლამდე ქალია. მათი მეთაური კი წარმატებული მომღერალი, 30 წლის ხატე შინგალი ყოფილა და ტერორისტებს ერაყში ებრძვიან.
გარდა ტერორიზმთან ბრძოლისა და საკუთარი საცხოვრებლის დაცვისა, სხვა მოტივაციაც აქვთ. მოგეხსენებათ, ისლამისტები იტაცებენ ქალებს, რომ სექსმონებად ამუშაონ და ბავშვები, ანუ მომავალი თვითმკვლელები გააჩენინონ.
ბოლო მონაცემებით, ისლამისტებს გაუტაცებიათ 5 000 და დაუხოცავთ 500 იეზიდი; 19 გოგონა კი იმისთვის, რომ უარი უთქვამთ სექსუალურ მონობაზე: სექსუალური მონების კატალოგის მიხედვით, ბავშვის ფასი 165 აშშ დოლარია.
ბუნებრივია, იეზიდ ქალებს – ჩვენი დიდი პატივისცემა, მაგრამ არც იმის შეტყობაა ურიგო საქმე, რომ ქალის ხელით სიკვდილი ისლამისტი ტერორისტისთვის ყველაზე კოშმარული მოვლენაა.
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველ ქალებს ჯერჯერობით იარაღით ხელში მასობრივად არ დაუცავთ ქვეყანა (აქამომდე მხოლოდ თავიანთ ოჯახებს იცავენ ეკონომიკურად), ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანასაც გაუმართლა და ჩვენს თანამემამულე მამაკაცებსაც, ცოტას სროლაში თუ წაგვავარჯიშებენ, ტერორისტებს კუდით ქვასაც ვასროლინებთ და მუსრსაც გავავლებთ! –