„საოცნებო“ სენტენციები
„ასი მტერი ვერას ავნებს“
რაკი ზოგ-ზოგიერთმა დაივიწყა რუსთაველის შეგონება: „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ და ისიც, რომ „ასი მტერი ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს“, მოუწია კიდეც საპარლამენტო მანდატის გამომშვიდობება.
თუმცა სრულიად დარჩენილებზე ეს მაგალითი მთლად სამაგალითოც ვერ აღმოჩნდა, რადგან, სახელდობრ, გასულ კვირას ხალხის რჩეულმა ქ-ნმა გუგული მაღრაძემ კვლავ შემოგვთავაზა თავისი ორიგინალური განმარტებები.
კვლავ-მეთქი, რადგან მისსავე ბაგეებს ეკუთვნის პოლიტიკური „სენტენციები“, რომ მისი სიძე კარგი სპეციალისტია და იმაზე მეტიც კი ეკუთვნის ხელფასად, ვიდრე იღებს (ხოლო იღებს სამნულიან საბიუჯეტო ხელფასს); ვინც ეძებს, ის პოულობს სამსახურს და მისთანანი.
შესაბამისად, გასულ კვირას გვაუწყა, რომ (პენსიების 10-ლარიანი მატების საკითხის განხილვისას), მართალია, მისთვის 10 ლარი არაფერია, მაგრამ, სამაგიეროდ, პენსიონერისთვის ეს ხელშესახები თანხაა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ქ-ნი მაღრაძე პროფესიით ფსიქოლოგია, წესითა და რიგით, სხვებისგან განსხვავებით, ის მაინც უნდა იცოდეს, სად რა და რა ფორმით უნდა თქვას.
მაგრამ, თუმცა, როგორც ჩანს, მაღალ-მაღალი სკამი სასწაულებრივად ზემოქმედებს და არა მხოლოდ ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად, თანამემამულეები მღილადაც კი აღარ გეჩვენება.