ფრიდონ თოდუა – ქართული მედიცინის ბრენდი
მინი-დოსიე: აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი; მუშაობდა მოსკოვის აკადემიის ა.ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა რიგითი მეცნიერ-თანამშრომლიდან საბჭოთა კავშირში პირველად მის მიერ შექმნილი კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელამდე; დააარსა და ხელმძღვანელობს კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტს; 1998 წლიდან არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის დირექტორი სამედიცინო რადიოლოგიის სპეციალობაში; ხელმძღვანელობს სამედიცინო აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის კათედრას ენდოსკოპიის კურსით; 1999 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური მედიცინის დეპარტამენტს; ფრიდონ თოდუა 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 8 მონოგრაფიის ავტორია, მათ შორის 3 მონოგრაფია გამოქვეყნებულია უცხოეთში; მიღებული აქვს 5 საავტორო და 15 საპატენტო მოწმობა გამოგონებაზე; არის 200-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე, 80-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი; არის თბილისის საპატიო მოქალაქე; ასევე, მიღებული აქვს: ევროპის ღირსების ორდენი ერთიანი ევროპის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ჰენრი კისინჯერთან ერთად (1999); მალტის ორდენი (1999); ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ ფრიდონ თოდუა საზოგადოების წინაშე კეთილშობილური მიღწევებისთვის აღიარებულია 2003, 2008 და 2011 წლების „წლის საუკეთესო ადამიანად...” და კიდევ უამრავი ჯილდო, სიგელი და აღიარება – მისი რეგალიების ერთ საჟურნალო პუბლიკაციაში ჩამოთვლა რთულია...
– როგორ იწყებოდა და როგორ ვითარდება დღეისთვის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და რა სიახლეები დაინერგა აქ?
ფრიდონ თოდუა: მინდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში არაფერი მიმიღია იოლად. თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის წყალობით. ბავშვობიდან მივეჩვიე, რომ მიზნების შესასრულებლად შრომაა საჭირო, თუმცა, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ჩვეულებრივად გავხდი, რადგან ექიმობა ბავშვობიდან მქონდა გადაწყვეტილი და შინაგანად მზად ვიყავი ამისთვის. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოსკოვში, ქირურგიის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა უბრალო ქირურგად, საყოველთაოდ განთქმული მედიცინის, ქირურგიის ტაძარში, რომელსაც ხელმძღვანელობდა უდიდესი პიროვნება, უძლიერესი ქირურგი ალექსანდრ ვიშნევსკი. დავიცავი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, გავხდი პროფესორი, სახელმწიფო პრემიის, აგრეთვე სხვა პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი და ბედნიერად მიმაჩნდა თავი, რომ უდიდეს ადამიანებთან და პროფესიონალებთან ერთად მიხდებოდა მუშაობა. ვიყავი ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც საბჭოთა კავშირში კომპიუტერულ ტომოგრაფიას ჩაუყარა საფუძველი. მომიწია, გავმხდარიყავი მეურნეც, მომმარაგებელიც. მერწმუნეთ, არ იყო იოლი, მაგრამ, ეს იყო მიღწეული წარმატების, განხორციელებული გეგმების, საკუთარი შრომის ნაყოფის ხილვით მიღებული უდიდესი სიამოვნება. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი სამშობლოში და მეც ვყოფილიყავი მონაწილე ამ ისტორიული პროცესებისა. ზოგადად, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ, როგორი წარმატებული და დაფასებულიც არ უნდა იყო კაცი, სრულყოფილი პიროვნება მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში შეიძლება გახდე. მძიმე დრო გამოვიარეთ ყველამ, მაგრამ მოთმინებამ, რწმენამ, შრომამ თავისი ნაყოფი გამოიღო, როგორც ყოველთვის...
ჩვენი ინსტიტუტი საქართველოში იყო პირველი, სადაც ამუშავდა კომპიუტერული ტომოგრაფია და შემდგომშიც არცერთხელ არ დაგვითმია პირველობა მედიცინის არცერთ სფეროში. 1991 წლის 25 მაისს ამიერკავკასიის რკინიგზის დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნით საქართველოში, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა მედიცინის ახალ მიმართულებას – სამედიცინო რადიოლოგიას. ახლა ის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტია, სადაც თავმოყრილია ყველა სახის თანამედროვე სამედიცინო აპარატურა. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ინსტიტუტი გახლავთ ლიდერი დღეს საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებათა შორის, და, არამარტო საქართველოში, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე პრაქტიკული საქმიანობით და სამეცნიერო პოტენციალითაც. ჩვენ ორიენტირებული ვართ სიახლეებზე, არასდროს ვყიდულობთ მეორად, ნახმარ და მოძველებულ ტექნიკას. ევროპის ნებისმიერ მოწინავე კლინიკას შეშურდება ტექნიკა, რომელიც ჩევნთან ფუნქციონირებს – სხვადასხვა სიმძლავრის ხუთი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი; ოთხი კომპიუტერული ტომოგრაფი და, რაც მთავარია, გვყავს შესანიშნავი, კარგად მომზადებული ახალგაზრდა კადრები, რაც, ვფიქრობ, ყველაზე დიდი წარმატებაა, რადგან ესაა წარმატებული მომავლის გარანტი. მე მიხარია, რომ ახალგაზრდები, რომლებმაც ჩვენთან დაიწყეს მუშაობა 20 წლის წინ, დღეს წარმატებული და ცნობილი სპეციალისტები არიან. ინსტიტუტი არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების ცენტრი. აქ არსებული სასწავლო კათედრები და კურსები უზრუნველყოფენ სტუდენტების, რეზიდენტების, ასპირანტებისა და ექიმ-რადიოლოგების სრულფასოვან სპეციალისტებად ჩამოყალიბებას. ჩვენს ქირურგიულ განყოფილებებში 2 000-ზე მეტი გეგმური ოპერაცია ტარდება წელიწადში და თავისთავად ეს ფაქტი უკვე მრავლისმეტყველია. განახლების, ბოლო თაობის ტექნოლოგიების გარეშე, დღეს არა მარტო პროფესიული სრულყოფა, არამედ მედიცინის არსებობაც კი წარმოუდგენელია. რადიოლოგია განსაკუთრებით ძვირად ღირებული დარგია და მოითხოვს სერიოზულ ინვესტიციებს განახლებისა და განვითარებისთვის. დავამონტაჟეთ ბოლო თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი; კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც მთელი ორგანიზმის კვლევის საშუალებას იძლევა. ეს გახლავთ ადამიანის აზრისა და მეცნიერების ბოლო სიტყვის ხორცშესხმის ნაყოფი. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ესაა უდიდესი შენაძენი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ქართული მედიცინისთვის.
– საზოგადოებისთვის ცნობილია და პრესაშიც არაერთხელ დაიწერა, რომ თქვენ მიერ განხორციელებულ იქნა რამდენიმემილიონიანი კაპიტალდაბანდება ახალი პროექტისთვის, რომელიც საქართველოში სხივური თერაპიის განვითარებას უკავშირდება. რატომ არის ეს პროექტი ასეთი მნიშვნელოვანი?
– დიახ, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ორი ახალი, ბოლო თაობის სხივური თერაპიის დანადგარი ამოქმედდა. საზოგადოება მორიგი, სრულიად უნიკალური პროექტის დაგვირგვინების მოწმე შეიქნა – 2 ახალი აპარატი, რომელიც ამუშავდა ინსტიტუტში, გახლავთ ცნობილი ამერიკული ფირმა „ვარიანის“ წარმოების „თრუბიმის“ მოდელის მაღალი ენერგიის სხივური ამაჩქარებელი – თანამედროვე ონკოლოგიაში სხივური თერაპიისთვის განკუთვნილი ბოლო თაობის ერთ-ერთი საუკეთესო დანადგარი. ვიდრე ორიოდ სიტყვით მოგახსენებდეთ, რით არის ის ესოდენ გამორჩეული, საჭიროდ მიმაჩნია მცირეოდენი განმარტება: საქართველოში ყოველწლიურად აღირიცხება დაახლოებით 14 000 ახალი ონკოლოგიური პაციენტი, რომელთა 65-70 პროცენტს სხივური თერაპიის პროცედურების ჩატარება ესაჭიროება. ეს აქამდეც კეთდებოდა და ახლაც კეთდება საქართველოში, მაგრამ მოძველებული აპარატურა სასურველ შედეგს ვერ იძლევა, რადგან დასხივება სიმსივნით დაავადებული ორგანოს ჯანსაღ ნაწილებსაც აზიანებს. „თრუბიმის” საშუალებით კი ხდება მხოლოდ სიმსივნურად გადაგვარებული ქსოვილების დასხივება, თანაც ისე, რომ ფაქტობრივად, არ ზიანდება ჯანსაღი ქსოვილები. საქმე ის გახლავთ, რომ, ყოველივე ზემოთქმულის გამო, საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი, კვალიფიციური სხივური თერაპიის კურსის გავლისთვის, იძულებული ხდებოდა, უცხოეთში წასულიყო სამკურნალოდ, რაც, მოგეხსენებათ, ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი სახსარიც მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნია და, ამდენად, მოკლებული იყო მკურნალობის შესაძლებლობას. ამიტომაც შევიძინეთ ამერიკული ფირმა ,,ვარიანი” – საბოლოო, სანდო და უპირობო პარტნიორი, როგორც დღევანდელ მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში საუკეთესო სხივური ამაჩქარებლების მწარმოებელი.
– თქვენი, როგორც ექიმის სამუშაო პრინციპები როგორია და პაციენტებთან ურთიერთობისას რას ანიჭებთ უპირატესობას?
– ექიმი არის ის, ვისაც უყვარს ადამიანი, რეალურად შესტკივა გული მის პრობლემებზე და შეუძლია, იყოს თავშეკავებული და გულისხმიერი ყველა სიტუაციაში. ექიმობა არის ცხოვრების წესი; კარგი ექიმი არის ის, ვინც თავს უძღვნის თავის საქმეს. ეს საქმე ურთულესია და უკეთილშობილესი პროფესიათა შორის. ვფიქრობ, დღევანდელ დღეს, როცა ასეთი მოთხოვნები წაეყენება პროფესიას, მისი არჩევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ნამდვილად მოწოდებას გრძნობს ადამიანი.
– ქართული მედიცინის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი ხართ. როგორ ფიქრობთ, რით დაიმსახურეთ პაციენტების ნდობა?
– ვფიქრობ, შრომითა და მიზანდასახულობით – ძირითადად ესაა ყველა წარმატების საიდუმლო. ალბათ, ალღოსაც უნდა ვუმადლოდე მეგობრებისა და თანამშრომლების შერჩევისას – ადამიანები, რომლებიც ჩემ გვერდით დგანან მთელი ეს პერიოდი, ყოველდღიურ რუტინასთან ერთად წარმატებებსაც იზიარებენ; ასევე, ქრისტიანული, ზოგადად ადამიანური კატეგორიების მიმართ პატივისცემით. შესაძლოა, ჩემი საქმიანობიდან, დატვირთული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ზედმიწევნით ეკლესიურად არ მიცხოვრია, მაგრამ, ქრისტიანული ღირებულებები ცხოვრებაში ნამდვილად ჩემი ყოველი ნაბიჯის განმსაზღვრელია.