როგორ შექმნა მერაბ ფოლადაშვილმა ქართული საწვავი და რის გამო არ გააჩნია მსოფლიოში ანალოგი მის უსადენო ენერგიის გადამცემ აპარატებს
დამეთანხმებით, იმდენი მანქანა დადის დღეს ქუჩებში და მათი გამონაბოლქვი გარემოს ისე აბინძურებს, რომ ადამიანების ჯანმრთელობას რეალურად უქმნის საფრთხეს; ამას ემატება ის რადიაციული გამოსხივება, რასაც საყოფაცხოვრებო ტექნიკისგან ვიღებთ; თუმცა, დღევანდელობაში მანქანის, მობილურის, ლეპტოპის და სხვა ტექნიკური მოწყობილობების გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია საქმეების მოგვარება. საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის თანამშრომლების გამოგონება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, მისწრებაა. როგორც გამომგონებელი და „სათის” (ანუ – „საქართველო აწარმოებს თვითონ”) დირექტორი ამბობს, სულ მალე საქართველოში შესაძლებელი გახდება, წყლისა და ნახშირორჟანგის შენაერთით მივიღოთ საწვავი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება, რაც, გარდა ეკოლოგიურისა, ბევრ სხვა პრობლემასაც მოაგვარებს.
მერაბ ფოლადაშვილი: დაახლოებით ხუთი წლის წინ ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა სხვადასხვა ტიპის კვლევებს. ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შევქმენით სამუშაო ლაბორატორია, რის შემდეგაც განვავითარეთ სხვადასხვა ტიპის მოდულები. ექსპერიმენტები პირველ ეტაპზე მიმდინარეობდა ელექტროენერგიის უსადენო გადამცემის მიმართულებით; ვაკეთებდით სხვადასხვა სახის ხელსაწყოებს, რომლის საშუალებითაც ხერხდებოდა დისტანციის ნელ-ნელა გაზრდა, სხვადასხვა დატვირთვა მაღალ სიმძლავრეებზე, ანუ, 100 ვატიდან ზევით. ასეთი გამოგონება მსოფლიო ბაზარზე არ არის. ელექტროენერგიის უსადენო გადაცემა იმ მანძილზე, რომელზეც ჩვენი ხელსაწყოთია შესაძლებელი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოგონილ მსგავს აპარატურას, უბრალოდ, არ შეუძლია. ასე რომ, ამ კუთხით ჩვენ ნამდვილად ვუწევთ კონკურენციას ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას და კონკურენტიც არ გვყავს. ამჟამად კი ვაწარმოებთ საექსპერიმენტო მოდელებს, რომლებიც ტესტირებას გადის და ეს გადამცემები უახლოეს მომავალში სხვადასხვა ზონაში იქნება დამონტაჟებული.
სავარაუდოდ, თბილისში ექვს თქვეში მოხდება ხუთკილომეტრიანი ზონის ათვისება, რომელიც იქნება ექსპერიმენტული მოდელი და, ნებისმიერ გამვლელს, რომელიც მოხვდება დაფარვის ზონაში, ავტომატურად დაეტენება მობილურები, ლეპტოპები და ასე შემდეგ, მათ შორის – ელექტრომობილებიც. თავიდან ეს, რასაკვირველია, იქნება საზღაურის გარეშე, შემდეგ კი ამას მიეცემა აღრიცხვიანობის ფორმა.
– თქვენი გამოგონებული აპარატის გამოსხივება ადამიანის ჯანრთელობისთვის უსაფრთხოა? ამ მხრივ თუ გაიარეთ ტესტირება?
– რასაკვირველია, გადამცემ მოდულს გააჩნია ელექტრონული გამოსხივება, ანუ, მიკრომაგნიტური რეზონანსის ტალღის საშუალებით ხდება აპარატურის დატენა, რაც აბსოლუტურად უსაფრთოხა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სხვათა შორის, გერმანიის ონკოლოგიურ ცენტრში ჩატარდა კველვა და მივიღეთ დასკვნა, რომ ამ აპარატურის გამოსხივება აბსოლუტურად უვნებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის და შეესაბამება ყველა არსებულ სტანდარტს.
– ბატონო მერაბ, ამ მეთოდით, რა სიხშირის აპარატურის დატენა იქნება შესაძლებელი?
– 400 ვატის მქონე ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა შეიძლება დაიტენოს, ანუ, დაახლოებით 700 მობილური ტელეფონი (ყველანაირი სიმძლავრის). ელექტრომობილების შემთხვევაში კი სხვა მიმართულებას ვგეგმავთ – უფრო მძლავრი აპარატურის დამონტაჟებას. აპარატები დაიდგმევა 400-500 მეტრის დაშორებით და მათი საშუალებით უნდა ავითვისოთ სხვადასხვა ტიპის რელიეფური რეგიონები. ჩვენი ქვეყანა, ძირითადად, მთაგორიანი რელიეფით გამოირჩევა და, შესაბამისად, ამოვარჩევთ იმ ადგილებს, საიდანაც ადვილად მოხდება ტალღების გამოსხივების დაჭერა. ამ აპარატურის დამონტაჟება მთელი საქართველოს მასშტაბით, ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვისა და ეკონომიკური წინსვლისთვის; ის გამოგონება, რომელიც აქ იქმნება, უნდა დაინერგოს ჩვენთან – ამით მოხდება ჩვენი უპირატესობის დამტკიცება, ეკონომიკის გაჯანსაღება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით უნდა გაიზარდოს ტურისტული ფონი.
– ამ გამოგონებას ტურისტულ სფეროსთან რა კავშირი აქვს?
– როგორც გითხარით, მსგავსი სისტემა მხოლოდ ჩვენთან, საქართველოში იქნება დანერგილი, არ ექნება ანალოგი მსოფლიოში და ბევრი დაინტერესებული პირი ჩამოვა, რათა ეს თავისი თვალით ნახოს. ეს ის კომფორტია, რომელიც დღეს აუცილებლობაა. ძირითადად, მომავალში ამით არ იგეგმება მობილურების დატენის პრობლემის გადაჭრა, უფრო დაგეგმილია ასეთი სახის მოდულების დამონტაჟება ელექტრომობილების რაოდენობის გასაზრდელად.
– ანუ, ის ავტომობილები, რომლებიც დენზე მუშაობენ, ეკოლოგიურად სუფთაა და ადამიანის ჯანმთელობაზეა გათვლილი?
– დიახ, ჩვენ სწორედ ამ კუთხით გვაქვს მიმართულება აღებული. დღეს საკმაოდ ბევრი საავტომობილო ფირმა უშვებს მანქანებს, რომლებიც ელექროენერგიაზე მუშაობენ და, როცა ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა იქნება ამისთვის მომზადებული, უფრო ადვილად ადაპტირდება, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომლებსაც ამ ტექნოლოგიის ეტაპობრივად ათვისება შეეძლება. ჩვენი გამოგონება დაპატენტებულია და მას ვერავინ გამოიყენებს მსოფლიოს მასშტაბით. ასე რომ, სულ მალე მომრავლდება ავტომობილები, რომლებიც საწვავის გარეშე, ელექტროენერგიის ხარჯზე შეძლებენ გადადგილებას.
– მსოფლიოში მსგავს თემაზე ბევრი მეცნიერი და ფიზიკოსი მუშაობს. და მაინც, რითია უნიკალური თქვენი გამოგონება?
– მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს გამოგონებაში არ არის ჩართული მხოლოდ ერთი ადამიანი – არ არის ეს მხოლოდ ერთი ადამიანის გამოგონება. ჩვენს მიმართულებაში და ამ ხელსაწყოების დამუშავებაში მუშაობს 15-16 მეცნიერი, მათ შორის – უცხოელი სპეციალისტები. აპარატი საქართველოში მზადდება, თუმცა, ზოგ დეტალს უცხოეთში, კერძოდ, გერმანიაში ვუკვეთთ და აქ ვაწყობთ. ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ გადამცემის ტემპები.
– როგორც გავიგეთ, პირველ ეტაპზე მსგავსი მომსახურება უფასო იქნება. შემდეგ როგორ მოხდება მისი გადახდა და კერძოდ, რა ფორმით?
– თუ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ფონს გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, ოპტიმალურ მაჩვენებელს დავიჭერთ და გავითვალისწინებთ მოსახლეობის გადახდისუნარიანობას, ანუ, იქნება ის ფასი, რომ საქართველოს მოსახლეობას არ გაუჭირდეს მისი გადახდა. როგორც ვიცი, საქართველოში რამდენიმე ასეული ელექტრომობილი, ეკოლოგიურად სუფთა მანქანა დადის და მათთვის ჩვენი მომსახურება გაცილებით მარტივია. მანქანაში დამონტაჟდება სპეციალური ხელსაწყო და, როცა ის მოხდება ჩვენი აპარატის დაფარვის ზონაში, ავტომატურად მოხდება მისი დატენა, შემდეგ კი აღირიცხება მოხმარებული ენერგია და გადახდა მოხდება ისე, როგორც, მაგალითად, მობილურის ანგარიშს ავსებთ და იხდით.
– არ შემიძლია, არ გკითხოთ სინთეზირებულ საწვავზე, რომელზეც თქვენი კომპანია მუშაობს. რა ტიპის საწვავია ეს, როგორ ხდება მისი მიღება და რა უპირატესობა აქვს?
– სინთეზირებული საწვავი არის მიღებული წყალბადის ანუ წყლის დაშლის ეფექტიანობით და ჰაერში მოპოვებული CO2-ით, ანუ, ნახშირორჟანგის დაგროვებით ვიღებთ საწვავის სინთეზირებას. ეს არის ჩვეულებრივი, დიზელის ტიპის საწვავი, რომელსაც ავტომობილში ჩაასხამთ და ჩვეულებრივად ივლით.
– ესე იგი, თქვენი გამოგონებით საქართველოს საწვავითაც მოამარაგებთ?
– დიახ. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, არსებობს მინი-ქარხანა, მინი-აგრეგატი – ლაბორატორიის მოდელი, რომელიც გამოიყენებს წყლის დაშლით, ანუ, ელექტროლიზის საშუალებით ვიღებთ წყალბადს, წყალბადისა და CO2-ის ურთიერთქმედებით ვაკეთებთ სინთეზირებულ დიზელის ტიპის საწვავს, რომელიც არც ფერით და არც თვისებებით არ განსხვავდება სხვა, ტრადიციული ნავთობპროდუქტებისგან. ასეთი ტიპის ქარხნების დამონტაჟების შემთხევვაში, საქართველოს ექნება საშუალება, აწარმოოს საკუთარი ნავთობპროდუქტები, საკუთარი საწვავი და აღარ იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე. ეს გაცილებით იაფიც დაჯდება, რადგან წყალიც ბევრი გვაქვს და ჰაერშიც საკმაო რაოდენობის ნახშირორჟანგია, რომ სინთეზირებული საწვავი მივიღოთ. მთავარია, გამოჩნდეს სპონსორი და ერთიანად მძლავრი ქარხნის აშენება დაფინანსდეს სახელმწიფოს დონეზე, მაშინ იქნება შესაძლებელი, ჩვენს ქვეყანაში ვაწარმოოთ რამდენიმე ასეული ლიტრი საწვავი. ეს არ იქნება კანცეროგენური, რადგან ჩვენ მიერ შექმნილი საწვავი არ გამოიმუშავებს მძიმე მეტალებს, არ დააბინძურებს ჰაერს და ეკოლოგიურადაც სუფთა იქნება.