რა სირთულეების გადალახვა უწევდა 6 წლის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრებისას სალომე დოლიძეს და ვინ იყო მის გამო შოკში
სალომე დოლიძე „ვოისის“ ერთ-ერთი ძლიერი და საინტერესო მონაწილეა, რომელმაც თავისი ულამაზესი ხმით „ბრმა ქასთინგზე“ ჟიურის ყველა წევრი მოხიბლა. თუმცა, მან საბოლოოდ, არჩევანი ნოდიკო ტატიშვილზე გააკეთა. სალომეს და მომღერალი ლიკა დოლიძეა, რომელიც წლების წინ განსაკუთრებულად პოპულარული იყო და დღემდე ყველას ახსოვს მისი ნამღერი.
სალომე დოლიძე: მუსიკალური ოჯახიდან ვარ. მამაჩემი მუსიკოსია, ჩემი და – მომღერალი. თუმცა, მე 17 წლის ასაკში დავიწყე სიმღერა. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ვმღერი, რადგან ბავშვობაში საერთოდ არ ვმღეროდი, ძირითადად, სწავლაზე ვიყავი გადართული. მინდოდა, კარგი იურისტი გამოვსულიყავი, მაშინ მომღერლობაზე არც ვფიქრობდი. ერთ დღესაც კარაოკეში წავიმღერე – მომეწონა, განსაკუთრებით ხალხის რეაქცია, აპლოდისმენტები. ამის მერე ამ საკითხზე სერიოზულად დავიწყე ფიქრი. ჩემი პირველი პროექტი იყო „წარმატების ფორმულა“, რომელიც „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადიოდა – მეორე ადგილზე გავედი. შემდეგ ვმონაწილეობდი „ნუცას სკოლაში“, გავიმარჯვე და ამის მერე, უკვე მოსკოვში წავედი საცხოვრებლად, რადგან ჩემი ოჯახი გადავიდა იქ.
– იქ გააგრძელე მუსიკალური კარიერა?
– კარაოკეში, კლუბში, რესტორანში ვმღეროდი. ძალიან კარგი კომპოზიტორის რამდენიმე სიმღერა მაქვს და აუცილებლად ჩავწერ. ჯერჯერობით ამ კუთხით არაფერი გამიკეთებია. სულ მინდოდა თბილისში დაბრუნება. 6 წელი ვიცხოვრე მოსკოვში, მაგრამ სულ იმაზე ვფიქრობდი, როდის დავბრუნდებოდი. თავიდან მუშაობაც გამიჭირდა, რადგან არ ვიყავი მიჩვეული. მაგრამ, რადგან ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი, ამიტომ მალევე გამიადვილდა. თან, ძალიან კარგ ხალხთან მიწევდა ურთიერთობა. არბატზე იყო ძალიან კარგი რესტორანი, რომელსაც ლამაზი აივანი ჰქონდა და იმ აივანზე ვმღეროდით მე, ლევან შენგელია და აჩი ფურცელაძე. ეს პერიოდი განსაკუთრებით კარგად მახსენდება, რადგან კარგი პროგრამა გვქონდა და თან, ვერთობოდით.
– როგორ შეხვდა შენს ამღერებას ოჯახი?
– დედაჩემი გაოგნებული იყო. 18 წლის რომ გავხდი, დაბადების დღეზე ვიმღერე, მაშინ მომისმინა. შოკში იყო: არ ვიცოდი, თუ მღეროდიო. ამის შემდეგ სულ გვერდში მიდგას, სტიმულს მაძლევს. ჩემი და ბევრი წელია, მოსკოვში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ბავშვების გამო ნაკლები დრო რჩება, უფრო სწორად, არც რჩება, რომ იმღეროს. თუმცა, მუშაობს და მაინც მღერის ხოლმე.
– გახსოვს ის პერიოდი, როცა ლიკა იყო პოპულარული?
– არა, რადგან ჩემზე 10 წლით უფროსია. კონცერტებზე კი დავდიოდი, მაგრამ ეს პერიოდი კარგად არ მახსოვს, რადგან სულ გადარბენაზე იყო თვითონაც – ბევრი კონცერტი ჰქონდა. ჩვენს სახლში სულ სუფრა იყო გაშლილი და სიმღერა ისმოდა, თან ხარისხიანი. მამაჩემის მეგობრები მომღერლები იყვნენ, ჩემი დისაც და არაჩვეულებრივ გარემოში მიწევდა ყოფნა. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ დღეს ვმღერი. ჩემი ყველაზე დიდი და კრიტიკული შემფასებელი სწორედ მამაა. არ არსებობს, მითხრას: უი, შვილო, რა კარგად იმღერეო. მეტყვის: კარგი იყო, მაგრამ... და ამ „მაგრამის“ შემდეგ იწყება რაღაცეები და მე ოთახიდან გავდივარ. თუმცა, მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება მამაჩემისა და ჩემი დის დამსახურებაა. ბავშვობაში ძალიან ბევრი ფირფიტა გვქონდა. ვუსმენდი სტივი უანდერს, უიტნი ჰიუსტონს, „ქვინს.” „ლედ ზეპელინი” უყვარს მამაჩემს. სულ კარგი მუსიკა გვქონდა ჩართული და ამან ბევრი რამ განაპირობა.
– გაგიჭირდა რუსეთში საცხოვრებლად გადასვლა?
– ძალიან. თავიდან ხალისით წავედი. ვიფიქრე: ერთი წელი ვიცხოვრებ და წამოვალ-მეთქი. მოსკოვი ძალიან მაგარი ქალაქია, მაგრამ ისეთი ქაოსია... მე კი მიყვარს სიმშვიდე, სიწყნარე – როგორიც თბილისია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობდა, მეგობრები მყავდა, რომლებთან დღესაც ვმეგობრობ, მოსკოვი არ არის ჩემი ქალაქი. მთელი ექვსი წელი ვფიქრობდი: ახლა წავალ... 5 თვე და წავალ... და ასე ფიქრში გავიდა 6 წელი. თან, აქედან რომ წავედი, სწავლა მივატოვე, მოსკოვშიც კი ვეღარ გავაგრძელე. ახლა დავბრუნდი, თავი აღვიდგინე და ისევ ვაგრძელებ სწავლას. ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, რომ უნდა წამოვსულიყავი. ვეღარ ვძლებდი, პიკზე ვიყავი, აღარ შემეძლო. ჩავალაგე ჩემოდანი და წამოვედი, თან მამაჩემიც ძირითადად თბილისშია. მაშინვე უნივერსიტეტში მივედი, აღვიდგინე თავი. რაც შეეხება „ვოისს“, შემთხვევით გადავწყვიტე. ერთი წელი საერთოდ არ მქონდა ნამღერი და არ ვიცი, რატომ, მაგრამ სიმღერა არ მინდოდა. მეგობრები სულ მეუბნებოდნენ: მიიღე კონკურსში მონაწილეობაო. მეც მომწონდა „ვოისის“ ფორმატი, მაგრამ არ ვფიქრობდი მონაწილეობაზე. ერთ დღესაც კომპიუტერთან ვიჯექი და „ვოისის“ გვერდი გამოჩნდა სოციალურ ქსელში. შევავსე, გავგზავნე, მაგრამ, რადგან დასტური არ მომივიდა, ვიფიქრე: არ გაიგზავნა-მეთქი. დამავიწყდა კიდეც და ერთ კვირაში დამირეკეს: მოდიო. დედაჩემის გარდა, არავისთვის არაფერი მითქვამს. რომ დამირეკეს, მომავალ ტურზე გადახვედიო, მაშინ ვთქვი. ყველასთვის სიურპრიზი იყო. გაგიჟდნენ, გაუხარდათ ძალიან.
– რატომ აირჩიე ნოდიკო?
– ძალიან დავიბენი... უხერხული ყოფილა ასეთ სიტუაციაში ყოფნა. ნოდიკო იმიტომ ავირჩიე, რომ მუსიკალურად ჩემთან ახლოსაა. ვაფასებ, როგორც მუსიკოსს და რაც მთავარია, კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, როგორც პიროვნებას. ჩემთვის აღმოჩენაა, როგორი მოწესირგებული და საკუთარი საქმის პროფესიონალია. საოცრად მშრომელია, უყვარს ის, რასაც აკეთებს, ბოლომდე იხარჯება. სუპერ მოწესრიგებული ადამიანია.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– გათხოვილი არ ვარ, ჯერჯერობით არც ვაპირებ, რადგან მინდა, საქმეს მივხედო. ამ მხრივ, საინტერესო არაფერია, მუსიკაზე ვარ შეყვარებული. ამ ამბავში ძალიან რთული ვარ და ზოგადად, ბევრს ვფიქრობ, ზედმეტად ბევრსაც, სანამ რამეს გადავწყვეტ. „ვოისში“ მონაწილეობის მისაღებად 6-წლიანი ფიქრი დამჭირდა, ისევე, როგორც საქართველოში დასაბრუნებლად. ანუ, ბევრი წელი მჭირდება, რაღაც რომ გადავწყვიტო. იმდენი ხანი ვიფიქრე, სადმე მიმეღო მონაწილეობა, რომ ბოლოს ვთქვი: არც თუ ისე პატარა ვარ... ხანდახან კი მგონია, რომ პატარა ვარ და მომწონს, მინდა... მაგრამ, ასე ხომ არ არის. ამიტომ ვიფიქრე: ახლა თუ არ გავალ კონკურსზე, მერე საერთოდ აღარ მივიღებ მონაწილეობას-მეთქი. ძალიან გამიხარდა, რომ მოვხვდი, რადგან მართლაც კარგი კონკურსია – დიდ გამოცდილებას იძენ, პროფესიონალებთან გაქვს ურთიერთობა. მთავარია, ამ ყველაფერს როგორ მიიღებ.
– ცხოვრებაში საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ჩანხარ.
– ასეთი ვარ. ყველა მეუბნება: შენ როგორი გურული ხარო. რომ ვჩხუბობ, მაშინაც არ ვუწევ ხმას, წყანარად, მშვიდად ვსაუბრობ.
– ეს მერე უფრო მეტად მოქმედებს ადამიანზე.
– კი, მართალია. სხვა რომ ჩხუბობს, მაშინაც არ ვუწევ ხმას, ნაცადი ხერხია, კარგად მოქმედებს. სცენაზეც რომ გამოვდივარ, არ შემიძლია, რამე დავგეგმო – იმას ვაკეთებ, რა ემოციაც მოდის. სიტყვებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ვიცი ინგლისური, მესმის რაზე ვმღერი. ამიტომაც, ხშირად მეუბნებიან: ვის უმღერი, შეყვარებული ხარო. არ არის აუცილებელი, შეყვარებული იყო, ვინმესთვის მღეროდე ან, პირიქით – ვინმეზე გაბრაზებული იყო, რომ ეს ემოცია გამოხატო. სიმღერას მოაქვს ემოციები, გააზრებულად ვმღერი. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ემოციაა.