კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წავიდოდა თუ არა ანა მჭედლიძე თავისი სიყვარულის დასაცავად მშობლების წინააღმდეგ და რომელ ცნობილ მამაკაცზეა ის ათი წლის განმავლობაში შეყვარებული

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და სახასიათო როლს – „სოფლელ თამუნას,“ ახალბედა მსახიობი ანა მჭედლიძე ასრულებს. ანასთვის ეს პირველი გამოჩენაა ეკრანზე, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა, როგორც თავად გვითხრა, მსახიობობა არ ყოფილა ის პროფესია, რომელზეც იგი ბავშვობიდან ოცნებობდა, მაგრამ, საყვარელ ადამიანს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა.

 ანა მჭედლიძე: თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობ და თითქმის მთელ დღეს იქ ვატარებ. ამ ეტაპზე, ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი სწავლას უჭირავს, სხვა რამისთვის დრო, ფაქტობრივად, აღარ მრჩება. ახლა მესამე კურსზე ვარ, მაისში საკურსო სპექტაკლს ვდგამთ, პრემიერაც გვექნება და ამიტომ განსაკუთრებულად ვემზადებით. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, მსახიობობა ჩემი ოცნება ნამდვილად არ ყოფილა. მე მინდოდა ტურიზმზე ჩამებარებინა, მაგრამ, დედას იმდენად უნდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი, ისე მთხოვდა და იმდენჯერ, რომ ეს მეც გონებაში ჩამიჯდა. ისე, მე უფრო მომღერლობა მინდოდა. ახლა მუსკომედიის ჯგუფში ვსწავლობ, რაც იმას ნიშნავს, რომ მსახიობიც ვარ და ვმღერი კიდეც. ავუხდინე ოცნება დედას და ჩემს თავსაც. ბავშვობაში ვგიჟდებოდი ოლივია ჰასის მიერ განსახიერებულ ჯულიეტაზე და ძალიან მინდოდა, ეს როლი მეც შემესრულებინა. თვითონ ოლივია მომწონდა ძალიან და, რადგან მას გრძელი თმა ჰქონდა, მეც აღარ ვიჭრიდი. ახლაც, თმა რომ შევიჭრა და მერე სადმე ეს ფილმი ვნახო, შეიძლება, გული გამისკდეს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობა ჩემი ოცნება არ ყოფილა, ბავშვობაში სულ ვიღაცის როლებს ვასახიერებდი და, სხვათა შორის, ძირითადად სწორედ სერიალის გმირებს ვთამაშობდი. მახსოვს, მაშინ სერიალი „იუდას ქალი“ გადიოდა და, მისით შთაგონებული, სახეზე თეთრ ნაჭრებს გადავიფარებდი, ზედ ტომატს წავუსვამდი და ისე დავდიოდი (იცინის). უზომოდ მიყვარდა სერიალი „მეამბოხე სული“ და მისი პერსონაჟების პლაკატებით მქონდა ყველაფერი აჭრელებული. მაშინ მეშვიდე კლასში ვსწავლობდი, ამ სერიალის გმირები კი მეცხრეკლასელები იყვნენ და, ერთი სული მქონდა, მათი ტოლი როდის გავხდებოდი, რადგან, გადაწყვეტილი მქონდა, სასწავლებლად მათ კოლეჯში წავსულიყავი –  ვამბობდი, ორ წელიწადში არგენტინაში უნდა წავიდე-მეთქი (იცინის). ისე დაემთხვა, რომ მაყურებელმა მეც სწორედ სერიალიდან გამიცნო. მირჩიეს, რომ ქასთინგზე წავსულიყავი, რადგან ახალ პერსონაჟს ტიპაჟურად ვგავდი. იქიდან ჩემი თავით ძალიან უკმაყოფილო წამოვედი; მეგობართან ერთად ვიყავი და მთელი გზა ვწუწუნებდი, ეს რა გავაკეთე-მეთქი. მაგრამ, ერთი საათიც არ იყო გასული, რომ დამირეკეს და მითხრეს, დამტკიცებული ხარ როლზეო და მე და ჩემი მეგობარი სიხარულით ერთმანეთს ვასკდებოდით (იცინის). სხვათა შორის, ჩემი პერსონაჟი ხომ სოფლელი გოგოა, მაგრამ, მომწონს, რადგან მან ის გააკეთა, რაც თვითონ უნდოდა – ყველას წინააღმდეგობის მიუხედავად ცოლად იმას გაჰყვა, ვინც თვითონ უყვარდა.
– როგორია როლზე მუშაობის პროცესი?
– სერიალში ჩემი ქმარი, თენგო, წარმოშობით ხაშურიდანაა და მართლა ასე ლაპარაკობს; ჩემს პერსონაჟს კი არც ძალიან იმერული კილო აქვს და არც თბილისური, სადღაც შუაშია და ამიტომ რთული არაა მისი მორგება. თან, მართალია, თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ, წარმოშობით მეც იმერელი ვარ და, ეტყობა, სისხლმა იყივლა (იცინის). როცა თამუნას კოსტიუმს ვიცვამ და გრიმს მიკეთებენ, ძალაუნებურად თამუნა ვხდები. ძალიან მიხარია, რომ უნიჭიერეს მსახიობთან ქეთი ჩხეიძესთან მომიწია მუშაობა. შოთიკოს მანამდეც ვიცნობდი და, გადაღებაზე რომ ვნახე, გავოცდი – აქ რა გინდა-მეთქი. ბუბა და ხატია ამ სერიალზე მუშაობის დროს გავიცანი და, მინდა გითხრათ, რომ ძალიან საყვარლები არიან. გადაღების პროცესი კი, შრომატევადთან ერთად, ძალიან სახალისოა. მახსოვს, შაურმის გადაგდების სცენას რომ ვიღებდით, იმ შაურმას მთელ საქართველოსთან ერთად ჩემი გულიც გაჰყვა. ძალიან სახალისო იყო ბოლო სცენა, რომელშიც თამუნა უკვე ორსულადაა. როგორც ხედავთ, ძალიან გამხდარი ვარ და ამხელა მუცლით სასაცილო სანახავი ვიყავი – ცალკე მე ვმოძრაობდი და ცალკე მუცელი.
– როგორი იყო ემოციები, როცა შენი თავი ეკრანზე პირველად დაინახე?
– პირველად ბანკეტის სცენაში გამოვჩნდი, რომელშიც საშინლად ვიყავი ჩაცმული და კინაღამ გული გამისკდა (იცინის) –  იასამნისფერ კაბაზე წითელი ფეხსაცმელები მეცვა. ყველაზე მეტად დედაჩემის რეაქცია მაინტერესებდა, რადგან მან არ იცოდა, რომ სერიალში ვმონაწილეობდი. მინდოდა, პირდაპირ ეკრანზე ვენახე და, ამიტომ, მამა და და გავაფრთხილე, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ შეენახათ, თუმცა, ისე გამოვიდა, რომ დედამ იმ სერიას პირველ დღეს ვერ უყურა, მერე კი ახლობელმა დაურეკა და ყველაფერი უთხრა – ასე გამიფუჭეს სიურპრიზი (იცინის). ცოტა ხნის წინ ოპერაცია გავიკეთე – სუნთქვა მიჭირდა და ძგიდე მოვიშორე, ექიმმა მიცნო და ძალიან გამიხარდა, რადგან დადებითად განეწყო ჩემ მიმართ და მეც უფრო დავიმედდი; ასე რომ, დამეხმარა თამუნა (იცინის).
– ოჯახის შესახებ რას გვეტყვი?
– მყავს დედა, მამა და ერთი და. სერიალისგან განსხვავებით, საბედნიეროდ, ჩემი მშობლები არავის არ მირიგებენ (იცინის) და არ მყავს ქმარი. სხვათა შორის, მეც რომ ვყოფილიყავი თამუნას ადგილას, მასავით მოვიქცეოდი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად.
– გამბედავი ადამიანი ხარ?
– გააჩნია, საქმე რას ეხება. ხშირად ვფიქრობ, ვარ თუ არა დამოუკიდებელი და ძლიერი ადამიანი. შემიძლია, პრობლემას თვალებში ჩავხედო და მოვაგვარო, მაგრამ ეს ჩემზე დიდ ემოციურ გავლენას ახდენს, თუმცა, იმდენსაც არა, რომ მოქმედების უნარი დამაკარგვინოს. ერთი ცუდი ჩვევა მაქვს – წვრილმანებს ვანიჭებ ძალიან დიდ მნიშვნელობას და ელემენტარულ გადაწყვეტილებაზეც კი ძალიან ბევრს ვფიქრობ. ბოლოს სხვები მაძალებენ ხოლმე, რომ ცოტა სწრაფად ვიმოქმედო, თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვრჩები.
– ხშირად გიყვარდება?
– არც ისე ხშირად (იცინის). არ ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან მყვარებოდა ვინმე. ესეც იმ საკითხებს მიეკუთვნება, რომლებზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ და გადაწყვეტილებებს რთულად ვიღებ. ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში სრული სიწყნარეა, თუმცა, უკვე ათი წელია, რაც ერთი ადამიანი მიყვარს – ლიონელ მესის ვგულისხმობ (იცინის). ახლა ცოტა ნაკლებად, რადგან უკვე ორი შვილი ჰყავს და იმედები გადამეწურა, თორემ, თავიდან მის გამო ესპანეთში ვაპირებდი საცხოვრებლად წასვლას (იცინის). როგორც ფეხბურთელი, ჩემთვის დღესაც პირველია. ზოგადად, ძალიან მიყვარს ფეხბურთი და თამაშებზე ყოველთვის დავდივარ ხოლმე მეგობრებთან ერთად. თუმცა, მესი რომ თბილისში იყო ჩამოსული, მაშინ ბილეთი არ შემხვდა და, სამწუხაროდ, წასვლა ვერ მოვახერხე. ძალიან მინდა კატალონიაში „კამპ ნოუს“ მოედანზე წასვლა და, ვიცი, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებ.
– ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დედას რატომ უნდოდა, რომ მსახიობი გამხდარიყავი?
– ბავშვობაში ცოტა უცნაურობები მახასიათებდა: სკოლაში, რასაც ჰქვია, მუდო ბავშვი ვიყავი, სახლში კი ყველაფერს ვანგრევდი (იცინის). ალბათ, კომპლექსების გამო, სკოლაში ვერ ვიქცეოდი თავისუფლად, შემდეგ კი დაგროვილ ენერგიას სახლში ვხარჯავდი. ოჯახის სხვა წევრებთან ერთად სულ სპექტაკლებს ვდგამდი ხოლმე. ბებია იყო სტუმარი; კარტი იყო ნამცხვრის ნაჭრები და ასე შემდეგ. ორი წელი არცაა გასული, რაც ეს ბებია გარდამეცვალა და ამას ძალიან განვიცდი. მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით და უზომოდ მიყვარდა, ამიტომ, მის წასვლასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, სულ ვიმანჭებოდი და ერთ ამბავში ვიყავი. სკოლაშიც სულ რაღაც როლებს ვასრულებდი. როგორც ვთქვი, თავიდან ჩაკეტილი ბავშვი ვყოფილვარ, მაგრამ მერე ნელ-ნელა გავიხსენი. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, გარკვეულწილად ახლაც ჩემს ნაჭუჭში ვარ ჩაკეტილი და, მინდა, რომ სულ მარტო ვიყო და ვიფიქრო – ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს;  ასევე, ძალიან მიყვარს მულტფილმების ყურება, ოღონდ, არ ვხუმრობ და ამას მარტო კი არა, მეგობრები ერთად ვაკეთებ, რადგან „დისნეის“ მულტფილმებზე ყველა უზომოდ ვართ შეყვარებულები (იცინის).

скачать dle 11.3