როგორ არჩია გრიგოლ ფერაძემ სიცოცხლეს ქართული საგანძურის დაცვა და როგორ გაწირა მან თავი ხუთშვილიანი ებრაელი მამის გადასარჩენად
ადამიანის წმინდანად შერაცხვა რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ხდება, მაგრამ თუ ადამიანი მოწამეობრივად აღესრულა, მაშინ საქმე მარტივდება, რადგან უფალი ბრძანებს, რომ არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე ადამიანის მიერ საკუთარი მოყვასისთვის თავის გაწირვაა. ასეთი წმინდანები საქართველოში არაერთი გვყავს. მათ შორისაა გრიგოლ ფერაძე, რომელმაც თავი ხუთშვილიანი მამის გადასარჩენად გაწირა და გაზის კამერაში მის ნაცვლად შევიდა.
საბა წიტაიძე (ვაკის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის დეკანოზი): გრიგოლ ფერაძის ცხოვრება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. გრიგოლი დაიბადა 1899 წელს კახეთში. ნიშანდობლივია, რომ სასულიერო პირი იყო გრიგოლის მამაც და დედის მამაც. ზოგადად, მათი გვარი სასულიერო ჩამომავლობის გახლდათ. თვითონ გრიგოლ ფერაძე იხსენებს ლეგენდარულ ისტორიას მისი წინაპრების წარსულიდან, რომელსაც საფუძვლად რეალობა უდევს. მისი წინაპრები მწყემსები ყოფილან და ერთხელაც, როცა ერთ-ერთი მათგანი კიდევ ერთ მწყემსთან ერთად დავით გარეჯის უდაბნოს ტერიტორიაზე იჯდა კოცონთან, იხსენებდნენ ბიბლიურ ამბავს, რომლის მიხედვითაც უფლის შობა სწორედ მწყემსებს ეუწყათ და მათ ანგელოზების გალობა მოისმინეს. იხსენებდნენ და მათ ბედს შენატროდნენ, როცა უცებ თვითონაც ზარების ხმა მოესმათ. გაუხედავთ და ახლომახლო ვერაფერი დაუნახავთ. მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყო პატარ-პატარა ეკლესიები და წარმოუდგენელი გახლდათ, ამ ხმას იქიდან მოეღწია. გარდა ამისა, შუაღამე იყო და იმ დროს ზარებს არავინ დარეკავდა. ამ სასწაულის შემყურე, ერთ-ერთი მათგანი წასულა, გარეჯის მონასტერში დარჩენილა და ბერულ ცხოვრებას შესდგომია. მეორეს, წმინდა გრიგოლის წინაპარს, რომელსაც უკვე ცოლ-შვილი ჰყოლია, ეს ხმა ნიშნად მიუღია. წამოსულა და ოჯახისთვის განუცხადებია, ჩვენი გვარის წარმომადგენლებმა უფალს უნდა მივუძღვნათ ცხოვრება და მოღვაწეობა, ამიტომ სასულიერო პირები უნდა გავხდეთო. ასე მოქცეულა თვითონ, იგივე გზა აურჩევია მის შვილსაც და მის სხვა შთამომავლებსაც. გრიგოლმა კარგად იცოდა, რომ სასულიერო შტოს წარმომადგენელი იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, მას თავიდანვე ამ მიმართულებით არ დაუწყია სვლა. მას ძალიან იზიდავდა მეცნიერული მოღვაწეობა. დაამთავრა სკოლა, სასულიერო სემინარია, რომლის წარჩინებული სტუდენტიც იყო. უნდოდათ მისი გერმანიაში სასწავლებლად გაგზავნა, მაგრამ იქ არსებული არეულობის გამო, მაშინ ეს ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ გრიგოლმა ჩააბარა უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, მუშაობდა მასწავლებლად სხვადასხვა სოფელში, თუმცა მისი ევროპაში გაგზავნის საკითხი კვლავ აქტუალური იყო და ამით კათოლიკოს-პატრიარქიც კი იყო დაინტერესებული. 1921 წელს, აღდგომა ღამეს, სააღდგომო მღვდელმსახურების შემდეგ, როცა პატრიარქი ტაძრიდან გამოვიდა, მან ჩემი ორივე ხელი აღო და მამობრივი მზრუნველობით წარმოთქვა მრავალგზის: განეშორე, იხსენი შენი სიჭაბუკე! შევიგრძენი მამაშვილური მზრუნველობა, სიმწარე, ტკვილი და სევდაც, – იხსენებს გრიგოლ ფერაძე. მალე გრიგოლს ივანე ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძის ხელშეწყობით ბერლინში აგზავნიან, რაც ძალიან დიდი მატერიალური სიდუხჭირის ფონზე ხდებოდა. გამგზავრების შემდეგ კი, გრიგოლი უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებს, რადგან საქართველო გასაბჭოებულია და იქიდან დაბრუნებული ნებისმიერი ადამიანისთვის დახვრეტაა გარანტირებული. გრიგოლი იქ რჩება, მაგრამ მისი მოღვაწეობა ქართველი ერისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. თუმცა, სამწუხაროდ, მის შესახებ პოლონელებმა გაცილებით მეტი იციან, ვიდრე ჩვენ და უფრო დიდ პატივსაც მიაგებენ. აღსანიშნავია, რომ მისი წმინდანად შერაცხვა პოლონეთში უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ჩვენთან. გრიგოლის უნიკალურობა მხოლოდ იქიდანაც ჩანს, რომ მან 16 ენა იცოდა, მათ შორის ძველი და თანამედროვე ენებიც.
– როგორც ვიცი, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილის მიერ, საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ქართული საგანძურის შენარჩუნებაში.
– გრიგოლს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ამ განძის გადარჩენაში. როდესაც ფაშისტებმა ევროპა დაიპყრეს, ისინი ჩვეულებრივად მარადიორობდნენ. დადიოდნენ და ძვირფასეულობას და საგანძურს ეძებდნენ. მათ ყურამდე მივიდა ინფორმაცია, რომ ამა და ამ ადგილას ინახება, ერთ-ერთი პატარა ქვეყნის დიდი საგანძური. საოცარია, რომ ღვთის განგებით, ისინი სწორედ გრიგოლს მოიწვევენ როგორც ექსპერტს, ამ საგანძურის შესაფასებლად. ამ დროს ის უკვე აღიარებული მეცნიერი იყო. გრიგოლმა სწორად შეაფასა საფრთხე, რომელიც ქართულ განძს ემუქრებოდა და მაშინვე მოწამეობრივ ღვაწლზე წავიდა. ის უფლის წინაშე იმწუთას უკვე სულით მოწამე იყო, რადგან მიხვდა, რომ განძის შესახებ ტყუილის თქმის შემთხვევაში, მას პასუხისგება საკუთარი სიცოცხლით მოუწევდა. ამ ყველაფრის გაცნობიერების მიუხედავად, გრიგოლმა დაწერა ყალბი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ამ განძს, არანაირი მატერიალური ღირებულება არ გააჩნდა და მას ღირებულება მხოლოდ ქართველი ერისთვის ჰქონდა, როგორც ეროვნული მნიშვნელობის საგანძურს. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ გრიგოლის ქართველობის შესახებ, ეჭვიც კი არ შეუტანიათ მის სიტყვებში, რადგან ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ასე გადაარჩინა წმინდა გრიგოლმა ქართული საგანძური. აქვე გეტყვით, რომ ადამიანები ხშირად სვამენ კითხვას, არის თუ არა ტყუილი ყოველთვის ცოდვა. გრიგოლის შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ სასიკეთო მიზნით ნათქვამი ტყუილი, ღვთისაგან ქებასაც კი იმსახურებს, ის ღვთის წინაშე მოხერხებულობად ითვლება. როგორც უკვე ვთქვი, გრიგოლი ევროპაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. 31 წლის ასაკში მან დოქტორის ხარისხი დაიცვა. იყო საპატიო პროფესორი, კითხულობდა ლექციებს ოქსფორდში. მისი მოღვაწეობა გერმანიაში დაიწყო, შემდეგ გადავიდა ინგლისში, საფრანგეთში, სადაც წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძარი დააარსა და მისი პირველი წინამძღვარიც თვითონვე იყო. მას უკავშირდება, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჟურნალის, „ჯვარი ვაზისას“ გამოცემა. მანვე შეადგინა საფრანგეთის ქართული ეკლესიისთვის წეს-განგება და მისივე გადაწყვეტილებით, ამ ეკლესიაში მღვდელმსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, სასულიერო პირები კი ქართველები იყვნენ. ყოველივე ეს დიდი იმედი იყო ემიგრანტი ქართველებისთვის. გრიგოლისთვის ღია იყო ყველა მუზეუმის, ეკლესიისა და უნივერსიტეტის კარი. მოღვაწეობის ბოლო წლებში კი პოლონეთში მიიწვიეს სასულიერო სკოლის დირექტორად. ყველაზე ვრცლად მისი ცხოვრება სწორედ პოლონელებმა აღწერეს. მთავარი ისაა, რომ საგანმანათლებლო მუშაობასთან ერთად, რომელსაც გრიგოლი პოლონეთში ახორციელებდა მისთვის არსებითი იყო უფლისა და მოყვასის სამსახურში დგომა და მათთვის თავგანწირვა. ამიტომაც დაიწყო მან ფაშისტებისგან შევიწროებული ებრაელების დახმარება. დაზვერვის ორგანოები კარგად მუშაობდნენ და რა თქმა უნდა, არც გრიგოლის შესახებ გამოჰპარვიათ რაიმე. გრიგოლმაც იცოდა, რომ ამგვარი ქმედებებისთვის მკაცრი სასჯელი ელოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, უკან არ დაუხევია, რადგან ის ნამდვილი ქრიატიანი იყო. ნამდვილი ქრისტიანები კი ქრისტესთვის სიკვდილს ეძებენ. სწორედ ამ მიზეზით, წმინდა გრიგოლი შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს. შემდეგ კი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც მან საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო. გრიგოლ ფერაძე ებრაელი, ხუთშვილიანი მამის სანაცვლოდ გაზის კამერაში შევიდა, სადაც მანაც და ყველა დანარჩენმაც კარგად იცოდნენ, რაც ელოდათ.
– მისი წინაპრის მსგავსად, წმინდა გრიგოლს არ ჰქონია სასწაულებრივი ხილვები?
– მსგავსი შემთხვევა წმინდა გრიგოლის ცხოვრებაშიც მოხდა. 1930 წლის შობის დღეებში გრიგოლი მძიმედ დაავადდა. მისი გადარჩენა წარმოუდგენელი იყო, თუმცა სასწაულებრივი ხილვის წყალობით, გრიგოლი განიკურნა და ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ დიდი ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, ლონდონის წმინდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. ხილვისას უფალმა გრიგოლს უთხრა, რომ მანამდე იცოცხლებდა, სანამ ბოლომდე არ შესწირავდა მას თავს. თუ მანამდე როგორც საეკლესიო პირი ისე მოღვაწეობდა, ამის შემდეგ, უკვე უფლის სამსახურში ჩამდგარმა განაგრძო საქმიანობა. როგორც ვხედავთ, ისევე, როგორც წინაპრების, მისი მღვდელმსახურებაში ჩართვაც, სასწაულთანაა დაკავშირებული. ბერად კურთხევის შემდეგ, იმავე წელს, დიაკვნადაც აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად და მის მიერვე დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში გაამწესეს. ამ ეკლესიისთვის გაწეული ღვაწლი გრიგოლს საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა. რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა მამა გრიგოლის მოღვაწეობა და ქრისტიანობის, სამშობლოსა და მოყვასისთვის თავგანწირული არქიმანდრიტი წმინდანად შერაცხა.