რატომ არის ზრდასრულ ადამიანებში ფობიები ბავშვობასთან დაკავშირებული და რაში უნდა იპოვოს ფობიით შეპყრობილმა გამოსავალი
სიტყვა „ფობია“ ბერძნულიდან მომდინარეობს და ნიშნავს, რაიმე სიტუაციის, ობიექტის, ან საქმიანობის მიმართ პანიკურ შიშს. სამყაროში რამდენი საგანი და არსებაც მოიპოვება, იმდენი ფობია შეიძლება, არსებობდეს. ფობიას ხშირად შიშთან აკავშირებენ, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაა. უცნაურ, გავრცელებულ ფობიებზე და მათგან თავის დაღწევის გზებზე, ნეიროფსიქოლოგ ლიკა ბარაბაძეს გავესაუბრეთ.
– ხშირად გამოიყენება სიტყვა ფობია, რა განსხვავებაა შიშსა და ფობიას შორის?
– დიდი განსხვავებაა შიშსა და ფობიას შორის. შიში არის ბუნებრივი რეაქცია, რომელიც საფრთხის შემცველ სიტუაციაზე, ან ობიექტზე გვაქვს და გვეხმარება გადარჩენაში. მაგალითად, ხანძრის დროს გავრბივართ. ფობია საფრთხესთან მიმართებით, არაპროპორციულად დიდი შიშია. ანუ, როდესაც მეშინია ობობის, რეალურად ვიცი, რომ არ მავნებს, მაგრამ მის მიმართ პანიკას მაინც გამოვხატავ. ეს შიში არარაციონალურია. არის ფობიები, რომლებიც გაცილებით რთულად დასაძლევია, ვიდრე რომელიმე მწერის ან ქვეწარმავლის შიში.
– ყველაზე გავრცელებული ფობიები რომელია?
– ვიდრე მათ კლასიფიკაციაზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ ფობია განეკუთვნება შფოთვით აშლილობას, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სპეციფიკურისა და სოციალურისგან. სპეციფიკური ფობიის დროს შიში, კონკრეტულად, ერთი რაღაცისკენაა მიმართული. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჩაკეტილი სივრცე იქნება, ჩიტი, ძაღლი, ლიფტი თუ სხვა. სოციალური ფობია უფრო მოზარდობის პერიოდში იჩენს თავს. ამ დროს, ადამიანს შეიძლება, ეშინოდეს სივრცეში გამოჩენის, შერცხვენის; ვერ გაიქცეს კონკრეტული წრიდან, თუ დისკომფორტს იგრძნობს; ვერ გამოვიდეს სიტყვით და ასე შემდეგ. ამ ყოველივეს მოჰყვება პანიკა და ტერორი. ეს უბრალოდ, არ არის ნერვიულობა საზოგადოებაში თავის დამკვიდრების, ან სიტყვით გამოსვლის. ამ სიტყვით გამოსვლამ შეიძლება, დამინგრიოს დღე, ან ცხოვრება. ეს ყოველივე მოდის ბავშვობიდან და დაკავშირებულია მიმღებლობასთან – როგორ იღებდნენ მას ბავშვობაში და ჰქონდა თუ არა მშობლის მხარდაჭერა. ყველაზე გავრცელებულია სპეციფიკური ფობიები. მათი კლასიფიკაცია ყოველთვის არაერთგვაროვანია. გავრცელებულია არაქნოფობია, იგივე ობობების შიში, ავიაფობია (ფრენის), აკროფობია (სიმაღლის), ენტომოფობია (მწერების) და სხვა. რაც შეეხება სოციალურ ფობიებს, მკვეთრად გამორჩეულია აგორაფობია, ანუ სივრცის, ბრბოს შიში. ეს ისეთ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც ეშინიათ გარეთ გასვლის, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნის და ასე შემდეგ.
– არსებობს უცნაური და ნაკლებად საშიში ფობიებიც...
– დიახ, მსგავსი ფობიები ძალიან ბევრია. საერთოდ, სამყაროში რამდენი ნივთი, ქვეწარმავალი, ცხოველი თუ რაიმე სხვაც არსებობს, ყველაფრის მიამრთ შეიძლება, იყოს ფობია. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანი სახუმაროა. ზოგს აქვს ლურჯი ფერის შიში, ზოგს – რომის პაპის, ზოგსაც – იდაყვის, მაგრამ სახუმაროდ არ უნდა აღვიქვათ. ჩემ მიერ დასახელებული ფობიები მართლა არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ იდაყვს დაინახავს ადამიანი. გული გაუსკდება. ფობია პრობლემაა მაშინ, როცა ყოველდღიურ ცხოვრებაში გვიშლის ხელს და რა მნიშვნელობა აქვს, ეს უცნაური ფობია სხვისთვის მისაღები იქნება თუ არა.
– ძალიან ხშირია ლფტის შიში. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ამ დროს?
– უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს პიროვნებას ლიფტის ეშინია, თუ დახურული სივრცის. ფობია ადამიანმა უნდა დაძლიოს მაშინ, როცა ის ყოველდღიურობაში უშლის ხელს. თუ ის მე-15 სართულზე ცხოვრობს, უნდა იპოვოს გამოსავალი. მაგრამ, თუ პირველი სართულის მცხოვრებია, აუცილებელი არაა, საკუთარ თავს ლიფტში შესვლა აიძულოს. უნდა მოხდეს საგანთან შეჩვევა, მისი დანიშნულებისა და საჭიროების გააზრება. ზედმეტი ძალისხმევა არ უნდა დახარჯო იმ პრობლემაზე, რომელიც ყოველდღიურად არ გაწუხებს და შენს ცხოვრებას არ აზიანებს. თუ, მე მეშინია ისეთი რაღაცის, რაც ჩემ გარემოში არაა, რატომ უნდა დავხარჯო ფსიქოლოგიური რესურსი? დავუშვად, ვცხოვრობ ქალაქში და მეშინია გველის (ოფიდიოფობია). ეს არსება შეიძლება, ვნახო სამ წელიწადში ერთხელ და ამის გამო მთელი თერაპიების ჩატარება სავალდებულო არაა. არ შეიძლება, ძალისმიერი მეთოდის გამოყენება. ჩვენ არ ვიცით, როგორი რეაქცია მოჰყვება ამას. შეიძლება, ადამიანს გული წაუვიდეს, უნებლიე შარდვა დაეწყოს და ასე შემდეგ. ჯობია, ადამიანზე ექსპერიმენტები არ ჩავატაროთ. რაღაცის იძულება, თუნდაც ლიფტში შესვლის, შეიძლება ცუდად აისახოს მასზე და ფობიების გენერალიზება მოახდინოს. ანუ, შიში სხვა საგნებზეც გადავიდეს. ჯერ ადამიანმა საკუთარ თავში უნდა მონახოს რესურსები და მერე გაცნობიერებულად იმოქმედოს.
– გარდა შიშისა, რა სიმპტომები ახასიათებს ფობიას?
– ფობია შესაძლოა, ნაკლებად ან მეტად ინტენსიური იყოს, მაგრამ ყოველთვის თან ახლავს შემდეგი სიმპტომები: უკონტროლო პანიკისა და ტერორის განცდა, ყოველდღიური შფოთვა, სტრესი და ფიზიკური მახასიათებლები, როგორიცაა: აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, სუნთქვის სირთულე, გულის წასვლა. ზოგადად, რატომ იწყება ფობია, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ გაცემული არ არის. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შფოთვისკენ არიან მიდრეკილნი, თუმცა გაუგებარია, რატომ ეშინიათ შტეფსელის, ჩიტის და არა – ობობის, ან ღამის. ასევე, შფოთვითი აშლილობისკენ ბიოლოგიური მიდრეკილებაა, რისიც ეშინოდა მშობელს, ის გადადის ბავშვზეც. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სოციუმში იზრდება ბავშვი. თუ დედას ეშინია ძაღლის, ბავშვს პატარაობიდანვე ეცოდინება, რომ ეს საშიში ცხოველია. ტრავმაც დიდ როლს თამაშობს გარკვეულ ფობიებზე. საერთოდ, ისეთ შიშებს ავიკიდებთ ხოლმე, რომელიც ცხოვრებისთვის პოტენციურად შეიძლება, იყოს საზიანო.
– სიკვდილის შიშიც, იგივე ნეკროფობია, ერთ-ერთი გავრცელებული ფობიაა. ეს ყოველივე ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას განსაზღვრავს?
– სიკვდილის შიში ფობიაა თუ არა, ჯერ კიდევ გასარკვევია. ეს არის ეგზისტენციური შიში და მოიცავს პიროვნების ყველა შრეს. მსგავს პიროვნებასთან ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან გავლენას ახდენს ყველაფერზე, რასაც აკეთებ. ობობის შიში გაცილებით მარტივია, გავერიდები საერთოდ მას, მაგრამ ეგზისტენციური შიში, რომლებიც მთელ არსებას მოიცავს, ძალიან რთულია. ეს ცვლის ადამიანის მთელ აზროვნებას. აქვთ მუდმივი სტრესი, შფოთვა და როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური პრობლემებიც. ამან შეიძლება, გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასე შემდეგ. რთულია ცხოვრება, როცა რაღაც დიდ სტრესს გაყენებს. ამიტომ, თუ ძლიერი ფობიაა, მას აუცილებლად სჭირდება დახმარება.
– გამოსავალი რაში უნდა ეძებოს ფობიებით შეპყრობილმა ადამიანმა?
– უნდა მიმართოს სპეციალისტს, რათა დადგინდეს რამდენად ძლიერია ფობია. შიშს ხშირად ახლავს პანიკური შეტევები, გულის ხუთვა, მუხლის ჩაკეცვა, მუდმივი სტრესი, შფოთვა და ასე შემდეგ. ეს რეაქციები ხშირად მთელ სხეულს მოიცავს. ადამიანი, რომელიც მოუმზადებელია და იმ საგნის წინაშე აღმოჩნდება, რისი პანიკური შიშიც აქვს, შეიძლება, გონება დაკარგოს და საერთოდ, ვერ გააკონტროლოს საკუთარი სხეული. არის რამდენიმე მიდგომა, ერთ-ერთია „შემეცნებითი ქცევითი”. რომლის მიხედვითაც, მიმდინარეობს ფობიის მიახლოებისა და შეგუების პროცესი. ასევე, სასიამოვნო და უსიამოვნო ობიექტს აჯვარებენ. ეს ორი ემოცია ერთმანეთის გამომრიცხველია. თუ ადამიანს ობობის ეშინია, შეიძლება, მისთვის საყვარელი მუსიკა ჩართონ და ისე აჩვენონ ეს ფეხსახსრიანი არსება.