მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რა სულიერი სარგებლობა მოაქვს „ფსალმუნების“ ხშირად კითხვას ადამიანისთვის?
პასუხი: „ფსალმუნების“ კითხვა ბოროტ სულს განაგდებს ადამიანისგან და მასში სულიწმინდას ჩაასახლებს. წმინდა მამათა გადმოცემით, „ფსალმუნების“ ხშირი წაკითხვით, სული განიწმინდება ცოდვებისგან.
კითხვა: როგორ უნდა გადაანაწილოს ადამიანმა დრო გონივრულად?
პასუხი: ქრისტიანმა დროის უმეტესი ნაწილი უნდა დაუთმოს სულისთვის ზრუნვა-ლოცვას, უფალზე ფიქრს, შესაბამის გარჯას, სიკეთის კეთებას. ხოლო დანარჩენი დრო უნდა მოახმაროს ხორციელ საჭიროებათა შესახებ ზრუნვას. თუ ადამიანი ჯერ ხორციელი საზრუნავისთვის გაირჯება ან მხოლოდ ხორციელ საზრუნავებზე იფიქრებს, ის ვერ იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანი.
კითხვა: ზოგი ადამიანი თავის დანიშნულებას ხედავს მუდმივ, თავდაუზოგავ შრომაში. მისაღებია თუ არა უფლისთვის ადამიანის მუდმივად ქანცგაწყვეტილ შრომაში ყოფნა?
პასუხი: შრომისგან წელის მოწყვეტა მეორე უკიდურესობაა, სიზარმაცის საპირისპირო. ისე არ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ საქმისგან დაუძლურდეს და დასნეულდეს. ეს უფლისთვის მოსაწონი, რა თქმა უნდა, არ არის.
კითხვა: ვარ მარტოხელა დედა. მატერიალურად მიჭირს. ცოდვად ჩამეთვლება თუ არა მცირე დანაზოგის პროცენტით გასესხება?
პასუხი: პროცენტით გასესხება იგივე მევახშეობა, მართლმადიდებლური სწავლებით, ცოდვაა.