არის თუ არა ქალების უმრავლესობისთვის სარფიანად გათხოვება ყველაზე სანუკვარი ოცნება
კონკიას ზღაპარი ჩვენს დროშიც აქტუალურია. ქალების უმრავლესობა დღესაც ოცნებობს პრინცზე. დღესაც უნდათ, გათხოვდნენ ისეთ კაცზე, რომელიც მათ ზღაპარში აცხოვრებს. ცუდია, რომ ავიწყდებათ მთავარი ჭეშმარიტება, პრინციც მამაკაცია და ყველა ის ნაკლი, რაც აქვთ მამაკაცებს, მათაც ახასიათებთ... მაინც რა მიაჩნიათ ქალებს წარმატებულ გათხოვებად და არის თუ არა მათთვის გათხოვება იდეაფიქსი საერთოდ... ზოგადად, მამაკაცები ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ ქალებს მარტო ერთი რამე უნდათ – გათხოვება, ნებისმიერი საშუალებით.
ეთუნა (27 წლის): უნდა ვაღიარო, რომ გათხოვება ყოველთვის მინდოდა. ვერაფერს ვხედავ ამაში ცუდს და არც ის მესმის, რატომ მიაჩნიათ ეს კაცებს ჩვენს ნაკლად. როცა საყვარელი ადამიანი გყავს, მასთან ცხოვრებაც გინდა და მისგან შვილებიც.
– ეს ქალური ლოგიკააო, ისინი ამბობენ... თუ გიყვარს, ისე იყავი მასთან, ქორწინება რაღა საჭიროაო.
– ვერ დავეთანხმები. ქორწინება საჭიროა, რადგან მხოლოდ ოჯახი გვაძლევს სტაბილურობის განცდას. ჩვენ, ანუ ქალებს, სწორედ სტაბილურობის განცდა მოგვწონს და გვინდა, იმიტომ რომ, კაცებზე მეტად გვაქვს განვითარებული პასუხისმგებლობა.
– ანუ, კაცები უპასუხისმგებლოები არიან?
– დიახ და ჩვენ სულ ტყუილად ვქმნით ილუზიას, რომ საუკეთესოს პოვნა შეიძლება. მეც მჯეროდა, რომ პრინცები არსებობენ და სარფიანად გათხოვებაზე ვოცნებობდი. ოღონდ ამ „სარფიანად გათხოვებაში“ ფინანსები არ იგულისხმება. მაგრამ, „პრინცს“ უნდა ჰქონოდა პრინცისთვის დამახასიათებელი თვისებები.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად, გარეგნობა... ხასიათი – დაწყებული ყურადღების ფოიერვერკით და უზომო სიყვარულით, შემდგარი პიროვნება უნდა ყოფილიყო აუცილებლად, წარმატებული და თანამედროვე აზროვნების. ჩვენი რეალობა საერთოდ არ ჰგავს ზღაპარს და მინდოდა, ჩემს ქმარს „მინი-ზღაპარი“ შეექმნა ჩემთვის. არ მითხრათ, რომ მეტისმეტს ვითხოვდი...
– დაგავიწყდათ, რომ პრინციც მამაკაცია?
– ჰო, ალბათ. კაცი კი, ყველა ერთნაირია და დღეს უკვე ვფიქრობ, რომ მათ გარეშეც შეიძლება კარგად ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი მყავს...
– თქვენ იდეალს ეძებდით?
– ვეძებდი და იმედი მქონდა, რომ გამიმართლებდა. როცა ძალიან გინდა, რომ ბედნიერი იყო, მერე იჯერებ, რომ გამოგივა. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა იყოს იშვიათი ღირსეული მამაკაცის პოვნა, ისეთის, როგორიც გჭირდება. რა ხდება მამაკაცების თავს, ვერ გავიგე. ვითომ მართლა ასეთი განსხვავებულები არიან?! აბსოლუტურად ნორმალურია, გინდოდეს გვერდით კარგი პარტნიორის ყოლა. „სარფიანად“ უნდა გათხოვდე, თუ გათხოვდები, თორემ, ისე რა აზრი აქვს?! ფულიც არ არის ცუდი. ძალიან მაგარია, როცა ფული გაქვს, მაგრამ მე მარტო ფული არ მინდოდა. ვეძებდი სულით მდიდარს და ძალიან დადებით პიროვნებას – კაცს, რომელიც თავს პრინცად მაგრძნობინებდა. ვიღაცეებს ხომ ჰყავთ ასეთი ქმრები, ვიღაცას ხომ უმართლებს?! რა მოხდებოდა, მეც რომ გამმართლებოდა?
– სხვა თვალით უნდა შეხედოთ ამ ამბავს. იმ იდეალურებსაც აქვთ უარყოფითი მხარეები...
– რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, არა? შეიძლება. მაგრამ, მე ისე დავიწყე ამ ადამიანთან ურთიერთობა, დარწმუნებული ვიყავი, ჯეკპოტი მოვიგე. ორი ფაქტორი ჰქონდა – ის ორი ფაქტორი, რაც ასე ძალიან მოქმედებს ქალებზე.
– რომელი ორი ფაქტორი?
– ხელგაშლილობა და იუმორის გამაოგნებელი გრძნობა. ყველა საფიქრალი და დარდი მავიწყდებოდა, როცა მის გვერდით ვიყავი. არც გამჩენია შეკითხვა, მარტო მე ვიყავი მის ცხოვრებაში თუ არა.
– თვითონ არაფერი უთქვამს, არაფერი აუხსნია?
– არა. მარტო ჩვენზე ლაპარაკობდა ხოლმე. მომავლის გეგმებს ჩემზე კარგად აწყობდა და ისეთ ფერებში მიხატავდა, გულგრილი ვერაფრით დავრჩებოდი. ძალიან საყვარელი, მგრძნობიარე და გულითადი იყო. ვდნებოდი მის გვერდით და ბედნიერების ტალღებში ვცურავდი სიხარულისგან ფრთაშესხმული. თან, დახვეწილიც იყო. მე კი დახვეწილ კაცებზე ყოველთვის ვგიჟდებოდი. ბედნიერების ფრინველი ვიპოვე-მეთქი, საკუთარ თავს ვეუბნებოდი. ვიჩქარე გათხოვება, მეტი არაფერი მინდოდა. ვფიქრობდი, რომ ეს წარმატებული ვარიანტი იყო. წარმატებული ქორწინება – რატომაც არა?! მხიარული, ლამაზი, ჭკვიანი – მხოლოდ პლუსები... ვინ არ ინატრებდა ასეთ ქმარს და ვინ არ დაარქმევდა ასეთ კავშირს წარმატებულს?! გულთმისანი არ ვარ, რომ გამომეცნო, რა იდგა ამ ყველაფრის უკან.
– სიმართლე როდის გაიგეთ საკუთარ ქმარზე?
– რამდენიმე თვეა და შოკიდან ვერ გამოვდივარ. უკვე ვილაპარაკეთ და ყველაფერი გავარკვიეთ. ჰყავს სხვა ქალი, დიდი ხანია. იქამდეც ჰყავდა, სანამ ცოლად მომიყვანდა. თხუთმეტი წლით უფროსი ჩემს ქმარზე, მაგრამ ხუთი წელია, ერთად არიან. ამ მოცემულობის შეცვლას ჩემი ქმარი არც აპირებს. პირდაპირ მომახალა: შენ რა გაქვს სანერვიულო, არაფერი მოგაკლდება. როგორც აქამდე ვცხოვრობდით, ისევ ისე ვიცხოვრებთ. მაგრამ ჯერჯერობით ისიც იქნება ჩემს ცხოვრებაშიო. გაბრუებული დავდივარ. არ ვიცი, რა ვქნა. ის ქალი რომ არა, არაჩვეულებრივი ქმარი მყავს.
– ქმარი, რომელსაც ხუთი წელია, სხვა ქალიც ჰყავს და ალბათ, იმისთვისაც იდეალურია?
– სწორედ მაგის გაფიქრება მიკლავს გულს და შოკში მაგდებს. ნეტავი, შეიძლებოდეს, ეს ამბავი საერთოდ დამავიწყდეს. რა მოხდება?
– შეეგუებით იმას, რომ სხვა ქალთანაც იყოს?
– რომ არ ვიცოდე, რატომღაც მგონია, რომ შევეგუები. ისეთი ქმარია, წუნს ვერ უპოვი. ვერაფერზე აუშარდები და ვერაფერზე ეჩხუბები. თქმა არ მჭირდება, ეგრევე ხვდება, რა მესიამოვნება და რა გამიხარდება.
– მაგრამ ჰყავს საყვარელი...
– ჰო, ჰყავს, ჰყავს... ღმერთო, რა დავაშავე. იცით, როგორ გავიგე ამის შესახებ? დედამთილმა მითხრა და ახლაც ჩამჩიჩინებს, რაღას ელოდები, პირდაპირ დაუსვი საკითხი, არჩევნის წინაშე დააყენეო. ანუ, ან მე და ან ისო. აშკარად სძულს ის ქალი. ვერ იტანს...
– ქმარს არ ჰკითხეთ, თუკი ის უყვარდა, ცოლი რატომღა მოიყვანა?
– ვკითხე და არ მიპასუხა. ასე იყო საჭიროო. რა გავაკეთო? რეალობის შეცვლა არ შემიძლია. მით უმეტეს, ახლა, როცა ბავშვს ველოდები. ძალიან ძნელია, ცხოვრობდე კაცთან და იცოდე, რომ მას სხვა ქალიც ეფერება. სხვასაც უყვარს. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, ჩემი ქმრის ნათქვამი სიტყვებია: ჯერჯერობითო... ანუ, შეიძლება, ერთ დღეს იმ ქალს თავი დაანებოს. იქნებ შევძლო და მოვითმინო იმ დრომდე.
– თქვენ რომ დაგანებოთ თავი და იმ ქალთან დარჩეს?
– ჰო. ეს ალბათობაც არსებობს. უნდა ვაღიარო, მაგრამ ამაზე ფიქრი არ მინდა. რა ძნელია, გქონდეს ფერადი ზღაპარი, რომელიც თითქმის რეალობად გექცა და ერთ დღეს ის გაგინადგურონ... მირჩევნია, ზღაპრის მჯეროდეს. რა ვქნა, რეალობა მეტისმეტად მტკივნეულია.