№, სად და რატომ ეძინა მიხეილ ჯავახიშვილს ილია ჭავჭავაძის სისხლიან ბალიშზე
„…1937 წლის ზაფხულში, დაჭერამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, მიხეილ ჯავახიშვილი მწერალთა კავშირის ბაღში ალექსანდრე გომიაშვილსა და გიორგი შატბერაშვილს შეხვედრია და უთქვამს: ჩემი საქმე ცუდად არის, წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე – აი, ასე, როგორც ახლა მე თქვენთან ვზივარ ამ ბაღში და ვსაუბრობ, ამავე ბაღში ვიჯექი და მწერლებთან ერთად ვსაუბრობდი. უეცრად ვესტიბიულიდან შემოვიდა კურკა, ჩვენი კურკა, გრიგოლ ორბელიანი, კიბეებთან გაჩერდა და შორიდან დამიძახა: „ეი, ტოკლიკიშვილო, მოდი აქ.” მე მაშინვე წამოვდექი და უკან გავყევი. ჩემი საქმე ცუდად იქნებაო. გაოცებულ გიორგი შატბერაშვილს უკითხავს: ბატონო მიხეილ, ტოკლიკიშვილი ვინ არისო. მეო, – უპასუხია მიხეილს. მწერალი ერთხანობას ადამაშვილის გვარს ატარებდა. საქმე კი ის გახლავთ, რომ მწერლის წინაპრები თავიდან ჯავახიშვილები ყოფილან, მაგრამ ერთ-ერთ ჯავახიშვილს კაცი შემოჰკვდომია, ქართლიდან ქიზიყში გაქცეულან და იქაური გვარი, ტოკლიკიშვილი აუღიათ… მიხეილი ერთხანობას ადამაშვილის გვარსაც ატარებდა… სხვათა შორის, მომავალი კლასიკოსი დაბადებიდანვე ხიფათიანი ყოფილა და ბავშვობაში რამდენჯერმე გადარჩენილა სიკვდილს. ერთხელ, მაშინ 6-7 წლის ყოფილა, ტყეში სასეირნოდ წასულა. უცებ თვალი მთაში მიმავალი მეცხვარეებისთვის მოუკრავს და თან გაჰყოლია. მეცხვარეებს ბავშვი გვიან შეუმჩნევიათ და უკან დაუბრუნებიათ, მაგრამ მიხას გზა დაბნევია. უფიქრია, ღამეს ტყეში გავათევო და ძველ საწნახელში მოკალათებულა. მერე მგლის ყმული გაუგია და ხეზე ამძვრალა. მძინარე მიხა ერთ-ერთ გლეხს უპოვია. მშობლებს ბავშვის დანახვა გახარებიათ, მაგრამ მაინც დაუტუქსავთ… მწერალი ჯიუტიც ყოფილა. თვითონაც აღიარებდა, მე რომ გავჯიუტდებოდი, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ გამწევდაო. მწერლის უმცროსი ქალიშვილი, ქალბატონი რუსუდანი მიიჩნევს, რომ მამამისი სწორედ თავისმა სიჯიუტემ დაღუპა. საერთოდ, მიხეილ ჯავახიშვილს მხოლოდ კომუნისტებთან კი არა, მეფის რუსეთის ხელისუფლებასთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 1906 წელს „ოხრანკამ” მასზე ძებნა გამოაცხადა და მიხეილი ყალბი პასპორტით (ლობჟანიძის გვარით) საზღვარგარეთ გარბის, ჯერ ჟენევაში ცხოვრობს, მერე – პარიზში. 1907 წელი. მიხეილი სამშობლოში ბრუნდება და მუშაობას „ისრის” რედაქციაში იწყებს. ამასობაში ილია ჭავჭავაძეს კლავენ. მერე, წლები რომ გავა, ილიას მკვლელობას კლასიკოსი ასე გაიხსენებს: „ბოროტმოქმედება იმდენად საზარელი იყო, რომ ჯერ არ დავიჯერეთ… არასოდეს დამავიწყდება ის ღამე, სხვებმა დამასწრეს და ლოგინები დაირიგეს, დარჩა მხოლოდ ერთი ბალიში, ილიას სისხლით მოსვრილი ბალიში, რომელიც მოკვლის დროს ზურგს უკან ედო. ბევრი ყოყმანის შემდეგ ძლივს გავბედე: ის ბალიში კაკლის ქვეშ, წყაროსთან დავდე, ზედ ცხვირსახოცი დავაფარე და ფსიქიურად დატანჯულმა და ფიზიკურად დაქანცულმა, მამლის ყივილისას ძლივს ჩავიძინე…“
„1924 წელი. მიხეილ ჯავახიშვილი ჟურნალ „დროშაში” „კვაჭი კვაჭანტირაძის” ბეჭდვას იწყებს. ის უკვე პოპულარული მწერალია, ხალხი ქუჩაშიც ცნობს… „კვაჭი კვაჭანტირაძეს” მოჰყვება „თეთრი საყელო,” რომელიც ხევსურეთში დიდ აურზაურს გამოიწვევს – ჩვენი ზნე-ჩვეულებები ჯავახიშვილმა არასწორად წარმოაჩინაო. ბოლოს, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ხევსური ნარაზოული 1926 წელს სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობაზე მწერალს გააკრიტიკებს. საერთოდ, ჯავახიშვილს ხშირად აკრიტიკებდნენ…
1935 წელი. კრემლი. მიხეილ ჯავახიშვილს სტალინი შრომის წითელი დროშის ორდენით აჯილდოებს. ამ ცერემონიაზე მწერალი სერგო ორჯონიკიძესაც ხვდება და მადლობას უხდის – მე რომ ცოცხალი ვარ და მწერალი გავხდი, ეს თქვენი დამსახურებააო. ორჯონიკიძე გაოცებულია, ვერ ხვდება, მადლობას რატომ უხდიან. მერე სერგოს ვიღაც უხსნის – ეს ის კაცია, 1924 წელს დახვრეტას რომ გადაარჩინეო. იმ დღეს სერგო კარგ განწყობაზე იყო და მიხეილს სიცოცხლე ამიტომ აჩუქაო, ამბობენ.
… 1936 წელი. საქართველოში უკვე დაძაბული სიტუაციაა. დღე არ გავა, ვინმე არ დაიჭირონ. პარალელურად, ბერია ინტელიგენციასთან დაახლოებას ცდილობს… მიხეილი აღშფოთებას ვერ მალავს. ლავრენტი პავლოვიჩის ცოლი, ნინა, კლასიკოსს ოპერაში ხვდება და საყვედურობს: ბატონო მიხეილ, ლავრენტის ძილის წინ „არსენა მარაბდელს” ვუკითხავ, თქვენ კი არ გვკადრულობთო. სხვათა შორის, მიხეილის კაბინეტიდან ბერიას სახლი ჩანდა. შინ დაბრუნებულ მიხეილს მეუღლე, ელენე ურჩევს: კაცო, ხომ ხედავ, რა დროა და, შენც რომ არ დაგიჭირონ, ბერიასთან მიდიო. კლასიკოსი ისევ ჯიუტობს – მაგას გუნდრუკს ვერ ვუკმევ, მე ვერ გამიმეტებენო…
მეტეხის პლატოზე წმინდა შუშანიკის ეკლესიაა. ეს ტაძარი ბერიას, რატომღაც, თვალში არ მოსდის და დანგრევას უპირებს. ინტელიგენციის ნაწილი აღშფოთებულია, მიხეილ ჯავახიშვილი და დიტო შევარდნაძე ბერიასთან მიდიან. უვიცი და უმეცარი ხარ, ასეთი ძეგლების დანგრევა არ შეიძლებაო, – უთქვამს ბერიასთვის მიხეილს. მამას დაჭერის საბაბი, ალბათ, სწორედ ეს გახდაო, – ვარაუდობს მიხეილის უმცროსი ქალიშვილი, ქალბატონი რუსუდანი.
1937 წლის აგვისტოს დასაწყისში მწერალი ცოლ-შვილს დასასვენებლად ქვიშხეთში გზავნის, მერე თვითონაც ჩადის… ღამეა. მიხეილი და მისი უფროსი ქალიშვილი – ქეთო, ეზოში სხედან, ცაში იყურებიან. ანაზდეულად, ვარსკვლავი მოწყდება და უსასრულობაში ჩავარდება, ეს ამბავი ქეთოს ავად ენიშნება… დილის 6 საათზე „ჩეკადან” ორი კაცი მოვა. მთელი ოჯახი წამოიშლება, 8 წლის რუსუდანი და ქეთოს 3 წლის ვაჟი – რამაზიც გაიღვიძებენ. მიხეილი ხმას არ იღებს. ქეთო ჩეკისტებს მივარდება – ეს უსამართლობაა, ამასაც რომ იჭერთ, ვიღა დაგრჩებათო. სახლიდან გასვლამდე მიხეილი ჯიბიდან ამოიღებს სოჭის საგზურს და ქეთოს სთხოვს, რომ მწერალთა კავშირს დაუბრუნოს… იმ საღამოს მიხეილის ცოლ-შვილი თბილისში ბრუნდება, მაგრამ ბინა დალუქული ხვდებათ. „ჩორნი ხოდით” აივანზე ადიან და სამი თვე, ოქტომბრამდე, სწორედ იქ ცხოვრობენ. სხვათა შორის, მიხეილმა ცოლი რომ შეირთო, ერთხანობას ეკატერინე გაბაშვილის სახლში ქირით ცხოვრობდა; მერე, 1913 წელს, ელბაქიძის ქუჩაზე გადმოვიდნენ. თავიდან ეს ბინაც ნაქირავები ჰქონდათ, მერე, გადაიფორმა.
ჩეკისტები შემოდგომამდე აღარ გამოჩენილან. ოქტომბერში მოსულან, ბინისთვის ლუქი მოუხსნიათ და აღწერა დაუწყიათ. მიხეილის ცოლს, ელენეს კარგი გემოვნება ჰქონია, ანტიკვარული ნივთებიც ჰყვარებია. ჩეკისტებს ანტიკვარები სულ ცალკე გადაულაგებიათ – ექსპერტს უნდა შევამოწმებინოთო; თურმე, დავალებული ჰქონდათ, ანტიკვარები „ჩეკას“ ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახში მიეტანათ… მწერლის არქივი აბაზანაში ჩაყარეს, სამუშაო მაგიდა კი უჯრებიანად წაიღეს. ოჯახს მიხეილის ტანსაცმელიც არ დაუტოვეს…
ჯავახიშვილის ბინაში შებარგება ბევრს სდომებია და ამ თემაზე მწერალთა კავშირში განხილვაც გამართულა. სწორედ იმ დროს კრიტიკოს შალვა რადიანს ცოლი შეურთავს და უპირატესობა მას მიანიჭეს. ბატონი შალვასთვის „ზემოთ” უკითხავთ, თუ ხელს გიშლიან, მიხეილის ცოლ-შვილს ამ ერთი ოთახიდანაც გავასახლებთო. არაო, – მოკლედ მოუჭრია კრიტიკოსს. ჩვენი ბედი, რომ რადიანები შემოვიდნენო, – ამბობს მწერლის ქალიშვილი, ქალბატონი რუსუდანი. კლასიკოსი 1937 წლის 30 სექტემბერს, სოღანლუღში დაუხვრეტიათ, მიხეილისთვის ტყვია ჯალათ შაშონკინს უსვრია. „ტროიკის” გადაწყვეტილებით, 15-15 სიკვდილმისჯილს წინასწარ გათხრილი ორმოს პირას აყენებდნენ და ჯალათები რიგრიგობით ესროდნენ და მერე ყველას ორმოში ყრიდნენ…
რამდენიმე წლის წინ მიხეილის შვილიშვილთან, რამაზ შიშნიაშვილთან, ვიღაც მისულა და უთქვამს, ვიცი, მიხეილი ზუსტად სადაცაა დასაფლავებულიო, მაგრამ შთამომავლებს მისი სულის შეწუხებაზე უარი უთქვამთ.
დახვრეტამდე მწერალი ბერიას დაუკითხავს და ყურში გაურტყამს. მიხეილი იატაკზე დავარდნილა, ლავრენტის გულზე ფეხი დაუდგამს და ჩაუსისინებია: ახლა კი მართლა გადგას თავზე ჩეკისტიო. მიხეილს, ალბათ, გაეცინა და ის ორი მწერალი გაახსენდა, ამას წინათ ქუჩაში რომ შეხვდნენ. ამ მწერლებს კლასიკოსისთვის უთქვამთ: ბატონო მიხეილ, ხედავთ, რა კარგი დრო მოვიდაო. მიხეილს უპასუხია: ესაა კარგი დრო? თავზე ჩეკისტი გვადგასო. როგორც ჩანს, მწერლებმა ყველაფერი ბერიას ჩაუკაკლეს…
მიხეილ ჯავახიშვილის რეაბილიტაცია დახვრეტიდან 17 წლის მერე მოხდა. ინაურმა მწერლის ქალიშვილებს სპეციალური მოსაწვევები გაუგზავნა – „ტროიკის” სასამართლოს დაესწარითო. ისინი, ვინც ამდენი ადამიანი გააუბედურა, ცოცხლად ვნახე: მშვიდად ისხდნენ და სინანული ერთსაც არ წამოსცდენია, პირიქით, ისევ ამბობდნენ, ხალხის მტრებს ვანადგურებდითო. მეც სულ წარსულში ვარ, ის გაჭირვება მახსენდება და რაღაც კომპლექსი დღემდე მაქვსო – ამბობს ქალბატონი რუსუდანი. ბერია მხოლოდ „ხალხის მტრებს” კი არა, როგორც წესი, მათ მეუღლეებსაც იჭერდა. თურმე, „წასასვლელად” ჩემოდანი მიხეილის ცოლსაც გაუმზადებია და, მანქანის ხმას გაიგებდა თუ არა, ამბობდა, ჩემს წასაყვანად მოვიდნენო, მაგრამ ქალბატონი ელენე არ დაიჭირეს. ალბათ, დაავიწყდათო – ამბობს ქალბატონი რუსუდანი. სხვათა შორის, ქალბატონი ელენე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა, ქმრის დაპატიმრების მერე, როგორც მისი ქალიშვილი რუსუდანი ამბობს, ქუჩაში ერთხელაც აღარ გასულა.
მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მიხეილ ჯავახიშვილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო რელიეფურად გამოკვეთილი დისიდენტი მწერალი იყო, რომელმაც ვერ მიიღო ახალი, საბჭოთა წყობა როგორც პიროვნულად, ისე შემოქმედებითად – „რა ვქნა, შეკვეთით წერა არ შემიძლიაო”.
მიხეილ ჯავახიშვილისთვის ციხე და პატიმრობა უცხო არ იყო. ჯერ კიდევ მეფის მთავრობის დროს გამოამწყვდიეს ის მეტეხის ციხეში და ეს პატივი არც საბჭოთა მთავრობამ დააკლო…
20-იან წლებში მწერლის მძიმე სულიერ განწყობას კარგად გამოხატავს მის მიერ დავით სულიაშვილისადმი მიწერილი წერილი: ,,ძმაო დავით, მე აქ ცხოვრება არ შემიძლიან. ჩემი გასვლა საქართველოდან ჩემი მეორედ დაბადება იქნება. ამ საქმეში დამეხმარე, სამაგიერო მომთხოვე და მიმსახურე… გარწმუნებ, ძმაო დავით, გარეთ უფრო მეტს და თავისუფლად დავწერ, ე. ი. მცირედ სარგებლობას მოვუტან ჩემს სამშობლოს. აქაური ამბები? არავითარ გაზეთს აღარ ვკითხულობ, ყველგან სუფევს ჩვეულებრივი სიმდაბლე, ჭორიკანობა და გულგატეხილობა. დავიშრიტეთ, დავიქანცენით და მოვიღუნეთ. ეს არის და ეს”.
განგებას თუ ბედისწერას კი უკვე გადაწყვეტილი აქვს მიხეილ ჯავახიშვილის ბედი. ის ლაბა ხარივით მუხლჩაუხრელად შრომობს, შრომობს და თან უჩინარ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მოგვიანებით მწერალი იტყვის: „ჩემი საიდუმლო მუშაობა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში 1921-1923 წლებში ჰგავდა ადამიანის საქციელს, რომელმაც ცურაობა არ იცის, მაგრამ სხვის დასახმარებლად ისკუპა ხიდიდან და წყალში გადავარდა. ამის ახსნა შეუძლებელია...” ვერ უშველა კონსპირაციამ მიხეილ ჯავახიშვილს – „ჩეკა” ფხიზლად ადევნებდა თვალს და მის ყოველ ნაბიჯს პუნქტუალურად აღნუსხავდა... პავლე ინგოროყვა და სხვანი სერგო ორჯონიკიძეს ეახლნენ თხოვნით – მიხეილ ჯავახიშვილი ნიჭიერი მწერალია და ნუ დახვრეტთო! ეტყობა, იმ დღეს სერგო კარგ განწყობაზე იყო და მწერალი შეიწყალა, თორემ, ეს ის სერგოა, ვაჟა-ფშაველას შვილზე რომ სთხოვეს, ნუ დახვრეტთ, აპატიე, ვაჟას შვილიაო. ვაჟას შვილს კი არა, თვითონ ვაჟა-ფშაველა რომ ცოცხალი იყოს, იმასაც დავხვრეტთო, – იყო პასუხი“...
(წყარო „საარქივო მოამბე” N 2, 2008 წ., შსს საარქივო სამმართველო).