სიცხის, გაციების, სურდოსა და ყელის ტკივილის დასამარცხებლად გაიძლიერეთ ორგანიზმი
თუ გრიპს სწორად უმკურნალებთ, ის მალევე გაგივლით. ბევრი ამ დროს ასპირინს სვამს. ამ პრეპარატს შეუძლია ტკივილების შემსუბუქება, ანუ ებრძვის დაავადების შედეგს და არა მიზეზს. ზოგადად, გრიპის დროს ასპირინის დალევა არ არის რეკომენდებული, რადგან ის აძლიერებს ჰემორაგიულ სინდრომს, ანუ ზრდის სისხლძარღვთა გამავლობას, რამაც, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს. გრიპის დროს ანტიბიოტიკების მიღებაც არ იძლევა შედეგს, რადგან ისინი ვირუსზე არ მოქმედებს.
კარგია გრიპის დროს ცხელ წყალში ფეხების ჩაყოფა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება, თუ მაღალი სიცხე გაქვთ. ამ დროს აჩქარებულია გულისცემა, ხოლო ცხელ წყალში ფეხების ჩაყოფა, გულს დამატებით დატვირთავს.
მეცნიერებმა კვლევის საფუძველზე აღმოაჩინეს კავშირი გადატანილ ინფექციურ დაავადებებსა და სიმსივნური წარმონაქმნების მიმართ ორგანიზმის განწყობას შორის. კვლევამ აჩვენა, რომ, ვისაც გამუდმებით ემართება გრიპი, მწვავე რესპირატორული დაავადება და ანგინა, გაცილებით ნაკლები რისკი აქვს, დაავადდეს კიბოთი, ვიდრე მას, ვისაც ცივ პერიოდში ეპიდემიები არ ემართება. ეს უკავშირდება იმუნიტეტის თავისებურებასაც, კერძოდ, ორგანიზმი თითქოს კომპენსაციას უკეთებს ჩვეულებრივი ინფექციებისგან თავის დაცვის უუნარობას და თავად იბრძვის.
ზოგი გრიპის დროს არაყს სვამს და ჰგონია, ამით დაიცავს თავს, რაც დიდი შეცდომაა. სპირტი არ არის ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება, პირიქით, ის ასუსტებს ორგანიზმს და აქვეითებს იმუნიტეტს. ამიტომ, მსმელები უფრო ხშირად ავადდებიან გრიპით და უფრო რთულადაც გადააქვთ ეს დაავადება, ვიდრე მათ, ვინც ზომიერად ან საერთოდ არ სვამს. გარდა ამისა, ბევრი მედიკამენტი ალკოჰოლთან შეუთავსებელია და მათი ერთდროული მიღება სასტიკად იკრძალება.
გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი ჩვენგანი მკურნალობას თავს არიდებს და ფიქრობს, რომ ეს თავისით გაივლის, არადა, გართულებულმა გაციებამ, შესაძლოა, სერიოზული დაავადება გამოიწვიოს. გირჩევთ, მოერიდოთ გაციების დასაწყისშივე ძლიერმოქმედი აბების მიღებას, რადგან ბევრი სხვა ეფექტური საშუალებაც არსებობს.
იმასაც ამბობენ, თუ სურდო უკვე შეგეყარა, მასთან ბრძოლა დაგვიანებულიაო. ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან, თუ დროულად დაიწყებთ მკურნალობას, სურდოს რამდენიმე დღეში დააღწევთ თავს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ინჰალაციაა. განიერპირიან ჭურჭელში აადუღეთ წყალი, ჩააწვეთეთ მასში რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ზეთი, თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და ცხელი ორთქლი ისუნთქეთ. ევკალიპტს ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და სუნთქვას მკვეთრად აუმჯობესებს. თუ ოფლის მოდენა გინდათ, მდუღარეში დარიჩინი ჩაუმატეთ – ის ოფლის მოდენაში დაგეხმარებათ და ორგანიზმს გაათბობს. მდუღარე წყალში ჩამატებული ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი ვირუსებს ანადგურებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ასევე, სურდოს დროს კარგია ცხელ წყალში ფეხების ჩაყოფა. როცა ფეხებს ითბუნებთ, სისხლი ქვედა კიდურებს აწვება და თავში არსებული სისხლძარღვები იკუმშება.
ყელის ტკივილის დროს კი სავლები დაგეხმარებათ: თბილ წყალში ჩაუმატეთ რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი და ყელში გამოივლეთ. ამ მცენარეს ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს და ინფექციას იოლად ამარცხებს.
მთავარია, ხველის დასაწყისშივე კარგად ჩათბეთ და იმუნიტეტი გაიძლიეროთ, რათა ორგანიზმს ხველასთან ბრძოლაში დაეხმაროთ. ამ დროს ძალიან კარგია პიტნის ნაყენი წიწაკით: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ პიტნის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ ხუთი წუთი. შემდეგ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი და ერთი მწიკვი დაფქული წიწაკა. ნაყენი დალიეთ ცხელი.
ეფექტის გასაძლიერებლად, გაიკეთეთ ცხელი კომპრესი: 3 წილი ცხელი წყალი და 1 წილი ვაშლის ძმარი აურიეთ ერთმანეთში და დაასველეთ მასში დოლბანდი. კომპრესი ოცი წუთით დაიფინეთ ყელზე.
ორგანიზმის დამცველი ძალის გასაძლიერებლად კარგია C ვიტამინის შემცველი პროდუქტების მიღება; ასევე, სურდოს დასამარცხებლად კარგი საშუალებაა შემდეგი კოქტეილი: 1 ჩაის კოვზი ასკილის სიროფი, 2 სადილის კოვზი ჭარხლის წვენი, 2 სადილის კოვზი კეფირი ან მაწონი კარგად აურიეთ ერთმანეთში, ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი და სვით რამდენიმე დღის განმავლობაში.
ნაწლავების პერიოდულად გაწმენდა აუცილებელია
თუ გსურთ, ახალგაზრდობა გაიხანგრძლივოთ, გქონდეთ ლამაზი კანი და თავიც კარგად იგრძნოთ, გაისუფთავეთ ნაწლავები ტოქსინებისგან. თუ პრობლემური ნაწლავები არ გაქვთ, გასუფთავების პროცედურა სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, სხვა შემთხვევაში კი – თვეში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ ნაწლავები არარეგულარულად და არასათანადოდ იცლება, ტოქსინები სისხლში გაედინება, რაც ცუდად აისახება კანის მდგომარეობასა და ადამიანის ხასიათზე.
დასვენების დღეებში აადუღეთ 200 მილილიტრი წყალი და ჩაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი – ეს ფიზიოლოგიური ხსნარია, რომელსაც ორგანიზმი არ შეიწოვს. ის ნაწლავებს გარეცხავს და მავნე ნივთიერებებს გარეთ გამოიტანს. ამ ხსნარის დალევის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, უნდა ჭამოთ წინასწარ მომზადებული საუზმე, კერძოდ, ერთი მუჭა ბრინჯი მოხარშეთ უმარილო და უშაქრო წყალში და დაუმატეთ ცოტა კარაქი (შეგიძლიათ, ოდნავ დამტკბარი ჩაიც მიაყოლოთ). ბრინჯის ჭამიდან ორი საათის შემდეგ, მიირთვით, რაც გსურთ. ამ წესით გაწმენდა ძალიან ეფექტურია და არ არღვევს ნაწლავების მიკროფლორას. იმ შემთხვევაში, თუ შეშუპებისკენ ხართ მიდრეკილი, უმჯობესია, ფიზიოლოგიური ხსნარი აფთიაქში შეიძინოთ.
ნაწლავების დაცლის პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს. ასევე, დეფეკაციის დროს არსებული ტკივილები, ბუასილის გამწვავებისას რომ იჩენს თავს, ბლოკავს ნაწლავების დაცლის პროცესს და საშინელ დისკომფორტს იწვევს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სპეციალური რჩევები, კერძოდ:
* გაღვიძებისთანავე დალიეთ ოთახის ტემპერატურის მქონე 1 ჭიქა წყალი და დილასვე გააკეთეთ მუცლის პრესის ვარჯიშები;
* უზმოზე მიირთვით დაქუცმაცებული გარგარის, შავი ქლიავისა და ლეღვის ჩირი, 200 გრამ ნარევს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღეთ 1 სადილის კოვზი, უზმოზე (ამას შეგიძლიათ, 1 ჩაის ჭიქა წყალიც მიაყოლოთ).
* ღერღილი ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნისგან იცავს ადამიანს, ამიტომ, შეიტანეთ ის თქვენს მენიუში; ასევე, ხშირად მიირთვით ზღვის კომბოსტო, უმი ბოსტნეულის სალათები (მაგალითად, კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის მცენარეული ზეთით შეზავებული სალათა), ასევე, კიტრის, სალათის ფურცლების, პომიდვრის, ბოლოკისა და მწვანილების სალათები.
კომბოსტო, ლიმონი და მზესუმზირა ინფორმაციის ადვილად აღქმაში გვეხმარება
თითოეულ ჩვენგანს ბევრი ფიქრი და ბევრი ინფორმაციის მიღება-დამახსოვრება სჭირდება, ხანდახან იმდენად ბევრის, რომ თავბრუ გვესხმის. დამახსოვრების პროცესის შემსუბუქება შესაძლებელია, თუ გონებრივი დატვირთვის დროს სპეციალურად მივიღებთ საჭირო საკვებ პროდუქტს. მაგალითად, თუ ბევრი კითხვა, წაკითხულის ათვისება, გაანალიზება, სწავლა და გამოცდების ჩაბარება გიწევთ, უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მეტი კომბოსტო, რადგან ის ხსნის ნევროზს და ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის აქტივობას. იმისთვის, რომ გამოცდების წინ გაუთავებლად არ გქონდეთ შიშის გრძნობა, რეგულარულად მიირთვით კომბოსტოს სალათა; ასევე, კარგია მზესუმზირა ან გოგრის თესლი. თუ ლიმონსაც მიირთმევთ, უკეთ იაზროვნებთ და ახალ ინფორმაციასაც ადვილად აღიქვამთ, რაშიც მასში შემავალი C ვიტამინი დაგეხმარებათ.
მოცვი იდეალური პროდუქტია მათთვის, ვისაც ხშირად ეძაბება მეხსიერება, ყურადღება და თვალები. ის ხელს უწყობს ტვინის სისხლით მომარაგებას, აძლიერებს თვალის კუნთებს და მხედველობაზეც დადებითად მოქმედებს. მოცვი განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვინც კომპიუტერთან მუშაობს.
თუ გონების მაქსიმალური დაძაბვა გიწევთ ან დიდხანს მართავთ ავტომანქანას, თან იქონიეთ თხილი ან ნიგოზი. მათი ხშირი მიღება კურნავს დაავადებულ ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს ტვინის უკეთესად მუშაობას.
ფსიქიკური და გონებრივი გადაღლილობის დროს დაგეხმარებათ ხახვი. ის ათხელებს სისხლს, რითაც ხელს უწყობს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. ყოველდღიური მინიმალური დოზაა საშუალო ზომის ხახვის ნახევარი.
ფორთოხალი ამცირებს კიბოსა და თრომბის წარმოქმნის რისკს
ფორთოხალი ბევრ დაავადებას ებრძვის. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები და ტოქსინები. კარგი იქნება, თუ კვირაში ერთ დღეს მხოლოდ ფორთოხალს მიირთმევთ – დაახლოებით ექვს-შვიდ ცალს, ან ახალგამოწურულ წვენს დალევთ.
გაითვალისწინეთ ამ ციტრუსის სასიკეთო თვისებები და გამოიყენეთ ის ორგანიზმის დასაცავად მთელი სეზონის განმავლობაში.
ფორთოხალი აძლიერებს იმუნიტეტს. დადგენილია, რომ ვიტამინები, იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებსაც ფორთოხლის ქერქი შეიცავს, სტიმულს აძლევს ორგანიზმს ანტისხეულების გამოსამუშავებლად, რაც აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობასა და სხვადასხვა ინფექციისგან დაცვას. ასევე, იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. ფორთოხალი შეიცავს კალიუმს, A პროვიტამინს, B და C ვიტამინებს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძსა და თუთიას. გარდა ამისა, ფორთოხალი ამცირებს კიბოს წარმოქმნის რისკს. თუ ყოველდღიურად ერთ ცალ ფორთოხალს შეჭამთ, შემცირდება თრომბის წარმოქმნის რისკიც.
ჯანმრთელი ადამიანისთვის უზმოზე ფორთოხლის ჭამა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ფორთოხლის წვენის ინტენსიური სმა და საერთოდ, ციტრუსების მიღება, ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
საუზმეზე ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში, ოღონდ, წვენი მომზადებისთანავე უნდა დალიოთ, რადგან ვიტამინების ნაწილი სწრაფად იშლება. სამხარზე კი მთლიანი ფორთოხალი მიირთვით, რადგან ქერქში არსებული პექტინები აკონტროლებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.
თუ გსურთ, ზედმეტი კილოგრამები დაიკლოთ, კვირაში ერთი დღე განტვირთვის დღედ გამოაცხადეთ და საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ფორთოხალი მიირთვით. მასში მცირე კალორიებია, სამაგიეროდ, ბევრი უჯრედისია, რაც შიმშილის გრძნობას გარკვეული დროით თრგუნავს.