კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: როგორ უნდა შევუხამოთ თვალების ფერს ტუშის ფერი?
პასუხი: შეგახსენებთ, რომ დატუშული წამწამები ცვლის მზერას – უფრო თბილს, გამჭოლს, მიბნედილსა და ვნებიანს ხდის მას. ეს ცვლილება უფრო ხაზგასმული იქნება, თუ სწორად შეუხამებთ ერთმანეთს თვალებისა და ტუშის ფერებს. მაგალითად, მწვანე, ნაცრისფერ ან ცისფერ თვალებს მოუხდება იისფერი ან შავი ტუში; თაფლისფერ თვალებს – ლურჯი.
კითხვა: მაქვს მოკლე და ცოტა მეჩხერი წამწამები. როგორი ტუში უნდა წავისვა, რომ უფრო ხშირი და გრძელი წამწამები გამომიჩნდეს?
პასუხი: არსებობს სპეციალური ტუშებიც, მაგრამ, თუ ასეთი არ გაქვთ, წაისვით ნაცრისფერი ტუში – ეს გარკვეულწილად მოგიგვარებთ პრობლემას.
კითხვა: ახლახან გავიგე, რომ თურმე წამწამებისთვის სპეციალური მასაჟი არსებობს. თუ შეიძლება, მასწავლეთ, როგორ გავიკეთო სახლის პირობებში, მე თვითონ?
პასუხი: მასაჟის შედეგად ხდება წამწამების აპრეხა და მისი ძირების გამაგრება. მასაჟი კეთდება შემდეგნაირად: საჩვენებელი თითის ბალიშით ასწიეთ ზედა ქუთუთოს წამწამები წარბისკენ და ასე გააჩერეთ 4-5 წამი. გაიმეორეთ 2-3-ჯერ. ეს პროცედურა უვნებელია დაზიანებული და მტვრევადი წამწამებისთვისაც კი. იმისათვის, რომ ჯანმრთელი და ლამაზი წამწამები გქონდეთ, მასაჟის გარდა, საჭიროა, მაკიაჟის მოშორების შემდეგ შეიზილოთ აბუსალათინის, ატმის ან ყურძნის წიპწების ზეთი, რომლებიც მდიდარია A და E ვიტამინებით.
კითხვა: რა შემადგენლობა უნდა ჰქონდეს თვალების გელს?
პასუხი: კანი თვალების გარშემო უფრო მშრალი, თხელი და ნაზია, ვიდრე სახის დანარჩენ ნაწილზე. ამის გამო ქუთუთოების გარშემო გაცილებით ადრე ჩნდება როგორც წვრილი, ისე ღრმა ნაოჭები. ღრმა ნაოჭების საწინააღმდეგოდ განსაკუთრებით ეფექტურია გელები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის კოლაგენი, ელასტინი, რეტინოლი და ასკორბინის მჟავა. გელი უნდა წაისვათ თითით, საათის ისრის მიმართულებით.