ინტიმური საუბრები
ჩემს ტყუპისცალ დასთან შერიგება მინდა
მყავს ტყუპისცალი და, მაგრამ საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს არც გარეგნობით, არც ხასიათით და, სხვათა შორის, არც ისეთი განსაკუთრებული სიახლოვე გვქონდა ბავშვობიდან, როგორც ზოგადად ტყუპებს აქვთ ხოლმე, რაშიც დედას და ბებიას ვადანაშაულებ. ახლა, როცა უკვე ზრდასრული ადამიანი ვარ და ვიხსენებ მათ დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ, თანდათან უფრო ვრწმუნდები: რომ არა მათი, მე ვიტყოდი, უტაქტო და არასწორი საქციელი, ჩემი უახლოესი და უსაყვარლესი ადამიანი ასე უმიზეზოდ არ იქნებოდა ჩემზე განაწყენებული. მეტი დედმამიშვილები არ გვყავს და ისეთი გაუცხოებულები ვართ ერთმანეთთან, შეხვედრისას მხოლოდ ოფიციალურ სალამს ვამბობთ, თითქოს შემთხვევითი ნაცნობები ვიყოთ. უფრო სწორად, მე მთელი გულით მოვიკითხავ ხოლმე და გავიწევი საკოცნელად; მინდა, რომ მოვეხვიო და ჩავეხუტო, მაგრამ სალომე ისე ცივად და წარბშეკვრით მხვდება, ამხელა ქალი ვიბნევი და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. მხოლოდ თავს დამიქნევს სალმის ნიშნად და მაშინვე გამშორდება ხოლმე, რომელ ჩახუტებაზე და მოკითხვაზეა ლაპარაკი.
ზემოთ ვთქვი, დედას და ბებიას ვადანაშაულებ-მეთქი, რაშიც ნამდვილად არ ვცდები და, გეტყვით, რატომაც: მე და სალომე ერთმანეთს არ ვგავარო – მე ქერა და ცისფერთვალება ვარ, მაღალი და გამხდარი; სალომე კი შავტუხაა, ჩემზე ცოტათი დაბალი და ჩაფსკვნილია ბავშვობიდან. მე თუ მკითხავთ, ის უფრო საყვარელი და, როგორც იტყვიან, გულისმისასვლელი ბავშვი იყო, მით უფრო, რომ ჩემზე უკეთესი ხასიათი ჰქონდა – ასეთ მხიარულ, ენამოსწრებულ, ალერსიან და ხალისიან ბავშვს იშვიათად ნახავდით; მე კი სულ მოწყენილ-მოღუშული ვიყავი, არაფერი არ მომწონდა, ჩემი ჭირვეულობა ყველას ყელში ჰქონდა ამოსული და, როგორც ახლა დედა და ბებია ამბობენ, სწორედ ამიტომ მაქებდნენ და მადიდებდნენ ყოველთვის, ჰქონდათ თუა არა ამისი მიზეზი, რომ იქნებ ამით მაინც გამოეწვიათ ჩემი ღიმილი და კმაყოფილება. მაგრამ, როგორც ჩანს, ორივეს „ქრონიკულში“ გადაუვიდა ჩემი ქება-დიდება, ჩემი სილამაზის გაასმაგებულად წარმოჩენა და, ამასობაში, საერთოდ ავიწყდებოდათ, რომ იქვე, ჩემ გვერდით, იმყოფებოდა ჩემი ტყუპისცალი და, ჩემივე ტოლი, რომლისთვისაც ერთხელაც არ უთქვამთ, ჩემო ლამაზო და ჩემო დახატულოო. როგორც ჩანს, ეს წყენა წლების განმავლობაში დაგროვდა მასში და ჯერ კომპლექსად, შემდეგ ტკივილად და ბოღმად, ბოლოს კი ოჯახის ყველა წევრის, განსაკუთრებით კი ჩემ მიმართ სიძულვილში გადაიზარდა. ეს სიძულვილი პირველად მეცხრე კლასში შევამჩნიე, როცა სალომე ჩვენი თანაკლასელის დაბადების დღეზე არ წამოვიდა. ასე მითხრა, შენ თუ წახვალ, მე არ წამოვალო. რატომ-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა – არ შეგრცხვება, ჩემისთანა მახინჯი და რომ გამოგყვება გვერდითო? მერე და მერე კი ეს ნაპრალი ჩვენ შორის ისე გაიზარდა, აბსოლუტურად უცხოები გავხდით ერთმანეთისთვის. მეთერთმეტე კლასში რომ ვიყავით, მამას ლოჯიაში გადაატანინა თავისი საწოლი და იქ გადაბარგდა (მანამდე ერთ ოთახში ვიყავით ორივე), ისე, რომ მიზეზიც არ უთქვამს. დედა და ბებია ბოლომდე ვერ ხვდებოდნენ თავიანთ ბრალს და, საბოლოო ჯამში, იმას მიაღწიეს, რომ ეს მხიარული და ხალისიანი ბავშვი თავის თავში ჩაკეტილ, დაბოღმილ გოგოდ ჩამოაყალიბეს. დღემდე იმდენად შურს ჩემი, როცა გავთხოვდი, მხოლოდ იმიტომ არ გადავიხადე ქორწილი, რომ სალომეს განცდები არ ჰქონოდა. არადა, გეფიცებით ჩემს შვილებს (უკვე ორი შვილი მყავს), ძალიან მიყვარს ჩემი ერთადერთი და, ძალიან მინდა მასთან შერიგება და, თუ ეს რამეს შეცვლის, მზად ვარ, ბოდიშიც კი მოვუხადო იმ ტკივილისა და წყენისთვის, რაც მე არ მიმიყენებია.
ნათია, 32 წლის.