კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლავრენტი ბერია და ბალტიისპირეთის ოკუპაცია

ბალტიისპირეთის ოკუპაცია (1940 წელი)  დღემდე აქტუალურ თემად  რჩება,  ალბათ იმიტომ, რომ თეთრი ლაქები ბოლომდე რჩება. ლავრენტი ბერიას როლზე ბალტიისპირეთის მოვლენებში, გვესაუბრება ისტორიის  დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ნიკა თევზაძე.
– ბალტიელების მთელი ისტორია, ეს გერმანელებთან ბრძოლის ისტორიაა.  ამით გაჟღენთილია მთელი მათი ფოლკლორი, სადაც გერმანელებს ეშმაკს ადარებენ.  ანტიგერმანული მიმართულებისაა უდიდესი ლატვიელი პოეტის, იან რაინისის პოეზიაც. ეს კანონზომიერია, რადგანაც  გერმანელები ლატვიელებს, ლიტველებსა და ესტონელებს მაჯლაჯუნასავით ასხდნენ კისერზე. მას შემდეგაც  კი,  რაც ეს მხარე რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა (მე-18 საუკუნე),  გერმანელმა ბარონებმა  აქ გაბატონებული მდგომარეობა შეინარჩუნეს.  ბარონებს მეფის ხელისუფლება ძალზე მფარველობდა.  ისინი  იყვნენ მიწის მესაკუთრენი და მთელ ეროვნულ სიმდიდრესაც  გერმანული არისტოკრატია ფლობდა. თვით ბატონყმობის გადავარდნის შემდეგაც კი,  მიწა გერმანელი ბარონების  ხელში დარჩა.  ლატვიელს, ლიტველს, ან ესტონელს შეეძლო ის იჯარით აეღო. ტრაგიკული იყო ბალტიელთა ყოფა. ისინი თავიანთ სამშობლოში მოჯამაგირეებად იყვნენ გადაქცეულნი. რასაკვირველია, გერმანელებმა შეასწავლეს ბალტიელებს  მეურნეობის გაძღოლა.
– ამრიგად, ბალტიელები  ეს გლეხების  ერია?
– ლიტველებს ჰყავდათ არისტოკრატია,  რადგანაც  არსებობდა ლიტვის დიდი სამთავრო,   რომელიც ჯერ პოლონეთთან  გაერთიანდა  და რეჩ პოსპოლიტა შექმნა,  შემდეგ  (უკვე მე-18 საუკუნიდან)  რუსეთთან. ლატვიელები და ესტონელები კი გლეხების ერია.  მათ დამოუკიდებლობა  მხოლოდ 1918 წელს მოიპოვეს. როცა  1918 წელს ბალტიის ქვეყნებმა  დამოუკიდებლობა გამოაცხადეს,  ამას მხოლოდ ინტელიგენციის მცირე ჯგუფი, სტუდენტობა და გიმნაზიის უფროსი კლასების მოსწავლეები მიესალმნენ. როცა 1919 წელს, იქ  წითელი არმია შევიდა, ხალხი მათ ზარ-ზეიმით შეხვდა. ეს ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. თუმცა,  მალე  აღტაცება იმედგაცრუებამ შეცვალა.  ხალხიც კომუნისტებს მასიურად აუჯანყდა. დამოუკიდებლობის განმოცხადების  შემდეგ,  გერმანელ ბარონებს მიწები ჩამოართვეს. ამან გერმანელებისადმი შემდგომი დამოკიდებულებაც განსაზღვრა.  შიში,  რომ ბარონი დაბრუნდება  და საკუთრებას მოითხოვს, უდიდესი იყო. ის განსაკუთრებით გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ   გაიზარდა.
– ბალტიის ანექსიის საკითხიც  მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით გადაწყდა? რომ ლატვია და ესტონეთი  რუსული გავლენის ქვეშ მოექცევიან; ლიტვა  რუსულ-გერმანული გავლენის ქვეშ  იქნება. ამის  შემდეგ ჰიტლერმა  პოლონეთს დაარტყა და მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო.  სტალინი  ბალტიისპირეთის ანექსიისთვის  ემზადებოდა?
–  ბალტიელთა ბედი მათ გარეშე გადაწყდა. ეს სტალინ-ჰიტლერის გარიგების  შედეგად მოხდა.  ლატვია, ლიტვა და ესტონეთი პაიკები აღმოჩდნენ იმ  დიდ თამაშში,  რომელიც იმხანად მიმდინარეობდა.
– როგორი იყო ბერიას როლი ბალტიისპირეთის ოკუპაციაში?
– ბერია ამ დროს უკვე საბჭოთა საიდუმლო პოლიციის უფროსი იყო. 1939 წლის სექტემბერში  მან   სტალინს ამომწურავი მოხსენება მიართვა. ლავრენტი ხაზს უსვამდა იმას,  რომ  ბალტიისპირეთის შემოერთება  რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელებულიყო. პირველი ეტაპი აქ საბჭოთა ბაზების განთავსება  გახლდათ.  შემდეგ  უნდა მომხდარიყო მაშინდელი ხელისუფლების დამხობა  და მათი ეგრეთ წოდებული „სახალხო მთავრობით“ ჩანაცვლება. ამას მოჰყვებოდა ახალი პარლამენტის არჩევა, რომელიც მიიღებდა გადაწყვეტილებას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. სხვათა შორის, ბერია ამტკიცებდა,  რომ არჩევნებში ოპოზიციასაც  უნდა მიეღო მონაწილეობა. ასევე, პარლამენტშიც, რომელიც მიიღებდა დადგენილებას საბჭოთა კავშირში შესვლის  თაობაზე. 
– სხვა გეგმებიც არსებობდა?
–  „კომინტერნის” თავმჯდომარე დიმიტროვმა  თავისი სქემა წამოაყენა,  მოლოტოვმა – თავისი,  გრუმ (სამხედრო დაზვერვა) – თავისი.  სტალინს  კი ყველაზე მეტად ბერიას სქემა მოეწონა. ბალტიისპირეთის ოკუპაციაც, ძირითადად, ბერიას  სქემით მოხდა. თუმცა, სტალინმა  მასში გარკვეული შესწორებები  შეიტანა. ბერია მიიჩნევდა,  რომ  ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი,  რაც  ამ ქვეყნების საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში  შესვლას  დააკანონებდა. სტალინმა ჩათვალა,  რომ  ამისი გაკეთება სახიფათოა.  რეფერენდუმიც არ ჩაატარეს. ასევე, უარყოფილ  იქნა ბერიას წინადადება, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ მათ, ვინც  მხარს დამოუკიდებლობას უჭერდა.  არჩვნებშიც მხოლოდ პროკომუნისტური ეგრეთ წოდებული „მშრომელი ხალხის ბლოკი“ მონაწილეობდა.
– როგორ მოხდა ეგრეთ წოდებული „სახალხო მთავრობების“ მოსვლა ხელისუფლებაში?
– 1940 წლის ივნისში ჰიტლერმა საფრანგეთზე ლაშქრობა  დაიწყო.   ამრიგად, გერმანიას  ბალტიისპირეთისთვის აღარ ეცალა.  სტალინმა  ეს უმალ გამოიყენა.  1940 წლის 16 სექტემბერს ლიტვა–საბჭოთა კავშირის საზღვარზე  მოხდა ინციდენტი.  მოკლეს  რუსი სამხედროები. სტალინმა  ამაში  ლიტველები დაადანაშაულა  და მათ  შემდეგი ულტიმატუმი წაუყენა:
1. დაუყოვნებლივ მიეცნენ პასუხისგებაში ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრი – პოვილაიტისი და უშიშროების დეპარტამენტის უფროსი – სკუჩასი,  როგორც  ანტისაბჭოთა პროვოკაციების ძირითადი ორგანიზატორები;
2.  მოხდეს ლიტვის ტერიტორიაზე დამატებითი საბჭოთა სამხედრო ქვედანაყოფების განლაგება;
3. შეიქმნას მთავრობა,  რომელიც უზრუნველჰყოფს  ლიტვა– საბჭოთა კავშირის პაქტის შესრულებას.
ლიტვურ მხარეს  ამ მთავრობის სია გადაეცა. მეორე დღეს მსგავსი ინციდენტები ლატვიისა და ესტონეთის საზღვარზედაც მოხდა.  სტალინმა მათაც წაუყენა ულტიმატუმი და  მოითხოვა  ახალი მთავრობის შექმნა. ლატვიისა და ესტონეთის  პრეზიდენტებს გადაეცათ ახალი მავრობის სია. ლატვიამ და ესტონეთმა  რუსების ულტიმატუმი მიიღეს. ამას კი ქვეყანაში რუსული არმიის შემოსვლა  მოჰყვა.  რუსეთის ჯარმა უმალ დაიკავა ფოსტა, ტელეგრაფი, რადიო.  ამის შემდეგ  ეგრეთ წოდებული „სოციალისტური რევოლუციის“ ინსცენირებაც დაიწყო.  პროკომუნისტური ელემენტები წითელი დროშებითა და ლენინ-სტალინის პორტრეტებით ქუჩებში გამოვიდნენ.  სიტუაციას ხომ მთლიანად რუსები აკონტროლებდნენ. ეგრეთ წოდებული „მშრომელთა დემონსტრაციებიც“ ბერიას აგენტების მიერ იყო  ინსპირირებული. რუსების შემოსვლისთანავე  დაიწყო მასობრივი რეპრესიები.  ასეთ ფონზე ჩატარდა ეგრეთ წოდებული არჩევნები.
– როგორი  იყო  ბალტიელი პოლიტიკოსების ბედი?
– რეპრესიების მსხვერპლი ბევრი  ცნობილი ბალტიელი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. მათ შორის ისინიც, ვინც 1940 წლის ოკუპაციაში  რუსებს  გარკვეული სამსახური გაუწია.
– ბალტიისპირეთის ოკუპაციის გაფორმება როგორღა მოხდა?
– რუსის ჯარს  თან სტალინის  ემისრები შემოჰყვნენ. ლიტვაში ეს იყო ბერიას გუნდის წევრი დეკანოზოვი, ესტონეთში – ჟდანოვი; ლატვიაში – ვიშინსკი.  მათ ბალტიისპირეთის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფილობითი შესვლის სპექტაკლი უნდა დაედგათ. სწორედ ამ ემისრების მიერაა ორგანიზებული ეგრეთ წოდებულ მშრომელთა მასობრივი დემონსტრაციები საბჭოთა კავშირში შესვლის მოთხოვნით. ეს მასობრივი რეპრესიები იმ ფონზე ხდებოდა, როცა ხვრეტდნენ  მათ, ვინც მხარს დამოუკიდებლობას უჭერდა; მათ ოჯახებს კი ციმბირში ასახლებდნენ. ასე აირჩა ახალი ეგრეთ წოდებული „პარლამენტი,“ რომელმაც მიიღო დადგენილება საბჭოთა კავშირის  შემადგებლობაში შესვლის შესახებ და  საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი წინადადებით მიმართა. ის, ბუნებრვია, დაკმაყოფილებულდა.
არქივებში  არსებობს ბერიას მოხსენების  ტექსტი სტალინისადმი, სადაც ნათქვამია: აუცილებელია, ბალტიისპირეთში საბჭოთა ხელისუფლების აღდგენის საქმეში ჩავაბათ როგორც პროლეტარული, ისე არაპროლეტარული ძალები,  განსაკუთრებით ინტელიგენცია,  პოპულარული მწერლები, პოეტები,  დრამატურგები, მეცნიერები. სტალინს ეს ძალიან მოეწონა. ამის შემდეგ  ბალტიის ქვეყებში საბჭოთა კავშირთან შეერთების საქმეში ინტელიგენციის ჩაბმა დაიწყო.  დახვრეტა და ოჯახის ციმბირში გადასახლება, ან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლისთვის მხარდაჭერა – საკითხი სწორედ ასე დადგა. ამან გაჭრა. ბევრმა ცნობილმა მწერალმა ოკუპაციას მხარი დაუჭირა. ლატვიაში ესენი იყვნენ ვილის ლაცისი და ანდრეი უპიტი; ლიტვაში – პიატრას ცვირკა,  სალომეა ნერისი; ესტონეთში – იოჰანეს ბარესი.

скачать dle 11.3