კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვერ მოატყუეს

საიუველირო მაღაზიის ძარცვის მცდელობისას, მძარცველმა, რომელიც ნიღბით იყო, ერთი პოლიციელი მოკლა და მაღაზიიდან მძევალთან ერთად გაიქცა. ორი საათის შემდეგ ეს მძევალი პოლიციის განყოფილებაში იჯდა და ლეიტენანტ ჰამილტონს ჩვენებას აძლევდა.
– მისტერ პერკინსი... ხომ არ მეშლება? – ჰკითხა ლეიტენანტმა.
– არა, სერ, ნამდვილად მისტერ პერკინსი ვარ. მან ჩემი მანქანა გაიტაცა და საფულიდან ოცდოლარიანიც ამომაცალა. ნაღდი ფული მეტი არ მქონდა. მაღაზიაში ჩემი ცოლისთვის საჩუქრის საყიდლად შევედი. ის ახლა ჩვენს ტყუპ გოგონებთან ერთად მაიამიშია, თავის დედასთან... მდიდარი არ ვარ და, თუ მანქანას არ იპოვნით, ეს დიდი ზარალი იქნება ჩემთვის.
 – თქვენი მანქანა უკვე ვიპოვეთ და, სავარაუდოდ, მძარცველის ვინაობაც ცნობილია ჩვენთვის. ეს ენტონი კასტერი უნდა იყოს, მეტსახელად – სკუნსი... გაგიმართლათ, რომ ცოცხალი გადაურჩით. ის თავის მძევლებს ხოცავს ხოლმე. როგორ მოახერხეთ?
– ჩემმა კანონმორჩილებამ გადამარჩინა. მანქანას მე ვმართავდი. ის მაიძულებდა, დიდი სიჩქარით მევლო. ცალი ხელით დანა ჰქონდა ჩემს კისერთან მომარჯვებული... დიდი ხანია, საჭესთან ვზივარ და შუქნიშანზე ყოველთვის ვაჩერებ. ახლაც გავაჩერე, მაგრამ, რადგან ჩქარა მივდიოდი, მუხრუჭი მკვეთრი აღმოჩნდა და ამან მიხსნა – ის შუბლით შეეჯახა საქარე მინას და, მგონი, გონება დაკარგა. ნიღაბიც კი მოეხსნა... მაშინვე მანქანიდან გადმოვხტი და გამოვიქეცი.
– საფულე როდის ამოგაცალათ?
– მანამდე. ღმერთო, იქ, საფულეში, ჩემი სავიზიტო ბარათიც იდო. ახლა მან იცის, სად ვცხოვრობ!..
ლეიტენანტმა თანაშემწე უელსს რაღაც ანიშნა. ის ოთახიდან გავიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი დაბრუნდა და ჰამილტონს რაღაც უჩურჩულა. იმანაც თავი დაუქნია.
– ნიღაბი მოეხსნაო, ამბობთ. მე ახლა სურათს გაჩვენებთ და მითხარით, ეს კაცი იყო თუ არა.
კომპიუტერის მონიტორზე მამაკაცის პირქუში სახე გამოჩნდა. მძევალი შეყოყმანდა:
– იცით, ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, ერთი წამით მოვკარი თვალი. ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. შემიძლია, წავიდე? ახლავე?
– თქვენ მაინც მოგიწევთ ჩვენთან თანამშრომლობა. იცით, რას ნიშნავს, როცა სადისტს, რეციტივისტსა და მკვლელს თქვენი მონაცემები აქვს? მისამართი, ტელეფონის ნომერი... თქვენ მისთვის საფრთხეს წარმოადგენთ, ამიტომ, აუცილებლად შეეცდება, მოგკლათ, რადგან, ზედმეტი მოწმე არ სჭირდება. პოლიციელის მოკვლისთვის ელექტროსკამი არ ასცდება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლა სახლთან გელოდებათ. დარწმუნდება, რომ მარტო მიხვედით, შემოვა და ბოლოს მოგიღებთ.
– როგორც მივხვდი, სხვა არჩევანი არ მაქვს, – მხრები აიჩეჩა პერკინსმა. პიჯაკის ჯიბიდან პატარა სავარცხელი ამოიღო. შეთხელებული თმა რამდენჯერმე გადაივარცხნა, სავარცხელს სული შეუბერა და ისევ ჯიბეში შეინახა. ეს მოძრაობა რამდენჯერმე გაიმეორა. ლეიტენანტი გარეთ გაჰყვა, მასთან მივიდა და მშვიდად წარმოთქვა:
– მოკლედ, გადაწყვეტილია: მე მოვდივარ. წეღან თქვენი მანქანა შევამოწმეთ. მე უკან, იატაკზე ჩავწვები – თავისუფლად ვეტევი. თქვენი გარაჟი სახლზეა მიდგმული?
– დიახ, მიდგმულია. ვხვდები, რაც გაინტერესებთ – გარაჟიდან პირდაპირ სახლში მოხვდებით. მისაღებ ოთახთან კარი აკავშირებს, – პერკინსი ბევრად უფრო დაწყნარებული ჩანდა.
– მანქანას პირდაპირ გარაჟში შეაყენებ. სახლში შეხვალ და კარს ღიას დატოვებ. თუ საჭირო იქნება, დილამდე დაგელოდები...
***
ლეიტენანტმა ფრთხილად ჩამოწია კარის სახელური და, როგორც კი ოთახში ფეხი შედგა, მკვეთრმა შუქმა მაშინვე მოსჭრა თვალი, ხრინწიანმა ხმამ კი დაუყვირა:
– იარაღი დააგდე და ხელები თავს ზემოთ ასწიე, თორემ, ტვინს მიგასხმევინებ!
ლეიტენანტმა ზუსტად შეასრულა მითითება. ოთახში, სავარძელში, სკუნსი იჯდა, გადაჭრილი კარაბინი შემართული ჰქონდა და იცინოდა.
– გაგაბა, ჰამილტონ, მახეში ჩემმა თანაშემწემ? რა გეგონა, ასე ადვილად გაპატიებდი, იმხელა სროკზე რომ გამიშვი, ჩემს ძმას კი, საერთოდ,  სამუდამო მიუსაჯე?
– ჰამილტონი სკამზე ჩამოჯდა და დინჯად თქვა:
– მე არ მომისჯია, ეს სასამართლო გაისარჯა. მე მხოლოდ ციხემდე მივაცილე და კვლავ გავაკეთებ ამას დიდი სიამოვნებით, როცა ელექტროსკამზე გაგიშვებ.
სკუნსმა გადაიხარხარა:
– მიყვარს ოპტიმისტები. მაგრამ, იმედი უნდა გაგიცრუო – დღეს შენ მოკვდები. შეიძლება, მე მართლაც ელექტროსკამზე დავასრულო სიცოცხლე, მაგრამ, შენ ამას ვერ ნახავ, დამიჯერე. ჰა, თქვი, როგორ შემოგიტყუე მახეში?! რაც ციხიდან გამოვედი, ამ დღეზე ვოცნებობდი და ეს სურვილიც შევისრულე. ახლა გესვრი და ამით მოვრჩებით.
ლეიტენანტმა გაიღიმა და ერთბაშად სკამიდან წამოხტა, თან იყვირა: „დროა!” – დანარჩენი მოვლენები კი ელვის სისწრაფით განვითარდა. სკუნსის მეგობარმა ლეიტენანტისთვის წართმეული რევოლვერი შემართა და ჰამილტონს კეფაში სამი ტყვია დაახალა, მაგრამ, მისდა გასაოცრად, ლეიტენანტი სკუნსს დაახტა და ორივენი მიწაზე გაგორდნენ. ოთახში შემოვარდნილმა თანაშემწე უელსმა კი „პერკინსს“ ხელბორკილი დაადო. ნახევარი საათის შემდეგ სკუნსიც და მისი მეგობარიც იატაკზე ისხდნენ, ხელებსა და ფეხებზე ბორკილებდადებულები.
 ლეიტენანტმა თავისი რევოლვერი აიღო და პერკინსს მიუბრუნდა:
– პერკინს, გეგონა, მომატყუებდი? როგორ მითხარი? მოძრაობის წესები არასდროს დამირღვევიაო? ჩემმა თანაშემწემ ნამდვილი პერკინსის მანქანა და მართვის მოწმობა შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ ბოლო ორ თვეში სამჯერ არის დაჯარიმებული სიჩქარის გადაჭარბებისთვის. შუქნიშანზე არასწორი გავლის გამო კი ის ექვსი თვის წინ დააჯარიმეს – ეს პირველი ტყუილი იყო, რამაც ისე დამაეჭვა, რომ უჩუმრად თითების ანაბეჭდები აგიღეთ. ისე, შენი ვინაობის დადგენას დიდი წვალება არც სჭირდებოდა... მაინც რას ნიშნავს მავნე ჩვევები – შენ ხომ „სავარცხელს სული შეუბერე“ ხარ, ასე არ არის?
ფსევდო პარკინსმა დაიღმუვლა. ლეიტენანტი ახლა სკუნსს მიუბრუნდა.
– ესე იგი, გეგონა, რომ გამაცურე და აქ შემომიტყუე? ვერ აგირჩევია ჭკვიანი თანაშემწე. მანქანის საბარგული შეამოწმა და ვერც იმას მიხვდა, რომ რევოლვერში ფუჭი ტყვიები ჩავაწყვე. „სული შეუბერე“, მოიხედე! არ იცოდი, რომ საბარგულში ერთი ადამიანი თავისუფლად თავსდება?! ისე, სავიზიტო ბარათის ამბავი და ამოცლილი საფულე კარგი იყო.
– ჰამილტონ, არ გამოვა ჩემი სიკვდილით დასჯა, – გამოცრა სკუნსმა და თანაშემწეს ზიზღით გადახედა.
– ფაქტობრივად, გამოსულია, წყალი არ გაუვა. სანამ სიკვდილით დაგსჯიან, საკანში ორივეს ერთად მოგათავსებთ, რომ არ მოიწყინოთ.
– იდიოტი, – ჩაილაპარაკა სკუნსმა, – მაინც ვერ გააკეთა ის, რაც დავავალე.
– მაგან კი არა, შენ ვერ გააკეთე. ჩემი მოტყუება ასე ადვილი გეგონა? რაც კარგი საქციელისთვის დროზე ადრე გაგათავისუფლეს, მას მერე სულ ყურადღების ცენტრში მყავხარ. ვიცი, როგორ შემოხვედით ამ სახლში – გაიგეთ, რომ ნამდვილი მისტერ პარკინსი ოჯახთან ერთად დიდი ხნით გაემგზავრა მაიამიში და, გადაწყვიტე, რომ ჩემზე შურისძიება გამოგივიდოდა. საიუველირო მაღაზიაც ვერ გაძარცვე, იქაც ჩაფლავდი... ერთი სიტყვით, იღბალმა ზურგი შეგაქცია, სკუნს...
– ერთი წუთი დამაგვიანდა, ერთი წუთი და, ჩემი „გადაჭრილი“ ნაჭრებად დაგშლიდა.
– საქმეც მაგაშია, მაგ ერთ წუთში... – გაიცინა ლეიტენანტმა და თავის თანაშემწეს მიუბრუნდა, – მანქანის საბარგულში ვიწროდ იყავი, უელს?..
თარგმნა

скачать dle 11.3