კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-45(776)

 – მერე, ჩემო კარგებო, იმ პლატოზე ამოვძვერი, იქაურობა ყურადღებით დავათვალიერე და კლდეში ჩატანებულ კარს მივაგენი, სადაც, ალბათ, ვაისმანის საგანძური უნდა იყოს შენახული, – თქვა ნოდარმა. შემდეგ სიგარეტი მოქაჩა და დაამატა: – იმედია, ამჯერად მაინც აღარ გავწბილდებით და განძს ვიპოვით.
– ნოდარ, შენ ის მითხარი, იქიდან როგორ გამოაღწიე და, საერთოდ, რა ადგილზეა ეგ გამოქვაბული? – ჰკითხა ნოდარს ვასომ.
– გამოქვაბული მტკვრის ქვეშაა, დაახლოებით ბარათაშვილის ხიდის შუაში; იქიდან გაყვანილი საიდუმლო გვირაბი კი მტკვრის ნაპირზე, საკანალიზაციო გვირაბს უერთდება.
– მარცხენა სანაპიროზე, ხომ?
– კი, მარცხენა სანაპიროზე.
– ნოდარ, გვირაბიდან რომ გამოძვერი, ხომ არავის დაუნახავხარ?
– მე მგონი, არა.
– „მე მგონი“ თუ არა? – ჰკითხა ვასომ.
– არა.
– ნამდვილად?
– ნამდვილად არა, – მიუგო ვასოს ნოდარმა, შემდეგ პაუზა გააკეთა და დაამატა: – რა ვქნათ?
მანამდე უხმოდ მჯდარი თინა ერთბაშად გამოცოცხლდა:
– რა უნდა ვქნათ და, უნდა წავიდეთ და საგანძური ვნახოთ.
ვასომ ხელით ანიშნა ცოლს, გაჩუმდიო და თქვა:
– ახლა ასე ვიზამთ: დიმკა და ქალები აქ დარჩებიან, მე და ნოდარი კი გამოქვაბულში წავალთ და იქაურობას დავათვალიერებთ.
– ჩვენ რომ წამოვიდეთ, არ შეიძლება? – თქვა თინამ.
– თქვენ ჯერ აქ იყავით, როცა საჭირო გახდება, მაშინ წაგიყვანთ, – მტკიცედ მიუგო კაპიტანმა მეუღლეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლაპარაკი დასრულებული იყო და კამათს აზრი არ ჰქონდა.
თინას ხმა აღარ ამოუღია, ნოდარმა კი ტანსაცმელი გამოიცვალა და ვასოს უთხრა:
– ვფიქრობ, რომ ფოლადის არმატურები შეიძლება დაგვჭირდეს. ის კარი ისეთი ჩაჟანგულია, ვერ გავაღებთ და დამხმარე საშუალებები უნდა წავიღოთ.
– მხოლოდ არმატურები?
– აბა, მეტი კიდევ რა?
– დომკრატიც შეიძლება გამოგვადგეს. გუშინწინ იაპონური დომკრატი მაჩუქეს და იმას წამოვიღებ.
– წამოიღე, – მიუგო ნოდარმა და კარისკენ გაემართა. ვასო უკან გაჰყვა მას და ცოლს უთხრა: – წავედით, თინიკო. აბა, თქვენ იცით,  არ მოიწყინოთ.
თინას ხმა არ გაუცია ქმრისთვის და არც მისკენ გაუხედავს. კაპიტანს კი ჩაეცინა და უთხრა:
– ტყუილად მებუტები, თინა. ჩვენ იქ ყველაფერს ყურადღებით გამოვიკვლევთ და, თუკი მართლა აღმოჩნდა საგანძური, სიტყვას გაძლევ,  მის წამოსაღებად ნამდვილად თან გიახლებ.
– თან ხლება არ მჭირდება. მე რომ არ ვყოფილიყავი, თქვენ ამ საგანძურის ძებნას საერთოდ შეწყვეტდით.
– ჰოდა, ძალიან კარგი, რომ დაგიჯერეთ,  ახლა კი შენ დამიჯერე. ნუ მებუტები და გაიცინე, – უთხრა ვასომ ცოლს.
– არ მეცინება, – გაბრაზებით მიუგო თინამ.
– ძალიან კარგი. არსად არ მივდივარ და საერთოდ, ვწყვეტ ძებნას. ვისაც უნდა, იმან მოძებნოს ის საგანძური, – გაბრაზდა ვასო. შემდეგ სიგარეტს მოუკიდა, სავარძელში მოკალათდა და კვამლი გამოუშვა.
– კარგი, კარგი, ვასიკო, ნუ იბუტები, – თქვა თინამ, მეუღლეს გაუღიმა და დაამატა: – აი, გავიცინე. ახლა კი წადი.
– ნაძალადევი ღიმილი არ მჭირდება, – თქვა ვასომ და სიგარეტი მოქაჩა.
– გეყოფა ბავშვობა. ბოდიში, ბატონო, თუ გაწყენინე. უბრალოდ, ძალიან მინდოდა, რომ განძის აღმოჩენის მომენტს დავსწრებოდი, – უთხრა ვასოს თინამ, – კარგი, წადით ახლა.
– თინიკო, ძვირფასო, ხომ ხედავ, რა სახიფათო საქმეა? – თქვა ვასომ და ნოდარისკენ გაიშვირა ხელი, – ნოდარი ძლივს გადაურჩა სიკვდილს.
– კარგი, ვასიკო, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. მართალი ხარ, – თქვა თინამ და შემდეგ ნოდარი და ვასო კარამდე მიაცილა, – აბა, თქვენ იცით, ყურადღებით და ფრთხილად იყავით.
ნოდარმა და ვასომ მანქანა კოლმეურნეობის მოედანზე, „პირიმზესთან“ გააჩერეს. უზარმაზარ ზურგჩანთას ხელი დაავლეს და ფეხით გაუყვნენ ბარათაშვილის ხიდს. შუა ადგილზე რომ მივიდნენ, ნოდარმა ვასო გააჩერა. ხელი წყლისკენ გაიშვირა და უთხრა:
– აი, დაახლოებით ამ ადგილზეა გამოქვაბული.
– აქ მტკვარი ღრმაა. ღმერთმა უწყის, რა სისქისაა კლდე. როგორც ჩანს, ძალიან ღრმად უნდა იყოს ეგ გამოქვაბული.
– მინიმუმ, ორმოცდაათი მეტრი მაინც იქნება. უკან რომ ამოვდიოდი, ნაბიჯებს ვითვლიდი და ასე ვიანგარიშე.
– კარგი, ვნახოთ, – თქვა კაპიტანმა და ნოდართან ერთად გზა განაგრძო.
 განძის მაძიებელთა ტანდემმა ხიდი გაიარა, შემდეგ ხელმარჯვნივ დაეშვნენ, ქვის ჯებირებს მიუახლოვდნენ, რომელიც ქვევით ჩადიოდა და ვასომ ნოდარს ჰკითხა:
– აქ, ხომ?
– კი.
– მოდი, ჯერ მე შევძვრები გვირაბში და ზურგჩანთას შევიტან, შემდეგ კი შენ შემოდი, მაგრამ, ფრთხილად.
– კარგი. წადი! – უთხრა ვასოს ნოდარმა და წინ გაუშვა.
კაპიტანმა ზურგჩანთა ზურგზე მიიმაგრა და ძალიან მოხდენილად ჩავიდა გვირაბში. მაგრამ, შიგნით რომ შედიოდა, ზემოდან მომავალმა ფეკალურმა მასამ ის მუხლებამდე გაწუწა და ვასომ უშვერად შეიგინა, ხოლო ნოდარიც რომ გვირაბში შეძვრა, კაპიტანმა მას უთხრა:
– რა საზიზღრობაა, რომ მთელი კანალიზაცია მტკვარში ჩაედინება! ერთხელ და  სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამას.
– ვინაა პატრონი, – მიუგო ნოდარმა და დაამატა: – წინ მე წავალ, შენ კი უკან გამომყევი.
ოციოდე მეტრი რომ გაიარეს, ნოდარი შეჩერდა, პროჟექტორი მარცხნივ მიანათა და, სანამ შენიღბულ ლუქში შეძვრებოდა, კაპიტანს უთხრა:
– აი, ვასო, აქაა ის საიდუმლო გვირაბი და ფრთხილად ამოდი.
 – კარგი, – მიუგო ვასომ და, მას შემდეგ, რაც ლუქში ნოდარი შეძვრა, თვითონაც უკან მიჰყვა.
ნოდარმა პროჟექტორი წინ გაანათა და ვასოს უთხრა:
– ახლა კი დასავლეთისკენ უნდა შევბრუნდეთ და დაახლოებით ორმოცდაათი-სამოცი მეტრით ქვევით უნდა დავეშვათ. წავედი და მომყევი!
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ განძის მაძიებლები უკვე გამოქვაბულში, ამაღლებულ პლატოზე იდგნენ. ვასომ მეორე პროჟექტორიც აანთო, რომელიც ქვის შვერილზე ჩამოკიდა და იქაურობა დღესავით განათდა.
– რას იტყვი, მოგწონს აქაურობა? – ჰკითხა ვასოს ნოდარმა.
– მაშინ მომეწონება, თუ აქ მართლა აღმოვაჩენთ განძს.
– აღმოვაჩენთ, აბა, რას ვიზამთ, – მიუგო ნოდარმა, შემდეგ პროჟექტორი კლდეში ჩატანებულ კარს მიანათა და კაპიტანს უთხრა:
– აი, ვასო, ის ჩაჟანგული კარი. ვფიქრობ, რომ საგანძური აქ უნდა იყოს დამალული.
კაპიტანი ფოლადის უზარმაზარ კარს მიუახლოვდა და ათიოდე წუთი უხმოდ ათვალიერა, შემდეგ ხელით შეეხო, რამდენჯერმე დაარტყა და ხმას მიუგდო ყური, ბოლოს კი თქვა:
– საკმაოდ მძიმე კარია, იმაზე უფრო მაგარი, სარდაფში რომ იყო. შენი თქმის არ იყოს, ამ კარს შეიძლება მართლა დასჭირდეს აფეთქება, სხვაგვარად ვერ მივუდგებით.
– აფეთქება? – გაიმეორა ნოდარმა.
– ჰო, აფეთქება, მაგრამ, ჯერ სხვა ხერხი ვცადოთ.
– თუ ვერ მივუდექით, მაშინ?
– უნდა მივუდგეთ, – მიუგო ვასომ, – მართლა საკმაოდ სქელი და მყარი კლდეა, მაგრამ, რომ ავაფეთქოთ, რა იცი, რა მოხდება? თანაც, არც ასაფეთქებელი გვაქვს და არც აფეთქების უფლება. მოდი ერთი, ჩვენი ხელსაწყოები ამოვიღოთ და მუშაობას შევუდგეთ.
ვასომ და ნოდარმა უზარმაზარი  ზურგჩანთა დაცალეს, შემდეგ დომკრატი შეუდგეს ფოლადის კარს და აამუშავეს. თავდაპირველად ჩაჟანგული სამაგრების დაძვრა ძალიან გაუჭირდათ და ბევრი ოფლი დაღვარეს. თუმცა, კარი თანდათან დაემორჩილა მათ ნებას და ნელ-ნელა მოირყა.
– მართლა მაგარი მექანიზმი ყოფილა ეს იაპონური დომკრატი, – უთხრა კაპიტანმა ნოდარს,  – ნამდვილად არ მეგონა, ფოლადის ასეთი მახინა თუ  დაძრავდა.
– დაძრა და, თანაც, როგორ... – მიუგო ნოდარმა, კაპიტანმა კი დაამატა:
– ფრთხილად, ნოდარ, წინ ნუ დაუდგები ამ კარს. უცებ არ მოსწყდეს ადგილს და ქვეშ არ მოგიყოლოს, გვერდზე გადი.
ნოდარი გვერდზე გაიწია, ჩაიცუცქა, მორყეული კარის ღრიჭოში შეიხედა და კაპიტანს უთხრა:
– ვასო, მოიცადე! აქ რაღაც საეჭოს ვხედავ და დომკრატი გააჩერე!
კაპიტანმა დომკრატი გააჩერა და ორიოდე ნაბიჯი გადადგა წინ, მერე ჩაიცუცქა, ღრიჭოს პროჟექტორი მიანათა და თქვა:
– ვაა! ნუთუ ეს ნაღმია?
– ნაღმია, ხომ? ესე იგი, არ შევმცდარვარ, არაფერი მომჩვენებია. როგორც ჩანს, იმ რაბინმა ვაისმანმა ყოველი შემთხვევისთვის დანაღმა ეს საგანძური, რომ ჩვენნაირ ხალხს ხელში არ ჩაეგდო, – უთხრა ნოდარმა ვასოს.
– ჰო, მაგრამ, ვაისმანის დროს ნაღმები არ არსებობდა და, საეჭვოა, ნამდვილად ნაღმია თუ არა ეგ ჩაჟანგული რკინის ნივთი, – თქვა ვასომ, შემდეგ ყურადღებით შეათვალიერა ღრიჭო და დაამატა, – ნაღმია თუ არაა ნაღმი, ეს ჩვენ არ ვიცით. ამიტომ სასწრაფოდ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა და გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე.
– როგორ უნდა გავარკვიოთ?
– სპეციალისტს უნდა ვანახვოთ.
– ესე იგი, უცხო ადამიანს?
– მე ერთი მესანგრე ახლობელი კი მყავს და, შემიძლია, ის წამოვიყვანოთ აქ, – თქვა ვასომ და დაამატა: – პრინციპში, კი არის უცხო ამ საქმეში, მაგრამ, სხვა გზა გვაქვს, რო?!
– იქნებ სულაც არაა ეგ ნივთი ნაღმი? – უთხრა ვასოს ნოდარმა.
– შეიძლება მასეცაა, მაგრამ ვერ გავრისკავთ. უპირველესად, აქედან უნდა წავიდეთ. შემდეგ კი ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ და ისე გადავწყვიტოთ.
უცებ, ფოლადის მასიური კარი ჩარჩოდან წინ გადმოიხარა, ვარდნა დაიწყო და კაპიტანსაც ქვეშ მოიყოლებდა, ნოდარს რომ არ ეყოჩაღა. ბიჭმა ვასოსკენ ისკუპა, მარტორქასავით დაეტაკა და ორივე ქვიან იატაკზე გაგორდა. კარი კი ძირს დაენარცხა და ისეთი ხმაური გამოსცა, კლდე შეზანზარდა. შემდეგ ჩაჟანგული ნივთი რახარუხით ჩამოგორდა ქვებზე და კაპიტნის მარცხენა ფეხთან გაჩერდა. ვასომ ყურადღებით შეათვალიერა და ნოდარს უთხრა:
– ხომ ვთქვი, ნაღმია-მეთქი.
– მერე? – ჰკითხა ნოდარმა.
– რა, მერე, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი, ჩაჟანგული სახმელეთო ნაღმია და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ამოქმედდა, რომ სველი და ჟანგიანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰაერში აგვწევდა ორივეს. ვინც ეს დააყენა, ალბათ, ვარაუდობდა, რომ სულ მალე გაიტანდა აქედან განძს. მაგრამ ვერ მოახერხა და ნაღმი ჩაჟანგდა, არ ამოქმედდა.
– ჰოდა, მადლობა ღმერთს, რომ არ ამოქმედდა, – თქვა ნოდარმა და მარდად წამოხტა ფეხზე. შემდეგ ნაღმს დასწვდა და საკანალიზაციო არხში მოისროლა, სადაც ფეკალური მასების დიდი ნაკადი მიედინებოდა მტკვარში.
– რა ქენი, ნოდარ! – წამოიძახა კაპიტანმა და ხელები გაშალა.
– რა ვქენი? – მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
– ნაღმი რატომ გადააგდე.
– მერე რა.
– რა მერე რა, რომ აფეთქდეს?!
– შენ არ თქვი, ჩაჟანგული და სველია, ამიტომ არ აფეთქდაო?
– კი ბატონო, მართალია. ეგ ხაფანგმა არ იმუშავა, თორემ, დეტონაცია მაინც შესაძლებელია. აფეთქება შეიძლება, დარტყმამაც კი გამოიწვიოს, – უთხრა კაპიტანმა ნოდარს და სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ შორიდან ჯერ ძლიერი აფეთქების ხმა მოისმა, შემდეგ კი ტალღამ კლდე შეაზანზარა და რამდენიმე ქვაც კი ჩამოვარდა.
– ეს რა არის?! – წამოიძახა ნოდარმა.
– დეტონაცია მოხდა და შენი გადაგდებული ნაღმი მტკვარში აფეთქდა, ალბათ.
– მტკვარში? – გაიმეორა ნოდარმა.
– ჰო, მტკვარში. როგორც ეტყობა, ქვას დაეჯახა ნაღმი და დეტონაცია მოხდა. მთავარია, არავინ დაზარალდეს.
– რა ვქნათ?
– რა უნდა ვქნათ – ის, რისთვისაც აქ მოვედით. შევიდეთ იქ და ვნახოთ, რა არის იმ მოგლეჯილ კარს მიღმა, – მიუგო ნოდარს კაპიტანმა.
ნოდარმა ქვაზე დაკიდული პროჟექტორი მოხსნა, ვასომ კი მეორე პროჟექტორი მოიმარჯვა და წყვილი ნელა დაიძრა ოთახისკენ.
– წინ მე წავალ. გამორიცხული არაა, რომ კიდევ რაიმე სიურპრიზი იყოს იქ, – უთხრა ვასომ ბიჭს და წინ წავიდა.
– ნაღმს გულისხმობ? – ჰკითხა ნოდარმა.
– თუნდაც, – მიუგო კაპიტანმა.
წყვილი ძალიან ფრთხილად შევიდა ორმოციოდე კვადრატული მეტრის მოცულობის ოთახში, რომელიც გრანიტის ქვებით იყო მოპირკეთებული. აღმოსავლეთ კედელთან კი უზარმაზარი გრანიტის მაგიდა იდგა. ოთხივე კედელზე ორ-ორი დიდი ჭრაქი იყო მიმაგრებული განათებისთვის.
– კომფორტულად მოუწყვია ვაიღაცას აქაურობა, – თქვა ვასომ და შუა ოთახში შედგა.
– საგანძური სადღაა? – იკითხა ნოდარმა.
– ალბათ, ამ ნიშებში, – მიუგო კაპიტანმა და ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლები რიგრიგობით გაანათა. მათში სამ-სამი ფოლადის კარი იყო დატანებული.
– ისევ საჩალიჩო ყოფილა, – თქვა ნოდარმა, ვასომ კი მიუგო:
– აბა, ჩალიჩის გარეშე გამოვა რამე?
– რა ვქნათ?
– უნდა გავტეხოთ. აქ, მე მგონი, ფოლადის ლომიც გვეყოფა.
– აქაც რამე ხაფანგი რომ იყოს?
– არა მგონია, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, – მიუგო კაპიტანმა ბიჭს. ჩრდილოეთის კედელში ჩატანებულ პირველ კარს მიანათა და ნოდარს უთხრა:
– ლომი მომეცი, შენი პროჟექტორი მაგიდაზე დადე და შუქი აქეთ მომართე. ჩემი პროჟექტორით კი კარგად მომინათე, რომ  ყველაფერი ყურადღებით დავათვალიერო.
ნოდარმა მკვირცხლად შეასრულა ვასოს დავალება. პროჟექტორი ფოლადის კარს მიანათა და უთხრა:
– ფრთხილად, ვასო, კიდევ რამე ხაფანგი არ იყოს მანდ.
კაპიტანმა უხმოდ დაუქნია თავი ბიჭს. შემდეგ ფოლადის ლომი კარის ღრიჭოში შეჰყო და მიაწვა. საკეტმა დაიღრჭიალა, მოტყდა და განჯინის კარი გაიღო.
– ესეც ასე... აბა, ერთი შიგნით შეანათე, ვნახოთ, იქ რა ხდება, – უთხრა ვასომ ბიჭს.
– ნოდარმა პროჟექტორი ახლოს მიიტანა და ნიშა გაანათა, სადაც საკმაოდ მოზრდილი ზანდუკი იდო.
– ჩქარა, ვასო, გამოვაღოთ, თორემ სული მეხუთება მოუთმენლობისგან! – წამოიძახა აღგზნებულმა ნოდარმა, ვასომ კი მიუგო:
 – თინიკოსგან ხომ არ გადაგედო ეგ მოუსვენრობა? დამშვიდდი და ზანდუკის გამოღებაში მომეხმარე.
ვასომ და ნოდარმა ზანდუკი ნიშიდან გამოიღეს და იატაკზე დადგეს, რომელიც მინიმუმ, ორმოცდაათ კილოგრამს მაინც იწონიდა.
– კაი მძიმეა, – თქვა ბიჭმა.
– კი. ახლა კი შიგთავსი ვნახოთ, – მიუგო კაპიტანმა. შემდეგ ფოლადის ლომით თავსახური გატეხა, ახადა და ყუთიდან ძვირფასი თვლების თვალისმომჭრელი შუქი ამოვარდა.
– რა სიმდიდრეა! – აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნოდარი.
ზანდუკი ძვირფასი ქვებით, სამკაულებით, ოქროს მონეტებითა და ზოდებით იყო სავსე. დანარჩენი ხუთი ზანდუკის წონა და შიგთავსიც დაახლოებით იგივე იყო და ექვსივე რომ ერთად დაალაგეს, ნოდარმა ვასოს უთხრა:
 – მოდი, თითო ყუთი წავიღოთ და სამი გზა გამოგვივა.
– ჯერ ნუ ჩქარობ. ვნახოთ, ზემოთ რა ხდება.
– რა უნდა ხდებოდეს?
– დაგავიწყდა, ნაღმი რომ ააფეთქე?
– მერე?
– რა მერე. იქაურობა ახლა მილიციით, უშიშროებითა და სამხედროებით იქნება სავსე. თანაც, მანქანა კოლმეურნეობის მოედანზე გვიყენია და იქამდე ზანდუკებით ხომ არ ვივლით?
– ზურგჩანთაში რომ გადმოვტვირთოთ?
– ეგ კარგი იდეაა, მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ, ზემოთ რა ხდება.
– მაშინ, შენ ადი და ნახე. მე კი აქ დაგელოდები.
– არა, ნოდარ, ერთად ავიდეთ.
– რატომ? დავრჩები და დაგელოდები.
– არა... – თავი გააქნია ვასომ, – რა იცი, რა ხედება. ერთად ავიდეთ.
– რა უნდა მოხდეს. მე აქ დაგელოდები.
– ასე არ ივარგებს. წამოდი.
– კი მაგრამ, რატომ? – თქვა ნოდარმა, შემდეგ დაფიქრდა და დაამატა, – შენ რა, არ მენდობი და აქ ამიტომ არ მტოვებ? ფიქრობ, რომ განძიანად გავიქცევი?
– რას სულელობ, ნოდარ, – გაეცინა ვასოს, – რა იცი, რა ხდება? – გამორიცხული არაა, რომ აფეთქების გამო აქ ვინმე მოვიდეს და რომ აღმოგაჩინოს, იცი, რას გიზამენ?
– აქ მოვიდეს ვინმე? – გაიმეორა ნოდარმა,  – თუ მასეა საქმე, მით უმეტეს, არსად წამოვალ. აქ დავრჩები და ცოცხალი თავით არავის დავანებებ ამ სიმდიდრეს.
– ჰოდა, წამოდი, მალე წავიდეთ აქედან, რომ მალევე დავბრუნდეთ უკან და ეს განძი მშვიდობიანად წავიღოთ აქედან, – თქვა კაპიტანმა და დააყოლა, – ჰე, ჩქარა ქენი. გამოადგი ფეხი!
ნოდარი ბურტყუნ-ბურტყუნით გაჰყვა კაპიტანს და ქუჩაში რომ გავიდნენ, დაინახეს, რომ ასიოდე მეტრის მოშორებით, ვორონცოვისკენ, მტკვრის მარცხენა სანაპირო გადაკეტილი იყო. მდინარეში კი სამი სამხედრო კატერი დაცურავდა და მყვინთავები მუშაობდნენ.
– ხომ გეუბნებოდი, – უთხრა ვასომ ნოდარს.
– ეგენი შორს არიან და ვერ დაგვინახავდნენ, – მიუგო ნოდარმა.
– ახლოც მოვლენ. ვერ ხედავ მყვინთავებს? ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რაშია საქმე. საკანალიზაციო არხსაც მიაგნებენ და გამორიცხული არაა, გამოქვაბულიც აღმოაჩინონ, სადაც საგანძურია.
– მერე? – იკითხა აღგზნებულმა ნოდარმა
– მერე ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვზიდოთ იქიდან საგანძური.
– ჰოდა, უკან დავბრუნდეთ და გამოვზიდოთ.
– არა, – თავი გააქნია ვასომ, – ჩვენ ახლა ჯერ კიდევ ხუთ ზურგჩანთას ვიყიდით. შემდეგ დიმკასა და თინას წამოვიყვანთ და საგანძურს გამოვზიდავთ.
– კარგი. ოღონდ, მალე ვქნათ, – უთხრა ნოდარმა, რომელიც ისე იყო აღგზნებული, რომ თვალები უბრწყინავდა და მთელი სხეულით ცახცახებდა.
– დაწყნარდი, ნოდარ, თორემ იწვები, –  გაეცინა ვასოს და ბარათაშვილის ხიდისკენ აიღო გეზი.
ერთი საათის შემდეგ ვასო, ნოდარი და დიმკა უკვე გამოქვაბულში იყვნენ და საგანძურს ზურგჩანთებში ცლიდნენ. თინა კი მანქანაში ელოდებოდა მათ, რომელიც ხიდის ქვეშ ფართო ტროტუარზე იდგა.
მთელი საგანძურის გადაცლასა და გამოტანას ერთი საათი დასჭირდა. ზურგჩანთები საბარგულში ჩააწყვეს. საჭეს ვასო მიუჯდა, გვერდით კი თინა მოკალათდა. უკან დიმკა და ნოდარი დასხდნენ და კაპიტანმა მანქანა ადგილიდან დაძრა. ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ განძის მაძიებლები თავიანთი ზურგჩანთებიანად უკვე ნუცას ბინაში იმყოფებოდნენ და აურაცხელი სიმდიდრით ტკბებოდნენ.
– აი, ესეც რაბინ ვაისმანის საგანძური, – თქვა კაპიტანმა და გააბოლა. თვალებგაბრწყინებულმა ნუცამ კი დაამატა:
– რაც აქ სიმდიდრეა, მგონი, კარლიკისა და მამაჩემის დატოვებულ განძს სამჯერ აღემატება.
– რატომ ათჯერ და მეტჯერ არა, – თქვა ვასომ, – აქ რამდენიმე ათეული მილიონის სიმდიდრეა.
– ჰო, მართალია, – დაეთანხმა დიმკა. ნოდარმა კი დაამატა:
– ასეთი სიმდიდრე კინოებშიც არ მინახავს.
– ერთი სიტყვით, მისია შესრულებულია და ყველა საგანძური ჩვენს ხელშია. ახლა ჩვენებს უნდა ვაცნობოთ და გადავწყვიტოთ, რა ვქნათ, – თქვა კაპიტანმა და გააბოლა.
– კი, მასეა, – დაეთანხმა დიმკა, – დღესვე დაურეკე ვასილ ანდრეევიჩს.
– ჰო. მასე ვიზამ, – თქვა კაპიტანმა. შემდეგ ტელეფონის ყურმილი აიღო, ლენინგრადის სატელეფონო კოდი და გენერალ პოპოვის ბინის ტელეფონის ნომერი აკრიფა და დაელოდა. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ პასუხობდა.
– რა ხდება, ვასო? – ჰკითხა კაპიტანს ნოდარმა.
– კარგი არაფერი... – მიუგო ვასომ.
– როგორ?
– როგორ და არავინ პასუხობს, – თქვა გაფითრებულმა კაპიტანმა.
– ეტყობა, სახლში არ არიან, –  მხრები აიჩეჩა ნოდარმა.
– გამორიცხულია. როგორც ეტყობა, რაღაც უბედურება მოხდა, – მიუგო კაპიტანმა ნოდარს და ჯერ ნუცას გახედა, შემდეგ კი დიმკას და ტელეფონის ყურმილი აპარატზე დადო.
– დამშვიდდი, ვასო, ცარცისფერი გადევს, – უთხრა კაპიტანს დიმკამ, – როგორც ეტყობა, ვასილ ანდრეევიჩი გასულია. დანარჩენები კი, როგორც შევთანხმდით, ყურმილს არ იღებენ. ესაა და ეს.
– ღმერთმა ქნას, რომ მასე იყოს, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს და რაღაც მოხდა, – თქვა ვასომ.
– რა უნდა მომხდარიყო?
– ზალკინმა ხომ არ იმუხთლა ისევ რამე?
– არ მგონია. სედოი, ფიგარო და გენერალი ყურადღებით იყვნენ და არც ზალკინს აწყობდა.
– ეგ ისეთი გაიძვერა და ხარბია, რომ არ გამოვრიცხავ, კიდევ რამე ექნა.
– არ მგონია. უბრალოდ, ალბათ, გენერალი გასულია და მოგვიანებით დავრეკოთ, – დაამშვიდა დიმკამ.
– მოგვიანებით დავრეკავ, – თქვა ვასომ და გააბოლა. თუმცა ვერ ისვენებდა და ოთახში ბოლთას სცემდა.
კაპიტანმა ვასო ჩხიკვაძემ დღის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე დაურეკა გენერალ პოპოვს, მაგრამ შედეგი იგივე იყო. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. კაპიტანმა ყურმილი დაკიდა და უწინდელზე მეტად გაფითრებულმა თქვა:
– კი. ნამდვილად რაღაც უბედურება მოხდა და სასწრაფოდ ლენინგრადში უნდა გადავფრინდე.
– როდის? – ჰკითხა თინამ მეუღლეს.
 ვასომ საათს დახედა და მიუგო:
– თვითმფრინავი ლენინგრადის მიმართულებით ერთ საათში მიფრინავს. ახლა ღამის ათი საათია. ახლავე უნდა გავიდეთ, რომ მოვასწროთ.
– ვინ მიგყავს თან?
– ნოდარი, – მიუგო ვასომ ცოლს და ბიჭს ჰკითხა:
– წამომყვები ლენინგრადში?
– რა თქმა უნდა, – მიუგო ნოდარმა.
– მაშინ პასპორტიც თან წამოიღე, რომ ბილეთი აგიღო, – თქვა გაფითრებულმა კაპიტანმა, სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა და გააბოლა.
***
თბილისი-ლენინგრადის რეისი „პულკოვოს“ აეროპორტში, ადგილობრივი დროით ღამის ნულ საათსა და ორმოცდახუთ წუთზე დაეშვა. ვასო და ნოდარი რომ აეროპორტის შენობის მოსაცდელ დარბაზში გავიდნენ, პირველი საათი შესრულდა.
– ტაქსით წავიდეთ თუ კერძო მანქანით? – ჰკითხა კაპიტანს ნოდარმა.
– ჯერ ერთხელ კიდევ დავრეკავ პოპოვთან, – მიუგო ვასომ ნოდარს. შემდეგ ტელეფონ-ავტომატიდან გენერალს დაურეკა და ყურმილი რომ დაკიდა, დაღონებულმა თქვა:
– ისევ ისეა. რაღაც უბედურება მოხდა, როგორც ეტყობა და წავედით. მაგრამ, დაიმახსოვრე, რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნე და არ დაპანიკდე.
– კარგი, – მიუგო ნოდარმა.
განძის მაძიებლები კერძო მანქანით გაემართნენ გენერლის სახლისკენ. ავტომობილი ორასი მეტრის მოშორებით გააჩერებინეს და გზა ფეხით განაგრძეს. გვიანი დროის მიუხედავად, ქუჩები ხალხით იყო სავსე და უამრავი შეყვარებული წყვილი მიმოდიოდა. აგვისტოს დასაწყისი იყო. თბილოდა, თან, თეთრი ღამეები იდგა და ნოდარმა კაპიტანს უთხრა:
– რა საოცარია, არა? ღამეა და დღესავით სინათლეა.
ვასომ თავი დაუქნია ნოდარს და უთხრა:
– უკვე მოვედით. ფრთხილად და ყურადღებით იყავი.
– კარგი, – მიუგო ნოდარმა.
წყვილი კიბეებს აუყვა. გენერლის კართან შეჩერდნენ და კაპიტანმა პოპოვის ბინის გასაღები მოარგო საკეტს, რომელიც მას ვასილ ანდრეევიჩმა მისცა ყოველი შემთხვევისთვის.
ბინაში სამარისებური სიჩუმე იდგა. სინათლე არ ენთო და არც გარედან შემოდიოდა შუქი. ყველგან ფარდები იყო ჩამოშვებული. კაპიტანმა სასტუმრო ოთახში სინათლე აანთო და თავგაპობილ გენერალს მოჰკრა თვალი, რომელიც სავარძელში იჯდა და ცხვირ-პირი დაბალ მაგიდაზე ედო. მკვდარი გენერლის დანახვაზე ნოდარი შეცბა. ვასომ კი ტუჩზე მიიდო საჩვენებელი თითი და უთხრა:
– ჩუმად... გენერალს კეფაში აქვს ჩარტყმული ეს ბრინჯაოს ბიუსტი, – კაპიტანმა ნაპოლეონის ქანდაკებისკენ გაიშვირა ხელი, რომელიც მეორე, ცარიელ სავარძელზე ეგდო.
– ვინ ქნა ეს? – ჩურჩულით იკითხა ნოდარმა.
– ზალკინმა, – მიუგო კაპიტანმა და დააყოლა, – სხვა ოთახებიც დავათვალიეროთ.
პატარა საძინებელში, სადაც სედოისა და პოპოვს ეძინათ, საწოლში მოკლული ქურდი აღმოაჩინეს. მას, ეგრეთ წოდებული, კაზაკური „შაშკა“ შიგ დიაფრაგმაში ჰქონდა ჩარჭობილი და იქაურობა სისხლით იყო მოსვრილი.
 – როგორც ეტყობა, სედოი მძინარეა მოკლული, – თქვა ვასომ. ნოდარმა კი თავი გააქნია და აღმოხდა:
– ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა!
ბინის ყველაზე შორეულ კუთხეში, სააბაზანო ოთახი იყო და ფიგარო და ზალკინი სწორედ იქ აღმოჩნდნენ. ქირურგი აბაზანაში ეგდო და გულში ბასრი, მოგრძო ხანჯალი ჰქონდა ჩარჭობილი. ტრუსების ამარა ფიგაროს კი ყელი ჰქონდა გამოჭრილი. კართან ეგდო და მეტლახის იატაკზე შედედებული სისხლის კვალი მოჩანდა.
– აქ კიდევ ორი მკვდარია. ზალკინს ოთხი ადამიანი მოუკლავს და გაქცეულა, – თქვა ნოდარმა. კაპიტანმა კი თავი გააქნია და მიუგო:
– ზალკინი აბაზანაში გდია. ეს კი ფიგაროა.
– აბა, რომ ამბობდი, მკვლელი ზალკინიაო?
– ზალკინია, მაგრამ ეგეც ჩააძაღლეს.
– ვინ?
– ფიგარომ. როგორც ეტყობა, ზალკინმა ფიგაროს ყელი გამოჭრა. ფიგარომ კი უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ზალკინი მისივე ხანჯლით განგმირა. თუმცა, საცოდავი ფიგაროც ადგილზევე მოკვდა და აქედან გასვლაც ვერ მოახერხა. მათ ერთმანეთი დახოცეს, – თქვა ვასომ.
– რა ვქნათ? – ჰკითხა ნოდარმა ვასოს.
– ფული და განძი უნდა წავიღოთ და წავიდეთ, – თქვა ვასომ. შემდეგ სააბაზანოდან გამოვიდა. პოპოვის კაბინეტში შევიდა. განძი და ფული სამალავიდან გამოიღო და ყველაფერი მაუდგადაკრულ მაგიდაზე დაალაგა.
ნოდარმა ოქროს კუბოსკენ გაიშვირა ხელი და კაპიტანს ჰკითხა:
– ეს რა არის?
– ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული კუბო, რომელიც ძვირფასეულობითაა სავსე.
– ოქროს კუბოა?
– კი. მამაშენმა, ნოდარ მდივანმა დაუტოვა ნუცას. ასევე, რა თქმა უნდა, შენც. შენც ხომ მისი შვილი ხარ. მან, უბრალოდ, არაფერი იცოდა შენი არსებობის შესახებ.
– ამდენ რამეს აქედან როგორ გავიტანთ?
– ძველი, გამოცდილი საშუალებით, – მიუგო ვასომ.
– რომელი საშუალებით?
– ზურგჩანთებით. დაგავიწყდა, თუ როგორ გამოვზიდეთ გამოქვაბულიდან რაბინ ვაისმანის საგანძური? – თქვა კაპიტანმა. საათს დახედა და დაამატა, – მოდი, ახლა ორიოდე საათი დავისვენოთ. შემდეგ კი სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ.
 – არ ჯობია, ახლავე გავიდეთ? – ამდენ ტრუპებში რა გაგვაჩერებს?
– არა. ცოტა დავისვენოთ და დილის ექვს საათზე გავიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალები არ გვეყოფა, – უთხრა ვასომ ნოდარს, გენერლის სკამზე მოკალათდა და დაამატა, – თანაც აქ ხომ არაა ტრუპები. ცოტა შენც დაისვენე და თუ ჩაგეძინა, გაგაღვიძებ.
– რა დამაძინებს? – თქვა ნოდარმა და სიგარეტი გააბოლა, თან პოპოვის კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა.
ვასომ თვალები დახუჭა და ჩაეძინა. ზუსტად ექვს საათზე გაეღვიძა. ნოდარი კვლავ აქეთ-იქით დადიოდა და აბოლებდა.
– შენ რა, არც დამჯდარხარ? – ჰკითხა კაპიტანმა ნოდარს.
– არა, – თავი გააქნია ბიჭმა.
– რამდენი სიგარეტი მოგიწევია. საფერფლე სავსეა. არ დაგავიწყდეს, გასვლის წინ ნამწვავები ცელოფანში ჩაყარე და წამოიღე, თორემ ფაქტებია.
– კარგი, – მიუგო ბიჭმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3