კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაუმსხვრია სულთანმა ყიასედინმა თავის საყვარელ ცოლს, გურჯი ხათუნს ხატები

1202 წელს საქართველოსკენ დაიძრა რუქნ-ად-დინ სულეიმან შაჰის, ქართულად რუქნადინის (ნუქარდინის) მიერ შეკრებილი დიდი მაჰმადიანური კოალიცია.
ორი დიდი სახელმწიფო რეგიონში კონკურენტები იყვნენ. განსაკუთრებით დავის საგანი იყო არზრუმი (კარნუ-ქალაქი) და ერზინკა. ამ ორი სახელმწიფოს დაპირისპირება გარდაუვალი აღმოჩნდა.
ქართველებმა ბასიანში გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს რუქნადინს...
გავიდა დრო, ვითარება შეიცვალა რეგიონში. 1204 წელს რუქნადინი გარდაიცვალა და რუმის ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ყილიჩ არსლან მესამე, მაგრამ, მხოლოდ ერთი თვით.
მალე ბიზანტიელთა დაქირავებული ჯარით სულთნობა დაიბრუნა რუქნადინის მიერ დამხობილმა, მისმა უფროსმა ძმამ, ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ პირველმა. მის მერე, 1211 წელს, სულთანი გახდა მისი ვაჟი, ქეი-ქავუს პირველი, შემდეგ, 1220 წელს კი – უმცროსი ვაჟი ქეი-ქუბად პირველი.
1223 წელს, ლაშა-გიორგის გარდაცვალების მერე, ლაშას ანდერძის თანახმად, საქართველოს სამეფო ტახტზე, როგორც დროებითი მეფე, ავიდა მისი და – რუსუდანი, რომელსაც უნდა ემეფა თავისი ძმისწულის, დავით ლაშას ძის სრულწლოვანებამდე.
მალე ცუდი დრო დაუდგათ ქართველებსაც და თურქ-სელჩუკებსაც. ჯერ ჯალალედინი შემოიჭრა საქართველოსა და წინა აზიაში, შემდეგ მონღოლები გამოჩნდნენ და დაიკავეს რეგიონის დიდი ნაწილი. რუმის (იკონიის) სასულთნომ მხოლოდ დიდძალი საჩუქრით გადაირჩინა თავი. 1236 წლიდან მონღოლებმა მოითხოვეს ხარკს რეგულარული სახე ჰქონოდა.
საქართველო აღარ იყო უძლეველი იმპერია. ხელისუფლების უვარგისობის გამო, ჯალალედინმა მოარყია ჩვენი ქვეყანა. თუმცა, პოტენცია მაინც ჰქონდა საქართველოს და მისი მოკავშირეობა, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვნად ითვლებოდა. რუმის სასულთნოსა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა.
საქართველოს სამეფო კარზე გაურკვევლობა იყო. რუსუდან მეფე ძმის გარდაცვალების მერე ცოლად გაჰყვა არზრუმის სულთანს თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-დინს – რუმის სულთნის ყილიჩ არსლან მეორის შთამომავალს. მან მიიღო ქრისტიანობა და უწოდეს დიმიტრი. რუსუდანს შეეძინა ორი შვილი – თამარი და დავითი. ვაჟის დაბადებამ რუსუდანს გადააწყვეტინა, აღარ დაეთმო ტახტი ძმისშვილისთვის, რომელიც მის კარზე იზრდებოდა და თავისი ძე, დავითი გამოეცხადებინა მემკვიდრედ.
1236 წელს რუმში გარდაიცვალა სულთანი ქეი-ქუბად პირველი და იკონიის ტახტზე ავიდა ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ მეორე.
ყიასედინმა გამოაგზავნა ელჩობა ტფილისში დიდი  საჩუქრებით და ითხოვა რუსუდან მეფის ასულის, თამარის ხელი რუმში დედოფლად დასასმელად.
საქართველოს სამეფოსა და რუმის სასულთნოს დანათესავება დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა ჯერ საქართველოს დედაქალაქ, ტფილისში, მერე კი – სასულთნოს დედაქალაქ, კონიაში.
ყიასედინმა სხვა პოლიტიკური კავშირიც შექმნა. თავისი და მიათხოვა დიდ ამირ-მელიქ აზიზს, აიუბიდების ძლიერი საგვარეულოს წარმომადგენელს. თვითონ კი, იქორწინა მის დაზე. მანამდე მას ჰყავდა კიდევ ერთი ცოლი.
თამარს დიდძალი მზითები გაატანეს და აწყურიც დაუმტკიცეს.
საქორწინო ხელშეკრულების თანახმად, ქართველი მეფის ასულს შეეძლო შეენარჩუნებინა ქრისტიანული სარწმუნოება. ამ დროს ის ალბათ 13-14 წლის იქნებოდა. ულამაზესი ყოფილა, ძალიან განათლებული და ჭკვიანი. ქორწილში მას თან გააყოლეს დიდი მაყრიონი.  ბევრი მათგანი დარჩა იკონიის ქართველ დედოფალთან. თან ახლდნენ სასულიერო პირებიც, რომლებსაც იქ უნდა ემოღვაწათ. თამარს დიდი პატივით ექცეოდნენ სასულთნოში. სიყვარულით გურჯი ხათუნი – ქართველი ქალბატონი უწოდეს.
სასახლეში, გურჯი ხათუნის სამყოფლოში თამარს ღიად ჰქონდა გამოფენილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები და ქრისტიანულად ცხოვრობდა და ლოცულობდა.
ძალიან შეჰყვარებია ქართველი ცოლი სელჩუკ სულთანს. მისთვის შეურქმევია „ჰანდე“, რაც მანათობელ, ბრწყინვალე ღიმილს ნიშნავს. მალე შეეძინათ ვაჟი – ალ ად-დინ ქეი ქუბედი. თამარის სახე მზეს შეადარა სულთანმა და ამოატვიფრინა  დიჰრემზე, ლომთან ერთად. ისლამის კანონებით, ადამიანის გამოსახვა არ შეიძლებოდა, მით უმეტეს მონეტაზე, თანაც ქალის. ლომი სულთან ყიასედინს აღნიშნავდა, მზე – გურჯ ხათუნს. ასე გაჩნდა ემბლემა ლომი და მზე, შირ-უ-ხირშიდ, რომელსაც განიხილავენ, როგორც მზეს ლომის ზოდიაქოში. შემდეგ ეს ემბლემა პოპულარული გახდა სხვა სელჩუკ სულთანთა შორის, საერთოდ აღმოსავლეთში და მათ შორის, სპარსეთში.
ამ დროს თამარის ძმა – დავითი პატარა იყო. რუსუდანმა დაარღვია ძმის ანდერძი და თავისი ვაჟი თანამეფედ გამოაცხადა. დავით ლაშას ძის არსებობა საფრთხეს უქმნიდა მის ჩანაფიქრს, ტახტი შვილისთვის დაეტოვებინა. ამიტომ, რუსუდანმა ძმისწული დავითი იკონიაში გააგზავნა და თან სახელმწიფო ბეჭდით დაბეჭდილი წერილი გაატანა. წერილში სიდედრი დავითის მოკვლას სთხოვდა სიძეს და ქალიშვილს.
თამარს ძალიან აქებდნენ მისი თანამედროვეები. გურჯი ხათუნი მარტო სილამაზით არ ყოფილა სახელგანთქმული. მისი ინიციატივით არა ერთი საქველმოქმედო ღონისძიება ტარდებოდა. გულკეთილ დედოფალს ღარიბი მოსახლეობისათვის ქალაქ კონიაში სპეციალური ბაზარიც გაუხსნია, სადაც პური იაფად იყიდებოდა, ღატაკებს კი უფასოდ ურიგებდნენ. ქალაქ კონიაში ის ქუჩა ახლაც არსებობს და თურმე, გურჯი ხათუნის სახელს ატარებს. ხალხს ძალიან შეჰყვარებია გურჯი ხათუნი და ქვეყნიერების დედოფალი უწოდებია მისთვის.
ასეთი გულის პატრონი როგორ შეასრულებდა დაუნდობელი დედის თხოვნას, როგორ გაწირავდა თავის საყვარელ ბიძაშვილს, ობოლ დავითს.
რუსუდანი გამწარდა თავის ქალიშვილსა და სიძეზე და კიდევ არაერთხელ მისწერა სულთანს დავით ლაშას ძის მოკვლის თხოვნა. ყიასედინი და თამარი მისი უგულო ზრახვის აღსრულებას არ აპირებდნენ. პირიქით, საქართველოში არ გამოუშვეს დავითი, რათა ცბიერ მამიდას არ მოეკლა. სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ და ზრუნავდნენ მასზე.
შვილზე შურისძიება გადაწყვიტა რუსუდანმა. მონღოლთა დროინდელი უცნობი ქართველი ჟამთააღმწერელი აღშფოთებას ვერ მალავს, მიუხედავად იმისა, რომ მეფის კრიტიკა ეძნელება. მემატიანის თქმით, საქართველოს დროებითმა მეფემ, მეფობის საბოლოოდ ხელში ჩაგდების მიზნით, მისწერა სიძეს: ჩემი ძმისწულის მოკვლა ჩემს ასულს იმიტომ არ სურს, რომ მისი საყვარელიაო.
ძნელი სათქმელია, მართალია თუ არა ეს რუსუდანის შესახებ... მსგავსი საქციელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ეჭვიანობისგან გონებაარეული სულთანი ყიასედინი წერილის წაკითხვისთანავე შეიჭრა მეუღლის, თამარ ხათუნის სამყოფელში, დაულეწა ხატები, სასტიკად სცემა და მრავალი ტანჯვის შემდეგ, აიძულა, ისლამი მიეღო. მისი ქართველი მსახურებიდან ზოგი მოკლა, ზოგიც გააძევა.
დავითი შეიპყრეს და აწამეს. უფლისწული თავს იმართლებდა. მისი თქმით, მამიდამ  ის გააძევა სამშობლოდან, რათა მას და მის ძეს ტახტი შეენარჩუნებინათ. 
დავითის პასუხმა, თამარის პერსონამ და სიყვარულმა სულთანი დაარწმუნა, რომ რუსუდან მეფე ვერაგულად ტყუოდა. ყიასედინზე ამბობენ, თვითონაც მამის მკვლელობის შედეგად ჩაიგდოო ძალაუფლება ხელში. თუმცა, დარწმუნებით ამის თქმა ძნელია. ასეა თუ ისე, დიდი სასულთნოს მონარქმა კარგად იცოდა, ხშირად ადამიანები რა ვერაგობას სჩადიოდნენ, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ამიტომ, სიდედრის დასაშოშმინებლად დავით ლაშას ძე საპყრობილეში ჩააგდებინა და პატიების სათხოვნელად ეახლა საყვარელ ცოლს.
თამარისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა მორწმუნისთვის ძნელი გადასატანი იქნებოდა დედის მხრიდან ასეთი ვერაგობა. საშინელება იყო შეურაცხყოფა  საყვარელი მეუღლისგანაც, თუმცა, შვილის სიყვარულისა და მოვალეობის გამო ყველაფერი დაითმინა. ამბობენ, მასაც ძალიან ჰყვარებია ქმარი, და ალბათ მეუღლეს აპატია ეჭვიანობით გამოწვეული სისასტიკე.
თუმცა, გურჯი ხათუნსა და სულთან ყიასედინს წინ კიდევ არაერთი უბედურება ელოდათ, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

скачать dle 11.3