როგორ ასწავლის აშშ ჭკუას ევროპას, ევროპა – საქართველოს და რატომ ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ევროპელების პირით ჭეშმარიტება ღაღადებს
ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები ფრიად ემოციურად გამოეხმაურნენ და, როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, ბევრი ისეთი რამის უფლებაც მისცეს საკუთარ თავს, რასაც ერთმანეთის მისამართით გონებაშიც არ გაივლებდნენ, ხოლო ზოგადად, არცერთი თავმოყვარე ქვეყნის მისამართით არ იტყოდნენო (არა მხოლოდ საქართველოში აშშ-ის ელჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თავკაცი და ქვეყანაში არსებული დიპკორპუსი იგულისხმება, არამედ ბალტიისპირეთის პირველი თუ მეორე პირებიც). ხოლო, რაკი მეხსიერების ფუნქცია განვითარებადი ქვეყნის მოქალაქეების ტვინსაც მოეპოვება, საზოგადოების ნაწილს, არცთუ უმნიშვნელოს, ამ განცხადებებმა გული დასწყვიტა, რადგან ადამიანის უფლებების ისეთი დარღვევები ახსოვს, როგორც საყველპუროდ იტყვიან, ყურიდან ყურში რომ არ შეიშვება და ამიტომაც ახლანდელი რეაქცია არა მხოლოდ გადაჭარბებულად, არამედ წინამდებარე მოვლენების იგნორირების მცდელობად შეაფასა. გამოიწვევს თუ არა ამგვარი დამოკიდებულება დასავლეთისადმი უარყოფითი რეაქციის გაჩენას, რასაც, შესაძლოა, ფატალური შედეგი ჰქონდეს სახელმწიფოსთვის? – ამ პრობლემას პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად მიმოვიხილავთ.
– ჩემი აზრით, მთავარი საშიშროება, რაც გვემუქრება, არის დასავლეთისადმი უარყოფითი განწყობის ჩამოყალიბება. არის მოსალოდნელი ეს საფრთხე და აცნობიერებს თუ არა დასავლეთი, რომ ამგვარი რეაქციით შესაძლოა, შეაფერხოს ჩვენი დასავლური განვითარების კურსი?
– ბევრი ისეთი კითხვაა, რომელიც ცოტა უფრო დიდ კითხვებს გულისხმობს. პირველი – არის საქართველო დასავლეთისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომ ბევრი იფიქროს?!
– აბა, მაშინ რა აშფოთებს?
– ფიქრის პრობლემაზე ვამბობ, თორემ, შეშფოთებას გაძლევს სტანდარტულად, სტერეოტიპულად. იმას კი, რომ დაფიქრდეს, რისი მომტანია ეს სტერეოტიპი, რაღაც პირობები უნდა; მეორე უფრო ზოგადი კითხვაც არის: შეუძლიათ ქვეყნებს, უარი თქვან თავიანთ სტერეოტიპებზე, მაშინ, როდესაც ცალკეულ ადამიანებს უჭირთ საკუთარ სტერეოტიპებზე უარის თქმა?!
– იმდენჯერ გამოითქვა უკვე შეშფოთება რუსეთის მიმართ, რომ, მახსენდება ოლღა ბებიას ნათქვამი, რაც მე მაგას ვწყველი, სული როგორ უდგასო. ეს შეშფოთებაც ფორმალურია?
– რა თქმა უნდა, ამ ფრაზით თავისი დამოკიდებულება გაჩვენა, თორემ, რეალურად პულსი რამდენით აუჩქარდა, არ ვიცით.
– მაგრამ ეს შეშფოთება რეალურად აისახება მის ქცევაში?
– ჩვენ გვაქვს რუსეთთან 200 და საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის 70-წლიანი ისტორია. საბჭოთა კავშირთან ურთიერთობას ჰქონდა საინტერესო ფორმა, როგორც უფროს ძმასთან ურთიერთობას. რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობისას ეს ფორმულირება არ იყო, რადგან იმპერიის შემადგენლობაში ვიყავით. საერთოდ, როდესაც დამოუკიდებელ ქვეყნად გაღიარებენ, შემოიჭრება ხოლმე ასეთი ტიპის ელემენტი: თანაბრები ვართ ყველაფრით თუ ის უფრო დიდია?! ამიტომ საბჭოთა კავშირის დროს რუსეთი იყო დიდი, უფროსი ძმა, ახლა დასავლეთია ამ როლში, რომელიც გვასწავლის, როგორია დემოკრატია და, შეიძლება ითქვას, რომ, ძმა კი არა, უკვე მამაა.
– რადგან გასწავლის, მამა უფრო გამოდის.
– სულ ასე მოვყვებით და ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მთელი ისტორიის განმავლობაში უმეტესწილად ვიღაც დიდთან ურთიერთობას იყო გადაყოლილი: დიდი სპარსეთი, დიდი ბიზანტია, დიდი თურქეთი… არცერთი არ იყო შენი ტოლი და შენი გაბარიტების, თორემ, შენს ტოლთან და შენი გაბარიტებისნაირთან ეს პრობლემა არც იდგა. ასე რომ, დღევანდელობა ნუ გაგვიკვირდება, რადგან ჩვენ გვაქვს მათდამი ასეთი დამოკიდებულება – აბა, შენ რას იტყვიო. სხვათა შორის, ამაში ჟურნალისტებიც სცოდავენ, როდესაც აზრს ეკითხებიან ყველაფრის შესახებ. თუმცა ჟურნალისტების ცოდვის გარეშეც ავრცელებენ ისინი განცხადებებს და, რაც უფრო სერიოზული დამოკიდებულება გვექნება მათი განცხადებებისადმი, მით უარესია ეს ჩვენთვის, რადგან ჩვენში დაიწყებს ყივილს აი, ის 2 000-წლიანი ისტორია და, ვისაც გაამეფებ, შემდეგ ის ჩათვლის, რომ მეფეა. მე მაინც ვისურვებდი, ისეთივე დამოკიდებულება გვქონოდა ამ დიდი მამის მიმართ, როგორიც უფროსი ძმის მიმართ გვქონდა საბჭოთა კავშირში: რაღაც პერიოდის შემდეგ ვიღიმებოდით და მხიარულად ვაგრძელებდით ცხოვრებას. ასე რომ, თან ვეძახდით, უფროსი ძმა ხარო და თან, იმას ვიღებდით, რაც გვჭირდებოდა, ანუ ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია იმას, რასაც ის გველაპარაკებოდა. ახლაც ასე გავაგრძელოთ ცხოვრება, თორემ ჩვენ გარშემო უამრავი ქვეყანაა და ყველას ნათქვამს თუ მივაქცევთ ამხელა ყურადღებას, შეიძლება, სერიოზულ ერად ჩავითვალოთ?!
– ფაქტია, რომ სხვა რომელიმე ქვეყნის მიმართ მსგავსი ტონალობით შენიშვნები ნაკლებად მახსენდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ისეთებს ამბობს ევროკავშირის მისამართით, ჩვენ რომ არც გავიფიქრებთ გულში, მაგრამ ევროკავშირი დუმს.
– ჯერჯერობით გასდის. ალბათ, გულზე არ ეხატებთ მისი ეს ფრაზები, მაგრამ არაფერს ეუბნებიან. გააჩნია, ვის რა პოზიცია აქვს. მე არც შევარდნაძეს ვამტყუნებ იმაში, როდესაც თავის დროზე თქვა, მზე ჩრდილოეთიდან ამოდისო. ეს საჭიროებისთვის ნათქვამი ფრაზა იყო. თუ სტრატეგიად აიღებ, რომ სიტყვებს არ აქვს მნიშვნელობა და ერთმანეთს უნდა ვესროლოთ ის სიტყვები, რისი მოსმენაც უნდათ, მაშინ ვესროლოთ ერთმანეთს ეს სიტყვები. ვუთხრათ, რომ მართლები არიან, რომ დემოკრატიის მამები არიან, რომ კარგად ერკვევიან სიტუაციაში, მაგრამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე.
– ეს, შესაძლოა, მოხდეს პოლიტიკოსების დონეზე, მაგრამ საზოგადოების განწყობებიც ასეთი პრინციპით ჩამოყალიბდება?
– იმიტომ გავიხსენე ის განწყობები, რომლებიც ჰქონდა ხალხს საბჭოთა დროს. საბჭოთა პერიოდის მეორე ნახევარში ვინმეს ჰქონდა სერიოზული დამოკიდებულება რუსეთისადმი?! არა, დამოკიდებულება იყო პრაგმატული. და რატომ აგვიტყდა ახლა, რომ ევროპელების პირით ჭეშმარიტება უნდა ღაღადებდეს?!
– ჩვენთან ხშირად ჩივიან, რომ ქართული პოლიტიკა ბინძურია, რომ პოლიტიკოსები მხოლოდ იტყუებიან და საკუთარი გამორჩენით ხელმძღვანელობენ და ამ დროს აპრიორი გულისხმობენ, რომ დასავლეთში პოლიტიკა სუფთაა, ისინი მხოლოდ სიმართლეს ამბობენ და თვით ჩვენი ერის წყლულიც კი აჩნიათ წყლულად.
– ეს იმ პოლიტიკოსების ბრალია და ასეთები მრავლად იყვნენ ბოლო პერიოდში, რომლებმაც შექმნეს მორიგი მითი, რომ დასავლეთში არის პოლიტიკური სამოთხე. არადა, იქაც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც თავიანთი ინტერესები აქვთ: პირადით დაწყებული და თავიანთი სახელმწიფო ინტერესით დამთავრებული. დასავლეთზე ვამბობთ, რომ ჩვენი მეგობარია, მაგრამ საერთოდაც ძმას ვეძახდით რუსეთს და ვგულისხმობდით, რომ ის ძმა არ არის და, ახლა, რატომღაც, მეგობრისგან გვინდა ისეთი პატიოსანი დამოკიდებულება, როგორსაც ღვიძლი ძმისგან არ ვითხოვთ ქართველები?!
– მაგრამ, თუკი ასეთი ირონიული დამოკიდებულება გაჩნდება და აზრს არ დაატან არც იმას, რასაც შენ ეუბნები და არც იმას, რასაც ის გეუბნება, შესაძლებელია, ინტეგრირება იმ სივრცეში?
– ვიყავით ინტეგრირებულები საბჭოთა სივრცეში?
– ვიყავით, ალბათ.
– და სულაც არ ვიყავით მკერდში მჯიღნაკრავი სოციალისტები.
– თუმცა, პირველი თაობის მწარე ბოლშევიკები ვიყავით.
– დასაწყისში ყოველთვის ასეა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ახლაც დასაწყისის სიმპტომებია, შევეჩვევით, ახლო დისტანციაზე გავიცნობთ და მათშიც ადამიანებს დავინახავთ.
– და არა ნახევრად ღმერთებს?
– დიახ. მე უბრალოდ ის მიკვირს, რატომ არ აქცევენ ამას ყურადღებას თვითონ დასავლეთში და არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. იგივე პრობლემა აქვს ამერიკას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ევროპა რომ ევროპაა, იქაც არ არის მიღებული ამერიკელი, როგორც სასურველი, იმიტომ რომ მათაც ჭკუას ასწავლის და მიუთითებს, როგორ უნდა იცხოვრონ ევროპელებმა.
– ოღონდ, შემდეგ ევროპელები ჩვენ მიგვითითებენ და აღარ ახსოვთ, რომ თავად არ მოსწონთ ამერიკელების მითითებები.
– ეგ არავის არ ახსოვს მაშინ, როდესაც აზრს ეკითხებიან, აბა, შენ რას ფიქრობო. როგორც კი შემეკითხებიან, თუ რას ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ექსპერტული ტონით დავიწყებ იმ ჭეშმარიტებების ღაღადს, რაც სწორად მიმაჩნია.
– დასავლეთევროპელები და აშშ-ელი პოლიტიკოსები კიდევ გასაგებია, მაგრამ, მკაცრი ტონი გაურიეს თავიანთ მეტყველებაში ბალტიისპირელმა პოლიტიკოსებმა. მათ საიდან ასეთი მომეტებული თვითშეფასება?
– არ დაგავიწყდეთ, რომ გარეთ პოლიტიკას მაინც „ნაციონალები“ მართავენ. ვერ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“…
– მე ვიტყოდი, არ მოახერხა, იმიტომ რომ, დიდი მოხერხება ამას არ სჭირდება, მხოლოდ ფულია საჭირო.
– მართალი ხართ, მხოლოდ ფული უნდა, მეტი არაფერი. ოღონდ, ცოდნაც უნდა, რომ ეს გასაკეთებელია.
– გამოდის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მეგობრები თუ მამები დეზინფორმაციის მსხვერპლნი არიან?
– რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ისინი მსჯელობენ იმ ინფორმაციით, რაც აქვთ და, საერთოდ, შორიდან უფრო მარტივია მსჯელობა: ოპოზიციაშია რომელიღაც პარტია და საბჭოთა ტრადიციით, ოპოზიციას დევნის მმართველი პარტია. ადვილია ამ ვერსიის დაშვება მათთვის, რადგან მანამდე სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა და დღეს, აი, ეს დემოკრატიის შუქურა იძებნება. რამე დამაჯერებელი საბუთი, რომ ეს დემოკრატიის შუქურა კი არა, სხვა რამ იყო, დავდეთ უცხოელებთან?! ჩვენ ვავალდებულებთ მათ, გააკეთონ ის, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა და არ ვაკეთებთ. რაც გინდა, რომ მათ დაინახონ, შენ უნდა მიიტანო მათთან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ამბავი არ არის კარგად მოვლილი, რომ მივიღოთ ეს რეაქცია, როგორიც გვინდა, რომ მივიღოთ.
– მაგრამ, სანამ ჩვენ მხიარულად შევხედავთ დასავლეთის რეაქციას და დავიჯერებთ, რომ ისინი არ არიან შეუმცდარები და ფეხით მოსიარულე ღმერთები, დასავლეთისადმი აგრესია რომ გაძლიერდეს, ამას რა ვუყოთ?
– თუკი დასავლეთში იგულისხმება მოარული ხმები, მაშინ შეიძლება, განვითარდეს აგრესია, მაგრამ, თუ ვიგულისხმებთ, რომ ისინი არიან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები, რომლებსაც ვერ დავანახვეთ სიმართლე, მაშინ აგრესია მათ მიმართ არ უნდა გაჩნდეს, მათ ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე მოეთხოვებათ.
– მე ეს მესმის და ამიტომ არანაირი აგრესია არ მაქვს, რადგან ჩემთვის დასავლური კურსი ოპტიმალურია, ბრეივიკს სულაც რომ კანფეტები დააყარონ თავზე და ჩიკოტილოს გამოესარჩლონ, მაგრამ ყველა ხომ არ არის დარწმუნებული ჩემსავით ორთოდოქსულად დასავლური კურსის უალტერნატივობაში?
– ესეც პროპაგანდის ხარვეზია. არ მგონია, სწორი ვერსია იყოს პროდასავლური კურსი, თუმცა ხშირად ვამბობთ და, იმიტომ, რომ ხშირად ვამბობთ, კლიშეს დაემსგავსა. არსებობს კი სხვა კურსი?! რუსეთი რომ რუსეთია, მას აქვს პროდასავლური კურსი და ცდილობს, დასავლეთზე აიღოს ორიენტაცია, რადგან ეკონომიკა მოდის დასავლეთიდან და ამ ეკონომიკის გამოა, რომ პროდასავლური კურსი გვაქვს; პროგრესულობის გამო გვაქვს პროდასავლური კურსი და ასე შემდეგ და არა იმიტომ, რომ ისინი კარგი თვალით გვიყურებენ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება პროდასავლური კურსი.
– ჩვენი ყოფა უნდა დაემსგავსოს დასავლურს, თორემ, თუ არ მოვეწონები, გადავიტან.
– ხშირად ისე ვიქცევით, რომ თავის მოწონება გვინდა, მაგრამ, ვის მოვწონვართ?! პუტინს მოვწონვართ? ან, პროჩინური ორიენტაცია რომ ავიღოთ, ჩინეთს ვუყვარვართ თუ რა?! ყველა თავ-თავიანთი ინტერესიდან გამომდინარე გვიდგება და ჩვენ ჩვენი ინტერესებით უნდა მივუდგეთ მათ და ამოვიდეთ იქიდან, ჩვენ რა გვჭირდება. და რადგან გვჭირდება, იმიტომაც გვაქვს პროდასავლური კურსი.