ახალ ძველი „რკინის ფარდა“
„დუმა“ მზრუნველი
რაკი ტრაგედია მოხდა – ეგვიპტიდან მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა და, სავარაუდოდ, ამ საქმეს ტერორისტების ჩარევის გარეშე არ ჩაუვლია, ხოლო, მეორე მხრივ, რადგან ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, რფ-ის ფედერაციის საბჭომ მოიწონა წინადადება ტუნისისა და ეგვიპტის მიმართულებით ფრენების აკრძალვის შესახებ, თუმცა „დუმამ“ ის დაიწუნა.
მაგრამ ამასობაში რადიოსადგურ „ლაპარაკობს მოსკოვის“ პირდაპირ ეთერში რფ-ის „დუმის“ კონსტიტუციური კანონმდებლობისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს აუწყონ სრული ინფორმაცია იმ ქვეყნების უსაფრთხოების შესახებ, რომლებსაც ისინი დასასვენებლად ირჩევენ.
და არც ის დაუმალავს, რომ რფ-ის „დუმაში“ ამ საკითხის გადაწყვეტაზე მსჯელობენ და ერთ-ერთ ვარიანტად გასამგზავრებელი ვიზების გაცემა მიაჩნიათ. ამ უკანასკნელში კი იგულისხმება ის, რომ გასამგზავრებელი ვიზების გაცემისას რფ-ის შესაბამისი სამსახურები მოქალაქეებს აუწყებენ, თუ რა საფრთხე ემუქრება მათ ამა თუ იმ ქვეყანაში გამგზავრების შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ რფ-ელი ჩინოვნიკები ლამის დედას იფიცებენ, ქვეყნიდან გამგზავრების პრობლემა არავის შეექმნებაო, საქმეს ძველი ახალი „რკინის ფარდის“ დაბრუნების სუნი ასდის, რაც ნახევარი უბედურება იქნება (რადგან ქვეყანა მათია და, უნდა – რკინის ფარდას ჩამოუშვებენ, უნდა – აბრეშუმისას), მთავარია, ძველი ახალი მეთერთმეტე არმია არ მოგვადგეს საზღვართან. –