ვინ გაურთულა ცხოვრება ფატი ხალვაშს და არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის „კოზირი”
პარლამენტარი ფატი ხალვაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბოლო დროს უმცროსი ძმის წყალობით მოხვდა. ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი პოლიტიკურ პროცესებსაც მის გამო გადაეკვეთა, თორემ, თავად სულ არ მალავს, რომ მშვიდი ცხოვრება ჰქონდა და დეპუტატის მანდატზე არასდროს უფიქრია. რას შეელია წარსულიდან, რამ გადაიარა მის ზურგზე და ვის ხვდებოდა მალულად სტამბულში, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ, რომელიც სასიამოვნო და მომხიბვლელი ქალბატონია.
ფატი ხალვაში: 2006 წლიდან ვარ მოლოდინის რეჟიმში – მჯეროდა, რომ სამართალი ადრე თუ გვიან იზეიმებდა, თუმცა, ამ გახმაურებული სასამართლო პროცესის გამო მაინც ძალიან ვღელავდი. მოლოდინიც მქონდა, შიშიც. ფარული ჩანაწერები, ხმაური, სკანდალი – ყველაფერი ერთად მოხდა, ხანდახან არ ღირს გამარჯვებად, როცა იცი, რომ საფრთხის წინაშე შეიძლება დადგნენ ადამიანები. სასამართლოს შემდგომ პერიოდზე მეტად ვღელავდი. საკუთარი ქონების დაბრუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ, მშვიდობა – უფრო მეტად მნიშვნელოვანი. ამას ადამიანურად ძალიან განვიცდი. როდესაც საქმე ძმას ეხება, ბოლომდე ობიექტური ვერ იქნები, თუმცა, მის გამო მე ამაყად შემიძლია ავწიო თავი. ამ ხნის განმავლობაში არ მახსოვს, მას გადაედგა ნაბიჯი და მე მეთქვას: ქიბარ, არ იყავი მართალი-მეთქი. მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებულია. ჩვენ ერთ დღეს ვართ დაბადებული, ზუსტად ერთი წლით უფროსი ვარ მასზე. როცა სკოლაში მოსამზადებელ ჯგუფში შემიყვანეს, იმ დღეს დედას ქიბარი ყელ-ყურის ექიმთან ჰყავდა წაყვანილი. როგორც კი ჩამოვიდა სოფელში, ავტობუსიდან სკოლის ეზოში დამინახა თუ არა, აღარ მომშორდა – დარჩა და დარჩა მოსამზადებელ ჯგუფში. მასწავლებელს სთხოვა მამაჩემმა: ცოტა ხანში გაწვიმდება, აცივდება, დაეზარება სკოლაში სიარული და დარჩება სახლშიო. არც სიცივემ შეაშინა და არც არაფერმა – ყველაზე პატარა იყო კლასში, მაგრამ, ყველაზე აქტიური და ჭკვიანი. განათლების განყოფილებამ გამონაკლისის სახით დაუშვა ის სკოლაში – პირველ კლასში რომ დავსხედით ერთად, სკოლის დამთავრებამდე ერთ მერხთან ვისხედით.
– მისი აქტიური და ცელქი ხასიათის „მსხვერპლი” უფროსი დაც იყო ხოლმე?
– ძალიან ცელქი და მოუსვენარი იყო – ხან ხიდან ჩამოვარდებოდა, ხან სხვა ხიფათში გაყოფდა თავს. კლასში თუ ვერაფერს იპოვიდა, თმის ღერს მომაძრობდა, გადააბამდა ერთმანეთს კალამსა და სახაზავს და „ცდებს” ატარებდა. მასწავლებლები ვერ სჯიდნენ, იმდენად კარგად სწავლობდა – ყველა „განიარაღებული” ჰყავდა. მათემატიკა, ანგარიში უყვარდა ძალიან და, მგონი, დღესაც, ზეპირად ამრავლებს სამნიშნა რიცხვებს. ერთმანეთს მაშინ დავცილდით პირველად, როცა სტუდენტები გავხდით. ორივე ერთად წამოვედით თბილისში. ქიბარმა ორი გამოცდით ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მე კი მეორე წელს ჩავაბარე ბათუმში, რადგან პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქულები დამაკლდა და გადანაწილებით ბათუმის ფილიალში მოვხვდი. ეს იყო ჩვენი პირველი „გაყრა”, რაც ორივეს ძალიან გაგვიჭირდა (იცინის).
– როგორი იყო თქვენი ცხოვრება მანამდე აჭარის სოფელში?
– ძალიან კარგად მახსოვს ხალაში გატარებული წლები. დედაჩემი დიასახლისი იყო, მამა ჩაქვის მანდარინის შემფუთავ ქარხანაში მუშაობდა. გაჭირვებული ოჯახი არ გვქონია. სამი შვილი ისე გაგვზარდეს, ყველა ჩართული ვიყავით ოჯახურ საქმეებში. ზაფხულობით მამას ბიჭები ქარხანაში მიჰყავდა და ყუთების დამზადებაზე ამუშავებდა. გამომუშავებული თანხით ქიბარმა ველოსიპედი იყიდა. დედას და მამას ყველა საქმეში ვეხმარებოდით: მანდარინის დაბარვა, კრეფა – ყველაფერი ვიცოდით. დღემდე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მიწის მიმართ – როდესაც თბილისიდან დასავლეთ საქართველოში მივდივარ და გზად გლეხების კარმიდამოში გადახნულ მიწის ბელტებს ვხედავ, ძალიან ბედნიერი ვარ, მიწის სუნს ვგრძნობ. სოფელში ახლაც მაქვს მანდარინის ბაღი, სიმინდის ნაკვეთი. ნაკვეთისთვისაც მომივლია, ყვავილების ჩითილებიც გამომიყვანია და 2 500 მეტრი ფართობის ნაკვეთიც გამითოხნია. ჩემი ქმარი, ერთხანს რუსეთში იყო. როცა ჩვენი ნაკვეთის ირგვლივ ყველა ნაკვეთი მოხნეს და დათესეს, თავს უფლება არ მივეცი, ჩემი ნაკვეთი ისე დამეტოვებინა – თოხნაც გამომივიდა და გამარგვლაც, სიმინდიც მომიტეხია და მომიტანია სახლში, ჩაიც დამიკრეფია. ასეთი იყო ჩემი ცხოვრება – არასდროს მეთაკილებოდა შრომა. როცა ჩემი ძმა დევნილობაში იყო და მთელი ოჯახი – აწეწილ-დაწეწილი, 47 წლის ასაკში ბუღალტერიის შესწავლა დავიწყე და ერთ-ერთ ფირმაში ბუღალტერი ვიყავი,
– უმცროსი ძმის წყალობით, თქვენი ცხოვრებაც არ იყო მარტივი.
– ასე იყო, თუმცა, ამის გამო ერთი სიტყვაც არასდროს დამცდენია. იმ მძიმე წლებმა ჩემი და ჩემი ოჯახის ზურგზე გადაიარა. ქიბარს არაერთხელ უთქვამს, ყველას გაგირთულეთ ცხოვრებაო. და ვარ და ეს ჩემი ვალი იყო. ყველაზე რთული მაინც მისი დევნილობის წლები აღმოჩნდა. ტელევიზიებში სიუჟეტი სიუჟეტზე გადიოდა, რომ ჩემმა ძმამ რაღაც მოიპარა, გაფლანგა. მერე იყო სასამართლო პროცესები; რაც წაიღეს – წაიღეს, რაც არა – გაანადგურეს. მახსოვს, როცა ქიბარი დევნილობაში იყო, ჩვენ ის რამდენჯერმე ვნახეთ სტამბულში, ეს უკვე მაშინ, როცა გერმანიიდან გასვლის უფლება მოიპოვა. ჯერ დედა ჩაიყვანა სტამბულში, მერე მე ჩავედი. ორი წლის მერე ვნახე პირველად და სტამბული იყო ჩვენი შეხვედრების ადგილი. მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი მის სახლში გერმანიაში – ამერიკაში მივდიოდი და რამდენიმე საათი გავჩერდით მიუნჰენში. ქიბარს ყველაზე მეტად რაზეც სწყდებოდა გული, მამის საფლავი იყო. მამას საფლავზე გაკეთებული ქვის გვერდით წამოწვებოდა ხოლმე – ამბობდა, მამა მარიგებს და მელაპარაკებაო. მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ტელეფონზე საუბრისას, როცა უკვე გერმანიაში იყო, სულ მთხოვდა ხოლმე, საფლავს თქვენ მოუარეთ, სხვას არავის ანდოთო.
– ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თქვენი საპარლამენტო მანდატი ქიბარისა და ბიძინა ივანიშვილის ახლო ურთიერთობას უკავშირდება.
– სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მწყინს. მე არ ვარ ის ადამიანი, კამერის დანახვაზე გავიქცე კომენტარის გასაკეთებლად. ეს, შეიძლება, ცოტა უარყოფითი თვისებაც იყოს ჩემი, მაგრამ ჩემთვის დამღლელია ხელოვნური პოზის მიღება, არასდროს მყვარებია თავის გამოჩენა. საარჩევნო კამპანიაც კი მიჭირდა იმის გამო, რომ ორატორობაში მოვიკოჭლებდი (იცინის). იმის მოსმენა, რომ თითქოს საკუთარი ბიოგრაფია არ გაქვს და პარლამენტში ძმის გამო მოხვდი, სასიამოვნო არ არის. იმასაც ამბობენ, ფატი ბიძინას ხელში კოზირიაო, რაც ასე ვერანაირად ვერ იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ვიცნობდი, პირველად მაშინ ვნახე, როდესაც კანდიდატად წარმადგინეს. მაშინ ქიბარიც კი არ იცნობდა მას. რაც დეპუტატი ვარ, ბიძინა ივანიშვილი სულ რამდენჯერმე ვნახე საქმიან შეხვედრებზე. თვითონ შემამჩნევს ხოლმე და მომიკითხავს, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. არასდროს დაავიწყდება და გამოეპარება ჩემი მოკითხვა. ამ ხმებზე იმას გეტყვით, რომ ამ პარლამენტში არ შევსულვარ პარტიული სიით, სიაში ძალიან უკანა რიგებში ვიყავი, მე გავიმარჯვე ჩემს რაიონში, საკმაოდ რთულ ბრძოლაში, როცა ყველა სტრუქტურა მეორე მხარეს იყო. 2012 წელს არჩევნები პოლიტიკური ბეგრაუნდის მქონე ბევრმა ადამიანმა წააგო. როცა კანდიდატად დავრეგისტრირდი, ქიბარი ხუმრობდა: დედაჩემი ხერხეულიძეების დედაა – ორი შვილი საბრძოლველად ჰყავდა გაგზავნილი და მესამეც არ დაინდოო. სიმართლეს გეტყვით: პოლიტიკა არ იყო ჩემთვის ინტერესის სფერო. პროფესიით ელექტროინჟინერი ვარ, მათემატიკა მეც ძალიან მიყვარდა, ალბათ, ძმის გავლენით. სწავლის დამთავრებამდე სამუშაო სტაჟი მჭირდებოდა და მამასთან, შემფუთავ ქარხანაში დავიწყე მუშაობა. მერე გავთხოვდი და ორი ვაჟი გამიჩნდა. სოფელ ჩაისუბანში ვცხოვრობდი. სოფლის სკოლაში ჯერ ლაბორანტად დავიწყე მუშაობა, მერე კი მათემატიკის მასწავლებლად. ცოტა მოგვიანებით ჩემმა ძმამ ბათუმში ბიზნესი წამოიწყო, სუნამოების მაღაზია გახსნა და ამ მაღაზიაში მენეჯერად დავიწყე მუშაობა. ქიბარის კარიერის პარალელურად „ივსებოდა” ჩემი შრომის წიგნაკი. ერთი წუთითაც არ მოვწყვეტივარ მას, ყველა საქმეში მის გვერდით ვიყავი. ექვსი წელი, სანამ შვილები სტუდენტები მყავდა თბილისშიც ვიცხოვრე, თუმცა მერე მაინც უკან დავბრუნდი. როცა ჩვენი ოჯახისთვის (ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროს) რთული პერიოდი დაიწყო, მაშინ ჩემი ცხოვრებაც უფრო და უფრო შეიცვალა. ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემი ძმის საქმიანმა პრობლემებმა მეც შემიცვალა ხასიათი – უფრო მებრძოლი გავხდი. იყო ინციდენტი, როცა ჩემი უნცროსი ძმა გაიტაცეს ჩემს შვილთან ერთად. როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა ჩემზეც დიდი გავლენა მოახდინა. პროცესების პარალელურად, პოლიტიკაში აღმოვჩნდი ჩართული. მახსოვს, როდესაც „ქართული ოცნება“ შეიქმნა, დედა თავისი ახლობლების ოჯახებში კარდაკარ დადიოდა და ყველას სთხოვდა: ხომ გინდათ, ჩემი შვილები ჩემ გვერდით იყვნენ, ხმა „ქართულ ოცნებას” უნდა მისცეთო. დედა იყო „ქართული ოცნების” ყველაზე ერთგული აგიტატორი. უსასყიდლოდ, ამაში კაპიკიც არავის გადაუხდია (იცინის), მეც ჩართული აღმოვჩნდი იმ პროცესებში, ერთი მიტინგი არ გამიცდენია – ასე ნელ-ნელა გადავეკვეთე პოლიტიკას. როდესაც ჩემს კანდიდატურაზე დაიწყო საუბარი, სიმართლე გითხრათ, ცოტა შევშინდი. მშვიდი ცხოვრება მქონდა. მე თბილისში წამოვედი იმ მიზნით, რომ წარმადგენდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად, მაგრამ ყვეალაფერი შეიცვალა – მე გავხდი ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
– ქართული პოლიტიკის რთულ კულისებს იოლად უძლებთ?
– მე ვფიქრობ, რომ სიმართლე და სუფთა ხასიათი ყველგან ფასდება, მათ შორის – პოლიტიკაშიც. არასდროს მიგრძნია ჩემი კოლეგებისგან ის დამოკიდებულება, რომ მე პოლიტიკური გამოცდილება არ მაქვს. მე არ ვერევი პოლიტიკურ თამაშებსა და გავლენებში. ვიცი, რომ უნდა გავაკეთო ჩემი საქმე ჩემი რაიონისთვის, ამომრჩევლისთვის. ამ პოზიციამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა; ვერ ვიცლი ვერაფრისთვის, რადგან ძალიან ბევრ დროს ვატარებ გზაში – თბილისი-ქუთაისი-ბათუმი. ჩემოდნის ამოლაგებას დავიწყებ და – უკვე ჩასალაგებელი მაქვს (იცინის). ძალიან მენატრება, დილით, მზიან ამინდში სახლში რომ გაიღვიძებ, და ოჯახური საქმეები რომ „გეძახის”, რასაც სიამოვნებით აკეთებ. ჩემს ოჯახში არსადროს მყოლია დამხმარე – 10-15-კაციან სუფრებს მე თვითონ ვწვდებოდი. თავს არ ვიქებ, მაგრამ ყოველთვის კარგი მეოჯახე ვიყავი, კარგად ვაცხობდი. ჩემს ძმისშვილს ძალიან უყვარს ჩემი გამომცხვარი ნამცხვარი. დიდხანს მთხოვდა ქიშმიშიან ტორტს, გადავუდე ერთხელ, ორჯერ და ეს ისე გაიწელა, რომ ერთ დღეს მკითხა: ასე ატყუებ ამომრჩეველსო? სასწრაფოდ გამოვუცხვე შეპირებული ტორტი და ვუთხარი, არავის არ ვატყუებ, არც ამომრჩეველს, უბრალოდ, ხანდახან მაგვიანდება-მეთქი (იცინის). ყველაფერმა შეჩვევა იცის და, ასეთი აქტიური რეჟიმიდან მსუბუქ რეჟიმზე გადასვლა რომ დამჭირდეს, ალბათ, გამიჭირდება კიდეც.