კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი უნიკალური ხელნაწერები შეიტანა „იუნესკომ“ მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში და სულ რამდენი ქართული ხელნაწერია მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული რვა ქართული ხელნაწერი, თავისი განსაკუთრებული ღირებულების გამო, „იუნესკოს“ მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო ნუსხაში შევიდა. წლევანდელი წელი გამორჩეულია იმით, რომ პირველად მოხდა ამ ნუსხაში ისტორიული საბუთების შეტანა. აქამდე მხოლოდ ხელნაწერი წიგნები შედიოდა. ორი წლის წინ კი ორი ქართული წიგნი – „ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიული ატლასი” და „საქართველოს ისტორია და გეოგრაფია”, „იუნესკომ“ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.

 მანანა ჭუმბურიძე (ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი): „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში რვა ქართული ხელნაწერი შეიტანეს, რომელიც შერჩეული იყო არქივის მიერ. ამ საკითხზე განხილვა თითქმის ორი წელი მიმდინარეობდა. საბოლოოდ კი ეს გადაწყვეტილება მიიღო „იუნესკოს“ მსოფლიო მეხსიერების პროგრამების საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა, რომლის სხდომაც არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, აბუდაბიში, 4-6 ოქტომბერს გაიმართა. გატანილი იყო სამოცდაერთი ქვეყნის ოთხმოცდარვა კოლექცია, მათგან რეესტრში შეიტანეს ორმოცდაშვიდი, მათ შორის ერთ-ერთია ქართული კოლექცია. უნდა აღვნიშნოთ, რომ წელს პირველად, ამ რეესტრის სიაში შევიდა ისტორიული საბუთები. აქამდე მხოლოდ ხელნაწერი წიგნები შედიოდა. აქვე გეტყვით, რომ ორი წლის წინ, „იუნესკოს“ კულტურულ მემკვიდრეობად იქნა აღიარებული ორი ქართული წიგნი. ეს გახლავთ „ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიული ატლასი” და „საქართველოს ისტორია და გეოგრაფია”. ატლასი შედგენილია თვით ვახუშტი ბატონიშვილის მიერ და შესრულებულია აკვარელით. მასში საქართველოს ყველა მხარეა შესული და თან ახლავს ბაგრატიონთა ორი გენეალოგია. რაც შეეხება საქართველოს ისტორიას, მასზე მუშაობა ვახუშტიმ 1745 წელს დაამთავრა მოსკოვში. ცნობილია, რომ ვახუშტი ბატონიშვილი ვახტანგ მეექვსის უკანონო შვილი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მან ბაქართან ერთად მიიღო იგივე განათლება, ჰქონდა იგივე სტატუსი, რაც ბაქარ მეფეს. ის თან გაჰყვა ვახტანგ მეფეს რუსეთში და ამიტომაც აქ დაწყებული შრომა რუსეთში დაასრულა. ეროვნული არქივის ისტორიაში ორი წლის წინ იყო პირველი შემთხვევა, როცა „იუნესკოს“ საერთაშორისო რეესტრმა ეს ორი ხელნაწერი მიიღო და მსოფლიო მნიშვნელობა მიანიჭა. უკვე წელს კი, როგორც გითხარით, მას რვა ხელნაწერი შეემატა. ყველა ხელნაწერი და საბუთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამათ შორის, კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა პალიმფსესტებს აქვთ. პალიმფსესტი, როგორც მოგეხსენებათ, ეტრატზე შესრულებული ხელნაწერია, რომელიც წაშლილია და მასზე ზემოდან სხვა ტექსტია გადაწერიალი. ესეც ერთ-ერთი პრინციპი იყო ჩვენთვის, როცა ხელნაწერებს იქ წარსადგენად ვარჩევდით.
– კონკრეტულად, რომელი ხელნაწერები შევიდა „იუნესკოს“ კულტურულ მემკვიდრეობათა სიაში?
– პირველი ხელნაწერი, რომელიც ამ რეესტრში შევიდა, ანბანდიდი სახარება გახლავთ. ესაა მეცხრე საუკუნეში შესრულებული ხელნაწერი, რომელიც 2008 წელს გამოიცა და მასში ამ ხელნაწერის მნიშვნელობაზე დაწვრილებითაა საუბარი. ამ სახარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის პრეათონურ პერიოდს მიეკუთვნება. შესრულებულია ორ სვეტად, ასომთავრულით. თუმცა, მისგან მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. მიუხედავად ამისა, მისი მოცულობა საკმაოდ დიდია. მას ახლავს გოლგოთას ჯვარი, რომელიც შესრულებულია ყავისფერი და წითელი მელნით. ამავე მელნითაა გადაწერილი ეს ხელნაწერიც. ის უმნიშვნელოვანესი საფეხურია ზოგადად ხელნაწერი წიგნის, უძველესი თარგმანების, დეკორირების ელემენტების შესწავლის საქმეში. სახარება ერთ-ერთი უძველესი ქართული ხელნაწერია და მსოფლიოს ყველა კოლექციაში დაცულ ქართულ ხელნაწერთაგან, ერთ-ერთი უძვირფასესი.  
ამ ნუსხაში შედის მეათე საუკუნის ფსალმუნები. ესაა ეტრატი. ორი ფურცელი, რომელიც ფრაგმენტის სახითაა შემორჩენილი. შესრულებულია ასომთავრულით. ამ ხელნაწერის სხვა ნაწილი, ასევე ფრაგმენტული სახით, დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ფსალმუნით დასტურდება, რომ უკვე მეათე საუკუნეში საქართველოში არსებობდა ფსალმუნთა არაერთი თარგმანი და ნუსხა, რაც ჩვენს ქვეყანაში მწიგნობრობის მაღალ კულტურასა და უცხოეთის უმძლავრეს კულტურულ კერებთან აქტიურ ურთიერთობაზე მიუთითებს.
კიდევ ერთი ხელნაწერია ლექციონარი, რომელიც მეათე საუკუნეს ეკუთვნის. ესეც ეტრატია, ერთი ფურცელი, რომელიც ასევე ფრაგმენტის სახითაა შემორჩენილი. შესრულებულია ასომთავრულით. ლექციონარების ტრადიცია, როგორც ცნობილია, ლიტურგიკულ მიმართულებაში ადრევე მოისპო. ამდენად, ქართული და რიგ აღმოსავლურ ენებზე შემორჩენილი ლექციონარები საუკეთესო საშუალებაა, ერთი მხრივ, გარკვეული წარმოდგენა შეიქმნას ადრეული ლიტურგიკული მსახურების შესახებ, მეორე მხრივ, აღდგეს ძველი და ახალი აღქმის საკითხავების კიდევ უფრო ძველი თარგმანები, ვიდრე ეს ჩვენთვის აქამდე ცნობილია ცალკეული ხელნაწერებისა თუ მათი ფრაგმენტების მეშვეობით.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნევმირებული ძლისპირი, რომელიც მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებს მიეკუთვნება. თუმცა, შეიძლება, უფრო ადრეული საუკუნეებისაც იყოს და ამ საკითხის შესწავლა ახლაც მიმდინარეობს. მისი მხოლოდ ფრაგმენტი გვაქვს შემორჩენილი, რომელიც ნუსხურითაა შესრულებული. ხელნაწერის ფრაგმენტი, რამდენიმე ძველ მანუსკრიპტთან ერთად, ქართული სანოტო ნიშნების უნიკალურ სისტემას ინახავს. ცნობილია, რომ ამ ნოტების ამოცნობა, ზეპირი ტრადიციის საფუძველზე, მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით ხერხდებოდა. დღეისთვის, სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დაკარგულია.
რაც შეეხება ისტორიულ საბუთებს: მათ შორის გვაქვს ორენოვანი პალიმფსესტი. მისი ქვედა ფენა შესრულებულია სომხური ასომთავრულით მეათე საუკუნეში. ზედა ფენა კი მხედრულით და ის წარმოადგენს ისტორიულ საბუთს. ესაა 1441 წელს დაწერილი შეუვალობის განახლების სიგელი, მეფე ალექსანდრე დიდისა ივანე მაკუჭაძისადმი. მას თან ახლავს ხელრთვები და წარმოადგენს ეტრატს. მასში ბევრი ისეთი ისტორიული ცნობაა დაცული, რომელიც დღემდე იქცევს ისტორიკოსების ყურდღებას.
მეორე ორენოვანი პალიმფსესტის ქვედა ფენა შესრულებულია მეათე საუკუნეში სომხური ასომთავრულით, ის, სავარაუდოდ, კანონიკური ტექსტი უნდა იყოს. ზედა ფენა შესრულებულია მხედრულით და ის წარმოადგენს 1447 წლის 25 დეკემბერს დაწერილ საისტორიო საბუთს. ესაა ქართლ-კახეთის საკათალიკოსოს მამულების სითარხნის გუჯარი, გაცემული მეფე გიორგი მერვის მიერ, რომელსაც თან ახლავს ხელრთვები. ის ძალიან ბევრჯერაა გამოცემული. მეცხრამეტე საუკუნეში მარი ბროსემ ის ფრანგულ ენაზე გამოსცა; შემდეგ – თედო ჟორდანიამ და მეოცე საუკუნეში – ისტორიკოსმა სარგის კაკაბაძემ ქართულ და რუსულ ენებზე.
მესამე ისტორიული საბუთი გახლავთ ქართული პალიმფსესტი, რომლის ქვედა ფენა ნუსხურადაა შესრულებული. ზედა ფენა კი მხედრულით შესრულებული 1440/1462 წლის 20 მარტის ისტორიული საბუთია. ესაა იოანე თბილელის წყალობის წიგნი დანიელ მექისძისადმი, რომელიც გახლდათ ქორეპისკოპოსი. ქორეპისკოპოსი სასახლის ეპისკოპოსს ნიშნავს. ის მეფისწულის აღმზრდელი იყო. მეთხუთმეტე საუკუნის შუა წლებში გაუქმდა თბილელობა, ანუ თბილისის ეკლესიების მთავარეპისკოპოსობა. იოსებ თბილელმა მიმართა დანიელ მექისძეს, რომ მეფისთვის ამ სტატუსის აღდგენა ეთხოვა. მისი თხოვნა მეფემ შეისმინა. თავის მხრივ, იოანე თბილელმა მადლობა დანიელ მექისძეს ქაშუეთის გვერდით სავენახე ადგილის შეწირვით გადაუხადა. ახალ მფლობელს მისი გასხვისებისა და გამზითვების უფლებაც მისცა. იყო წყალობის წიგნები, რომლის მიხედვითაც, მიღებული მიწის გაყიდვა ახალ მფლობელს არ შეეძლო. ის მხოლოდ მის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელსაც მემკვიდრეობით მომავალ თაობებს გადასცემდა. „იუნესკოს“ ნუსხაში შევიდა კიდევ ერთი ქართული პალიმფსესტი, რომელიც შედგება 41 ფურცლისგან. მისი ქვედა ფენა ნუსხურითაა შესრულებული არაუგვინეს მეცხრე საუკუნისა, ზედა კი – კუთხოვანი ნუსხურით. ესაა მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნის მარხვანი. ეს ხელნაწერები ამიერიდან „იუნესკოს“ მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრშია შეტანილი და საერთაშორისო დონეზეა დაცული.
– მომავლისთვის რომელი საბუთების წარდგენას გეგმავთ?
– გადაწყვეტილი გვაქვს, მთლიანად შევიტანოთ ერთიანი საქართველოს ხანის ისტორიული საბუთები, ისინი ძალიან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი.

скачать dle 11.3