კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ტოვებს ქეთი მელქაძე საქართველოს და რა წარმატება მოუტანა მას ბადით შექმნილმა ფიგურებმა

ჩვენი რესპონდენტი მართლაც ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანია. თუ სხვები სამშენებლო ლითონის ბადეს დანიშნულებისამებრ იყენებენ, ის ამით უჩვეულო და ძალიან ლამაზ ფიგურებს აკეთებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ნიჭი საკუთარ თავში ქეთი მელქაძემ 50 წლის ასაკში აღმოაჩინა. გაოცებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ ამ ნამუშევრების შემქმნელმა ხატვა საერთოდ არ იცის და ყველაფერი მხოლოდ მისი მარჯვე ხელებისა და მდიდარი ფანტაზიის ნაყოფია.

 – ლითონის ბადისგან საოცარ შედევრებს ქმნით, რაც პირადად მე აქამდე არსად მინახავს. როდის დაკავდით ამ საქმით?
- პირველად ჩემს მეგობართან, კახი ერაძესთან ვნახე და ძალიან მომეწონა. იმდენად დავინტერესდი, მეც ვცადე. აბსოლუტურად ალტრუისტული მიზნებით დავიწყე ამის კეთება, არც გამოფენაზე მიფიქრია და არც ამით ფულის შოვნაზე. მივყევი, მივყევი და დღეს უკვე ჩემი ჰობია. დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყე ბადეზე მუშაობა. რაც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი ყველაფერი 7 თვის ნამუშევარია.
– თქვენი ნამუშევრების პერსონალურმა გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა და უამრავი ადამიანი მოვიდა თქვენი ნამუშევრების სანახავად.
– ჩემმა მეგობარმა ნინო მდივანმა მკითხა, რას აკეთებ, რითი ერთობიო. ტელეფონში ვაჩვენე ჩემი გაკეთებული ფიგურები და მაშინ მითხრა, მე უნდა მოვაწყო ეს გამოფენაო. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და მადლობა მათ ამისთვის. ყველა მეუბნებოდა, ამდენი ხალხი გამოფენაზე  ჯერ არ გვახსოვსო.
– ერთი ფიგურის დამზადებას რა დრო სჭირდება?
– გააჩნია ფიგურას და, გააჩნია, რა ხასიათზე ვარ. შეიძლება, ერთ ან ორ დღეში გავაკეთო; ზოგი – ნაკლებში ან მეტში.
– ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ ბადესთან, რომელიც დამყოლი სულაც არ არის.
– დიახ, კარგად მესმის მისი. მეუბნებიან, თიხა სცადეო. მართალია, ჯერ არ მიცდია, მაგრამ, მგონია, რომ ბადის მერე თიხაზე მუშაობა ძალიან მარტივი იქნება. თუმცა მე მაინც ბადე მირჩევნია.
– კარგად ხატავთ?
– გაგიკვირდებათ და, ხატვა საერთოდ არ ვიცი. განათლებით ფილოლოგი ვარ და მხატვრობასთან შეხება საერთოდ არ მქონია. ბატონმა გოგი ხოშტარიამაც მითხრა, არ არსებობს, შენ რომ არ ხატავდეო. არადა, ასეა. რასაც გონებაში ვხედავ, იმას ვაკეთებ. შეიძლება, რამე სიტყვა მომივიდეს თავში და მერე გავაკეთო. ჩემი ხედვა მაქვს და, როგორც ვხედავ, ისე ვაკეთებ. მაგალითად, ერთხელ სიტყვა „სევდა” მომივიდა თავში და გავაკეთე. რესტორანში ვვახშმობდით და მეგობარმა მითხრა, მაჩვენეო. მანქანაში მქონდა და შევიტანე. უყურა, უყურა, მერე მიმტანს დაუძახა და  ჰკითხა, აბა, ეს რა არისო. გეფიცებით, კინაღამ გული გამიხდა ცუდად, მიმტანმა რომ უთხრა, სევდაო.
– მოსწავლეები არ გყავთ?
– არა, რას ამბობთ, ჯერ მე თვითონ ვსწავლობ ყოველ გაკეთებაზე. მართალი გითხრათ, წესით და რიგით, აკადემია უნდა დამემთავრებინა, რადგან, ბაბუა იყო დიდი ხნის განმავლობაში აკადემიაში. უზარმაცესი ადამიანი ვიყავი და აუცილებლად იმავე წელს უნდა მოვწყობილიყავი უმაღლესში. გერმანული ბავშვობიდან კარგად ვიცოდი და ამიტომ მოვხვდი უნივერსიტეტში გერმანულზე. ისე ნეიროქირურგობა მინდოდა ძალიან. ხანდახან შატალოზე მორგშიც დავდიოდი. ზარმაცი ვიყავი, ვიცოდი, ფიზიკას ვერ ვისწავლიდი, ვერ მოვეწყობოდი და, რომ წარმოვიდგინე, რომ მთელი ერთი წელი უნდა მოვმზადებულიყავი, გადავიფიქრე.
– ისევ ნამუშევრებს დავუბრუნდები. რა ზომის არის თქვენი ფიგურები?
– სხვადასხვა ზომის. მაგალითად, გოგო, რომელიც ჩემი მეგობრის ბარში „დავსვით,” დაახლოებით თინეიჯერი გოგონას სიმაღლისაა. მაქვს პატარა ზომის ფიგურებიც. ჩემს მეგობრებთან დაბადების დღეზე რომ მივდივარ, საჩუქარს აღარ ვყიდულობ და ამიტომ ყველა იუბილარი ჩემს ბადეს ელოდება – ეს შეღავათი ნამდვილად მაქვს.
– დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ექნება თქვენი ნამუშევრების შეძენის სურვილი. რა ფასად არის მისი შეძენა შესაძლებელი?
– გააჩნია. 300, 500, 1 000 ლარი. უცხოეთში ბადით ნამუშევრები სასწაულად დიდი თანხები ღირს. აქ ჯერ კიდევ არ იციან და იმდენად სერიოზულად არც უყურებენ. სიტყვაზე, რაც აქ 300 ლარი ღირს, უცხოეთში, შეიძლება, 3 000-იც ღირდეს. გამოფენაზე ახლობელს მოსწონებია ერთი ფიგურა, რომელიც 450 ლარი ღირდა. ვერ იყიდა, რადგან  200 ლარის მეტი არ ედო ჯიბეში. ეს რომ მითხრეს, გავაკეთე და ვაჩუქე – მე ამით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ.
– თქვენს ნამუშევრებში საკუთარ ხასიათს თუ გადმოსცემთ?
– რა თქმა უნდა, აუცილებლად.
– თითოეული ნამუშევარი ექსკლუზიურია.
– დიახ, ასეა,  ორ ერთნაირ ფიგურას ვერ ვაკეთებ, გამორიცხულია. ყველა ნამუშევარი ექსკლუზივია. ჩემს ინტერესში ერთი და იმავეს კეთება არ არის.
– არ გაქვთ სურვილი, თქვენი შემოქმედება საქართველოს საზღვრებს გარეთაც გააცნოთ?
– ამის წინააღმდეგი ვარ. იმდენად მიყვარს ჩემი ქვეყანა, მირჩევნია, აქ ვიყო და ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთო საქმე ვიდრე, მაგალითად, ლონდონის ქუჩებში ვისეირნო.

скачать dle 11.3