ვინ იყო საქართველოში პირველი ქალი, ვინც პოლიტიკურ პროცესებში ჩაერია და რამდენმა დედოფალმა მოაწყო გადატრიალება საქართველოს მეფის კარზე
თავის დროზე თავდაცვის მინისტრად ქალის დანიშვნამ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, იმდენადაც, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ოცდამეერთე საუკუნის საქართველო მეთორმეტეზე ჩამორჩენილია. ზოგიერთის განმარტებით, შოთას „ლეკვი ლომის სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრების გენდერულ თანასწორობას ეხებოდა. ასეა თუ ისე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ პაპასქირს ვთხოვეთ, თვალი გადაევლო საქართველოს ისტორიისთვის და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობის შესახებ მოეყოლა.
– თამარის პერიოდი მეტ-ნაკლებად ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის, ასევე, ქეთევან დედოფლის ღვაწლი და მონაწილეობა. ვის გამოყოფდით მათ გარდა?
– ნებისმიერი დედოფალი იყო პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულ წყაროებში ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს დედოფლების პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. საქართველოში სახელმწიფოს ორი მეთაური ქალი გვყავდა – თამარ მეფე და რუსუდან მეფე და ეს არ არის უმნიშვნელო ფაქტი, რადგან ნიშნავს, რომ ეს ჩვენთვის უცხო მოვლენა არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ „შუშანიკის წამება“ არის რელიგიურ-იდეოლოგიური თხზულება, ის გადაწყვეტილება, რაც ვარსქენ პიტიახშმა მიიღო, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას დაუპირისპირდა თავისივე თანამეცხედრე, რაც არ არის მხოლოდ ოჯახური წინააღმდეგობა, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ოჯახური ძალადობა; ამ დაპირისპირებაში შესაძლებელია პოლიტიკური შემადგენლის დანახვაც – ეს არის დედოფლის ერთგვარი პოლიტიკური დემარში, მიმართული სასანიდური ირანის პოლიტიკურ-იდეოლოგიური დიქტატის წინააღმდეგ.
მომდევნო პოლიტიკურად აქტიური დედოფალი, როგორც ჩანს, იყო ვახტანგ გორგასლის დედა – საგდუხტი. „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“ მკაფიოდაა ნათქვამი, რომ სპარსი ქალი – საგდუხტი, მამამისს, სპარსთა სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელეს, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის კონტროლი, სთხოვს, ნუ დაუშლის მას და მის ხალხს – ქართველებს, ქრისტიანობას. საგდუხტი აშკარად მცირეწლოვანი ვახტანგის რეგენტია და სახელმწიფოს მართვის სადავეებიც ხელთ უპყრია.
– აფხაზთა მეფის შთამომავალზე, გურანდუხტ დედოფალზე რას გვეტყვით?
– ამ პიროვნების როლი გამაერთიანებელ მოძრაობაში ჩემმა კოლეგებმა რამდენადმე შეალამაზეს, რაც მთლად მართებული არ უნდა იყოს. გურანდუხტ დედოფალი „აფხაზთა“ მეფის ასული, იყო „ქართველთა“ მეფის, ბაგრატ მეორის ვაჟის – გურგენის, მეუღლე, ხოლო მათ ვაჟიშვილს – ბაგრატ უფლისწულს, როგორც ცნობილია, ბედმა არგუნა, გამხდარიყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. გურანდუხტი თითქოს ერთგული თანამდგომი უნდა ყოფილიყო თავისი ვაჟის ცენტრალისტური პოლიტიკის, მაგრამ, როგორც ქართულ, ისე სომხურ წყაროთა მონაცემებით ირკვევა, კონკრეტულ ვითარებაში, მეათე საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს, დედოფალი გურანდუხტი, რომელსაც ამ დროს „ეპყრა უფლისციხე და ქართლი“, ქუთაისის ტახტის წინააღმდეგ მებრძოლი შიდა ქართლის აზნაურობის მხარეს დადგა და, ნებსით თუ უნებლიეთ, თავის გვირგვინოსან ვაჟიშვილს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა კი, შიდა ქართლის არისტოკრატიის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, დედამისი დემონსტრაციულად გაარიდა იქაურობას და ქუთაისში თან წამოიყვანა.
შემდეგი დედოფალი, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ფიგურად მოჩანს, გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფის – გიორგი პირველის თანამეცხედრე მარიამია. როგორც ცნობილია, გიორგი პირველი გამეფებისთანავე შეეცადა, დაებრუნებინა ბიზანტიის იმპერატორ ბასილი მეორის მიერ მიტაცებული იმიერტაო, რასაც ბიზანტიასთან ომი მოჰყვა, რომელიც ერთიანი ქართული სახელმწიფოს მარცხით დამთავრდა. დამარცხების მიუხედავად, საქართველოს რაინდი მეფე განაგრძობდა ანტიბიზანტიურ კურსს და ყველანაირად ცდილობდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. როგორც ჩანს, ის ამ ბრძოლას შეეწირა კიდეც. არაა გამორიცხული, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მეფის უეცარი გარდაცვალება პრობიზანტიურად განწყობილი პოლიტიკური დაჯგუფების მიერ მოწყობილი „სასახლის გადატრიალების“ შედეგი იყო, რომელშიც უშუალოდ უნდა ყოფილიყო გარეული მისი მეუღლეც. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ მარიამ დედოფალი, რომელიც გიორგი პირველის გარდაცვალების შემდეგ თავისი მცირეწლოვანი ვაჟის – ახლად გამეფებული ბაგრატ მეოთხის რეგენტი გახდა, ფაქტობრივად, თვითონ შეუდგა ქვეყნის მართვას, პრინციპულად ცვლის გიორგი მეფის პოლიტიკურ კურსს და, კონსტანტინოპოლში ოფიციალურ ვიზიტად ჩასული, იმპერიასთან „ერთობისა და სიყვარულის“ ხელშეკრულებას აფორმებს. ნიშანდობლივია, აგრეთვე, ისიც, რომ ბაგრატ მეოთხემ, როგორც კი სრულწლოვანი გახდა, მამისეული ანტიბიზანტიური კურსი განაგრძო. მარიამი ამ დროიდან ერთი პერიოდი ჩრდილში მოექცა. ის კვლავ მხოლოდ 1045 წელს ამოტივტივდა პოლიტიკურ არენაზე. იმჟამად ბიზანტიის იმპერიას ანისის სომხური სახელმწიფოს ლიკვიდაციის გეგმა მოჰყავდა სისრულეში. იქაური პოლიტიკური ელიტის ანტიბიზანტიურად განწყობილი წრეები კონსტანტინოპოლის ამ ვერაგულ განზრახვას დაუპირისპირდნენ. მათ საშველად ბაგრატ აფხაზთა მეფეს უხმეს და ანისი მას შესთავაზეს. საქართველოს მეფე გამოეხმაურა სომეხთა წინადადებას და, ანისის ქვეყნის შემოერთების ლეგიტიმურობის უზრუნველყოფის მიზნით, იქ დედამისი, მარიამ დედოფალი – ვასპურაკანის სომხური სამეფო სახლის წარმომადგენელი გაგზავნა ქართული ჯარით. მაგრამ იმპერიამ საქართველოში თავისი აგენტისა და მთავარი დასაყრდენის, ლიპარიტ ბაღვაშის მეშვეობით შეძლო ურჩი ბაგრატის „თავხედური“ დემარშის აღკვეთა და ანისი მიიტაცა.
თუმცა, როგორც ჩანს, მარიამ დედოფლის პოლიტიკური აქტიურობა ამით არ ამოწურულა. ოდნავ მოგვიანებით, როდესაც იმპერიის აქტიური სამხედრო და მატერიალური მხარდაჭერით, ლიპარიტ ბაღვაშმა გვირგვინოსანი მეფე ბაგრატ მეოთხე, ფაქტობრივად, ქვეყნიდან გააძევა, კონსტანტინოპოლში ჩასულმა საქართველოს ლიდერმა თან მაინცდამაინც დედამისი იახლა – როგორც ჩანს, დევნილ მეფეს იმპერიის ხელისუფლებასთან შესარიგებლად ბიზანტოფილი დედა-დედოფლის ავტორიტეტი დასჭირდა. მართალია, წყაროები ამის შესახებ დუმან და ყურადღებას მხოლოდ სარწმუნოების განმტკიცების სფეროში მარიამ დედოფლის მოღვაწეობაზე ამახვილებენ, მაგრამ, ის ფაქტი, რომ ბაგრატმა მოახერხა საიმპერატორო კარის ნდობის მოპოვება და ბიზანტიის ხელისუფლებამ აღიარა მისი ჰეგემონობა საქართველოში, შეიძლება, მარიამ დედოფლის აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგი იყო.
დავით აღმაშენებლის ეპოქაში არ ჩანს დედოფლის აქტიურობა, მაგრამ ძალიან საინტერესო ფიგურაა დავითის მამიდა, მართლაც უდიდესი პიროვნება, ბიზანტიის ორი იმპერატორის თანამეცხედრე – ბაგრატ მეოთხის ასული მარიამი და, სხვათა შორის, ერთადერთი უცხოელი პრინცესა ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე მეთერთმეტე საუკუნეში. მარიამ დედოფალი, გარდა იმისა, რომ თავისი სილამაზითა და გონიერებით საყოველთაოდ იყო აღიარებული, როგორც ჩანს, პოლიტიკურ ინტრიგებშიც საკმაოდ გაწაფული ყოფილა. აშკარაა, რომ ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას თავისი პირველი ქმრის, მიხეილ დუკას ჩამოგდებაში და ტახტზე ნიკოფორე ბოტანიატეს დასმაში, რომელიც დაქორწინდა კიდეც ქართველ დედოფალზე. მარიამზე დაქორწინებას და ამ გზით ტახტის დაუფლებას აპირებდა ბიზანტიის მომდევნო იმპერატორი ალექსი კომნენოსიც, მაგრამ, ბოლო მომენტში შეთქმულებმა სხვა გზა აირჩიეს და გადაწყვიტეს, მარიამ დედოფალს „ეშვილა“ მომავალი იმპერატორი. ამასთან, შედგა პოლიტიკური გარიგება – ალექსის თანამოსაყდრედ ცხადდებოდა კონსტანტინე დუკა – მარიამ დედოფლისა და იმპერატორ მიხეილ დუკას ვაჟი, რომელსაც დააქორწინებდნენ ანაზე – იმპერატორ ალექსი კომნენოსის ასულზე.
– ქალი გაწყდა ბიზანტიაში?
– მარიამ დედოფალი, როგორც ჩანს, მართლაც სრულიად გამორჩეული პიროვნება იყო, რომელსაც ეთაყვანებოდნენ იმდროინდელი ბიზანტიური პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები, თუმცა, ეს არაა მთავარი, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა მარიამის პოლიტიკურ გავლენას საიმპერატორო კარზე, რომელსაც, ეტყობა, ზურგს უმაგრებდა ეგრეთ წოდებული „ქართული პარტია“, გამოჩენილი სარდლისა და სახელმწიფო მოღვაწის, გრიგოლ ბაკურიანის ძის მეთაურობით. მაგრამ, როგორც კი დაიღუპა გიორგი ბაკურიანის ძე, ალექსი კომნენოსმა, ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ, „გადააგდო“ მარიამი. ის მოაშორეს დედაქალაქს და ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს. შემდეგ კი მას ვხედავთ საქართველოში – იგი ესწრება რუის-ურბნისის კრებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი დონისა და გავლენის მქონე პოპულარული ქალი ჩვენ არც გვყოლია ისტორიაში.
ასევე, საინტერესო ფიგურაა დემეტრე პირველის ასული რუსუდანი – თამარ მეფის მამიდა. დედოფალი რუსუდანი იყო ორი სელჩუკი სულთნის მეუღლე. დაქვრივების შემდეგ სამშობლოში მობრუნებული რუსუდანი თავისი ძმის, გიორგის კარზე ძალიან აქტიური პოლიტიკური ფიგურაა. მის სახელს უკავშირებენ სელჩუკებთან საქართველოსთვის მომგებიანი ზავის დადებას მეთორმეტე საუკუნის 60-იან წლებში.
ძალიან დიდია მისი როლი გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც თამარი გამეფდა. ის ჩაერია თამარის საქმროს შერჩევაში, შემდეგ მეორე ქმრის შერჩევაში და, ხაზგასმულია, რომ სოსლან-დავითი რუსუდანის გაზრდილი იყო. რუსუდანს ბევრ რამეს ეკითხებოდნენ და მისი როლი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, მეცამეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში პოლიტიკურად აქტიური ქალბატონი აღარ ჩანს.
– ისტორიის მძიმე პერიოდს ქალების პოლიტიკაში მონაწილეობაზეც დაუსვამს დაღი.
– ქეთევან წამებულამდე ასეთ ფიგურას ვერც ვიხსენებ, თუმცა ქეთევან დედოფალი ნამდვილად არის პოლიტიკური ფიგურა. ის იყო სპარსეთის წინააღმდეგ კახეთის აჯანყების მეთაური. მისი რეგენტობაც ჩანს და, ის ბედი, რაც ქეთევანს ეწია, არ იყო განპირობებული მხოლოდ რელიგიური ფაქტორით, მის დასჯას აშკარად პოლიტიკური მოტივაციაც ჰქონდა. მაშინ ქრისტეს რჯულისთვის ბრძოლა იყო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობისთვის ბრძოლა.
ძალიან საინტერესო ფიგურაა ქართლის დედოფალი მარიამ დადიანი – როსტომ ხანის მეუღლე. მარიამ დედოფალი იყო დიდი ქველმოქმედი და ქრისტიანობის ქომაგი. მარიამ დედოფლის შეკვეთით შეიქმნა „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერი.
– უარყოფითი გავლენა არცერთ დედოფალს არ მოუხდენია?
– იმერეთში აქტიურობით გამოირჩეოდა თეიმურაზ მეფის ქალიშვილი – დარეჯანი; ის ახდენდა გადატრიალებებს და ძალიან ნეგატიურია მისი როლი იმდროინდელ, მეთვრამეტე საუკუნის 50-60-იანი წლების პოლიტიკურ პროცესებში. ასევე, უარყოფითადაა შეფასებული ერეკლე მეორის მეუღლის, დარეჯან დედოფლის მოღვაწეობა ერეკლე მეფობის დასკვნით ეტაპზე. ძალიან საინტერესო ფიგურაა სამეგრელოს მთავრის, გრიგოლ დადიანის ქვრივი ნინო ბაგრატიონი – ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტის ასული. მას არა მარტო მთავრის მეუღლეობით მოიხსენიებდნენ დედოფლად, აფხაზეთის მთავარი ქელეშბეი შარვაშიძე პირდაპირ უწოდებდა – „საქართველოს დედოფალს“. სამეგრელოს მთავრის ქვრივმა და ლევან მეხუთე დადიანის რეგენტმა, ძალიან დიდი როლი შეასრულა აფხაზეთის რუსეთის ქვეშევრდომობაში შეყვანის საქმეში. ასევე, გამორჩეულია ეკატერინე ჭავჭავაძე, ანუ ეკატერინე დადიანი.
– ეკატერინე ჭავჭავაძე ისედაც უკვდავყოფილია იმით, რომ ტატოს ლექსები შემოგვინახა.
– ეკატერინე ძალიან მძიმე სიტუაციაში მართავდა სამეგრელოს სამთავროს: მეუღლე გარდაეცვალა და ომი დაიწყო თურქებთან. ომერ-ფაშა შემოვიდა სამეგრელოში ჯარით, დაიკავა ზუგდიდი და ეკატერინე დადიანი ცხენიდან არ ჩამოსულა, ორი თვე ნაბადში გახვეული სარდლობდა სახალხო ლაშქარს. კიდევ ერთი საინტერესო ქალია ალექსანდრა (ცუცა) დადიანი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის მეუღლე – რუსულ დოკუმენტებში პირდაპირ წერია, რომ იგი გაცილებით უკეთ მართავდა აფხაზეთს, ვიდრე მისი ქმარიო.
– შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში ისტორიულად ქალები მუდამ გამოირჩეოდნენ აქტიური მონაწილეობით პოლიტიკურ ცხოვრებაში?
– ვფიქრობთ, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო – ცარიელ ადგილას ხომ არ იშვებოდა „ლეკვი ლომის სწორია“?! თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ფორმულა რუსთაველს სწორედ კონკრეტულ ისტორიულ სიტუაციაში შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურის გამართლება-დასაბუთებისათვის დასჭირდა.