კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გავაკეთოთ ძილის წინ კბილების კრაჭუნის თავიდან ასაცილებლად და იწვევს თუ არა ეს დაავადება ფსიქოლოგიურ პრობლემებს

ბრუქსიზმი, იგივე კბილების კრაჭუნი, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ძირითადად პატარებს აწუხებთ, თუმცა, არა მხოლოდ მათ. ბავშვებში ამ პრობლემის მოგვარება შედარებით მარტივად, ხშირად ყოველგვარი ჩარევის გარეშე, თავისთავად ხდება, მოზრდილ ასაკში კი მდგომარეობა შედარებით რთულდება და ბრუქსიზმი საკმაოდ სახიფათო ხდება ჯანმრთელობისთვის. იმის გასარკვევად, თუ რა არის კბილების კრაჭუნის გამომწვევი მიზეზი, როდისაა განსაკუთრებით სახიფათო და როგორ შეიძლება მოსალოდნელი ზიანის თავიდან არიდება, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პედიატრ გიორგი ჩახუნაშვილს მივმართეთ.

 გიორგი ჩახუნაშვილი: ბრუქსიზმი იგივე კბილების კრაჭუნია. სპეციალისტები ბრუქსიზმად მოიხსენიებენ საღეჭი მუსკულატურის  უნებლიე რიტმული შეკუმშვით გამოწვეულ კბილების კრაჭუნს. სამეცნიერო განმარტებით, ესაა ძილის დროს საღეჭი კუნთების შეტევითი ხასიათის შეკუმშვები. ბრუქსიზმი, ანუ კბილების კრაჭუნი, საკმაოდ გავრცელებულია როგორც პატარებში, ისე მოზრდილებში. საერთო ჯამში, ის პლანეტის მოსახლეობის 15 პროცენტს ახასიათებს, თუმცა მათ შორის უმეტესობას მაინც ბავშვები წარმოადგენენ. კბილების კრაჭუნი საშუალო სკოლის მოსწავლეებში ყოველ მესამეს  და ყოველ მეორე უმცროსკლასელ ბავშვს აწუხებს. ბრუქსიზმი არსებობს ორი სახის: დღის და ღამის. დღის ბრუქსიზმი, ბუნებრივია, დღის განმავლობაში გამოიხატება, როდესაც ადამიანს ახასიათებს ძლიერი ემოციური დაძაბულობის დროს კბილების დიდი ძალით ერთმანეთზე დაჭერა კრაჭუნამდე. თუმცა, მიუხედავად დღის ბრუქსიზმის არსებობისა, კბილების კრაჭუნი დიდებშიც და პატარებშიც, ძირითადად მაინც ღამის საათებში, ძილის დროს იჩენს თავს. შესაძლოა, ერთი ღამის განმავლობაში შეტევა რამდენჯერმე განმეორდეს. ხშირად, შეიძლება, ადამიანმა არც იცოდეს, რომ ძილში კბილებს აკრაჭუნებს. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ხდება, როცა საკუთარი კბილების კრაჭუნის ხმა მას თავად აღვიძებს; სამაგიეროდ, ეს ნამდვილად არაა სასიამოვნო მის გვერდით მყოფი ადამიანისთვის და, ის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ გარშემო მყოფებს აწუხებს. ეს კი, შეიძლება, სერიოზულ უსიამოვნებადაც იქცეს, რადგან, ნამდვილად არაა სასიამოვნო, გეძინოს ერთ ოთახში ადამიანთან, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში კბილებს აკრაჭუნებს.
– გარდა ამ უსიამოვნებისა, რა გართულებებს იწვევს კბილების კრაჭუნი?
– ბრუქსიზმის შედეგები უკვე არა ძილში, არამედ სიფხიზლეში გამოვლინდება და, თანაც, საკმაოდ მძიმე ფორმებში. კბილების კრაჭუნმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების პათოლოგიური ცვეთა, მორყევა და მოტეხილობა; თანკბილვის დარღვევა, კარიესი და თავის ტკივილები; სახის კუნთის სპაზმები და ტკივილი. თუ კბილების კრაჭუნი დიდხანს გრძელდება, შესაძლოა დაზიანდეს პირის ღრუს რბილი ქსოვილები. ძლიერი შეტევის შემდეგ გაღვიძებული ადამიანი თავის, კბილების და ზოგჯერ სახის ტკივილსაც გრძნობს, რაც უკვე მნიშვნელოვანი პრობლემაა. გარდა ამისა, კბილების კრაჭუნმა შეიძლება მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს. ბუნებრივია, ამ ყველაფერთან დამოუკიდებლად ბრძოლა  პრაქტიკულად შეუძლებელია. აუცილებელია პროფესიონალის რჩევები. თუმცა, როცა საქმე მცირე ასაკის ბავშვებთან გვაქვს, აქ მდგომარეობა ამდენად სავალალო არაა, რადგან კბილების კრაჭუნი დროთა განმავლობაში, დაახლოებით 6-7 წლისთვის თავად გაქრება, მაგრამ, ასე ნამდვილად ვეღარ ვიტყვით, თუ საქმე მოზრდილ ადამიანს ეხება.
– რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?
– გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ბრუქსიზმი ორგანიზმში ჭიების არსებობის უტყუარი ნიშანია, სინამდვილეში მეცნიერული არგუმენტებით არ არის გამყარებული. საერთოდ, მეცნიერებისთვის რთულია ბრუქსიზმის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასახელება. განიხილავენ რამდენიმე ჰიპოთეზას, მაგალითად, ერთი მოსაზრების თანახმად, ძილში კბილების კრაჭუნი არის ძილის სიღრმის რეგულაციის დარღვევის ერთ-ერთი გამოვლინება, ეს კი ნიშნავს, რომ ბრუქსიზმი უნდა განვიხილოთ, ხვრინვის, სომნაბულიზმის, ანუ მთვარეულობის, ღამის კოშმარებისა და ღამის ენურეზის გვერდით. ზოგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ძილში კბილების კრაჭუნი არასწორი თანკბილვის გამო ხდება. ბრუქსიზმი მანამ გრძელდება, სანამ კბილები სწორად არ „ჩაჯდება“ ერთმანეთში. ბრუქსიზმი მემკვიდრეობითი ფაქტორითაცაა  განპირობებული. მისი გამომწვევი, ასევე, შეიძლება გახდეს დაძაბულობა და აღგზნებადობა, ტკივილი კბილის ამოსვლის ან ყურის ანთების დროს და ზოგჯერ ალერგიაც კი. ზოგჯერ, სულაც, შესაძლოა თქვენს პატარას, უბრალოდ, ძალიან მოსწონდეს  იმის შეგრძნება, რომ კბილები აქვს და მხოლოდ ამიტომ აკრაჭუნოს ან ვინმეს, ძირითადად კი მშობლის მიბაძვით გააკეთოს ეს. კბილების კრაჭუნს ბავშვები დაახლოებით სამწლინახევრიდან იწყებენ. შესაძლოა, აღნიშნული პრობლემა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის აგებულების თავისებურებამ ან სახის ჩონჩხის სხვა პათოლოგიებმა გამოიწვიოს. ძირითადად, ბრუქსიზმი იმ ადამიანებს უვითარდებათ, რომლებიც გამუდმებულ სტრესს განიცდიან, რასაც შინაგანი აშლილობა, დაძაბულობა, სიბრაზე და ძილის წინ აღგზნებულობა მოსდევს. თუმცა, ხანმოკლე, ათ წამამდე ხანგძლივობის ბრუქსიზმის ეპიზოდები ძილის დროს გვხვდება პრაქტიკულად ჯანმრთელ, დადებით ემოცურ ტონუსში მყოფ ადამიანებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში ბრუქსიზმი გავრცელებულია, მათი უმრავლესობის ჯანმრთელობას პერიოდულად ღამით კბილების კრაჭუნი არაფერს ვნებს და ხშირ შემთხვევაში ის უკვალოდაც გაივლის. მაგრამ, როცა ვხედავთ, რომ ისეთ გართულებებთან გვაქვს საქმე, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ პედიატრს და ის განსაზღვრავს, ფსიქონევროლოგი უნდა ჩაერთოს საქმეში თუ სტომატოლოგი – გააჩნია, რა არის ამის გამომწვევი, უნივერსალური მეთოდი არ არსებობს.
– ზოგჯერ ბავშვებს კბილების კრაჭუნი კონკრეტული საკვების დანახვისას ეწყებათ, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა მჟავე კიტრი. ეს რაზე მიუთითებს?
– ეს ბავშვის ემოციის გამოხატულებაა.  შეიძლება, მას ძალიან უნდა კიტრი და ამიტომ აკრაჭუნებს კბილებს, ან, პირიქით, არ უნდა და ასე გამოხატავს. კბილების კრაჭუნი მაშინაც შეიძლება დაეწყოს ბავშვს, როცა ნერვიულობს და მაშინაც, როცა უხარია.
– ამ პრობლემის თავიდან არიდების გზებზე რას გვეტყვით?
– პირველ ყოვლისა, ამ პრობლემის მქონე მოზრდილ ადამიანს ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული დახმარება ესაჭიროება. მაგალითად, საკმაოდ ეფექტურია სიფხიზლეში ყბების სწორი მდებარეობის თვითკონტროლის სწავლება – კბილები ერთმანეთს უნდა ეხებოდეს მხოლოდ ღეჭვის დროს. გარდა ამისა, ბრუქსიზმით დაავადებულებს უნდა ვურჩიოთ, რომ საღეჭი კუნთები მაქსიმალურად დაღალონ ძილის წინ. ამისთვის უნდა მიირთვან ვაშლი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო. ამ მეთოდით დატვირთული კუნთები ძილის დროს ნაკლებადაა მიდრეკილი თვითნებური შეკუმშვისკენ. კუნთების დაძაბულობას კარგად ხსნის თბილი კომპრესიც, რომელიც ძილის წინ საღეჭ კუნთებზე უნდა დაიდოთ. იმის გათვალისწინებით, რომ ბრუქსიზმის ძირითადი მიზეზი ხშირად სტრესია, მასთან საბრძოლველად ეფექტურია ზოგადი ანტისტრესული და რაციონალური მეთოდები. კარგია კოფეინის შეზღუდვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ძილის წინ თბილი აბაზანის მიღება. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ სამუშაო გარემოსა და ძილის წინ მიღებულ ემოციებს. ეს რეკომენდაციები ძირითადად მოზრდილებს ეხებათ. თუმცა ძილის წინ მიღებული ემოციები პატარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ბავშვი დაძინებამდე ერთი საათის განმავლობაში მშვიდ გარემოში უნდა იმყოფებოდეს. წაუკითხეთ მას წიგნები ან ეს თავად გააკეთოს; დაათვალიეროს ნახატებიანი წიგნები. ეცადეთ, დააწვინოთ ჩვეულებრივზე ადრე. ძილში კბილების კრაჭუნის მიზეზი შეიძლება ბავშვის გადაღლა გახდეს.  მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ძილის წინ არ აჭამოთ. ღამით საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფამ, შეიძლება ძილის დროს მისი ზედმეტად დაძაბვა გამოიწვიოს. კარგი იქნება, თუ მას იმ პრობლემებზე გაესაუბრებით, რომელიც სიმშვიდეს ურღვევს – ეს დაძაბულობის მოხსნაში დაეხმარება. დაადეთ თბილი და ნოტიო კომპრესები. თუ ბავშვს დილით ყბა სტკივა, დაასველეთ პირსახოცი თბილ წყალში, გაწურეთ, მტკივნეულ ყბაზე დაადეთ და ასე გაუჩერეთ მანამ, სანამ თავს უკეთ იგრძნობს – ეს პროცედურა მას ტკივილის მოხსნაში დაეხმარება.

скачать dle 11.3