კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომაროვის სკოლა 50 წლისაა

ჩვენი შვილების წარმატებული მომავლის საუკეთესო გარანტი

 6 ნოემბერს კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის ¹199 საჯარო სკოლამ 50 წლის იუბილე აღნიშნა. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში სკოლამ უამრავ წარმატებას მიაღწია, არაერთ ახალგაზრდას შეუქმნა ბრწყინვალე მომავლისთვის საჭირო რესურსი და, რაც მთავარია, ტრადიციად აქცია ხარისხი, რომლის წყალობითაც ქართველმა მოსწავლეებმა არაერთი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო დაიმსახურეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით.
ვანო ნადირაძე („კომაროვი 50 წლისაა“ პროექტის მენეჯერი, ყოფილი კომაროველი): წელს ჩვენი სკოლა 50 წლის გახდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მოვაწყვეთ ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანი იყო, შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის, თუ რა მაგრები ვიყავით წარსულში და კიდევ ერთხელ დაგვემტკიცებინა, რომ ისეთივე მაგრები ვართ დღესაც. კომაროვი – ესაა საჯარო სკოლა, რომელშიც განსაკუთრებული ნიჭით, უნარებითა და მონდომებით დაჯილდოებულ ბავშვებს აქვთ ძალიან მაღალი ხარისხის საშუალო განათლების მიღების საშუალება. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ დღეისთვის უკვე არსებულ მიღწევებზე გაჩერებას და მომავლისთვის კიდევ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. ღონისძიებაზე მოწვეული გვყავდა სამასამდე სტუმარი, მათ ჩვენი ისტორია შევახსენეთ და ბოლოდროინდელი მიღწევებიც გავაცანით.  
– ჩვენს მკითხველსაც გააცანით ეს ინფორმაცია.
– უკვე 50 წელია, რაც კომაროვის სკოლას პროფილი მიენიჭა და ამას საინტერესო ისტორია აქვს: ვლადიმირ კომაროვი, რომელიც საბჭოთა კოსმონავტი იყო, კოსმოსში ერთ-ერთი მოგზაურობისას დაიღუპა. მსგავსი ფაქტების შესამცირებლად გადაწყვიტეს, რომ ყველა დიდ ქალაქში დაარსებულიყო ფიზიკა-მათემატიკური პროფილის სკოლა, სადაც განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებს მისცემდნენ შესაბამის განათლებას, რაც შემდგომ სამეცნიერო სამუშაოებში გამოიღებდა ნაყოფს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ სკოლამ, წინააღმდეგობების მიუხედავად, შეინარჩუნა პირვანდელი პროფილი და ყველა დადებითი მხარე, რომელიც ოდესმე გააჩნდა. ის სტრუქტურული ნგრევები, რომლებმაც მნიშვნელოვნად დააზარალა სხვა სკოლები, საბედნიეროდ, ჩვენ არ შეგვხებია. დღეისთვის მხოლოდ სკოლაში 1 400-მდე ბავშვი სწავლობს. სტატისტიკურად, ჩვენი კურსდამთავრებულების 95 პროცენტი ეროვნულ გამოცდებზე 100-პროცენტიან სახელმწიფო დაფინანსებას იღებს. წელიწადში საშუალოდ 6-7 კურსდამთავრებული სრული დაფინანსებით ეწყობა საუკეთესო უცხოურ უნივერსიტეტებში, ჩვენ კი მათგან მადლობის წერილები მოგვდის. სულ ცოტა ხნის წინ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან – MIT-დან მივიღეთ მადლობის დიდი წერილი.
– გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობთ ოლიმპიადებში როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო მასშტაბით და, როგორც ვიცი, საამაყო მიღწევები გაქვთ...
– საქართველოს მასშტაბებზე უკვე აღარც ღირს საუბარი, რადგან, თითქმის ყველა ოლიმპიადა, რომელიც ფიზიკას, მათემატიკას, ქიმიასა და ბიოლოგიას ეხება, ჩვენი მოსწავლეებისთვის ოქროს მედლის გარეშე არასდროს მთავრდება. რაც შეეხება საერთაშორისო ოლიმპიადებს, მასში ჩვენი ქვეყნის ნაკრები გუნდი მონაწილეობს. მათემატიკისა და ფიზიკის ნაკრებში ექვსი მოსწავლეა და მათგან სამი-ოთხი კომაროველია. ქიმია-ბიოლოგიის სწავლება ბოლო წლებში უფრო გაძლიერებულად დავიწყეთ და ნაკრებში თითო ბავშვი მაინც არის ხოლმე კომაროველი. ჩვენი მოსწავლეები ოლიმპიადიდან მედლის გარეშე არასდროს ჩამოსულან. მათ არაერთხელ გავუხარებივართ ოქროთი, რაც შეეხება ვერცხლსა და ბრინჯაოს, მათი რაოდენობა უკვე საკმაოდ დიდია.
კომაროველებს „სექტას” გვეძახიან (იცინის). ძალიან ბევრი წარმატება, რომლისთვისაც ცხოვრებაში მიგვიღწევია, სწორედ კომაროვში მიღებული ცოდნის შედეგია. დღეს საქართველოში არსებული თითქმის ყველა საბანკო სტრუქტურის გენერალური დირექტორი, ვიცე-პრეზიდენტები და კიდევ  სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობების მქონე პირები კომაროველები არიან. კომაროველია „გალფის“ გენერალური დირექტორი და სამთავრობო სტრუქტურების ძალიან ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის: ეკონომიკის მინისტრი დემეტრე ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; კომაროველები არიან ასევე დიმიტრი ობოლაძე, სოფო მოსიძე და „ინტელექტკლუბის” კიდევ ბევრი წარმომადგენელი... მოკლედ, ეს სია საკმაოდ გრძელია. 2007 წელს შეიქმნა ასოციაცია „კომაროველი“, რომელშიც გაერთიანდა ყოფილ კომაროველთა დიდი ჯგუფი და ისინი პასუხისმგებლობას იღებენ, რომ ხელს შეუწყობენ სკოლასაც და სკოლის გარეთ მყოფ ნიჭიერ ბავშვებსაც. იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოწყობაც მათი, სკოლის მერიისა და განათლების სამინისტროს დამსახურებით მოხდა. ჩვენი კურსდამთავრებულები წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთანაც თანამშრომლობენ, თუმცა, ძალიან თავმდაბლები არიან და საკუთარი სახელების გასაჯაროვება დიდად არ უყვართ, ამიტომ, სახელებსა და გვარებს ვერა, მაგრამ, გეტყვით, რომ, მაგალითად, ამერიკის წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში ძალიან ბევრი კომაროველი მოღვაწეობს. google-ის სათავო ოფისში, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს, ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი ჩვენი კურსდამთავრებულია.
– გარდა ამისა, ამ სკოლის პედაგოგთა დიდი ნაწილიც ყოფილი კომაროველია...
– თვითონ დირექტორი, მისი მოადგილე და ბევრი წამყვანი სპეციალისტი სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებულია. ეგ კი არა, მართალია, საქართველოში არ გვაქვს ბევრი ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, მაგრამ, მათ შორის ყველაზე გამორჩეულების – ვეკუასა და რაზმაძის სკოლის დირექტორებიც კომაროველები არიან. ყველა ჩვენი მასწავლებელი საქართველოს მასშტაბით აღიარებულია. მათ შორის, ხუთი დოქტორია, რამდენიმე კი – მეცნიერებათა კანდიდატი; თუმცა, სკოლის მთავარი სიამაყე მოსწავლეები არიან და ყველაფერი სწორედ მათთვის კეთდება.
– კომაროვთან არსებული სხვა სკოლების შესახებაც გვიამბეთ.
– კომაროვის სკოლას აქვს პანსიონი. რეგიონელი ბავშვი, რომელიც გადალახავს ზღვარს, ხვდება როგორც სკოლაში, ასევე პანსიონში. თუ მას არ აქვს თბილისში ცხოვრებისთვის შესაბამისი მატერიალური მდგომარეობა, შეუძლია, სრულიად უფასოდ იცხოვროს პანსიონში, სადაც დღეს ასი მოსწავლე ცხოვრობს. აქ, გარდა სწავლისა, შეუძლიათ სპორტითა და მეურნეობით დაკავება; ასევე, თითქმის ყველა მიმართულებით არსებობს უფასო წრეები. გვაქვს შაბათის სკოლა, სადაც გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა, ფიზიკა და ინფორმატიკა მესამიდან მეშვიდე კლასამდე, სანამ ბავშვებს კომაროვში ჩაბარების საშუალება მიეცემათ. მაღალი კლასებისთვის კი არსებობს საღამოს სკოლა, მასში სწავლა კომაროველსაც შეუძლია და სხვა სკოლის მოსწავლესაც, თავის სკოლაში სწავლის პარალელურად. გვაქვს ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვედ მოწყობილი ლაბორატორიები, სადაც მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განხორციელება შეუძლიათ. ყოველ წელს გვაქვს პატარ-პატარა გამოგონებები და ამ ტიპის კონკურსებშიც ყოველთვის გამარჯვებულები გამოვდივართ. მნიშვნელოვანია, რომ კომაროვის სკოლის მოსწავლეს აბიტურიენტობის დროს არცერთ საგანში არ სჭირდება დამატებით მომზადება. თავისუფლად, დიდი სიამაყითა და სიზუსტით გეტყვით, რომ საჯარო სკოლებს შორის ჩვენი მსგავსი მიღწევების სკოლა, პრაქტიკულად, არ მოიძებნება.

скачать dle 11.3