როგორ ცახცახებდნენ წმიდა მიწაზე „დედოფლის“ წინაშე ბერები და რა საკვირველმოქმედება და სასწაულები აღასრულა ღვთისმშობლის ხატმა იერუსალიმსა და პალესტინაში
დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში სასწაულებრივად გამოჩნდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“, რომელმაც არაერთი სასწაული აღასრულა და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბევრისთვის იქცა ერთადერთ იმედად და ნუგეშად. საოცარი და საკვირველია ის ძალა, მადლი, სიყვარული და სითბო, რომელსაც ადამიანი ამ დიდებულ ხატთან ურთიერთობისას თუნდაც შორი დისტანციიდან გრძნობს. ცოტა ხნის წინ „დედოფალი“ მცველებთან, ზურაბ შიოშვილთან და გიორგი ჭოლოკავასთან ერთად, ისრაელსა და პალესტინაში ბრძანდებოდა, სადაც არაერთი საკვირველება აღასრულა. რაც მთავარია, აღსრულდა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – ჯვრის მონასტერში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველთა სავანეს წარმოადგენდა, მომავალში სამუდამოდ უნდა დაბრძანდეს „დედოფლის“ ასლი. თუმცა, ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით ხატის მცველები გვესაუბრებიან.
ზურაბ შიოშვილი: უკვე არავისთვის არის უცხო, რომ „დედოფალთან“ ერთად ჩვენი გადაადგილება ყოველთვის დაუგეგმავად ხდება – როდესაც და სადაც ისურვებს „დედოფალი“ წაბრძანებას, რა თქმა უნდა, იქ აღმოჩნდება. შესაბამისად, ისრაელში ჩვენი გამგზავრებაც წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, ამის არც არანაირი რესურსი არ გვქონია. მაგრამ, როგორც ათონის შემთხვევაში ხდებოდა, ახლაც, მოვლენებმა სწრაფად დაიწყო განვითარება და, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ხატი უნდა წაბრძანებულიყო ისრაელში და ასეც მოხდა. ისრაელში ღამით ჩავფრინდით, სადაც რამდენიმე მეგობარი დაგვხვდა, რომლებმაც გვითხრეს, რომ იერუსალიმში მოხდა ტერაქტი, ჯარია შეყვანილი, საშიშია იქ ჩასვლა და ამიტომ უნდა დავრჩენილიყავით თელ-ავივში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა და იმ ღამესვე ჩავედით იერუსალიმში. სურათი მართლაც მძიმე დაგვხვდა, რომლის აღქმაც ემოციურადაც რთული იყო და ფიზიკურადაც. მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, ამას ჩვენზე არ უმოქმედია. ყველაზე საოცარი იყო მეორე დილა, როდესაც დაახლოებით ნახევარ საათში იერუსალიმმა იცოდა, რომ „დედოფალი“ ჩაბრძანდა – ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა. ფაქტობრივად, დედოფალი იერუსალიმში დიდებით შებრძანდა.
გიორგი ჭოლოკავა: ჩასვლიდან მეორე დილასვე, როგორც კი ხატი იერუსალიმის ქუჩებში გამოჩნდა, უამრავი მომლოცველი მოიზიდა. მაცხოვრის აღდგომის ტაძრის მოედნის გავლას ორმოც წუთზე მეტი მოვანდომეთ, იმდენად ბევრი იყო მომლოცველი. განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტიც, რომ, მაშინ, როდესაც იერუსალიმში ამდენი სიწმინდის მოსალოცადაა ხალხი ჩამოსული, თითქოს ავიწყდებოდათ, სად იყვნენ და უმალ „დედოფლისკენ“ მოიწევდნენ. მართლაც განსაკუთრებულად დიდი მადლი და სითბო მოდის „დედოფლისგან“.
ზურაბი: დაუვიწყარი იყო ღვთისმშობლის პირველი სტუმრობა უფლის საფლავზე, როდესაც კუვუკლიის მცველებმა „დედოფალს“ დერეფანი გაუკეთეს, მომლოცველები აქეთ-იქით გასწიეს და დიდი თაყვანისცემითა და მოწიწებით შეგვაბრძანებინეს ხატი უფლის საფლავზე. გარკვეული დროით კუვუკლია დაიკეტა, სანამ ხატს გამოვაბრძანებდით. სხვადასხვა მონასტრის წინამძღვრები გვიწვევდნენ წირვებზე თავიანთ მონასტრებში და თხოვნით მოგვმართავდნენ, რომ მათთანაც მიბრძანებულიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ასე მიგვიწვიეს წირვაზე ღვთისმშობლის საფლავზეც, სადაც წირვის დროს „დედოფალი“ ღვთისმშობლის საფლავზე საპატიოდ იყო დაბრძანებული.
წმიდა მიწაზე აღსრულებული სასწაულები
ზურაბი: ბერძნული ეკლესიის მხრიდან ღვთისმშობლის მიღება, როგორც ყოველთვის, იყო ძალიან დიდებული, ემოციური. მაცხოვრის საფლავის მცველები ყველანაირად ცდილობდნენ, მოწიწება გამოეხატათ როგორც ღვთისმშობლის, ასევე მისი მცველების მიმართ. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ ყოველ მისვლაზე გვხვდებოდა სიურპრიზები. მაგალითად, ერთ-ერთ მისვლაზე საჩუქრად გადმოგვცეს უფლის საფლავზე ანთებული კელაპტრები; შემდეგ მისვლაზე გვაჩუქეს ის ბეჭდები, რომლითაც იბეჭდება კუვუკლია ცეცხლის გარდამოსვლამდე; ასევე, ზეთი მაცხოვრის საფლავის კანდელიდან; ბამბები, რომლითაც იწმინდება მაცხოვრის საფლავის სწორედ ის ქვა, რომელზეც ესვენა უფალი.
გიორგი: აღმოჩნდა, რომ მაცხოვრის საფლავის ერთ-ერთმა მცველმა ბევრი რამ იცოდა წმიდა მამა გაბრიელის შესახებ. გვითხრა, მამა გაბრიელი ძალიან მიყვარსო. ჩვენ აქედან წავიღეთ მამა გაბრიელის წიგნი და ხატი. ვიცოდით, რომ ვიღაცისთვის უნდა გვეჩუქებინა, მაგრამ ვისთვის – მანამდე არ ვიცოდით. ამ მცველთან საუბრისას კი მივხვდით, რომ მისთვის უნდა გადაგვეცა.
ზურაბი: მათთვის ეს იმდენად ცოცხალი ისტორიაა, ხატიდან უხილავად ისეთ ძალას იღებდნენ, რომ, ის ისტორია, რაც მათთვის უნდა მოგვეყოლა, ზოგჯერ წინასწარ იცოდნენ და მოყოლა არც სჭირდებოდათ. საკმარისი იყო, მივახლებოდით რომელიმე წმიდა ადგილს, რომ ხატი საოცარ სიმხურვალეს გამოსცემდა. ტემპერატურა იმდენად მაღალი იყო, რომ მთელი სამოსი გვისველდებოდა. როცა ხატი გვეპყრა ხელთ, თითქოს რაღაც კაფსულის მსგავსი იკვრებოდა ჩვენ გარშემო, რომლის შიგნითაც ჩვენ ვიყავით და ამ კაფსულაში ტემპერატურა საოცარი სისწრაფით მატულობდა. ეს არაერთ წმიდა ადგილას მოხდა და უამრავი სასულიერო თუ საერო პირი გახდა ამის შემსწრე. როდესაც განცდის მთის მონასტერში „დედოფალი“ კლდის იმ მონაკვეთზე დავაბრძანეთ, სადაც უფალი იჯდა, კიდევ ერთი სასწაულის მოწმენი გავხდით: ცივი კლდე, რომელიც ტაძრის შიგნითაა მოქცეული, მთლიანად გახურებულიყო ხატისგან. მონასტრის ბერებმა წმინდა მიწაზე ჩვენი ჩასვლის შესახებ ჯერ კიდევ მანამდე იცოდნენ, სანამ პალესტინაში იერიქონს ვეწვეოდით და დიდი პატივით მიიღეს „დედოფალიც“. ისინი ერთი წუთითაც არ გვშორდებოდნენ გვერდიდან და, როდესაც ხატისგან გაცხელებული კლდის ლოდი იხილეს, მათ განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა. ბერები საოცრად ღელავდნენ ესოდენ დიდი სასწაულის ხილვისას და ბოლოს მოკრძალებით გვთხოვეს, მონაცვლეობით, ცოტა ხანს, ეს უდიდესი ხატი ხელში სჭეროდათ. ბერები ჩვენ წინ იდგნენ და თითქოს სულ ცახცახებდნენ. უცებ, ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ხატი ეპყრა ხელთ, ხმამაღლა ძახილი დაიწყო: „ცხელია, ცხელია, სულ გავცხელდი!!!”; შემდეგ მეორემ გამოართვა და იგივე განმეორდა – მეორე ბერსაც სულ გაუცხელდა გულმკერდი. ეს უდიდესი გამოხატულებაა „დედოფლის“ ცხოველმყოფელობისა, რაც არაერთხელ განმეორდა წმიდა მიწაზე. ხატი თითქოს კიდევ უფრო ძლევამოსილი გახდა, იერსახეც კი ეცვალა მას.
გიორგი: დღეს „დედოფლის” სახე სულ სხვაგვარია – უფრო ცოცხალი და მეტყველი! ძალიან ეძნელებოდათ ბერებს „დედოფალთან” და ჩვენთან განშორება. ისე დაგვტრიალებდნენ, როგორც მთელი ცხოვრების ნანატრ სტუმრებს. მათთვის უდიდესი პატივი იყო ღვთისმშობლის სტუმრობა და, გვთხოვეს, ისინიც მოვიხსენიოთ ხოლმე ჩვენს ლოცვებში. გარდა ამისა, სადაც არ უნდა შევსულიყავით ან სადაც ჩავივლიდით, კათოლიკური ეკლესიაც რომ ყოფილიყო, ყველგან ჩვენი შესვლის ან ჩავლის მომენტში ზარების რეკვა იწყებოდა.
ზურაბი: ან, მეორე შემთხვევაში, როდესაც წინამძღვართან ან ვინმესთან ვსაურობდით, რაღაცაზე ვთანხმდებოდით და რამე მნიშვნელოვანს ვიტყოდით, ზუსტად იმ ფრაზაზე იწყებდნენ ზარები რეკვას.
გიორგი: ჩასვლიდან მეორე დღეს შეგვხვდა უკრაინელი ემიგრანტი, რომელიც ისრაელში ცხოვრობს და ხშირად დადის იერუსალიმში მოსალოცად. როდესაც გოლგოთაზე ბერძენ ბერს ვუყვებოდი „დედოფლის” ისტორიას, იქვე იდგა და გვისმენდა, შემდეგ კი მოვიდა ჩვენთან და შემოგვთავაზა – თქვენთან ერთად წამოვალ და დაგათვალიერებინებთ ყველაფერსო. წაგვიყვანა ელეონის მთაზე. მოვილოცეთ ეკლესიები და თან გზადაგზა ვუყვებოდით „დედოფლის” შესახებ ისტორიებს. ბოლოს ხატის წინ დაიჩოქა, ასე იყო რამდენიმე წუთს და შემდეგ გვითხრა: ღვთისმშობელი ამბობს: ამათ ახლა სადაც ვეტყვი, იქ წააბრძანებენ ჩემს ხატსო.
ზურაბი: მთელი გზა ყველა ნიუანსს კითხულობდა, განსაკუთრებით კი დაინტერესდა, როგორ ხდებოდა ხატის სხვადასხვა ადგილას წაბრძანება. მეც, რა თქმა უნდა, ვუთხარი: თავად ხატი გვეუბნება, როგორ და სად წავაბრძანოთ-მეთქი. შესაძლოა, ამ ადამიანისთვის დაუჯერებელი იყო, როგორ გვეუბნებოდა ხატი ამ ყველაფერს, როგორ გვაქვს მასთან დიალოგი და, ამიტომაც, ამაზე ღვთისმშობელმა გასცა პასუხი. ღვთისმშობელთან გასაუბრების შემდეგ ის სხვა პიროვნებად გადაიქცა – თითქოს გაეხსნა გონება და ყველაფერი სხვაგვარად დაინახა, რადგან, ისეთი ფრაზების წარმოთქმა დაიწყო. აკვირდებოდა ხატს და ამბობდა: ის შიგნიდან ცოცხალია და მას დიდი მოვლა და ღვაწლი სჭირდებაო. ბოლოს ის უკვე არა მხოლოდ ღვთისმშობელს მიჰყვებოდა, არამედ, სამივეს ერთად. ეს იყო მართლაც დიდი სასწაული. იმდენად ცოცხალი იყო მისთვის ღვთისმშობელთან კონტაქტი, რომ რამდენიმე წუთში აბსოლუტურად სხვა ადამიანი გახდა.
ჯვრის მონასტერში „დედოფლის“ დიდებით შესვლა
ზურაბი: ზარების რეკვებით შებრძანდა „დედოფალი“ ჯვრის მონასტერში და, ეს დღეც და ყველაფერი, რაც ჯვრის მონასტერში მოხდა, მთელ ამ ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, თავად მონასტრის წინამძღვარი შეეგება ხატს, მოკრძალებით მიეახლა და მოილოცა ხატი, შემდეგ მან აღასრულა უძველესი წესი: როდესაც დიდ სავანეში უდიდებულეს ხატს მიაბრძანებდნენ, წინამძღვრის მიერ ხდებოდა ხატის მირონცხება. დღეს ეს წესი უიშვიათეს გამონაკლის შემთხვევებში აღესრულება, ასეთი ფაქტები ერთეულიც კია. სწორედ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, სადაც იზრდებოდა ხე, რომლისგან დამზადებულ ჯვარზეც მაცხოვარი გააკრეს, მონასტრის წინამძღვარმა უძველესი მირონი გამოაბრძანა საკურთხევლიდან და „დედოფალს“ მთლიანად სცხო, რის შემდეგაც წინამძღვრისგან წამოვიდა კურთხევა, შემოთავაზება და თხოვნა, რომ დამზადდეს „დედოფლის” პირველი ასლი, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ჩაბრძანდება; ამისთვის სადღესასწაულო წირვას გადაიხდიან და შემდეგ „დეოდოფლის“ ასლი სამუდამოდ დაბრძანდება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, დაახლოებით იქ, სადაც შოთა რუსთაველის ფრესკაა და ამ ადგილს „ქართველთა კუთხე“ ეწოდება. ეს არის თავისი არსით უდიდესი მოვლენა. დღეს იერუსალიმში არაფერი აღარ არის ქართული, მიუხედავად იმისა, რომ 30-მდე ეკლესია-მონასტერს ვფლობდით. დღეს კი, „დედოფლის” შეწევნით, ჯვრის მონასტერში დაბრძანდება „დედოფლის” ხატის პირველი ასლი და ადგილს დაერქმევა „ქართველთა კუთხე“. ეს არის უდიდესი სიხარული მთელი ერისა და ქვეყნისთვის, უდიდესი მოვლენა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტიც და, იმ ხატის სასწაულმოქმედებაც იმაში მდგომარეობს, რომ დიდი ისტორიები, რომლებიც ზოგადად ხატის ისტორიაში საუკუნეების განმავლობაში ხდება ხოლმე, „დედოფლის” შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში სრულდება. სხვათა შორის, როგორც კი წინამძღვარმა წარმოთქვა: ამ ადგილს „ქართველთა კუთხე” დაერქმევაო, ზარებიც დაირეკა, ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა აუცილებლად აღსრულდება.
„დედოფალი“ და მამა გაბრიელი
ზურაბი: ჩვენი ურთიერთობა მამა გაბრიელთან „დედოფლის“ გამოჩენამდე დაიწყო. დღეს ღვთისმშობლის ხატის მცველები და წმიდა მამა გაბრიელი ერთი განუყოფელი მთლიანობაა. ახლაც, იერუსალიმში წასვლამდე, ვთხოვეთ მას, ჩვენთან ერთად წამოსულიყო, ისევე, როგორც ათონზე. იერუსალიმში რომ ჩავედით, მამა გაბრიელს ვუთხარი: რამე ნიშანი მოგვეცი, რომ ჩვენთან ერთად ხარ-მეთქი და მოხდა ასეთი სასწაული: სასტუმროში დაჯავშნილი გვქონდა ორადგილიანი ნომერი. როდესაც მივედით, გამოგვყვა ადამიანი, რომ ნომრამდე მივეცილებინეთ. დაახლოებით ხუთი ოთახი მოგვატარა, სანამ საბოლოოდ ჩვენს ნომრამდე მიგვიყვანდა – გააღებდა კარს, შეიხედავდა დაკეტავდა. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთ ნომერში შეიხედა და გვითხრა: მობრძანდით, ეს არის თქვენი ნომერიო. შევედით ოთახში, რომელიც სამადგილიანი აღმოჩნდა. მივხვდით, ეს იყო ნიშანი მამა გაბრიელისგან, რომელიც ჩემთვის და გიორგისთვის ცოცხალია, ჩვენ გვერდით არის და ამასთან დაკავშირებით უამრავი პროცესი ხდება.
გიორგი: როდესაც საქართველოში ჩამოვედით, რამდენიმე დღის შემდეგ მივედით სამთავროში და მაცხოვრის საფლავიდან ჩამოტანილი კელაპტარი ავანთეთ მამა გაბრიელისთვის მადლობის გადასახდელად. მეორე დღიდან ვიგებთ ამბავს, რომ მოხდა მამა გაბრიელის გამოცხადება. რა თქმა უნდა, ჩვენც წავედით სანახავად და, იქ, გარდა იმისა, რომ არის წმიდა მამა გაბრიელის გამოსახულება, ასევე გამოსახულია წმიდა ნიკოლოზი, რომლის აქეთ-იქიდან ღრუბლებზე არიან ანგელოზები და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სვეტიცხოველში დაბრძანებულ წმიდა ნიკოლოზის ხატს. ასევე, არის ღვთისმშობლის, მაცხოვრის და ფეხზე მდგომი ორი წმიდანის სრული გამოსახულება.
ზურაბი: როცა მსგავსი რამ ხდება, ადამიანმა მეტი დაკვირვება უნდა გამოიჩინო, მეტი სიფრთხილე; გაძლიერდე რწმენაში, ლოცვაში და, რაც ყველაზე მთავარია, დიდი ყურადღება უნდა მიაქციო შენს გარშემო მყოფებთან ურთიერთობას. კარგი და ცუდი მოვლენა ხელაღებით არ არსებობს. ნებისმიერი რამ, რაც ხდება, კარგად უნდა აღსრულდეს ეს მოვლენა თუ ცუდად, უკვე შენს საქციელზეა დამოკიდებული. ერთი რამ კი ცხადია: ეს ნიშანი მოგვეცა იმისთვის, რომ ქართველებმა მეტი სიფრთხილე, წინდახედულება და სიმშვიდე გამოვიჩინოთ.