რატომ ხარ მასთან?
არასდროს შეიქმნათ ილუზია მამაკაცთან ურთიერთობისას. საერთოდ, ილუზიაში ცხოვრება ქალისთვის უფრო დამღუპველია, ვიდრე მამაკაცისთვის, იმ მიზეზით, რომ ქალს გაცილებით მგრძნობიარე ბუნება აქვს, უფრო ემოციურია და გულიც ადვილად სწყდება ისეთ რაღაცეებზე, რასაც კაცი ყურადღებას არ მიაქცევდა.
ადრე თუ გვიან ილუზიები იფანტება, რეალობასთან პირისპირ აღმოჩნდებით და აუცილებლად იგრძნობთ უკმარისობის განცდას, უკმაყოფილებას, იმედგაცრუებას... ეს ყველაფერი კი გამოხატულებას პოვებს იმაში, რომ თქვენ დაუწყებთ მამაკაცს ჩხუბს, მოუწყობთ მას სკანდალებსა და სცენებს.
ეს მაშინ ხდება, როცა თქვენი სიყვარული რეალობა კი არა, მხოლოდ ილუზიაა და იმ ადამიანის გვერდით იწყებთ ცხოვრებას, რომელიც „თქვენიანი“ არ არის. ქალი ისევ იტყუებს თავს: ცდილობს, გადააკეთოს კაცი და იმ სტერეოტიპს მოარგოს, რომელიც უყვარს. აქ კი საქმეში ერთვება მანიპულაცია, ზეწოლა და წნეხი, რის შემდეგაც ქალი აღარ არის სასურველი არსება და მამაკაცი ყველა საშუალებით ცდილობს, გაექცეს მას. ქალი მაინც ებღაუჭება, რადგან, არ ჰყოფნის ძალები, რომ ყველაფერი დაასრულოს და დაიწყოს ახალი ცხოვრება. „რატომ ვარ მასთან?” – როცა ეს შეკითხვა ხშირად შეგაწუხებს, ესე იგი, კრიტიკულ ზღვართან ხართ მისული. შეეცადეთ, მოიკრიბოთ ძალა, გახდეთ მეტად თავდაჯერებული და ისევ დაიწყოთ იმ ადამიანის ძებნა, რომელიც მართლა გაგაბედნიერებთ – მაშინ აღარც მამაკაცს გაუჩნდება შეკითხვა: „რატომ ვარ მასთან?!”
უკმაყოფილო
დამნაშავე
ზოგჯერ ქალი უკმაყოფილოა თავისი პარტნიორით; სწორედ იმ პარტნიორით, რომელიც თავად აირჩია და შეიყვარა, მაგრამ უკვე აღარ ახსოვს, რომ გიჟდებოდა მასზე, საუკეთესო მამაკაცად მიაჩნდა და მისი ყველაფერი მოსწონდა, უცებ კი ყველაფერი თავდაყირა დგება – დღე საყვედურებით იწყება; ქალი სულ უკმაყოფილოა, უგუნებოდ არის და ფიქრობს, საერთოდ წავიდეს მისგან... არადა, ამ დროს დამნაშავე თვითონ არის. „მე მას ჩემი საუკეთესო წლები შევალიე“, – არ ეკუთვნის მამაკაცს. ის არც იმაშია დამნაშავე, რომ ვერ გხედავთ და არ ესმის თქვენი – ესე იგი, რაღაც სწორად არ გააკეთეთ. სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ სწორედ ქალები უშვებენ ყველაზე მძიმე შეცდომებს კაცთან ურთიერთობაში, როცა ცდილობენ, გადააკეთონ ისინი, ანუ, არ მოსწონთ მამაკაცი, მაგრამ მაინც განაგრძობენ მასთან ცხოვრებას. დაფიქრდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ვითხოვ მამაკაცისგან, რომელმაც იმედი გამიცრუა; რომელიც სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მეგონა; რომელიც ვეღარ გამაბედნიერებს? ერთად ყოფნა აღარ გვიხარია და აღარც გვაინტერესებს... – ესე იგი, ვინ ყოფილა დამნაშავე იმაში, რომ ერთად ყოფნა აღარ გინდათ?!
პრობლემა ისაა, რომ თქვენ ცოლად გაჰყევით მამაკაცს, რომელსაც ან კარგად არ იცნობდით, ან საჭიროდ არ ჩათვალეთ, გაგეცნოთ და მიიღეთ იმ იმედით, რომ სათქვენოდ შეცვლიდით მას. აი, სწორედ ეს აღმოჩნდა ის დამღუპველი შეცდომა, რომელმაც კრიზისამდე მიგიყვანათ. ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთინტერესის დეფიციტი აუცილებლად კრახით დაასრულებს თქვენს კავშირს... ანუ, ზოგჯერ დამნაშავეა ის, ვინც უკმაყოფილოა პარტნიორით და არა საკუთარი თავით.
მამაკაცური აზრი
გაინტერესებთ, ზოგიერთ სიტუაციაში რას ფიქრობს მამაკაცი? იხილეთ სავარაუდო ვარიანტები, რომლებიც დიდწილად შეესაბამება სიმართლეს...
* თუ ცოლი ტყუილუბრალოდ მეჩხუბება და მადანაშაულებს იმაში, რაშიც ბრალი არ მიმიძღვის, მირჩევნია, თავი არ გავიმართლო. დამშვიდდეს... აჯობებს, კარი გავიხურო და მეგობრებში გავისეირნო. რატომ არ აქვთ ქალებს ლოგიკა?!
* ჩემს ცოლს ჰგონია, რომ ძუნწი ვარ, მაგრამ, რა ვქნა, არ მეჩვენება, რომ ხშირად ის ბევრ უსარგებლო ნივთს ყიდულობს. ხმასაც ვერ ვიღებ, გაბრაზდება.
* ზოგჯერ მართლა მინდა, ჩვენ შორის გაუგებრობები არ იყოს, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ, ვიცი, რომ მშვიდად ეს არ გამოვა და ამიტომ არც ინიციატივას ვიჩენ. ბოლოს ისე გამოდის, რომ მე ჩუმად ვარ, ის კი ლაპარაკობს, ლაპარაკობს დაუსრულებლად... შეაწყვეტინებ და – სკანდალი არ აგცდება.
P.S. შეგიძლიათ, არ დაიჯეროთ, რომ, რაც წაიკითხეთ რეალობას შეესაბამება, მაგრამ, ერთხელ მაინც სცადეთ და გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი – იქნებ თქვენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალოს უკეთესობისკენ.
ის არასდროს
გაქებს
ძალიან ბევრი ქალი გულნატკენია იმით, რომ ქმარი არ აღიარებს მის შესაძლებლობებს, არ ამჩნევს მის მიღწევებს და ერთხელაც კი არ შეუქია. „ნუთუ არ შეიძლება, ერთხელ მაინც მითხრას, რომ, კერძი, რომელიც მოვუმზადე, გემრიელია?!“ – წუხს ცოლი და, ბუნებრივია, ის მართალიც არის. დასკვნაც, რომელსაც ქალი აკეთებს, სრულიად ადეკვატურია კონკრეტული სიტუაციისთვის, ოღონდ, ქალის გადმოსახედიდან ფრაზა „მე მას არაფრად ვუღირვარ!“ – კაცისთვის სულ სხვანაირად ჟღერს და, პრეტენზიას თუ გამოთქვამთ, ის გეტყვით: „ძალიანაც გემრიელი იყო, მაგრამ, რაღა საჭიროა ამის გარშემო აჟიოტაჟის ატეხა?!“ იცით, რაშია პრობლემა? თქვენი მეუღლე ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც მამა დედას მადლობას არ ეუბნებოდა მომზადებული კერძისთვის, მათ სახლში ასეთი ურთიერთობა ტრადიციად არ იყო დამკვიდრებული. კაცი კი საკმაოდ გვიან სწავლობს (ან საერთოდ ვერ სწავლობს) ახალ მანერებს; რთულად იძენს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ადრეულ ასაკში არც კი უნახავს; ანუ, „მაუგლი“ გყავთ და, რა გინდათ, მოუხერხოთ? საყვედურებითა და ჩხუბით ისევ თქვენ მოგეშლებათ ნერვები. ამიტომ, იქნებ, უფრო მარტივი იყოს, აღარ იფიქროთ იმაზე, რომ, რადგან არასდროს გაქებთ, აღარ უყვარხართ?!