არის თუ არა პირველი სატანური ეკლესიის დამაარსებელი ქართველი
1966 წელს პირველი „სატანური ბიბლიის“ ავტორმა, ენტონ ლავეიმ დააარსა სატანის ეკლესია, რომლის უმაღლეს ქურუმად თავისი თავი გამოაცხადა. მოძღვრება სატანიზმის შესახებ, სხვადასხვა მიზეზის გამო, საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა ზოგიერთისთვის, რაც ენტონ ლავეიმ სათანადოდ გამოიყენა და ხალხის ინტერესი საკუთარი შემოსავლისა და პოპულარობის წყაროდაც აქცია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ, როგორც ამბობენ, მისი ფესვები რამდენიმე ქვეყანას და მათ შორის საქართველოსაც უკავშირდებოდა. ამბობენ, ენტონ ლავეი ამაყობდა თავის ქართული წარმომავლობითო. რამდენად შეეფერება სიმართლეს ცნობები მის შესახებ, რა გზა გაიარა მან სატანური ბიბლიის და ეკლესიის დაარსებამდე და მართლა უკავშირდება თუ არა მისი ფესვები საქართველოს, ამის გასარკვევად თეოლოგს, დეკანოზ იაკობ ჩიჩილაძეს მივმართეთ.
– „სატანა” ებრაული სიტყვაა. „სატან“ ივრითზე ნიშნავს მოწინააღმდეგეს, დამაბრკოლებელს. ბიბლიაში ეს სიტყვა საკუთარი სახელი გახდა ეშმაკთა შორის პირველისა, იმისი, ვინც პირველი განდგა ღვთისგან – უარი თქვა საღმრთო ჭეშმარიტებაზე და თავი წარიწყმიდა. შესაბამისად, სატანიზმი არის ამ ეშმაკთმთავარის თაყვანისცემა – მსახურება, მისი მიმდევრობა.
სატანისტები არიან არა მხოლოდ ისინი, ვინც ეშმაკს ეთაყვანებიან და თავიანთ თავს პირდაპირ სატანისტებს უწოდებენ, არამედ სატანისტებად, ეშმაკეულებად იწოდებიან, ასევე, ღვთის მგმობელნი, ისინიც, ვინც მკრეხელობენ, მაგრამ თავს სატანისტს არ უწოდებდნენ.
ვინც თავს სატანისტებს უწოდებს ორ ჯგუფად იყოფიან: სატანასთან მაგიურ-სარწმუნოებრივი კავშირის დამყარების მოსურნე სატანისტებად და ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივ სატანისტებად. პირველთ სწამთ, რომ სატანა არის რეალური სული, პიროვნებაა და ის არის მათი კეთილისმყოფელი, მონობიდან დამხსნელი... მაგიურ, ბილწ რიტუალებში ეთაყვანებიან და მსხვერპლს სწირავენ. მათ შორის, სისხლიანს. მეორე ჯგუფის სატანისტებს არ სწამთ, რომ სატანა რეალური სულია, ის მათთვის მხოლოდ სიმბოლოა თავისუფლებისა და სულიერი ძლიერებისა. თავს სატანისტებს უწოდებენ, როგორც ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და მორალისადმი მოწინააღმდეგენი და დაპირისპირებულნი.
დღესდღეობით ყველაზე ცნობილი სატანისტური ორგანიზაციაა ეგრეთ წოდებული, „სატანის ეკლესია“, რომელიც 1966 წელს, შეერთებულ შტატებში დააარსა ენტონ ლავეიმ. ეს არის პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული სატანისტური იდეოლოგიის მქონე ორგანიზაცია. 1978 წლიდან, შეერთებულ შტატებში სატანიზმი შეტანილია ოფიციალურად აღიარებულ რელიგიათა რეესტრში. „სატანის ეკლესია“ განეკუთვნება სატანისტების მეორე, „არააგრესიულ“, ფილოსოფიურმსოფლმხედველობრივი სატანიზმის ჯგუფს.
„სატანის ეკლესიის“ დაამარსებელი ენტონ შანდორ ლავეის შესახებ
ენტონ შანდორ ლავეი არის ოკულტიზმისა და სატანიზმის ერთ-ერთი ცნობილი იდეოლოგი, ავტორი წიგნისა „სატანის ბიბლია“. მისი პაპა იყო ემიგრანტი საფრანგეთიდან – ლევეედან. მან შეერთებულ შტატებში თავისი გვარი – ბოემი ლავეიდ შეიცვალა. ბებია ჰყავდა უკრაინელი, მამას მაიკლი ერქვა და სპირტიანი სასმელების გამყიდველი იყო. დედა რუსი ჰყავდა – გერტრუდა ავგუსტა კელტონ (რუსი ემიგრანტის, ბორის კელტონოვის, შემდგომში კოლტონის, ასული). ენტონ შანდორ ლავეის უახლოეს წინაპრებზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ინტერნეტში ზოგიერთ სტატიაში გვხვდება მოსაზრება, რომ მას წინაპრებში ჰყავდა ქართველი, რასაც ჩემს მიერ ჯერ-ჯერობით მოძიებული მასალები არ ადასტურებს.
ენტონ შანდორ ლავეი დაიბადა 1930 წელს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, მშობლებმა მას დაარქვეს გოვარდ სტენტონ ლავეი, ენტონ შანდორად მან მოგვიანებით შეიცვალა სახელი.
ლავეის მოგონებებიდან ვიცით, რომ მას ბავშობისას ბებო უყვებოდა სხვდასხვა ისტორიას ვამპირებსა და ჯადოქრებზე. სიყმაწვილიდან ის გაიტაცა ისეთმა ლიტერატურამ, როგორიცაა ისტორია დრაკულასა და ფრანკენშტეინზე. ლავეი აქტიურად კითხულობდა სხვადასხვა ბულვარულ ჟურნალს, რომლებშიც ქვეყნდებოდა ფანტასტიკური და საშიშროებათა ჟანრის თხზულებები, მოგვიანებით ის დაინტერესდა შრომებით ჰიპნოზის შესახებ. ლავეის ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა მუსიკის ნიჭი, მშობლები ყოველმხრივ ხელს უწყობდენ, მუსიკალური ნიჭის განვითარებაში. შედეგად, მან ისწავლა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, განსაკუთრებით მოსწონდა კლავიშებიანი საკრავები: ორღანი და კალიოპე. მას ჰქონდა უნარი, საკრავზე სმენით გაემეორებინა პრაქტიკულად ნებისმიერი მელოდია. შემდგომში მუსიკა გახდა მისი შემოსავლის ძირითადი წყარო. ლავეი კარნავალებზე უკრავდა კალიოპეზე, ხოლო ბარებსა და ღამის კლუბებში ორღანზე, ამას ის აკეთებდა ფულის გამო. ამავე დროს, მუშაობისას ის ატარებდა ექსპერიმენტებს, თუ როგორ მოქმედებდა სხვადასხვა ხმა მსმენელთა განწყობაზე. მოგვიანებით, ლავეი აღნიშნავს, რომ მისმა დაკვირვებამ ერთი და იმავე ადამიანებზე, რომლებიც შაბათ საღამოს ესწრებოდნენ სტრიპტიზ-შოუს, კვირა დილას კი მიდიოდნენ ეკლესიაში, ხელი შეუწყო მასში რელიგიისადმი ცინიკური დამოკიდებულების ფორმირებას. 1951 წელს ლავეი გაეცნო ცნობილი ოკულტისტის, არისტელ კროულის შრომებს და შეხვდა მის მიმდევრებს. თუმცა, ამ სწავლებამ დიდად არ აღაფრთოვანა ის, რადგან მათი მოძღვრება უფრო სულიერ განვითარებასთან იყო დაკავშირებული და არც ისე ძლიერ უპირისპირდებოდა საზოგადოებრივ ნორმებს. 50-იან წლებში ლავეი აქტიურად დაინტერესდა პარანორმალური მოვლენების გამოძიებით. ზუსტად ამ დროს მისთვის აშკარა გახდა, რომ უმრავლესობა ადამიანებისა მიდრეკილია დაინახოს ზებუნებრივი ყველაზე ბანალურ მოვლენებსა და საგნებში. მისი რაციონალიზმი ხშირად არ მოსწონდათ კლიენტებს, ამიტომ, მან გადაწყვიტა ხასიათი შეეწყო მათთვის და იგონებდა სხვადასხვა სულ უფრო და უფრო მისტიკურ ახსნას.
1956 წელს ენტონმა სან-ფრანცისკოში იყიდა ვიქტორიანული სახლი, რომელიც შავად შეღება. დამატებითი შემოსავლისთვის მან დაიწყო ოკულტიზმში ლექციების წაკითხვა. მოჩვენებებზე მონადირეობამ ლავეი კიდევ უფრო ცნობილი გახადა. მის ყოველკვირეულ საღამოებზე ადგილობრივი ნაღები საზოგადოება იკრიბებოდა. თანდათანობით ლავეიმ თავისი დაკვირვებებისა და გამოკვლევებიდან მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა. სტუმარებსა და მსმენელთა შორის კი გაჩნდა ლავეის თანამოაზრეთა წრე. ენტონის არ აკმაყოფილებდა თავისი შემოსავალი და სახელი. ლავეის აქტიურმა მსმენელმა და მისი წიგნების მომავალმა გამომცემელმა, ედვარდ ვებერმა ურჩია მას, დაეარსებინა საკუთარი ეკლესია და ამით მიეპყრო ჟურნალისტთა ყურადღება. ამგვარად, 1966 წელს ვალპურგის ღამეს (ვალპურგისის დღესასწაულზე, პირველი მაისის წინა ღამეს, როდესაც ძველი გერმანული ხალხური ცრურწმენით, ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალ ბროკენზე იმართება კუდიანებისა და ჯადოქრების დღესასწაული, ღრეობა) დააარსა სატანის ეკლესია, რომლის უმაღლეს ქურუმად საკუთარი თავი გამოაცხადა და ქალაქში გამოაკრა განცხადებები ლექციების შესახებ – ხელს აწერდა როგორც სატანის ეკლესიის ქურუმი. მან დაიწყო თავისივე მოგონილი სატანისტური ნათლობების, სატანისტური ქორწინებებისა და დაკრძალვის აღსრულება. 90-იანი წლების დასაწყისში ლავეი მესამედ დაქორწინდა და ამ ქორწინებიდან გაჩენილ ვაჟიშვილს სახელად დაარქვა სატანა ქსერქსე.
ენტონი ლავეის ყველაზე ცნობილი ნაშრომებია: „სატანისტური ბიბლია“, „სატანისტი ჯადოქარი“ და „სატანისტური რიტუალები“.
ენტონ ლავეი გარდაიცვალა 1997 წლის 29 ოქტომბერს, წმიდა მარიამის კათოლიკურ ჰოსპიტალში. სატანისტი ქურუმი ქრისტიანულ სამედიცინო დაწესებულებაში იმიტომ გადაიყვანეს, რომ ეს ჰოსპიტალი აღმოჩნდა უახლოესი. ენტონის სიკვდილის მიზეზი გახდა ფილტვების შეშუპება. ლავეის გვამს კრემაცია გაუკეთეს, ნაცარი კი დაინაწილეს მისმა მიმდევრებმა.