კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-44(775) 

ნოდარ მდივანი ძალიან აქტიურად ჩაერთო კოოპერატივ „კალატოზის“ საქმიანობაში. თინამ და ნუცამ ბიჭი ოფიციალური დამფუძნებლების სიაშიც შეიყვანეს და ნოდარიც ძალისხმევას არ იშურებდა, ნებისმიერი საქმის შესასრულებლად იყო მზად.
ახალი სახლის მშენებლობა სულ რაღაც ერთი კვირის დაწყებული იყო, როდესაც ნოდარმა და ვასომ ჯერ ბარაკების გადაწვის მაქსიმალურად უსაფრთხო გეგმა შეადგინეს, შემდეგ კი განახორციელეს კიდეც. ხანძარმა ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე ჩაიარა. ბარაკები ნაცარტუტად იქცა, ხოლო სოციალური პროექტის მონაწილე მობინადრეებს კი იმავე დღეს უქირავეს ბინები და ახალი სახლის აშენებამდე შეასახლეს იქ. გადაბუგული ბარაკების ტერიტორიის გაწმენდა-მოწყობის ვალდებულება კი კოოპერატივმა „კალატოზმა“ თავის თავზე აიღო და მათ ჯერ დაზიანებული ტერიტორია შემოღობეს, შემდეგ იქ პატარა ზომის ექსკავატორი მოიყვანეს, ბოლოს კი მუშაობას შეუდგნენ.
რაბინ აარონ ვაისმან უფროსის მიერ დატოვებული ტექსტის მიხედვით, მართლმადიდებლური ტაძრის ეზოს ქვემოთ სარდაფი მდებარეობდა და სწორედ იქ იყო გადამალული საგანძური. „კალატოზელები“ ექსკავატორის მეშვეობით აპირებდნენ სარდაფამდე მიღწევას, შემდეგ კი თავად უნდა ემოქმედათ, ყოველგვარი უცხო თვალის გარეშე. საკმაოდ ფაქიზი სამდღიანი მუშაობის შემდეგ, ყოფილი ეკლესიის სარდაფის კონტურები გამოჩნდა. ნოდარმა, რომელიც იმ დროს იქ იმყოფებოდა, ექსკავატორის მძღოლს მიწის თხრა შეაჩერებინა, შემდეგ მას მთელი თვის გასამრჯელო წინასწარ გადაუხადა და, სანამ გაისტუმრებდა, უთხრა:
– ჯერჯერობით საჭირო არ ხარ, მაგრამ, როგორც კი მუშაობას განვაახლებთ, აუცილებლად დაგიკავშირდებით. როგორც ეტყობა, ძველი ეკლესიის კუთვნილ ნაგებობას მივადექით და არქეოლოგებს უნდა შევატყობინო, რომ მისი ღირებულება შეაფასონ.
– გავიხედოთ და, იქ საგანძური იპოვო, უფროსო, – ღიმილით მიუგო შუა ხნის მეექსკავატორემ ნოდარს.
– შენს პირს შაქარი. იქნებ თამარ მეფის საგანძურს მივაგნო და, მთავრობას რომ ჩავაბარებ, ჯერ ხომ საქვეყნოდ ცნობილი ადამიანი გავხდები, შემდეგ კი რაღაც პროცენტებს მეც მომცემენ და აუცილებლად გაგიყოფ, – ხუმრობით უთხრა ნოდარმა მეექსკავატორეს. მან კი ხელი ჩაიქნია და თქვა:
– ეეჰ, უფროსო, ასე იოლად რომ პოულობდნენ განძს და მერე კიდევ არიგებდნენ, ყველა მდიდარი იქნებოდა. წავედი ახლა და მუშაობას რომ გააგრძელებთ, ნუ გამომტოვებთ.
– სიტყვას გაძლევ, აუცილებლად დაგიძახებ. ახლა კი დაისვენე. ეგ ფული ცოტა ხანს მაინც ხომ გეყოფა?
– როგორ არა, უფროსო, მეყოფა, აბა, არ მეყოფა? – მიუგო მეექსკავატორემ ნოდარს. გამოემშვიდობა და წავიდა.
მეექსკავატორე რომ გაისტუმრა, ნოდარმა დარეკა და დიმკას უთხრა:
– როგორც კი გამოჩნდებიან, ობიექტზე გამოუშვი.
– კარგი, – მიუგო დიმკამ.
 როგორც კი ნოდარმა ტელეფონზე საუბარი დაასრულა და ყოფილი ეკლესიის ეზოში დაბრუნდა, ნუცა და თინაც მოგრიალდნენ მანქანით.
– ამ წუთას ველაპარაკე დიმკას, – უთხრა მანქანიდან გადმოსულ ქალებს ნოდარმა.
– იპოვე? – თვალები გაუბრწყინდა თინას.
– სარდაფის კონტურები გამოჩნდა. მეექსკავატორეს ფული გადავუხადე და გავუშვი. ახლა მხოლოდ ხელითაა საჩალიჩო და დანარჩენი ჩვენ უნდა ვქნათ, – უთხრა ნოდარმა თინას.
– ჩქარა წავიდეთ! ერთი სული მაქვს, ვნახო, – თქვა თინამ და პირველი გაემართა ყოფილი ეკლესიის ეზოსკენ. ნუცა და ნოდარი კი უკან მიჰყვნენ.
ყოფილი ეკლესიის სარდაფის ჩაჟანგული კარი მიწით იყო ამოვსებული, შიგნიდან კი აუტანელი შმორისა და სინესტის სუნი გამოდიოდა.
– რა საშინელი სუნია, – თქვა ნუცამ.
– არცაა გასაკვირი. ვინ იცის, რამდენი წელია, არ განიავებულა, – მიუგო ნოდარმა, – რა გაწმენდს აქაურობას ხელით.
– ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს! – აზარტულად მიუგო ნოდარს თვალებანთებულმა თინამ, – თანაც ახლავე დავიწყოთ...
– სადაცაა, დაღამდება, – თქვა ნოდარმა, – არ ჯობია, დილამდე მოვიცადოთ? თან, რამდენიმე დამხმარე მუშაც დავიქირავოთ, რომ მალე მოვრჩეთ.
– მუშები არაა საჭირო, – თავი გააქნია თინამ. ნოდარს კი გაეღიმა და უპასუხა:
– რა იციან, რატომ ვთხრით? განძი გამოსაჩენ ადგილზე ხომ არ იდება? მუშები მხოლოდ მიწისგან გაწმენდაში დაგვეხმარებიან, დანარჩენს კი უკვე ჩვენ მივხედავთ.
– არა, ნოდარ, სარისკოა, რადგან სარდაფი მიწითაა სავსე, ესე იგი, რაღაც ჩაინგრა და იმან ქნა ეს. ხოლო თუ ეს ასეა, რა გარანტია გვაქვს, რომ ჩამონგრეულს განძიც არ ჩამოჰყვა? ამიტომ, მუშები გამორიცხე და ჩვენი ძალებით ვიმოქმედოთ. ამხელა საქმეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ.
– კარგი, მასე იყოს. მაშინ, დილიდანვე შევუდგეთ საქმეს.
– არა, ნოდარ, ჯობია, ახლავე დავიწყოთ. კარი მაინც გავწმინდოთ მიწისგან, რომ გაღება შევძლოთ და შიგნით შევიდეთ.
– რადგან არ იშლი... – ხელები გაშალა ნოდარმა.
– შენ რა აზრის ხარ, ნუციკო? – ჰკითხა თინამ ნუცას.
– დავიწყოთ, – მიუგო ნუცამ.
ნოდარი, თინა და ნუცა თითქმის სამი საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობდნენ და, რომ დაბნელდა, სპეციალური პროჟექტორი აანთეს. ისინი მიწისგან ათავისუფლებდნენ შესასვლელს. მიწა კი ეზოს კუთხეში გაჰქონდათ და იქ ყრიდნენ. ყველაზე მეტად თინა აქტიურობდა, რომელიც გაორმაგებული ენერგიით მუშაობდა და საერთოდ არ ეტყობოდა დაღლა. ნოდარი და ნუცა ცდილობდნენ, ტოლი არ დაედოთ კაპიტნის მეუღლისთვის, მაგრამ თინასთან ახლოსაც ვერ მივიდოდნენ.
– აბა, ერთი აქეთ მოანათე, ნოდარ, – უთხრა თინამ ბიჭს, როდესაც შესასვლელი სრულად გაწმინდეს მიწისგან.
ნოდარმა პროჟექტორი ჩაჟანგულ კარს მიანათა, თინამ კი უზარმაზარი ფოლადის ლომი შეარჭო კარის ღარში, შემდეგ დიდი ძალით მიაწვა და მძიმე კარი სანახევროდ გაიღო.
– მეტი აღარ გაიღება, მიწა უშლის, – უთხრა თინას ნოდარმა.
თინამ ფანარი გამოართვა ბიჭს და და-ძმას ჰკითხა:
– შემოხვალთ?
– რა თქმა უნდა, – ერთად მიუგო და-ძმამ.
თინამ მძლავრი პროჟექტორი შეანათა აშმორებულ სარდაფში და პირველი შევიდა შიგნით, და-ძმა კი უკან მიჰყვა. ნესტიანი სარდაფი სამი დიდი ოთახისგან შედგებოდა. ალაგ-ალაგ გროვა-გროვა ეყარა მიწა და უზარმაზარი ვირთხები ჯგუფ-ჯგუფად დარბოდნენ აქეთ-იქით.
– ვირთხების ხომ არ გეშინიათ? – ჰკითხა თინამ და-ძმას.
– მე არა, – თქვა ნუცამ.
– არც მე, – დაამატა ნოდარმა.
– მაინცდამაინც ბევრი მიწა არ ყოფილა აქედან გასატანი, ერთ დღეში გავასუფთავებთ აქაურობას, – თქვა თინამ.
– მიწა რა ხელს გვიშლის, – თქვა ნოდარმა, – მოდი, განძის ადგილმდებარეობა განვსაზღვროთ.
თინამ ზეპირად იცოდა ვაისმანის დატოვებული ტექსტი და თქვა:
– აღმოსავლეთ კედელში ღრმადაა ჩაფლული. ასე წერია.
– კი, ასე წერია, – დაუდასტურა ნუცამ.
ნოდარმა კი წინ გაიშვირა ხელი და თქვა:
– აღმოსავლეთ კედელი ჩვენგან ათიოდე მეტრშია, ჩვენ ცხვირწინ. ახლა სახლში წავიდეთ. ხვალ კი დილაადრიან მოვიდეთ და განძიც მოვძებნოთ.
 – რას ამბობ, ნოდარ, ამაღამ რა დამაძინებს. პროჟექტორი გვაქვს და საქმეს ახლავე უნდა შევუდგეთ, – თქვა თინამ, რომელსაც კიდევ უფრო მეტად ანთებოდა თვალები.
– თინიკო, უკვე თითქმის შუაღამეა. ბევრი ვიმუშავეთ. ვასო და დიმკაც ინერვიულებენ. მოდი, ხვალისთვის გადავდოთ ეს საქმე, – უთხრა ნოდარმა.
– კარგი, რა! რაღა დარჩა. ორიოდე საათიც და განძი ჩვენია, – მიუგო თინამ.
– თინიკო, მე მგონი, ჯობია, ხვალისთვის გადავდოთ, – მხარი აუბა ძმას ნუცამ.
– კარგი, რა, ხალხო, – არ ცხრებოდა თინა, – რა მშვიდად მეუბნებით, ხვალისთვის გადავდოთო! ნუთუ ისე დაიღალეთ, რომ ორიოდე საათი ვერ იმუშავებთ?
– თინიკო, მაგაში არაა საქმე, – თქვა ნოდარმა, – ხომ წერია, რომ განძი ღრმადაა ჩაფლული და, რა იცი, რამდენი დრო დაგვჭირდება? ამიტომ, დილიდან შევუდგეთ.
– ისე რა ღრმად უნდა იყოს ჩაფლული, რომ ორ საათში ვერ ვიპოვოთ?
– თინიკო, ჩვენ არც ის ვიცით, რა რაოდენობისაა განძი და, რომც მივაგნოთ, წაღება ხომ უნდა? ბევრი რომ იყოს, ვერ წავიღებთ და აქ ხომ არ დავტოვებთ? ამიტომ, ჯობია, არაფერს ვახლოთ ხელი და ხვალ დილიდან შევუდგეთ მუშაობას.
თხოვნა-შეგონების მიუხედავად, თინიკო კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. მან ქვა ააგდო და თავი შეუშვირა და და-ძმა მაინც დაიყოლია. კაპიტნის მეუღლემ უზარმაზარი ფოლადის ლომი აიღო და აღმოსავლეთ კედლიდან ქვების გამონგრევა დაიწყო.
სამეულმა ორიოდე საათი შეუჩერებლად იმუშავა და დაახლოებით სამი მეტრი სიღრმის კედელი გამოანგრია, მაგრამ განძის მაგვარი არაფერი ჩანდა. პირველი თინა გაჩერდა, ლომი კედელზე მიაყუდა და ნუცას უთხრა:
– ნუციკო, ვაისმანის ტექსტი ზუსტად გახსოვს?
– აბსოლუტურად ზუსტად, – დაუდასტურა ნუცამ.
– ბოროტად ხომ არ იხუმრა ნეტავ რაბინმა?
– რას გულისხმობ? – ჰკითხა ნუცამ.
– რას და, სიმართლეა ამ განძის ამბავი?
– მე მგონი, კი, – მიუგო ნუცამ.
– აბა, მაშ, სადაა?
– ღრმადაა ჩაფლული, – საუბარში ნოდარი  ჩაერია. მან ლომი გამწარებით შემართა და კედელში შეარჭო.
უცებ კედლიდან რკინის რკინაზე დარტყმის ხმა მოისმა.
– ეს რა ხმაა? – თქვა თინამ.
ნოდარმა ლომი ამოაძრო და დარტყმა გაიმეორა. კედელმა იგივე ხმა გამოსცა.
– მე მგონი, განძით სავსე ზანდუკს მივაგენით! – აღტაცებით წამოიძახა თინამ და იყვირა: – ჩქარა, ჩქარა, კედელი გამოვანგრიოთ, განძი აქვეა, ახლოს!
– ახლა მე მაცალეთ და უკან დაიხიეთ, – უთხრა ნოდარმა ქალებს. შემდეგ ლომს ხელი მოჰკიდა და ქვების გამონგრევას მიჰყო ხელი.
ოციოდე წუთიც არ იყო გასული, რომ ნოდარმა კედელი მოანგრია და ჟანგმოკიდებული ფოლადის კარი გამოჩნდა, რომელიც მყარად იჯდა გრანიტის ქვების ჩარჩოში. თინას თვალები აენთო და თქვა:
– აი, ხომ მივაგენით, თქვენ კი ამბობდით, ხვალისთვის გადავდოთო. საგანძური ამ კარის მიღმაა და როგორმე უნდა გავაღოთ.
ნოდარმა ფოლადის კარს ლომი მიარტყა, მაგრამ ძვრაც ვერ უყო და თქვა:
– სიძველის მიუხედავად, ძალიან მტკიცე ჩანს და ამ გზით მას ვერ გავაღებთ.
– აბა, რა უნდა ვქნათ? – ჰკითხა თინამ, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, კარის მიღმა შეეხედა.
ნოდარმა ფოლადის კარის ჟანგიანი საკეტი ყურადღებით დაათვალიერა და თქვა:
– ვშიშობ, რომ ვერც საკეტს მოვარგებთ გასაღებს, რადგან ძალიანაა ჩაჟანგული.
– როგორ მოვიქცეთ? – იკითხა თინამ.
– ალბათ, უნდა ავაფეთქოთ, – მიუგო ნოდარმა.
– განძიც რომ აფეთქდეს? – უთხრა თინამ.
– ისე უნდა ვქნათ, რომ ეს არ მოხდეს, – მხრები აიჩეჩა ნოდარმა.
– აბა, რის აფეთქებას აპირებთ? – მოესმათ განძის მაძიებლებს ვასო ჩხიკვაძის ხმა, რომელიც ზურგიდან წამოადგა მათ.
– ვასიკო, ნახე, რა აღმოვაჩინეთ, – აღტაცებით წამოიძახა თინამ და ფოლადის კარისკენ გაიშვირა ხელი.
– რა აღმოაჩინეთ? – ჩაეცინა კაპიტანს
– განძი! – თქვა თინამ და გაოცებული მზერა ესროლა მეუღლეს.
– აბა, სად ხედავ განძს? – ხელები გაშალა ვასომ.
– განძი ამ კარს მიღმაა და ვერ ვიღებთ.
– რატომ ფიქრობ, თინიკო, რომ განძი ამ კარს მიღმაა?
– აბა, მეტი სად უნდა იყოს? – უკიდურესად გაოცდა თინა, – ასე არ წერია, – განძი აღმოსავლეთ კედელს მიღმა ღრმადაა ჩაფლულიო?
– მერე?
– რა მერე, ვასიკო?! – თინამ წინ გაიშვირა ხელი,  – აი, აღმოსავლეთი კედელი. კარი მასშია დატანებული და, სანამ გამოჩნდებოდა, ნოდარმა კედელი მოანგრია. ახლა კი კარის გახსნაა საჭირო და განძი ჩვენია.
– რა იოლად ამბობ, ძვირფასო, – გაეცინა კაპიტანს და მეუღლეს თმაზე მიეფერა, – შენს პირს შაქარი, თუ აქ მართლა განძია, მაგრამ ჯერ კარს უნდა მივხედოთ.
– ნოდარი ამბობს, უნდა ავაფეთქოთო.
– აბა, ერთი კარგად მომინათეთ, კარს დავათვალიერებ, – უთხრა კაპიტანმა განძის მაძიებლებს. შემდეგ ფოლადის კარს მიუახლოვდა და ათიოდე წუთი საგულდაგულოდ ათვალიერებდა. ბოლოს უკან დაიხია და უხმოდ გააბოლა.
– რა დაადგინე, ვასიკო, აღარ იტყვი? – ჰკითხა თინამ ქმარს. ვასომ კვამლი გამოუშვა და მიუგო:
– ეს კარი გორგოლაჭებზეა. უფრო სწორად, რელსებზე.
– რელსებზე? – გაიმეორა ნოდარმა, – ალბათ, ის ას წელზე მეტისაა და მაშინ გორგოლაჭები არსებობდა?
– გორგოლაჭები, ალბათ, არ არსებობდა და, არა მგონია, რომ ამ კარს გორგოლაჭები ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ რელსი რელსშია ჩამჯდარი და, ან კატოკითა და სხვა საშუალებით უნდა შევანგრიოთ, ან მართლა ავაფეთქოთ. თუმცა, სხვა უფრო წყნარი ხერხიც შეიძლება ვცადოთ.
– რა ხერხი? – ჰკითხა ვასოს თინამ.
– რა და, თუ ამ კარს გრანიტის ქვებს გამოვაძრობთ ქვევიდან, რომლებიც საყრდენად აქვს, მაშინ კარი მოირყევა და შეიძლება გავხსნათ კიდეც, – მიუგო ვასომ მეუღლეს, ნოდარმა კი კაპიტანს ჰკითხა:
– მერედა, გრანიტის ლოდებს როგორ ამოვყრით?
– შეიძლება, ეს სულაც არაა ლოდები და სპეციალურად გამოთლილი ჩარჩოს ნაწილებია. ასეთ ჩარჩოებს ხშირად აკეთებდნენ ქართულ საფორტიფიკაციო ნაგებობებში, – მიუგო ვასომ ნოდარს.
– მაშინ, ვცადოთ, – თქვა ნოდარმა და ლომი მოიმარჯვა.
კაპიტანმა საათს დახედა და განძის მაძიებლებს უთხრა:
– ღამის ორი საათი სრულდება, ძალიან გვიანაა და ხვალისთვის გადავდოთ.
თინას თვალები აენთო და მეუღლეს მიაყარა:
– მოიცა, რა, ვასო, რა ხვალისთვის! განძი ყურის ძირში გვაქვს და ხვალამდე რა მოგვაცდევინებს?
– არ დაიღალეთ მაინც? – გაეცინა კაპიტანს.
– არა, რას ამბობ, – თქვა თინამ და ლომმომარჯვებულ ნოდარს უთხრა:
– მიდი, ნოდარ, დაიწყე და, რომ დაიღლები, შეგცვლი.
ცოლის სიტყვებზე ვასოს გაეცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ნოდარმა კი ნახევარ საათში ორი ცალი გრანიტის ნათალი ქვა ამოაგდო. ორი ცალიც ვასომ მიამატა და როგორც კაპიტანი ვარაუდობდა,  ფოლადის მძიმე კარი ჯერ მოირყა, შემდეგ ჩარჩოდანაც ამოვარდა. განძის მაძიებლებმა ის წააქციეს და კარს მიღმა მძლავრი პროჟექტორი მიანათეს.
– ეს რა არის? – იკითხა ვასომ, როდესაც შუქმა სიბნელე გაანათა.
კარს მიღმა პატარა ქვის მოედანი იყო, რომელსაც ქვის კიბეები აგრძელებდა და ქვევით ეშვებოდა. თინამ მზერა მოავლო იქაურობას და მეუღლეს უთხრა:
– ეს კიბეები, ალბათ, საგანძურთან ჩადის.
– რაღაც, არ მგონია, – ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა თქვა ვასომ. კიბეებზე დაეშვა და დანარჩენებს მიაძახა: – ფრთხილად მომყევით უკან.
ვასოს პროჟექტორი ეკავა ხელში, პირველი მიდიოდა და გზას ანათებდა. უკან თინიკო მიჰყვებოდა, შემდეგ – ნუცა. განძის მაძიებლებს ბოლოში ნოდარი მიჰყვებოდა. კიბე ქვის კედელზე იყო მიმაგრებული, ძალიან დაბლა ეშვებოდა და ორასამდე საფეხური ჰქონდა. ბოლო საფეხურიც რომ ჩაიარეს, განძის მაძიებლები ისევ ქვის მოედანზე აღმოჩნდნენ, რომელიც ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე ზემოთა მოედანი. ვასო შეჩერდა, პროჟექტორით იქაურობა გაანათა და მეუღლეს ჰკითხა:
– აბა, სადაა შენი საგანძური?
– სადმე აქ იქნება, – მიუგო თინამ, რომელსაც ოდნავ გაბზარვოდა ხმა.
– აქ – სად?
– აი, იქ, – თინამ წინ გაიშვირა ხელი.
კაპიტანმა პროჟექტორი წინ მიმართა, შემდეგ ნელი ნაბიჯით განაგრძო გზა და ხმამაღლა თქვა:
– ფრთხილად იყავით, აქ საკმაოდ ღრმა ჩასავარდნია და მდინარეც გადის.
განძის მაძიებლები ქვის მოედნის ნაპირს მიუახლოვდნენ და ოციოდე მეტრ სიღრმეზე მოჩუხჩუხე წყალი დაინახეს, რომელსაც ლაყე კვერცხის სუნი ასდიოდა.
– რა საზიზღარი სუნი აქვს, – თქვა ნოდარმა.
– ვერ ხვდები, რატომ? – ჰკითხა ბიჭს კაპიტანმა.
– ვერა. რატომ?
– იმიტომ, რომ ეგ თერმული მდინარეა, გოგირდიანი წყალი, – მიუგო ვასომ, – თბილისი ხომ თერმული წყლებითაა ცნობილი და, აი, ერთი ასეთი მდინარე ჩვენც აღმოვაჩინეთ.
– საგანძური სადღაა? – თქვა ნოდარმა, რომელიც უკიდურესად იმედგაცრუებული ჩანდა.
– თერმული მდინარე, რა, საგანძური არაა? – თქვა ვასომ. შემდეგ მეუღლეს მიუბრუნდა და ჰკითხა: – ასე არაა, ძვირფასო?
– დამცინი, ვასიკო?
– სულაც არა. ჩვენ უდიდესი აღმოჩენა გავაკეთეთ და, საგანძურს რომც ვერ მივაგნოთ, საამაყოდ ესეც გვეყოფა.
– რა დროს ხუმრობაა, შენ ის თქვი, საგანძური სად ვეძებოთ! – უთხრა თინამ ქმარს და კვლავ თვალები აენთო.
კაპიტანმა პაუზა გააკეთა და თქვა:
– მოდი, ასე ვქნათ, ახლა სახლში წავიდეთ და დავისვენოთ. დილით კი დავბრუნდეთ და საღი გონებით შევუდგეთ საქმეს.
განძის მაძიებლები გამთენიისას დაბრუნდნენ ნუცას ბინაში. ყველაფერი დიმკას უამბეს, მან კი თქვა:
– ბოდიშს მოვითხოვ, მაგრამ ეს ყველაფერი ბლეფი ხომ არაა?
– რას გულისხმობ? – კითხვა შეუბრუნა თინამ.
– რაბინ ვაისმანის ზღაპრულ საგანძურს, – გაეღიმა დიმკას.
– არა, რა ტყუილი?! – თქვა გაფითრებულმა თინამ. ვასომ ხელი მოხვია ცოლს და დიმკას უთხრა:
– ცოლი გინდა, გადამირიო? ხომ ხედავ, შენს სიტყვებზე რა ფერი დაედო, – კაპიტანი თმაზე მიეფერა მეუღლეს და უთხრა:
– რაღაც მეც მეეჭვება, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყოს. მგონი, რაბინმა იხუმრა.
– შენ მართლა მასე ფიქრობ? – ჰკითხა თინამ მეუღლეს და თვალი თვალში გაუყარა, – რატომ უნდა ეხუმრა ვითომ?
– აბა, რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა ვასომ.
– მე კიდევ ვიცი.
– რა, რა იცი? – გაღიზიანდა კაპიტანი.
– რა და ის, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა და სწორ გზაზე ვდგავართ. საგანძური არსებობს...
– არსებობს? – გაიმეორა ვასომ.
– დიახ, არსებობს.
– და სადაა ის, გოგირდის მდინარეში?
– ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად მივაგნებთ.
– ნეტარ არიან მორწმუნენი და ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
– შენ რა, ჩვენთან აღარ ხარ? – უთხრა თინამ მეუღლეს.
– კი.
– აბა, ასე რატომ მითხარი?
– ღმერთმა ხელი მოგვიმართოს, – გამოასწორა ვასომ. თინამ კი ქმარს შეუტია:
– ტყუილად დამცინი. საგანძურს რომ ვიპოვით, მერე რაღას იტყვი?
კაპიტანმა ცოლს ლოყაზე აკოცა და უთხრა:
– მერე ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი ცოლი მყავს. ლამაზი, ჭკვიანი და მიზანდასახული, – ვასომ პაუზა გააკეთა, შემდეგ კი დაამატა, – თუმცა, საგანძური რომც ვერ ვიპოვოთ, მე მაინც ამ აზრზე ვარ.
– ვიპოვით, ვიპოვით, აუცილებლად ვიპოვით, – მტკიცედ მიუგო თინამ მეუღლეს და დააყოლა, – ახლა დავიძინოთ. შემდეგ კი ძებნა გავაგრძელოთ. შემთხვევით ვინმე არ შევიდეს იქ და ყველაფერი არ ჩაგვიშალოს.
***
განძის მაძიებლები ნაშუადღევს დაბრუნდნენ გვირაბში და იქაურობა ორი მძლავრი პროჟექტორით გაანათეს. მიწისქვეშეთი ყურადღებით დაათვალიერეს და ვასომ თქვა:
– მე მგონი, მართლა იხუმრა იმ რაბინმა. აქ მხოლოდ გოგირდისწყლიანი მდინარეა და კლდეები. განძი კი, როგორც თქვენც ხედავთ, არსადაა.
– არც გასასვლელი ჩანს, რომ გზა გავაგრძელოთ და განძი სხვაგან ვეძებოთ, – დაამატა ნოდარმა.
– თინიკო, ძვირფასო, ახლა რას იტყვი. აბა, სადაა საგანძური? – ყოველგვარი ირონიის გარეშე ჰკითხა ვასომ ცოლს და მდინარისკენ გაიშვირა ხელი.
– სადღაც აქაა და ჩვენ, უბრალოდ, ვერ ვხვდებით, – ჯიუტად თქვა თინამ.
– დავუშვათ, ასეა. რას გვირჩევ, რა ვქნათ?
– ვეძებოთ, – მოკლედ მოუჭრა თინამ მეუღლეს.
– ჰო, მაგრამ სად?
თინამ მძლავრი პროჟექტორი კლდეებს მიანათა და საგულდაგულოდ დაათვალიერა ყველაფერი. ბოლოს ამოიოხრა და მეუღლეს უთხრა:
– არ ვიცი, ვასიკო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საგანძური არსებობს და ახლოს ვართ მიზანთან. მხოლოდ უნდა მივხვდეთ, თუ სადაა.
– ეგ, ჩემო კარგო, ზოგადი სიტყვებია. შენ კონკრეტულად მითხარი რამე.
– არ ვიცი, ვასიკო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საგანძური არსებობს და ის ჩვენ გვერდითაა.
– რა ჯიუტი ხარ, თინიკო. აბა, სად? მითხარი, – თქვა ვასომ, ნოდარმა კი დაამატა:
– მე მგონი, ვასო მართალია, ან ჩვენ ვერ ვდგავართ სწორ გზაზე და საგანძური სხვაგანაა. ანდა, სულაც, მართლაც იხუმრა იმ რაბინმა.
– სწორ გზაზე ვდგავართ. უბრალოდ, რაღაცას ვერ ვხვდებით, – თქვა თინამ.
– მაინც, რას? – ჰკითხა ვასომ.
ნოდარი გოგირდის მდინარის პირას იდგა. ხელში მძლავრი, წყალგაუმტარი პროჟექტორი ეკავა და ცოლ-ქმარის დიალოგს უსმენდა. მან პაუზით ისარგებლა, მკვეთრად შეტრიალდა და რაღაცის თქმა დააპირა. უცებ ფეხი აუსხლტა, მდინარეში ჩავარდა და დინებამ, თავის პროჟექტორიანად, კლდის ქვეშ შეიტანა.
– ნოდარ! – ერთხმად აღმოხდათ ვასოს, თინასა და ნუცას, მაგრამ წყალში ჩავარდნილს არც ხმა გაუცია მათთვის და პროჟექტორის შუქიც მალევე გაქრა.
– ღმერთო ჩემო, ეს რა დაგვემართა, – თავში ხელები წაიშინა თინამ. ნუცა ატირდა. ვასომ კი ქალებს უთხრა:
– დამშვიდდით, ვაი-ვიში არ გვიშველის. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
– რისი იმედი, ვასიკო, ბიჭი მდინარემ გაიტაცა და ვინ იცის, უკვე დაიხრჩო, – მიუგო მეუღლეს ატირებულმა თინამ.
– დამშვიდდი, თინა, – უთხრა ვასომ.
– რა დამამშვიდებს. ყველაფერი ჩემი ბრალია, – აქვითინდა თინა. ქვითინებდა ნუცაც. ვასომ კი მეორე პროჟექტორი იმ ადგილს მიანათა, სადაც გოგირდის მდინარე კლდის ქვეშ უჩინარდებოდა, შემდეგ ახლოს მივიდა და დაიძახა:
– ნოდარ, ნოდარ!
ვასომ მიაყურადა, მაგრამ ნოდარს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ მოჩუხჩუხე წყლის ხმა ისმოდა.
– დაიხრჩო, დაიხრჩო... – ქვითინებდნენ ქალები და თავში ხელებს იშენდნენ.
კაპიტანმა მათ ათიოდე წუთი აცადა, შემდეგ კი უთხრა:
– წავედით სახლში. თქვენ იქ დაგტოვებთ. მე კი ერთ კაცს ვნახავ.
– ვინ კაცს? – თქვა აქვითინებულმა თინამ.
– პროფესორია ერთი, სპელეოლოგი და ამ საქმის სპეციალისტი. იქნებ იმან იცოდეს, თუ სად მიედინება გოგირდის მდინარე, რომ ნოდარი მოვძებნოთ.
– მკვდარი, ხომ? – ერთხმად წამოიძახეს ქალებმა.
ვასოს პასუხი არ გაუცია მათთვის და ქალებთან ერთად გამოქვაბულიდან ამოვიდა. შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და ნუცას ბინისკენ აიღეს გეზი. გზაში ხმა არ ამოუღიათ. სახლში კი ქალები ისე საზარლად აქვითინდნენ, დიმკამ ვასოს ჰკითხა:
– რა მოხდა, ვასო, რა სჭირთ ამათ?
– ნოდარი წყალმა წაიღო, – მიუგო კაპიტანმა და გააბოლა.
– როგორ?
– ქვაზე ფეხი აუცდა. გოგირდის მდინარეში ჩავარდა და კლდის ქვეშ გაუჩინარდა.
– დაიხრჩო, დაიხრჩო საცოდავი ნოდარი, – ქვითინებდა თინა.
– დაიხრჩო ჩემი ძმა... ნეტავ, არ შევხვედროდი, – ქვითინებდა ნუცა.
დიმკას და ვასოს აღარ უცდიათ ქალების დამშვიდება.
– ჯობია, ბოლომდე დაიცალონ, – თქვა ვასომ. სიგარეტი მოქაჩა და განაგრძო, – დიმკა, მე უნდა წავიდე. ამათ კი შენ მიხედე.
– სად მიდიხარ?
– ერთ პროფესორთან. სპელეოლოგია, თერმული წყლების სპეციალისტი. იქნებ იმისგან შევიტყო, თუ სად შეიძლება, ნოდარის მოძებნა.
– კარგი. წადი.
 – ჯერ ტუალეტში შევალ, – თქვა კაპიტანმა და საპირფარეშოსკენ აიღო გეზი.
კარზე ზარის ხმა გაისმა. დიმკა ფეხაკრეფით მივიდა კართან. სათვალთვალოში გაიხედა და ტუალეტისკენ მიმავალ ვასოს გასძახა:
– კაპიტანო, თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ?
ვასო შემოტრიალდა. გოგოებმა ქვითინი შეწყვიტეს, კაპიტანმა კი დიმკას ჰკითხა:
– რას გულისხმობ?
– აი, რას, – თქვა დიმკამ. კარი გააღო და დერეფნისკენ გაიშვირა ხელი, სადაც ნოდარი იდგა.
– ნოდარ, შენ? – აღმოხდათ ქალებს.
ვასო კართან მივარდა და ნოდარი ბინაში ლამის ძალით შეათრია. კარი რომ მიხურა, დიმკას უთხრა:
– შენ, რა გაგიჟდი? მთელი მილიცია გეძებს და ვინმემ რომ შემთხვევით დაგინახოს, ხომ დაიღუპა ყველაფერი.
– მე, მე... – ენა დაება დიმკას.
ვასომ ნოდარი სასტუმრო ოთახში შეიყვანა და ქალებს ნიშნის მოგებით უთხრა:
– ხომ გეუბნებოდით, ნუ ქვითინებთ-მეთქი. რატომ დასტიროდით ცოცხალ კაცს?
– ნოდარ, ნოდარ! – აღმოხდათ გოგოებს და ნოდარს გადაეხვივნენ, რომელიც უხერხულად იღიმებოდა და სველ ტანსაცმელზე ისვამდა ხელს.
– აბა, მეორედ შობილო, მოყევი, სად იყავი და როგორი დრო გაატარე, – თქვა ვასომ.
– ჯერ მომაწევინეთ, – მიუგო ნოდარმა.
ვასომ ბიჭს სიგარეტი მიაწოდა და თქვა:
– რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ნოდარი ცოცხალი იყო და გამართლდა კიდეც.
– საიდან იცოდი? – გამოაჯავრა თინამ მეუღლეს.
– იქიდან, საიდანაც შენ იცი, რომ საგანძური არსებობს... ასეთი რწმენა მქონდა.
– ჰოდა, ძალიან კარგი, რომ ასე გჯეროდა. მართალი ყოფილხარ. მადლობა ღმერთს, – თქვა თინამ.
ნოდარმა სიგარეტი მოქაჩა და თქვა:
– ზოგი ჭირი მარგებელია, ხომ გაგიგონიათ? ჰოდა, წყალში რომ არ ჩავვარდნილიყავი, საგანძურის კვალსაც ვერ დავადგებოდით.
– რა საგანძურის? – ჰკითხა ვასომ.
– შენ, რა, უკვე დაგავიწყდა?.. რომელ საგანძურს და რაბინ ვაისმანის, – თინა ნოდარს მიუბრუნდა და უთხრა:
– მერე, ნოდარ, თქვი, რა ნახე იქ.
– ერთი სიტყვით, წყალმა რომ კლდის ქვეშ შემათრია, ფანარი ხელიდან არ გამიშვია და ოციოდე მეტრი კლდის ქვეშ, ბუნებრივ გვირაბში გავიარე. შემდეგ პლატო გამოჩნდა. ერთ წვეტიან ლოდს ხელი ჩავავლე და ამგვარად მოვახერხე წყლიდან ამოსვლა.
– მერე, მერე... – თქვა თინამ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3