მოწმე სიკვდილის შემდეგ
ჯონ მერჯორიმ, განსაკუთრებულ საქმეთა ყოფილმა გამომძიებელმა, რომელიც უკვე კერძო პრაქტიკით იყო დაკავებული, თავისი ძველი მეგობრისგან წერილი მიიღო: „საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. სწრაფად უნდა ჩამოხვიდე, მხოლოდ შენ შეგიძლია, მიშველო!“ მიუხედავად იმისა, რომ რუპერტ მენდევილი ოცი წელი არ ენახა, მერჯორიმ ყველა საქმე გადადო და ინგლისის ყველაზე მიყრუებულ მხარეში გაემგზავრა. ჰელმუტში ნესტი იყო და ციოდა. ჯონს სადგურში არავინ დახვედრია. კები გააჩერა და უთხრა, ვისთანაც იყო სტუმრად ჩამოსული. მეეტლემ უცნაურად შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ორმოცწუთიანი უსიამოვნო მგზავრობის შემდეგ კები პირქუში სახლის წინ გაჩერდა. კარი ახალგაზრდა კაცმა გაუღო და, როცა გაიგო, რომ უცნობი სტუმარი რუპერტ მენდევილს კითხულობდა, გაოგნებული მიაშტერდა, მერე კი ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
– მამაჩემი ხუთი დღის წინ წერილს ვერ გამოგიგზავნიდათ, რადგან ორი კვირაა, რაც დავასაფლავეთ.
ჯონ მერჯორის დიდხანს არ დასჭირვებია იმაზე ფიქრი, თუ ვის შეეძლო მისთვის წერილის გამოგზავნა – მენდევილის სამი შვილიდან ერთ-ერთს, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა თავის ტყუპისცალ ძმას; სწორედ იმას, რომელმაც დეტექტივს კარი გაუღო. ახალგაზრდა კაცმა მაშინვე აღიარა, რომ წერილი მან გაგზავნა.
– მე მახსოვს, როგორ საუბრობდა მამა თქვენზე და, გადავწყვიტე, რომ მისი სიკვდილის ბუნდოვან ამბავს თქვენზე უკეთ ვერავინ გაარკვევდა, – თქვა ფილიპმა.
– მამა მოკვდა, – ამოიოხრა ედვარდმა, – მგონი, ტყუილად შეგაწუხეთ.
– არა, რადგან აქ ვარ, ყველაფერი უნდა მომიყვეთ.
– მაშინ, მობრძანდით. მსახურს ვეტყვი, თქვენი ბარგი სასტუმრო ოთახში აიტანოს, – ედვარდს დიდი ენთუზიაზმი არ გამოუხატავს დაუპატიჟებელი სტუმრის დარჩენის გამო, ფილიპი კი აღფრთოვანებული ჩანდა.
– მოხარული ვარ, რომ გაგიცანით. მამა ეჭვობდა, რომ ვიღაცას მისი მოწამვლა უნდოდა.
– ჰო?! მე კი მგონია, რომ მან, უბრალოდ, აურია, – თავისას არ იშლიდა ედვარდი, – მზარეულმა თქვა, რომ მისთვის ცოლობა უთხოვია. ეს სისულელეა, ისეთივე სისულელე, როგორიც შენი ახირებაა, დეტექტივთან ერთად მედიუმიც რომ მოიპატიჟე და ამაღამ მამაჩვენის სულის გამოძახებას აპირებ, რათა მან მკვლელი დაასახელოს.
მერჯორის გაეღიმა:
– მედიუმიც მოიყვანეთ სპირიტული სეანსისთვის?
– ჰო, ფილიპი მამის სულთან აპირებს გაბაასებას. თქვენ შეგიძლიათ, არც დაესწროთ ამ სპექტაკლს.
სასტუმრო ოთახში სპირიტული სეანსისთვის მიმდინარეობდა მზადება. ტყუპების და, ელიზა, დაბნეული სახით მიმოდიოდა ოთახში და მედიუმის, წითელთმიანი ქალის მითითებებს ასრულებდა. ჯონს ეცინებოდა და ერჩივნა, ოჯახის წევრები რაც შეიძლება მალე დაეკითხა. ვახშამზე ფილიპი დაიმარტოხელა და ჰკითხა:
– როგორ გგონიათ, ვის შეიძლებოდა მამათქვენის სიკვდილი ნდომოდა? ეჭვი ვისზე გაქვთ? პირდაპირ მითხარით, ვის ერგება მემკვიდრეობა?
– მგონი, მე. ედვარდი ჩემი ტყუპისცალია, მაგრამ, ნახევარი საათით გვიან გაჩნდა და, ამიტომ...
– გასაგებია.
– არა, გასაგები არ არის. ანდერძს ვერ ვპოულობთ. იქნებ სპირიტული სეანსი ანდერძის პოვნაშიც დაგვეხმაროს.
– არ ვიცი, ასეთი რაღაცეების არ მჯერა. ვეცდები, ჩემი მეთოდები გამოვიყენო. ისე კი, გამიგია, რომ მედიუმებს ცუდი საქმეების ჩადენაც შეუძლიათ. ასე რომ, სიფრთხილე არ გვაწყენს. ამიტომაც, დავესწრები სეანსს.
– მადლობელი ვარ, დეტექტივო.
– უბრალოდ, ჯონი დამიძახეთ.
სეანსზე ყველაზე მოუსვენრად მოსამსახურე – მზარეული ქალი ანეტი იყო, რომელიც სლუკუნებდა და წუწუნებდა: რა მინდა აქ? მეშინია. საერთოდ წავალ ამ სახლიდან და ყველაფერს დავივიწყებო. მერე კი ტირილი დაიწყო. ჯონმა ფილიპს გადაულაპარაკა – მგონი, ეს ქალი ძალიან არის შეწუხებული მამაშენის დაღუპვით, შენს ძმაზე და დაზე მეტადაც კიო...
სეანსი ზუსტად შუაღამით, სასტუმრო ოთახში უნდა გამართულიყო. ჯონ მერჯორი და შავი ხავერდის, ფართოკალთებიან ხალათში გამოწყობილი მედიუმი ქალი, რომელსაც მარის ნიუიდას ეძახდნენ, ერთმანეთს კიბეზე შეხვდნენ. სწორედ ამ დროს ზედა სართულიდან ვიღაცის განწირული ყვირილი გაისმა: „მისტერ ფილიპ!“ ყველანი სირბილით შეცვივდნენ ფილიპის საძინებელში – ჯერ ედვარდი, მერე მათი და და მოსამსახურე ჯენკინსი, რომელმაც ფილიპი იატაკზე დაგდებული ნახა.
– ჭიქების წასაღებად ამოვედი და ასეთ მდგომარეობაში ვნახე. ვშიშობ, მკვდარია.
ჯონ მერჯორი ფილიპისკენ დაიხარა და თავი დააქნია:
– მართალი ხართ. მგონი, ფილიპი მოწამლეს, ისევე, როგორც მამათქვენი. ედვარდ, ტელეფონი აიღეთ და კონსტებელს დაურეკეთ!
– სეანსს რა ვუყოთ? – სასოწარკვეთით იკითხა ახალგაზრდა ლედიმ, – მე ვფიქრობ, რომ მისი გადადება არ შეიძლება. იქნებ მამა ფილიპის მკვლელის პოვნაშიც დაგვეხმაროს?
ჯონ მერჯორიმ შუბლი მოისრისა:
– მე რომ დილეტანტი მაძებარი ვიყო, ვიტყოდი, რომ ფილიპი ედვარდმა მოკლა, ორიგინალი ანდერძი გაანადგურა და მედიუმის საშუალებით გადაწყვიტა, ყალბი ანდერძი გამოეჩინა. მაგრამ, რა ვუყო, რომ უნიჭო დრამატურგიას ეგრევე ვხვდები?! ედვარდ, გეთაყვა, თუ არ შეწუხდებით, თქვენს მზარეულ ქალს დაუძახეთ და, თუ უკვე არ იცის, უთხარით, რომ ფილიპი მოკვდა, ან, მოიცადეთ, ჩავიდეთ ქვემოთ და ჯერ სეანსი ჩავატაროთ.
ედვარდმა გაოცებით შეხედა დეტექტივს, თითქოს ეუბნებოდა: რა დროს სეანსია, როცა ჩემი ძმა აქ მკვდარი წევსო, მაგრამ, ვერც შეკამათება გაბედა.
როცა მაგიდის გარშემო მსხდომებმა ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს, ჯონ მერჯორიმ მედიუმს სთხოვა, თუ შეიძლება, ფილიპის სული გამოვიძახოთ და მას ვკითხოთ, ვინ ჩაუყარა საწამლავიო...
მედიუმმა თავი დახარა და სკამზე რწევა დაიწყო, თან ოხრავდა. უცებ კარი გაიღო და ნახევრად ბნელ ოთახში ნელი ნაბიჯით ფილიპი შემოვიდა. ის ხელებგაწვდილი მოემართებოდა მაგიდისკენ და უცებ მზარეული ქალი შეშლილივით წამოხტა: – არა, არა! შენ არ მომიწამლიხარ! მხოლოდ ის გარყვნილი მოხუცი, რომელიც სულ მპირდებოდა, ცოლად შეგირთავო და სულ მატყუებდა! ო, ღმერთო, ეს მეტისმეტია! ახლა გავგიჟდები... გავგიჟდები!
ფილიპ მენდევილმა გაიცინა და სინათლე აანთო:
– ყველამ გაიგონეთ აღსარება? ძალიან კარგი. ხომ ხედავთ, რომ მართალი აღმოვჩნდი – მამა მოწამლეს... ამ პატარა, ცოტათი უსიამოვნო წარმოდგენისთვის კი ბოდიშს გიხდით. არავითარი მედიუმი არ არსებობს, ეს ქალბატონი ჩემი მეგობარია და დამეხმარა. მისტერ ჯონ მერჯორიც ძალიან გულისხმიერი გამოდგა, რომ ჩამობრძანდა. ახლა მკვლელის აღიარებას კანონის ძალა ექნება, მით უმეტეს, რომ კონსტებლიც მოვიდა. ქალბატონი მომწამვლელი, ალბათ, მსხვერპლის, ამ შემთხვევაში, მამაჩვენის ანდერძსაც გამოაჩენს. შიშმა თავისი საქმე გააკეთა, რისი იმედიც მქონდა. მადლობელი ვარ, ჯონ მერჯორი... ედვარდ, მილისია, ასე ნუ მიყურებთ. სახეზე ცოტა გრიმი წავისვი, მიცვალებულს რომ დავმსგავსებოდი... გეუბნებოდით, მამა მოწამლეს-მეთქი და არ მიჯერებდით... ხომ თქვენი ყურით მოისმინეთ აღიარება?!