რატომ გაანადგურა თბილისელმა იუველირმა 31 ათასი მანეთის ღირებულების ბრილიანტები
ერთხელ, ერთ იატაკქვეშა მილიონერის დასაპატიმრებლად გაგვგზავნეს და უფროსმა გვითხრა:
– იცოდეთ, კაპიკი არ აიღოთ და სრული ფაქტებით მომიყვანეთო.
იუველირს მოსე ერქვა. ერთ-ერთ ძველ უბანში, იტალიურ ეზოში ცხოვრობდა. სარდაფში კი სახელოსნო ჰქონდა. მისი დაჭერის მიზეზი ბათუმიდან ჩამოტანილი კონტრაბანდა უნდა გამხდარიყო. ჩვენმა აგენტმა გვაცნობა, რომ მოსეს კონტრაბანდა მიღებული ჰქონდა, მაგრამ კონკრეტულად რა, არ იცოდა. თუმცა, ოქრო უნდა ყოფილიყო, ან ძვირფასი თვლები.
მოსეს რომ სახელოსნოში შევუცვივდით, ის უზარმაზარი ღუმელის წინ იდგა და ყალიბიდან ბრჭყვიალა ნივთებს იღებდა. ჩვენი დანახვა, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა და გვითხრა:
– მობრძანდით, დაგენაცვლე, დაბრძანდით და მოვილაპარაკოთ.
– არანაირი მოლაპარაკება. ჩვენს უფროსს შენ სჭირდები და გამოაჩინე მთელი კონტრაბანდა, – მივუგეთ მოსეს.
– ბევრი არაფერი მაქვს, დაგენაცვლე, – გაეცინა მოსეს და მხრები აიჩეჩა.
ჩვენმა უფროსმა რკინის ბრჭყვიალა ნაჭრებს თვალი შეავლო და მოსეს ირონიულად უთხრა:
– ეს ოქროს ნაჭრები, ალბათ, ბებიაჩემისაა, ხომ?
მოსემ ისევ გაიცინა და სანამ ჩვენ რკინებს ვათვალიერებდით, მან პატარა საანგარიშო აიღო ხელში, რომელზეც ას ოცდაათი ცალი ქვა იყო ასხმული. შემდეგ საანგარიშოდან ოცდათერთმეტი ქვა მოხსნა და ღუმელში შეყარა, თან ჩვენ გაგვიცინა.
– რანაირი საანგარიშოა, მოსე, ას ოცდაათი ქვა რომ აქვს? – დაინტერესდა ჩვენი უფროსი, – ან რა ფასონის შუშის ქვებია მასზე და მათი ნაწილი ღუმელში რატომ შეყარე?
– ეს, დაგენაცვლე, ბრილიანტებია, – მშვიდად მიუგო მოსემ, – თითოეული ათასი მანეთი ღირს და ზედმეტი ქვები გავარვარებულ ღუმელში გავანადგურე, ბრილიანტს ასეთი თვისება აქვს, ცეცხლში ნახშირად იქცევა და გამოუსადეგარია. თქვენ რომ ოქრო გგონიათ, ის კი სპილენძია და ტყუილად ირჯებით.
მთელი ეშმაკობა კი ის იყო, რომ იმ პერიოდში, ვისაც ასი ათასი მანეთის უკანონო ქონებას აღმოუჩენდნენ, ხვრეტდნენ... მოსემ კი ასოცდაათიათასიანი მძივებიდან ოცდათერთმეტი ათასის ღირებულების გაანადგურა და ამგვარად გადარჩა დახვრეტას.
ნოდარ ბელთაძის ნაამბობის მიხედვით