უაღრესად შეშფოთებულები!
ანუ „არ მეძინა მე, დაეძინა მას“…
რაკი არც ჩვენ ვართ მარტონი ამ ცოდვილ სამყაროში და არც ჩვენი ნორჩი დემოკრატია (მეთვალყურეები არ გვაკლია), სავსებით ბუნებრივია, რომ არც „რუსთავი 2-ის“ გარშემო განვითარებული მოვლენები გადაურჩა (ვერც ჩაივლიდა) ჩვენი დასავლელი პარტნიორ-მეგობრების მახვილ მზერას.
ჰოდა, რაკი არც ჩაუვლია და ვერც ჩაივლიდა, ამბავს საქართველოში აშშ-ის ელჩიც გამოეხმაურა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც.
სახელდობრ, ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორის საელჩო, ჯერ ერთი, „უაღრესად შეშფოთებულია „რუსთავი 2-ის“ მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამეს განვითარებული მოვლენებით (თუმცა საღამოს ექვსის ნახევარი შუაღამე არ არის, მაგრამ ეს მაინც ნიუანსია)“ და, მეორეც – „სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა – მიჩუმდეს.“
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბ-ნმა იანოშ ჰერმანმა კი გაგვიმხილა შემდეგი: „გუშინ საღამოს დავიძინე ისე, რომ ვიცოდი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივი აღსრულება ვერ მოხდებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ აპელაცია იყო მომდევნო საფეხური…“
ერთი სიტყვით, ოკეანის გაღმიდანაც და ევრაზიის კონტინენტის ევროპული ნაწილიდანაც გვპირდებიან, რომ პროცესებს დააკვირდებიან, რამეთუ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა!
ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ მათ მიერ გაცხადებულის სიწრფელეში, იმისდა მიუხედავად, რომ გაუგებარია, რატომ ეძინა სამუშაო დღეს, საღამოს 6-ის ნახევარზე ბ-ნ ჰერმანს?! მაგრამ, რაკი ეს ჩვენი გასაჩხრეკი ამბავი არ არის, ჯერჯერობით საქმე განა ასეა: „არ ეძინა მას, არ მეძინა მე“, არამედ შემდეგნაირად: „დაეძინა მას, არ მეძინა მე“. –